ვინ გადაიხადა შრი-ლანკაში პირველი ქართული ქორწილი და როგორ გამოაცხადეს გიორგი ბერიძე და თამარ თიღილაური წლის საუკეთესო უცხოელ წყვილად
საინფორმაციო პორტალ „ინფო 9-ის” ჟურნალისტმა გიორგი ბერიძემ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის თანამშრომელმა, თამარ თიღილაურმა 14 თებერვალს, ვალენტინობის დღეს იქორწინეს. ტრადიციული ხელის თხოვნისა და ჯვრისწერის შემდეგ, წყვილმა რამდენიმე დღე ბათუმში გაატარა და თბილისში დაბრუნებულებმა, მეგობრებთან ერთად, შრი-ლანკაში გადაწყვიტეს გამგზავრება. იმავე მეგობრების წყალობით, შრი-ლანკაში პირველი ქართული ქორწილი გაიმართა.
გიორგი: ქორწილს თბილისში ვაპირებდით, თუმცა გადავიფიქრეთ. მეც და თამუნასაც სანათესაო და მეგობრების დიდი წრე გვყავს. რომ ჩამოვწერეთ სია, ერთი რვეული გაივსო და კიდევ იზრდებოდა. ამიტომ, უარი ვთქვით ამ განზრახვაზე და მეგობრის, ქეთი დოლიძის რჩევით, გადავწყვიტეთ, შრი-ლანკაში წავსულიყავით.
თამუნა: უცხოეთში გამგზავრების იდეა სხვა მეგობრებსაც მოეწონათ და საბოლოო ჯამში, თბილისიდან 9, აზერბაიჯანიდან 1 და ევროპიდან 2 მეგობარი შემოგვიერთდა. სიურპრიზი მოგვიწყვეს ქეთი და ნიკა ოქიტაშვილებმა, რომლებიც შრი-ლანკაში ჩვენს გამგზავრებამდე ჩაფრინდნენ.
– ქორწილისთვის სამზადისი თბილისიდან დაიწყეთ?
გიორგი: ქეთი დოლიძემ და თაკო დოლაბერიძემ სპონტანურად და ჩვენგან მალულად, ისე დაგეგმეს ყველაფერი, რომ გვიან მივხვდით, რა სიურპრიზსაც გვიმზადებდნენ. კი გაგვიკვირდა, რატომ მოჰქონდათ თბილისიდან მჭადის ფქვილი, ჯონჯოლი და ქართული სამზარეულოსთვის დამახასიათებელი პროდუქტები, მაგრამ ამისთვის მაინცდამაინც დიდი ყურადღება არ მიგვიქცევია.
თამუნა: ერთ საღამოს, როდესაც სასტუმროს ნომერში ავედით, კარზე მოგვიკაკუნა ორმა ქალბატონმა და ტანსაცმლის ზომების აღება გვთხოვეს. გიორგი გვერდითა ნომერში გავიდა, რათა მეგობრებთან გაერკვია, რა ხდებოდა. სწორედ მაშინ გაცხადდა საიდუმლო. დაიწყო მზადება და ტანისამოსის მორგება. ჯერ გოგონებს მოგვიტანეს უამრავი და ულამაზესი ფერის სარი. ავარჩიეთ ყველაზე საუკეთესო ვარიანტები და ისე მოვირგეთ ტანზე. შემდეგ ბიჭებს მიუტანეს ნაციონალური ჩასაცმელი. კერძოდ თეთრი პერანგები და შავი ფარეოები (ტანზეშემოსაცმელი ქვედაბოლო).
გიორგი: მე თეთრი პერანგი შარფით და გრძელი ფარეო ჩამაცვეს. ასევე, ჩემს ხელისმომკიდეებს შავი ფარეოები და თეთრი პერანგები მოარგეს.
თამუნა: საქორწინო რიტუალამდე მოვიდნენ შრილანკელი ქალები და გაგვიკეთეს მაკიაჟი. დაგვიწნეს თმა და შიგ ულამაზესი სურნელოვანი ყვავილები ჩაგვიწნეს. თან შრილანკურ ტრადიციულ სიმღერებს ასრულებდნენ. რომ მოგვრთეს და მოგვკაზმეს, მერე მე და გიორგი უზარმაზარი სასტუმროს სხვადასხვა ფლიგელში გაგვაცალკევეს. ჯერ გიორგი გაიყვანეს ოკეანის სანაპიროზე მოცეკავეებით, მომღერლებითა და მუსიკოსებით. გზადაგზა საკმეველს აკმევდნენ. შემდეგ ჩამიყვანეს მე და ასევე, ცეკვა-სიმღერით მიმიყვანეს გიორგისთან. ამის მერე გაგვაჭრევინეს უზარმაზარი ტორტი და შეგვსვეს სპილოზე.
