რატომ არის საშიში ადამიანისთვის აღდგომის შემდგომი პერიოდი და რისი დაკარგვის შემთხვევაში ემსგავსება ის პირუტყვს
12 აპრილს მართლმადიდებლური სამყარო მაცხოვრის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს, რომელსაც წინ დიდმარხვა და, ასევე სხვადასხვა მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაული უძღოდა. ჩვენ, ქრისტიანები, ყოველ წელს ვინახავთ მარხვას, დავდივართ ეკლესიაში, ვამბობთ აღსარებას, ვეზიარებით, თუმცა, საბოლოოდ, მაინც ვერ ვწვდებით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ნამდვილ არსს.
მამა გიორგი თევდორაშვილი (ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი): რა იქნებოდა მართლმადიდებლური სარწმუნოება, რომ არ აღმდგარიყო მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე? ჩვენ ვიქნებოდით მთელი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სასაცილო, საწყალი, მატყუარა, ფლიდი და განმკითხავი ადამიანები. როდესაც მაცხოვარი ჯვარცმისთვის გოლგოთის გზაზე დააყენეს, ის ყველამ მიატოვა, მოციქულებმაც კი, მაგრამ, როდესაც ის აღდგა მკვდრეთით, მაშინ ყველა დაბრუნდა. აღდგომას შეუძლია ადამიანის გამოღვიძება, გადარჩენა, ამაღლება და ღმერთის მარჯვენით დგომა.
– დღესაც და საუკუნეების წინაც, იყო იმაზე კამათი, რატომ განკაცდა მაცხოვარი იესო ქრისტე, რისთვის იყო ეს საჭირო?
– საუკუნეების წინ ყველას აწუხებდა ასეთი კითხვა: ვინ არის ადამიანი – ჰომო საპიენსი, მორალისტი თუ რელიგიოსი? შედარებისთვის ასეთი რამ შემიძლია გითხრათ: დღეს ძაღლი ძალიან გონიერი გახდა ადამიანებთან ურთიერთობაში – რეაგირებს გაბრაზებაზე, სიხარულზე; თუნდაც დელფინი, რომლსაც შეუძლია, ადამიანი გადაარჩინოს, ანუ, ჰომო საპიენსი შეიძლება ეწოდოს ცხოველებსაც, მაგრამ ცხოველი ვერასდროს გახდება რელიგიური და ვერასდროს გაიგებს, ვინ არის მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. ადამიანს შეუძლია ჭვრეტა წარსულის, აწყმოსი და მომავლის. თუ ჩვენ ვჭვრეტთ იმას, რომ ვართ რელიგიური პიროვნებები, მაშინ ჩვენ უნდა დავამყაროთ განახლებული კავშირი ღმერთთან, რომელიც სამოთხეში ადამის მიერ დაირღვა და ახლა გვჭირდება ამ განახლებული კავშირის დამყარება. ეს არის ჩვენი ცხონება, გადარჩენა და, თუ გვინდა, ვიყოთ რელიგიურები, უნდა ვიყოთ მართლამდიდებლები და ამ სარწმუნოებაში ვიყოთ ბოლომდე.
თანამედროვე ადამიანი არსებობს და მოქმედებს იმპულსებით, რომელთა შორის წმიდა მამები გამოყოფენ ხუთს: 1. საკუთარი შემოსავალი – ადამიანი არსებობს, ცოცხლობს საკუთარი შემოსავლით; რაც გააჩნია, იმ ყველაფერს უვლის, უფრთხილდება, რომ არ დაკარგოს. 2. პირადი სიამოვნება – ადამიანს პირადი შემოსავალი სჭირდება საკუთარი სიამოვნებისთვის. ეს, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, ეგოიზმია, მაგრამ ადამიანი ასეთია: ყველაფერი თავისი სიამოვნებისთვის სჭირდება. 3. თუ ადამიანი შედარებით განვითარებულია და არ არის ეგოისტი, მას სჭიდება ოჯახი, ნათესაური კავშირები. ის საზოგადოებრივი არსებაა და სჭირდება ნათესავები, ახლობლები, თავისი მსგავსი არსებები. 4. სინდისი, რაც ადამიანში ღმერთმა თავიდანვე ჩადო სარწმუნოების სახით. 5. ყველაზე აღმატებული – მაცხოვნებელი თანამყოფობა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს სჭირდება.
– როგორ უნდა შეინარჩუნოს ადამიანმა ხუთივე იმპულსი?
– ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა გააჩნდეს მეხუთე იმპულსი – მაცხოვნებელი თანამყოფობა. თუ მას დაკარგავს, მაშინ დაიწყება მისი დეგრადაცია; ანუ, თუ ადამიანი არ ფიქრობს სულის ცხონებაზე, თუ მას არ სჭირდება განკაცებული მაცხოვარი, არ ეზიარება, არ დადის ეკლესიაში, მისი მეხუთე იმპულსი ქრება და რჩება მხოლოდ ოთხი. თუ დაკარგავს მეოთხეს, ანუ სინდისს, დარჩება სამი, მესამეს დაკარგვისას კი მხოლოდ პირადი სიამოვნება და შემოსავლები დარჩება. მაგრამ, თუ მეორე იმპულსსაც დაკარგავს, მაშინ მხოლოდ შემოსავალი დარჩება, მისი დაკარგვის შემთხვევაში კი ადამიანი აღარ შეიძლება იყოს ადამიანი, ის უკვე პირუტყვს დაემსგავსება. და ეს ხუთივე იმპულსი რომ არ დავკარგოთ, ამიტომ ვართ ეკლესიაში; ამიტომაც ვზეიმობთ მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას; ვხარობთ, რადგან ჩვენი ღმერთი გამარჯვებული ღმერთია. განკაცებიდან ქრისტეს მოსვლამდე ხალხი იყო წყვდიადში; ყველა, ცოდვილიც და მართალიც, მიდიოდა ჯოჯოხეთში, უკუნეთ სიბნელეში. როდესაც ქრისტე ჯვარს ეცვა, ის ადამიანური სულით ჩავიდა ჯოჯოხეთში და ჯოჯოხეთი განათდა, დაიმსხვა ჯოჯოხეთის კარიბჭე და ატირდა მთელი ჯოჯოხეთი. ჯოჯოხეთის მკვიდრებმა ანუ ეშმაკებმა უსაყვედურეს სატანას: შენ გინდოდა დაღუპვა იესო ქრისტესი, მაგრამ დაღუპე ჯოჯოხეთიო. დაემხო ყოველივე, რაც იყო უწმინდური, დამღუპველი და ქრისტემ ჯოჯოხეთიდან ამოიყვანა მამამთავარნი, მართალნი. ამას ელოდებიან ჩვენი გარდაცვალებულების სულებიც, რომელთათვისაც მუდმივად უნდა ვილოცოთ, მოვიხსენიოთ, რადგან მათი განაჩენი ელოდება ჩვენს სიტყვას. თქვენს მიცვალებულებს არასდროს მოაკლოთ წყალობა. დიდი პარასკევი – ეს არის მაცხოვრის ჯვარცმის დღე. ჯვარი, გოლგოთაზე სიარული, გოდება, ტირილი – ეს არის კიდევ ერთი შეხსენება, დიდი ზრუნვა უფლისა ჩვენზე. ის აღესრულა ორ ავაზაკს შორის – ეს არის სიმბოლო კაცობრიობისა: ერთნი, რომლებიც ნანობენ საკუთარ დანაშაულს, უფალს მოიხსენიებენ და ცოდვების შენდობას სთხოვენ – დგანან მარჯვნივ; მეორენი კი, რომლებიც ყვედრიან უფალს – შენ თუ ღმერთი ხარ, გადაგვარჩინე, რატომ გვიჭირს, გვშია და გვწყურიაო, – მარცხნივ დგებიან. მარჯვნივ დგომა – ეს არის უფალთან ყოფნა, გადარჩენა, ხოლო მარცხნივ – ეშმაკთან ყოფნა, წარწყმედა, საუკუნო სატანჯველი.
ყველაზე დასაფიქრებელი აღდგომის შემდეგი პერიოდია – მსგეფსი, როდესაც ადამიანი ცდილობს, მიიღოს და აინაზღაუროს ის, რაც მარხვის პერიოდში მოიკლო, თან, არა ერთ თვეში, არამედ, ერთ საათში. მოვა აღდგომა, ადამიანები დაუბრუნდებიან ძველ ცხოვრებას და ღმერთს ძალიან სწყინს თქვენი ასეთი ქმედება. წმიდა მამები ამბობენ – ღმერთი ეჭვიანიაო, რადგან, ღმერთს არ უნდა, რომ ადამიანს ეს სოფელი ღმერთზე მეტად უყვარდეს. ჯერ უნდა გვიყვარდეს განკაცებული ღმერთი, რომელიც ჩვენთვის ეწამა, ჩვენთვის განკაცდა, აღდგა და, შემდეგ – ჩვენი ოჯახები, ნათესავები, ქვეყანა და საზოგადოება. ჩვენი ცხოვრება წინ, უკეთესობისკენ რომ მიდიოდეს, უნდა ვიზრუნოთ გულის კულტურის ამაღლებაზე, რაც გულისხმობს ჩვენში ადამიანურობის გამოვლენას. ის არა მხოლოდ სიკეთის, სილამაზის მქონეა, რომლითაც დაგვაჯილდოვა შემოქმედმა, არამედ, ამ მარადიული ღირებულებების მთესველიც არის. თუ ადამიანი სხვისგან სამაგიეროს მოელის, ესე იგი, ის პატივმოყვარეობითა და დიდებისმოყვარეობით არის შეპყრობილი. ნუ შეჰპირდებით სხვებს რამეს, თუ მისი შესრულება არ შეგიძლიათ; ნურც უფალს შეჰპირდებით რამეს, რადგან, არ იცით, ხვალ რა მოგელით. თითოეული ადამიანი ნათლობის დროს უფალს აღუთქვამს, რომ ის განეშორება შურს, განკითხვას, სიძულვილს, ანგარებას, მკითხაობას, უსაქმურობას, ყოველივე ბოროტებას და იცხოვრებს ღვთისა და მოყვასის სიყვარულით. ქვეყნის შემოქმედს ადამიანის მხრიდან სხვა პირობა არ სჭირდება, ამ ყველაფრის დაცვა და მიღწევა კი მხოლოდ ეკლესიური ცხოვრებით, წირვა-ლოცვებზე დასწრებით, ეკლესიური წესების სწორი დაცვითა და შესრულებით არის შესაძლებელი. ეკლესია ქრისტიანებს აღდგომიდან ამაღლებამდე ქრისტეს აღდგომის ხარებით ესალმება და, როგორ შეიძლება, ეს სიხარული ერთ დღეში დასრულდეს?! ყოველი კვირა აღდგომის თანასწორია, განმეორებაა. ამიტომ, ეს ყველას უნდა ახსოვდეს არა მხოლოდ ორმოცი დღის განმავლობაში, არამედ მანამ, სანამ ამ ცისქვეშეთში უწევს ცხოვრება.
ნათია უტიაშვილი