გააჩნია თუ არა ცხოველს ტელეპათიის უნარი და პატრონთან ფსიქიკურად ძლიერი, მჭიდრო კავშირი
გამიგია, თითქოს, ცხოველებს ტელეპათიის უნარი აქვთ, რომლის საშუალებითაც ადამიანის აზრებს იგებენ. როგორც დღევანდელი ჩვენი რესპონდენტი, ბატონი გივი ამბობს, მათ მომავლის მინიშნებაც შეუძლიათ, გარემო ფაქტორების ცვლილებას ჩვენზე უკეთ აღიქვამენ და ადამიანებზე გაცილებით მეტადაც მგრძნობიარეები არიან მოვლენების მიმართ. რამდენად რეალურია ეს, ერთი შეხედვით დაუჯერებელი მოვლენა, მართლა აქვს თუ არა ცხოველს მომავლის განჭვრეტისა და ამის რაღაც ქმედებით გადმოცემის უნარი, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
გივი: ადამიანებს რომ ვაკვირდები, ხანდახან მგონია, ცხოველები უფრო ადეკვატურები არიან, ვიდრე ჩვენ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღეს ზოგიერთმა საერთოდ დაკარგა საკუთარი სახე და გაუგონარი საქციელით ცდილობს საზოგადოების ყურადღების მიქცევას. ეს ისე, ჩემი აზრი გამოვთქვი, ახლა კი მოგახსენებთ, ადამიანებისგან განსხვავებით, რა უნარი აქვთ ცხოველებს და რატომაა სასურველი, რომ მათ ქცევას ყურადღება მივაქციოთ. ზოგადად, ცხოველებს რომ ადამიანებზე მეტად შეუძლიათ მომავლის დანახვა, წინათგრძნობა და გარემო ფაქტორებზე რეაგირება, ამას უამრავი ფაქტი მოწმობს. ჩვენ გარემო ფაქტორების ცვლილებების აღქმა არ შეგვიძლია და ამიტომ, ცხოველების მოქმედება ზებუნებრივად და სასწაულებრივად გვეჩვენება. ამ საკითხთან დაკავშირებით, დავა უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს ცხოველთა დამცველებსა და სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებს შორის. შესაბამისი კვლევებიც ჩატარდა. ბავშვობიდან მიყვარდა ცხოველები და ყოველთვის მყავდა სახლში. მათთან ერთად ვთამაშობდი, ვსეირნობდი, მეძინა. ერთი სიტყვით, ხშირი კონტაქტი მქონდა. სწორედ ამიტომ დავიწყე მათზე დაკვირვება უკვე წლებია და არცთუ ცოტა საინტერესო აღმოჩენა გავაკეთე. რასაკვირველია, ჩემს დასკვნებს ყველა არ გაიზიარებს, მაგრამ, ბევრი დაფიქრდება და თავად მიხვდება, რომ მართალს ვამბობ.
– რა დასკვნები გამოიტანეთ ამ წლების განმავლობაში ცხოველებზე დაკვირვების შედეგად?
– იმ დასკვნამდე მივედი, რომ ცხოველებს სრულიად აუხსნელი მგრძნობელობა თუ გონიერება გააჩნიათ. ეს ყოველივე კი სამ კატეგორიად დავყავი: ტელეპათია, მიმართულების გამოცნობის უნარი და წინათგრძნობა. ზოგიერთ ცხოველს, შესაძლოა, პატრონთან ფსიქიკურად ძლიერი და მჭიდრო კავშირი ჰქონდეს და სწორედ ამით იგებს, როდის ბრუნდება მისი მზრუნველი პატრონი სახლში. ეს ტელეპათიურად ხდება. ჩემს მეზობელს ჰყავს პატარა ძაღლი – „ჩიკო“. როგორც კი მოუახლოვდება პატრონი სახლს, ის ყეფას იწყებს სახლში. არადა, პატრონი ამ დროს საკმაოდ შორსაა მისგან და ის მას ვერ ხედავს. რაც შეეხება მიმართულების გამოცნობის უნარს, ძაღლს, კატას და მტრედს, ორგანიზმში თითქოს კომპასი აქვთ ჩამონტაჟებული. ისინი შორს წასვლის შემდეგაც იოლად აგნებენ პატრონს. ერთ ჩემს ახლობელს კატა ჰყავდა. შემომჩივლა, ძალიან გატუტუცდა, აიკლო სახლი, ვეღარ ვუვლით და უნდა მოვიცილო თავიდანო. წაიყვანა მანქანით ქალაქგარეთ და იქ დატოვა. არ გავიდა ერთი კვირაც და კატამ პატრონის კართან ატეხა კნავილი. მერე მიყვებოდა, გადავირიე კაცი, ვერ ვხვდები, როგორ მოაგნო სახლს ამდენი ხნის შემდეგ, ასე შორი მანძილიდანო. რაც შეეხება მათ წინათგრძნობას, ალბათ, ყველასთვის ცნობილია, რომ ზოგიერთი ცხოველი ან ფრინველი წინასწარ გრძნობს მიწისძვრას ან სხვა მოვლენებს.
– გამიგია, რომ პატრონსა და ცხოველს შორის, ტელეპათიური კავშირისა და გარკვეული დროის სიახლოვის შემდეგ, ფსიქიკური მიჯაჭვულობა მყარდებაო. და მაინც, ცხოველები მართლა უსიტყვოდ იგებენ პატრონის ფიქრებსა და აზრებს?