გიორგი: სპილოზე პირველად ვიჯექით და ამ უზარმაზარი ცხოველით სეირნობის არანაირი სურვილი აღარ გვაქვს. სპილოს ხერხემლის გაყოლებაზე უზარმაზარი ჯაგრისივით ბეწვები ჰქონია და დაგვტანჯა ამ ჯაგარზე ჯდომამ. სპილოთი გასეირნების შემდეგ, უკვე სასტუმროს ეზოში, მწვანე მოლზე გაშლილ სუფრასთან მიგვიყვანეს და კიდევ ერთი მუსიკალური ნომერი შეასრულეს მუსიკოსებმა. სასტუმრო ძალიან დიდია და ამ სანახაობას 500-მდე ტურისტი და მომსახურე პერსონალი ადევნებდა თვალს. ცერემონიის დასრულების შემდეგ თითოეულმა მათგანმა გამოთქვა სურვილი, მოელოცათ ქორწინება.
– როგორი იყო საქორწილო ნადიმი?
– ნადიმი საღამოს, ღია ცის ქვეშ, ოკეანის პირას გაიმართა ანთებული ჩირაღდნებით. მწვანე მოლზე უზარმაზარი, თეთრსუფრიანი მაგიდა და სკამები დადგეს. იქაურობა გირლანდებით იყო განათებული. კერძები იქვე მზადდებოდა. უგემრიელესი ზღვის პროდუქტებისა და ხორცისგან დამზადებული დელიკატესები მოგვართვეს.
თამუნა: თითო პერსონას 2 ადამიანი გვემსახურებოდა. უგემრიელესი ყოფილა შრილანკური ნამცხვრები და საკონდიტრო ნაწარმი. უკრავდა კვინტეტიც. თურმე, შრილანკურად ნაციონალური ინსტრუმენტების კვინტეტს ფანჩატურია ეწოდება.
გიორგი: მოკლედ, მოვილხინეთ ფანჩატურიას მიერ შესრულებულ მელოდიებსა და სიმღერებზე. ლხინმა კულმინაციას ქართული ღვინით წარმოთქმული სადღეგრძელოებითა და მრავალჟამიერით მიაღწია. სიმღერის დასრულების შემდეგ აპლოდისმენტები არ წყდებოდა. შრილანკური მელოდიები ძალიან ჰგავს აჭარული ცეკვის მუსიკას. ჰოდა, შრილანკურ მუსიკაზე აჭარული ვიცეკვეთ.
– როგორც ვიცი, ქართულ-შრილანკურმა ქორწილმა იქაური მედიის ყურადღება მიიპყრო.
თამუნა: ქართული ქორწილის შესახებ ადგილობრივ გაზეთს სასტუმროს დირექციამ აცნობა. მეორე დღეს მოვიდა ჟურნალისტი, ფოტორეპორტიორი და ინტერვიუ ჩაწერეს. ამ სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ წელს ვისაც შრი-ლანკაში ქორწილი გადაუხდია, მათ შორის საუკეთესო უცხოელი წყვილი ჩვენ ვყოფილვართ. მეორე დღეს ზღვის პროდუქტების დელიკატესებით აღგვინიშნეს შეუღლება ხელისმომკიდეებმა.
– როგორც ვიცი, რომელ ქვეყანაშიც ჩახვალთ იქაური ტრადიციებით აპირებთ საქორწინო რიტუალის ჩატარებას.
– მოგვეწონა ეს იდეა და შევეცდებით, ოჯახურ ტრადიციად ვაქციოთ.
გიორგი: ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ჰააგაში დადნაფიცი, იზოლდა კვიციანი მყავს, რომელსაც ჰააგაში ქართული რესტორანი – „სოხუმი“ აქვს. მადლიანი ადამიანია და მის სახელს ბევრი კარგი ქართული საქმე უკავშირდება. ასევე, ჰოლანდიაშია ჩემი უახლოესი მეგობარი ლალი ბუთბაია. სწორედ ისინი არიან ინიციატორები ქართულ-ჰოლანდიური ქორწილის. მოკლედ, სახალისო ისტორიები, იმედია, გაგრძელდება და ჩვენს მეხსიერებაში სასიამოვნოდ დარჩება.
P.S. მე მათ კიდევ ერთხელ ვულოცავ დაქორწინებას და კიდევ ბევრ ლამაზ და ბედნიერ დღეს ვუსურვებ!