როგორ შეცვალა გოჩა ჭაბუკაიძემ თავისი სიმღერით უკრაინული „ნიჭიერის“ ისტორია და რის გამო იყო ის განადგურებული
გოჩა ჭაბუკაიძე მაყურებელმა „ნიჭიერიდან“ გაიცნო და მისმა პირველმა ემოციურმა, გულიდან წამოსულმა ნამღერმა არავინ დატოვა გულგრილი. ცოტა ხნის წინ კი, მან უკრაინულ „ნიჭიერში“ მოსინჯა ძალები და როგორც ჟიურის, ასევე უკრაინელი მსმენელის აღფრთოვანება შეძლო. ბატონი გოჩა უკვე ნახევარფინალშია, რომელიც ახლო მომავალში გაიმართება და დარწმუნებული ვარ, თავისი, არაჩვეულებრივი ნამღერით, კიდევ არაერთ ადამიანს მოხიბლავს.
გოჩა ჭაბუკაიძე: ქართულ „ნიჭიერში,“ ერთადერთი, რაზეც გულდაწყვეტილი ვარ, ის არის, რომ ნახევარფინალში ვერ ვიმღერე კარგად. ამან, ფაქტობრივად, ჩემი რეიტინგი მთლიანად ჩააგდო, ამიტომაც გამარჯვების იმედი აღარ მქონია.
– თუმცა, ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურეთ.
– სხვათა შორის, ფინალი დამთავრდა თუ არა, ხალხი ისეთი სითბოთი მხვდებოდა... მშრალ ხიდზე ერთმა ადამიანმა მითხრა: რაღაც მინდა გაჩუქოო და ჩაის ჭიქის ჩასადგმელი მაჩუქა, ვერცხლის – ჩაი დალიეო. მერე ერთმა კაცმა პატარა ნახატი მაჩუქა, სადაც ძველი თბილისია გამოხატული. მესამე შემთხვევაც მოხდა – უკრაინიდან რომ მოვფრინავდი, აეროპორტში ერთმა ადამიანმა მიცნო, გადამეხვია, მითხრა: სხვანაირად არ გამიგო და ორმოცდაათდოლარიანი ამოიღო – ტაქსით წადი სახლშიო. ამ ფულს არასდროს დავხარჯავ-მეთქი და ახლა ეს სამი საჩუქარი სახლში მაქვს, როგორც ექსპონატები, ისე მიდევს. მიუხედავად იმისა, შოუ ვერ მოვიგე, ჩემთვის გამარჯვება და წარმატება ის არის, რომ სუფთა გამოვედი ამ პროექტიდან და ხალხს არ ვაღიზიანებ.
– ერთ-ერთი პრიზი საფრანგეთში შვილთან გამგზვრება იყო. არ წასულხართ?
– ჯერ არ წავსულვარ. ბანკი აფინანსებს ბილეთს და დანარჩენი მე უნდა გავაკეთო, საბუთები, სამსახურიდან გათავისუფლება. თავიდან მეც მეგონა, საგზური იყო, უფროსს შევუთანხმდი დროზე, გამომიყვეს ორი კვირა, მაგრამ მერე რომ გავიგე, ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი იყო და სამსახურიდან გათავისუფლების თარიღიც არ ემთხვეოდა, გადავდე. ჩემს პატარა გოგონას გული სწყდებოდა, რადგან ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემზე იყო გათვალისწინებული და ვუთხარი: კარგი, მამიკო, ყველანი ერთად წავიდეთ ზაფხულში-მეთქი. ჩემმა მსმენელმა იცის, რომ „სკაიპის პაპა“ ვარ. შვილიშვილს ხელით ვერ ვეხები, მაგრამ ვუყურებ ყოველდღე. თვითონაც გველოდება ხოლმე. ჩემი გოგონა მეუბნებოდა, სანამ დაგირეკავთ, ვიდეო უნდა გადავიღო, რომ გაჩვენოთ, როგორ გელოდებათო. რთულია ასე, ყოველდღე კი ხედავ, მაგრამ ხელში ვერ აიყვან, ვერ მოეფერები.
