რატომ დადის ზურა შევარდნაძე უცხოეთში ძველმანების ბაზრობაზე და რისი კოლექცია აქვს მას
გაზაფხული დადგა და მებაღეებს ათასი თავსატეხი გაუჩნდათ. თესვის, რგვის სეზონი პირველი მარტიდან უკვე დაიწყო. ყველასთვის საყვარელი და მხიარული მებაღე, ზურა შევარდანძეც აქტიურად ჩაერთო ამ საქმიანობაში. უკვე მერვე წელია, რაც „გარდენია” თბილისს ამშვენებს. ამ ბაღის მნახველი გულგრილად ნამდვილად ვერ დატოვებს იქაურობას. გარდა იმისა, რომ ბაღი უამრავი, ულამაზესი ყვავილითაა სავსე, ხშირად წააწყდებით ძველ ნივთებს, მაგალითად: კოვზებს, სკამებს, ქილებს... რა ხდება „გარდენიასა” და ზურა შევარდნაძის ცხოვრებაში, ამაზე სტატიიდან შეიტყობთ.
ზურა შევარდნაძე: გაზაფხული ჩვენთვის ახალი წელია და ამ დროს ვიწყებთ ყველაფერს. ეს დასაწყისი ნიშნავს იმას, რომ თესვის, რგვის სეზონი მოვიდა. ზამთარში მებაღეები სამუშაო განრიგს ვალაგებთ, პირველი მარტიდან კი რთული, მაგრამ სასიამოვნო სამუშაოები გვეწყება.
– რამდენი სახის მცენარე გაქვთ და რამდენი ხანია, რაც „გარდენია” არსებობს?
– 42 000 ჯიშის მცენარე გვაქვს. წელს მერვე გაზაფხულია „გარდენიას” დაარსებიდან. ძალიან დიდი გეგმები გვაქვს ბაღთან დაკავშირებით. სახელოსნოებისა და პატარა აპარტამენტების აშენებას ვაპირებთ. მშენებლობა უკვე დაწყებულია. წელს 700 ახალი ჯიშის მცენარე გვაქვს. ახლახან „თბილისი მოლში” საგაზაფხულო ექსპოზიცია გავაკეთეთ. პატარა ბაღი გავშალეთ და გაზაფხული მოვაწყვეთ (იცინის).
– იშვიათი მცენარეების ჯიშები თუ მოგეპოვებათ?
– დიახ, ისეთი ჯიშები გვაქვს, რომლებსაც სხვაგან ვერ ნახავთ. განსაკუთრებული ჯიშის ვარდები გვაქვს. ძალიან ბევრს ვმოგზაურობ და ყოველთვის საინტერესო ჯიშები ჩამომაქვს საქართველოში. ასევე, ვცდილობ ძველი ქართული ჯიშების მოგროვებასა და შენარჩუნებას. მაგალითად, მაქვს პომიდვრის სახეობა, რომელიც დღეს საქართველოში აღარავის შემორჩა, ანუ დაკარგულია. მაროკოდან ჩამოვიტანე პიტნის ჯიშები.
– ანუ, თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე გიწევთ მოგზაურობა?
– კი, ნამდვილად. წელს ვიყავი ირანში, ავღანეთში და ბევრი ეგზოტიკური მცენარის ჯიშები ჩამოვიტანე, მაგალითად, ბროწეულის, ვარდის. „გარდენიაში” მხოლოდ ყვავილები არ გვაქვს. განსაკუთრებული და უცხო მცენარეების ჯიშები მოგვეპოვება.
– ქალები უფრო ხშირად ესტუმრებიან ხოლმე აქაურობას თუ მამაკაცები?
– ერთნაირად, უფრო ოჯახებით მოდიან, შვილებიც თან მოჰყავთ. ბევრი ჩემი მეგობარი და ახლობელი მესტუმრება ხოლმე. ასაკიან ხალხსაც ხშირად შეამჩნევთ. ვერ ვიტყვი, მამაკაცები უფრო ხშირად მოდიან-მეთქი, თანაბრად დადიან.
– გურიაში ხშირად ჩადიხართ?
– თვეში ერთხელ მაინც. გურიაში წასვლის არც ერთ შესაძლებლობას არ ვუშვებ ხელიდან. იქნება ეს გასვენება, ქორწილი, დღეობა, ნათლობა, ახლობლების შეკრება თუ რაც არ უნდა იყოს, მნიშვნელობა არ აქვს. ხშირად ჩავდივარ ჩემს ნათესავებთან.
– როგორია გურული კაცი? არაერთი სახალისო ისტორია გექნებათ გასახსენებლი გურულებთან დაკავშირებით...
– ზოგადად, გურულები ძალიან ხალისიანი, ემოციური და სიცოცხლის მოყვარული ხალხი ვართ (იცინის). ბევრი სახალისო ისტორია ყოფილა, მაგრამ ახლა არაფერი მახსენდება.
– მართალია, დიდი ხანია, მებაღეობით ხართ დაკავებული, მაგრამ მაინტერესებს, თქვენი მშობლები რას ფიქრობენ თქვენს პროფესიაზე?