– ცხოველსა და მათ პატრონს შორის ძლიერი ფსიქიკური კავშირია და ტელეპათიის უნარიც აქედან წარმოიშობა. ბევრი ირწმუნება, რომ მათი ოთხფეხა მეგობრები უსიტყვოდ იგებენ მათ ფიქრებსა და აზრებს. ერთი ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, ვერ ვიგებ, როგორ გრძნობს ჩემი ძაღლი, როდის ვაპირებ მის გასეირნებას. ჯერ მხოლოდ, ექვსი თვეა, მყავს და საკმარისია, მისი გასეირნება გავიფიქრო, მაშინვე ცქმუტვას იწყებს, ადგილზე ხტის, ყეფს და თვალებში მიყურებსო. მითხრა, ეს რომ პირველად შევამჩნიე, გამიკვირდა და ცოტა არ იყოს, შემეშინდა, ვიფიქრე, შეიძლება, თვალებით გრძნობსო. მერე მთხოვა, იქნებ დამეხმარო და გამარკვიო, რა ხდებაო. რომ ვუთხარი, თქვენ შორის ტელეპათიური კავშირია-მეთქი, არ დამიჯერა. მე უბრალო დამთხვევას მივაწერო, მითხრა. ავდექი და ექსპერიმენტი შევთავაზე. თვალებით კონტაქტი რომ გამომერიცხა, ძაღლი გარეთ დავატოვებინე, სადარბაზოს კიბეზე დაბმული და თვითონ კი, ვთხოვე, სახლში შესულიყო. ძაღლი მშვიდად იჯდა და აქეთ-იქით იყურებდა. როგორც კი ვუთხარი ჩემს მეგობარს, აბა, გაიფიქრე, რომ უნდა წაიყვანო სასეირნოდ-მეთქი, იმწუთას ატეხა ძაღლმა ყეფა და ადგილზე ცქმუტვა. გადაირია ჩემი მეგობარი, მითხრა, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდიო.
– როგორც ამბობენ და ეზოთერიკულ წიგნებშიც წერია, წინათგრძნობა ყველაზე მეტად კატებსა და ვირთხებს აქვთ განვითარებული. ამაზე რას იტყვით?
– ბავშვობაში მყავდა კატა და რომ ვაკვირდებოდი მის საქციელს, ვგიჟდებოდი, ისეთი ჭკვიანი, მგრძნობიარე და გულთმისანი იყო. ყოველთვის ზუსტად გრძნობდა, როდის უნდა მოსულიყო სტუმარი ან როდის შევეჩერებინე კარებში, რომ ხიფათი თავიდან ამეცილებინა. სანამ დედა დარეკავდა სამსახურიდან, წუთით ადრე გრძნობდა ზარს. მივიდოდა ტელეფონის მაგიდასთან და იქ ჯდებოდა. სახლში მის მოსვლამდე, რამდენიმე წუთით ადრე კი, ჯიუტად გასცქეროდა კარს და ასე ელოდებოდა. ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. მისი ეს საქციელი კარგა ხნის შემდეგ შევნიშნე და უფრო აქტიურად დავუწყე თვალყურის დევნება. ის, რომ მიწისძვრას და მოსალოდნელ საფრთხეს პატრონზე ადრე გრძნობს კატა, ესეც საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და სიმართლეა. მოკლედ, ზოგიერთ ცხოველს აქვს უნარი, იგრძნოს, თუ როდის მოხდება მიწისძვრა – ცოტა ხნით ადრე, ვირთხები, გველები და ცხენები მშობლიური ადგილებიდან გარბიან; ძაღლი და კატა უცნაურად ცქმუტავენ, ადგილს ვერ პოულობენ, კარისკენ იწევენ; ჩიტები კი დიდ გუნდებად იკვრებიან და ისე დაფრინავენ ზეცაში. პირადად მე, ეჭვი არ მეპარება ცხოველებისა და ფრინველების წინათგრძნობაში.
– ვიცი, რომ ცხოველებს ყნოსვა აქვთ განვითარებული და სუნით იკვლევენ გზას, ფრინველებს კი, ინსტინქტის დონეზე შეუძლიათ მომავალ საფრთხეზე ინფორმაციის მიღება. ეს თუ შეესაბამება რეალობას?
– ეს მოსაზრება სრული სიმართლეა. დაკვირვებით აღმოჩნდა, რომ ფრინველები ერთი და იმავე მარშრუტით გადაადგილდებიან და, შესაძლოა, ისინი გზას დედამიწის მაგნიტური ველით, მზით, მთვარითა და ვარსკვლავების განლაგებით იკვლევენ, მაგრამ, მკვლევრებს ჯერ კიდევ ვერ აუხსნიათ, როგორ აგნებს დაკარგული ცხოველი სახლს. ჩემი აზრით, ეს მიწიდან აღებული სუნით ხდება, მაგრამ ამის დადასტურება ძნელია. სხვათა შორის, ყველაზე კარგად ცხოველები გრძნობენ, თუ როდის ეწყება პატრონს რომელიმე დაავადების შეტევა. ამის უნარი ყველაზე მეტად ძაღლებს, კატებსა და კურდღლებს აქვთ. დაკვირვებებით აღმოჩნდა, რომ ეს ცხოველები კარგად ხვდებიან, როდის უქვეითდება სისხლში შაქრის დონე დიაბეტით დაავადებულ პატრონს. ასევე, ცხოველები პატრონის ორგანიზმში სიმსივნის არსებობას, დიაგნოზის დასმამდე გაცილებით ადრე იგებენ. სამწუხაროა, რომ მათ ლაპარაკი არ შეუძიათ, მათი ქცევის და ინსტინქტის დონეზე გაგება კი ადამიანებს არ შეგვიძლია. ასე რომ, შინაური ცხოველები თუ ფრინველები, უცნაურად მაშინ იქცევიან, როცა რაიმე უნდა მოხდეს და თუ, კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, როდის გელით საფრთხე და თავსაც ადვილად დაიცავთ.