– რაც შეეხება უკრაინულ „ნიჭიერს“, რატომ გადაწყვიტეთ მასში მონაწილეობა?
– როგორც კი საქართველოს „ნიჭიერში“ ვიმღერე პირველი სიმღერა, მაშინვე დამირეკეს უკრაინიდან და შემომთავაზეს მონაწილეობა, იანვარში იქნება გადაღებებიო. „რუსთავი 2-ს“ შევუთანხმდი: თუ გაიმარჯვებთ, მაშინ არ გექნებათ მონაწილეობის მიღების უფლება და თუ ვერ გაიმარჯვებთ, მაშინ იანვრის ბოლომდე აქ უნდა იყოთო. ამ ყველაფრის შესახებ მათ შევატყობინე. რამდენიმე დღეში დამირეკეს: თებერვალში ხომ იქნებით თავისუფალიო. ქართულ „ნიჭიერში“ ნახევარფინალში რომ ვიმღერე, ვფიქრობდი: ამ გამოსვლას რომ ნახავენ, შეიძლება, უკრაინიდან არც დამიკავშირდნენ-მეთქი. ვაღიარებ, რომ ნახევარფინალში ჯანმრთელობის მდგომარეობამ არ შემიწყო ხელი, განადგურებული ვიყავი. დღემდე დამიტოვა კვალი, იმუნიტეტი ნულზე დაეცა, წინააღმდეგობის გაწევის ძალა არ მაქვს. მოკლედ, შემითანხმდნენ თებერვალში უკრაინაში წასვლაზე: ისე გულით გვინდა აქ ჩამოხვიდეთ, ჩვენ დაგაფინანსებთო. დილით გადამაფრინეს და საღამოს უკან გადმომაფრინეს.
– მომიყევით, რა ხდებოდა კულისებს მიღმა.
– მთელი დღის განმავლობაში იქ ვიყავით. იღებდნენ ჩემგან ინტერვიუებს. შემდეგ ავტომობილით სხვა ადგილას წამიყვანეს, იზოლირებული ვიყავი, სხვა კონკურსანტებსაც ვერ ვხედავდი. ჩემი გასვლის წინ, ორი წამყვანი მოვიდა და წარმადგინეს ჟიურის წინაშე. სცენაზე გასვლის წინ ცუდად გავხდი ისე განვიცდიდი, რადგან საქართველოს სახელით გამოვდიოდი. თან, იმ კრიზისის ფონზე, რაც დღეს უკრაინაში ხდება. აბსოლუტურად უცხო ადამიანების წინაშე წარვდექი, უცხო გარემოში. ერთი უცნაური რამ მოხდა. ბოლომდე არ უჩვენებიათ: დარბაზიდან არ მიშვებდა მაყურებელი. რომ დავამთავრე სიმღერა, დარბაზში ხალხი ფეხზე ადგა: „გოჩა, გოჩას“ ძახილით, შემდეგ – „ბისს, ბისს“. ბოლოს აკაპელაში ვიმღერე. ჟიური გაოცებული იყო: ასეთი რამ აქ არასდროს მომხდარა, არასდროს არავის უმღერია ბისზეო. ამასაც დიდი ოვაციები მოჰყვა. წამყვანებმა მითხრეს: პირველი ხომ საუკეთესო იყო, მაგრამ მეორე ნამდვილი საოცრებააო. ჟიურის შეფასებაც ძალიან კარგი იყო. ის ადამიანი, რომელსაც უკრაინაში მივყავარ, თურმე შემეხმიანა „ფეისბუქზე”, მაგრამ მე ვერ ვნახე მოწერილი, არადა დიდხანს ველოდებოდი პასუხს. ბოლოს ბედს დავმორჩილდი და უცებ უკრაინიდან დამირეკეს: თქვენ ნახევარფინალში ხართ, ამის შესახებ მოგწერეთ კიდეცო. მერე ვნახე მათი მოწერილი. ნახევარფინალი 2 მაისს უნდა იყოს ან 25 აპრილს. ვფიქრობ, 2 მაისს იქნება, რადგან ჩემი საყვარელი წმიდანის, დედა მატრონას ხსენების დღეა. ჩემი უკრაინაში წასვლაც არ მგონია, შემთხვევითი იყო. ჩემი ოჯახის მფარველი პეჩორის ღვთისმშობელია. სულ ვლოცულობდი, მისი ნაკვალევიდან გადმოსული წყალი მიმეღო და ვფიქრობ: ეს წყალი გამაძლიერებს. შემპირდნენ, რომ პეჩორის ლავრას მაჩვენებენ.