– ჩემი მშობლები ძალიან მიწყობენ ხელს. მეხმარებიან, როგორც შეუძლიათ. სულ გვერდში მიდგანან. ოზურგეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობენ. მეც იქ გავიზარდე.
– ეს იყო ის საქმე, რაც ბავშვობაში გინდოდათ გაგეკეთებინათ?
– კი, ნამდვილად. ჩემი ოცნება იყო, საკუთარი ბაღი მქონოდა, სადაც ბევრი მცენარე მექნებოდა. ბავშვობაშიც სულ მცენარეებთან მქონდა კავშირი, ერთი დღეც არ მახსოვს მცენარეების გარეშე. ზუსტად ვიცოდი, რა და როგორ მინდოდა. უნივერსიტეტშიც იმიტომ ჩავაბარე, ბოტანიკოსი მინდოდა ვყოფილიყავი. მე მგონი, პირველი მებაღე ვარ საქართველოში, ვინც საკუთარ თავს მებაღეს უწოდებს (იცინის). დიდი სიამაყითა და სიხარულით ვაცხადებ, რომ მებაღე ვარ. ძალიან მომწონს ჩემი საქმე, მაბედნიერებს.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება ახალი? შეყვარებული ხომ არ ხართ?
– პირად ცხოვრებაში სიმშვიდე და სიწყნარეა. არ ვარ შეყვარებული, შესაბამისად, ჯერჯერობით, ისევ მარტო ვცხოვრობ. სამომავლოდ შესაძლებელია, რაღაც მოხდეს და შეიცვალოს, მაგრამ ამ ეტაპზე არავინაა.
– წარსულზე რას გვეტყვით? ბევრჯერ გყვარებიათ?
– წარსულზე ვერაფერს გეტყვი, ვინაიდან წარსულია და არ მინდა ამაზე ვისაუბრო. საერთოდ, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ჩემს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი. იშვიათად ვყვები მსგავს ამბებს საჯაროდ. ისე, სულ შეყვარებული ვარ. ახლაც მიყვარს, ოღონდ კონკრეტულ პიროვნებას არ ვგულისხმობ. როგორ შეიძლება, ადამიანი არ იყოს შეყვარებული? უსიყვარულოდ, აბა რამ უნდა გაგაძლებინოს.
– ერთი პერიოდი, საკმაოდ გულახდილად საუბრობდით პირად ურთიერთობებზე და ახლა რატომ დაადეთ ტაბუ?
– იმიტომ, რომ არ არის თქვენი საქმე (იცინის). ვხუმრობ, უბრალოდ, ახლა აღარ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი.
– რომელია თქვენი საყვარელი მცენარე?
– არ ვიცი, თუ დამიჯერებთ, მაგრამ ყველა მცენარე მიყვარს და ვერც ერთს ვერ გამოვარჩევ.
– ამბობენ, მცენარეებთან ურთიერთობა ადამიანის განწყობაზეც მოქმედებსო.…
– გეთანხმებით. ჩვენ ძალიან რთული სამუშაო გრაფიკი გვაქვს და მცენარეებთან ურთიერთობა გვეხმარება ამ ყოველივეს დაძლევაში. ვერავინ იტყვის, რომ ვინმემ ცუდ ხასიათზე მნახა.
– ცხოველების მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
– ძალიან მიყვარს ცხოველები, უბრალოდ, ბაღთან ერთად მათი ყოლა არ გამოდის. თუმცა, ციცრები და ინდაურები გვყავს.
– ძველი ნივთების კოლექციონერი ხართ. მათ შორის, ქილების, კოვზების, სკამების... სად იძენთ ამ ნივთებს?
– კი და ძალიან მომწონს ეს საქმიანობა. მშრალ ხიდზე დავდივარ ხშირად და იქ ვყიდულობ რაღაცეებს. უცხოეთში ძველმანების ბაზრობებზეც გავდივარ ხოლმე. ძალიან ბევრი ძველი ნივთი მაქვს, მათ შორის, საკუთარი ოჯახიდან შემორჩენილიც. ყველაფერს ვუფრთხილდები, ვანახლებ, ვალამაზებ, ვუვლი. „გარდენიას” ინტერიერზეც თავად ვზურნავ და აქაც ბევრ ძველ ნივთს შეამჩნევთ. ჩემთან ვერ ნახავთ მოუწესრიგებელ ნივთს. მიყვარს ძველ რაიმეს ახალ სიცოცხლეს, ფუნქციას და როლს რომ ვუძებნი. ვაგროვებ ყველაფერს: ქილებს, სკამებს, მაგიდებს, კოვზებს, კალათებს...
– მარტო ცხოვრობთ და ალბათ, მზარეულობაც გეხერხებათ.
– კი, რაღაცეების მომზადება შემიძლია. მჭადი და ყველი მიყვარს. შესაბამისად, მჭადს ვაცხობ ყველაზე კარგად (იცინის). კიდევ, ხაშლამა მიყვარს და თუ საჭიროება მოითხოვს, მასაც გემრიელად ვამზადებ.