ჭეშმარიტი სარწმუნოება
ჯოჯოხეთის ტანჯვა
ათონის ბერი, ჰაჯი-გიორგი, 1886 წელს გარდაიცვალა. იგი კესარიის რჩეული შვილი იყო, ათონის მთაზე კი სახელი გაითქვა, როგორც მკაცრმა მმარხველმა და განსაკუთრებით მოწყალე ასკეტმა. იმისათვის, რომ სიხარულით ეტვირთა სამონასტრო ცხოვრების შრომა და შეჭირვება, იგი ხშირად იხსენებდა თავისი ხუცესის, მამა ნეოფიტეს მონაყოლს.
ერთხელ ერთ ავადმყოფს მოთმინება გამოელია და უფალს სთხოვდა, ამ აუტანელი ტკივილებისგან გაეთავისუფლებინა. ტანჯულს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა:
– შენ მიწაზე კიდევ ერთი წელი უნდა იცოცხლო, რათა შენი სული სნეულებით განიწმიდოს. თუ ეს გეძნელება, მაშინ ყოვლადმოწყალე ღმერთი საშუალებას გაძლევს, ამის სანაცვლოდ სამი საათი ჯოჯოხეთში გაატარო. ასე რომ, აირჩიე.
– მირჩევნია, სამი საათი ჯოჯოხეთში გავატარო, – არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა ავადმყოფმა. იგი იმედოვნებდა, რომ მიწაზე ერთი წლის წამება უფრო მტანჯველი იყო.
ანგელოზმა ავადმყოფის სული ჯოჯოხეთში ჩაიყვანა და უთხრა: – „სამი საათის შემდეგ დავბრუნდები“.
მარტო რომ დარჩა, საბრალო ძლიერ შეშინდა. ყველა მხრიდან საშინელი ყვირილი და გმინვა ისმოდა. სიბნელეში ტანჯულნი და ეშმაკთა მოელვარე თვალები გააერჩია. გავიდა დრო. ავადმყოფი ყოველ წუთს ელოდა ანგელოზის გამოჩენას, ის კი არ მოდიოდა. მას მოეჩვენა, რომ უკვე მთელი საუკუნე გავიდა. საბრალომ გადარჩენის ყოველგვარი იმედი გადაიწურა და მოთქმა-გოდება დაიწყო. და აი, ანგელოზის სასწაულებრივი სახე კვლავ გამოჩნდა მის წინაშე.
– რა დაგემართა? – ანგელოზებრივი ღიმილით ჰკითხა მან.
– არ მეგონა, რომ ანგელოზებიც იტყუებოდნენ, – უპასუხა ცოცხალ-მკვდარმა ავადმყოფმა, – შენ შემპირდი, რომ სამი საათის შემდეგ წამიყვანდი, მაგრამ საშინელი წამების მთელი საუკუნე გავიდა.
– რას ამბობ, ადამიანო? – მხოლოდ ერთი საათი გავიდა, შენ აქ კიდევ ორი საათი უნდა გაატარო.
– არა! – წამოიძახა მან, – მეტს ვეღარ ავიტან! წამიყვანე აქედან; უმჯობესია, წლების განმავლობაში ვეწამო მიწაზე!
– იყოს ნება შენი, – დაეთანხმა ანგელოზი, – ყოვლადმოწყალე უფალი წყალობას გაიღებს შენზე.
ამ სიტყვებზე ავადმყოფს გამოეღვიძა და გახარებულმა აღმოაჩნია, რომ კვლავ თავის საწოლში იმყოფებოდა.
მოამზადა
რევაზ ტომარაძემ