– როგორ ეგუება ოჯახი თქვენს პოპულარობას, უკვე სხვა ქვეყნებიდან მიწვევას?
– გახარებულები არიან. მეუღლეც ხელს მიწყობს, გვერდში მიდგას. ხუმრობით მეუბნება: მანამდე თუ ერთმაგი პასუხისმგებლობა მქონდა, ახლა უკვე ორმაგი პასუხისმგებლობა დამეკისრა: ორი ქვეყნის კონკურსში მონაწილეობ, ორგზის პოპულარული გახდიო. ქართული „ნიჭიერით“ რომ დასრულებულიყო ეს საქმე, ვიტყოდი, ეს ერთი ანკესი იყო, რაღაც გაელვება მოხდა ჩემს ცხოვრებაში და მორჩა-მეთქი. მაგრამ, უკრაინით რომ გაგრძელდა, ისეთი ოპტიმიზმი მაქვს: ვფიქრობ, უნდა გავიმარჯვო. უკრაინელებისგან, უკრაინელი ქართველებისგან იმდენი თბილი წერილი მომდის – გამოხმაურება... თან, თვითონაც კარგ სიმღერას მირჩევენ, ვფიქრობ, მათ ინტერესში ვარ. ჩემი ვიდეო უკვე დაიდო ინგლისურ ენაზე და აწერია: ეკლესიის მკითხველი ასრულებს კოკერის სიმღერასო.
– ეკლესიაში აგრძელებთ მედავითნეობას?
– ამ შემთხვევაში, ნაკლებად მიწევს ღვთისმსახურებაში მონაწილეობა. გადავიტვირთე ფიზიკურად, რესტორანში ხშირად მიწევს ღამისთევა. ეკლესიისთვის, რა თქმა უნდა, არ დამინებებია თავი, მაგრამ ისე ხშირად ვეღარ ვმონაწილეობ მსახურებაში. ჩემი გონება სხვა რამეზეა გადართული. გულახდილად გეტყვით: ეკლესიაში რომ მიდიხარ, იქ კი მოწიწებით გხვდებიან, ეს მაბრკოლებს, ვეღარ ვლოცულობ. ამიტომ, ჩემთვის, უკან ვდგები, რომ ხალხისთვის ნაკლებად შესამჩნევი ვიყო. მე იქ სალოცავად მივდივარ და არა იმისთვის, ხალხისგან პატივი და დიდება მივიღო. ეს არ შემიძლია. ადრეც ვთქვი და ახლაც ვამბობ, რომ მე ორი ბატონის მსახური ვარ: ერთში ბატონობს არაწმინდება, ბილწება, ფული, სიძვა, მეორეში – ლოცვა, ფსალმუნება, მშვიდობა, მიტევება, სიყვარული. პირველიდან რომ დავმძიმდები, მეორე ანეიტრალებს. წმიდა მამებისგან ერთი ხერხი ვისწავლე: როდესაც სევდა შემოგაწვება ან ცუდ განწყობაზე ხარ, განკითხვაში, საკმარისია, შენ იმ ადამიანისთვის ილოცო და ყველაფერი ნორმაში ჩადგებაო. როცა ოფიციალურად, როგორც მედავითნემ, უნდა მივიღო მსახურებაში მონაწილეობა, ესე იგი, პირველმა მხარემ ძალიან დამამძიმა. ასე რომ, ჯერჯერობით ორი ბატონის მსახური ვარ.