ირაკლი რაზმაძის საოცარი ნახატები გალერეა “უნივერსში„ გამოიფინა
25 მარტს, გალერეა „უნივერსში” გაიხსნა ირაკლი რაზმაძის პერსონალური გამოფენა. ირაკლი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის, სამოქალაქო არქიტექტურის სპეციალობის, მაგისტრატურის მე-3 სემესტრის სტუდენტია. „არქიტექტორული ხედვა,” – ასე უწოდა თავად ავტორმა წარმოდგენილი ნამუშევრების სერიას. მათი ღირსება – სივრცის გარემოსთან ურთიერთკავშირში მდგომარეობს. ირაკლი რაზმაძის არქიტექტურა ორიგინალური კომპოზიციით გამოირჩევა, სხვადასხვა გეომეტრიული ფორმების დინამიკური ერთიანობა თითოეულ პროექტს ანიჭებს ვიზუალურ სიმსუბუქესა და სილუეტის გრაფიკულ სიზუსტეს, რაც უაღრესად საინტერესოდ არის გააზრებული ავტორის მიერ. გამოფენაზე წარმოდგენილია აგრეთვე, ირაკლი რაზმაძის გრაფიკულად შესრულებული არქიტექტურული ჩანახატების სერია. ირაკლი რაზმაძის პირველი პერსონალური გამოფენა, ოცი წლის წინ გაიმართა მოსწავლეთა სასახლეში. მაშინ ის ექვსი წლის იყო. 20 წლის წინ ირაკლიმ ნამდვილად არ იცოდა, რომ პროფესიად არქიტექტურას აირჩევდა, მაგრამ მისი ნახატების თემა თავიდანვე იყო მშენებლობა, შენობები, სამშენებლო ტექნიკა. მნახველები დღესაც გაკვირვებით იხსენებენ 6 წლის ბავშვის პერსპექტივის თანდაყოლილ ხედვას მის საოცარ ნახატებში.