რომელი პროექტის ანალოგია “მომღერალი მიმტანები” და როგორ განახორციელა èñის ნანა მესხმა
ალბათ, იშვიათად გინახავთ მომღერალი მიმტანი, რომელიც სიმღერასთან ერთად საკუთარ მოვალეობასაც ასრულებს, და, თუ ნახავდით, სავარაუდოდ, უცხოეთში, ვინაიდან ეს პროექტი უამრავ ქვეყანაში არსებობს. ინგლისელებისა და ირლანდიელების „შინგერ წაიტერს-ს“ უკვე საქართველოშიც იხილავთ „მომღერალი მიმტანების“ სახით. პროექტის იდეა კომპოზიტორ ნანა მესხს ეკუთვნის, მიმტანობა კი ანსამბლ „თეატრონის“ წევრებმა: ლიკა ბარბაქაძემ, მაია ხაჭაპურიძემ, რუსკა ტომარაძემ, ნინო მამულაშვილმა, მარიამ გოლიაძემ და ხათუნა ჭაკნელიძემ შეითავსეს.
– ქალბატონო ნანა, როდის ჩაეყარა ამ პროექტს საფუძველი და როგორ შეარჩიეთ გოგონები?
– ეს პროექტი მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში არსებობს, სადაც კონსერვატორიის სტუდენტები სხვადასხვა არიას მღერიან. საქართველოში მსგავსი რამ პირველად გაკეთდა „მომღერალი მიმტანების” სახით. პროექტის იდეა მეკუთვნის მე და, ძალიან მიხარია, რომ ეს ყოველივე ჩვენს ქვეყანაშიც დაინერგა. ჯგუფში ექვსი გოგონაა, რომლებიც ქართულ ხმებში სხვადასხვა ჟანრის მუსიკას მღერიან. ისინი არიან, ასევე, თეატრალური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და მუსკომედიის მსახიობები. მათ ავუყვანე ტრენერი და გაიარეს მიმტანობის სრული კურსი. პროექტზე მთელი ზაფხული სრული დატირთვით ვმუშაობდით და უკვე სექტემბრიდან გამოვჩნდით საზოგადოების წინაშე. გოგონები ანსამბლ „თეატრონის” წევრები არიან, რომლის ხელმძღვანელია ლელა გოლიაძე. ანსამბლს რეპერტუარში ჩემი სიმღერა ჰქონდა და ნებართვის ასაღებად დამირეკეს, თან, უნდოდათ, რომ მათი შესრულება მომესმინა. მეც დავთანხმდი. მათი ნამღერი რომ მოვისმინე, რასაც ჰქვია, გავგიჟდი – არა მგონია, დღეს ვინმეს ჰქონდეს მსგავსი აკაპელა.
– როდესაც მათი რეპერტუარი პირველად მოასმენინეთ საზოგადოებას, რა რეაქცია მოჰყვა?
– ეს არის პროექტი, რომელიც, ზუსტად ვიცოდი, რომ გაამართლებდა (იცინის). გოგონები მიკროფონისა და ყოველგვარი ტექნიკის გარეშე მღერიან, ერთადერთ აკომპანემენტს მათ ფორტეპიანო უწევთ. ცხადია, ყველაფერი ცოცხლად სრულდება. როდესაც სიმღერას იწყებენ, ყველას გაოცებული სახე აქვს ხოლმე – თავიდან ვერ ხვდებიან, რა ხდება, შემდეგ კი, ემოციებისგან, რაც ხელში უჭირავთ, ყველაფერი უცვივდებათ (იცინის). ისინი ჩვეულებრივი მუშაობის პროცესში, როდესაც მაგიდაზე რამეს ამატებენ, ან – პირიქით, უცებ იწყებენ სიმღერას. როდესაც სტუმრები ჩემს ანთებულ და გაბრწყინებულ სახეს ხედავენ, მაშინ ხვდებიან, რომ რაღაც კავშირი მაქვს მათთან, მოდიან და ათას კომლიმენტს მეუბნებიან (იცინის). ერთ-ერთმა უცხოელმა სტუმარმა მითხრა, რომ ბედნიერი იყო მათი მოსმენით.