როგორ მოხვდნენ ახალციხელი გამომგონებლები ირაკლი კაპანაძე და კარლო ხუციშვილი „ნასაში“ და რით მარაგდებოდნენ ისინი „ამაზონიდან“
ირაკლი კაპანაძემ და კარლო ხუციშვილმა გამომგონებლობა სახლში ძველი ნივთების დაშლა-აწყობით დაიწყეს. მეათეკლასელი ახალციხელი ახალგაზრდები დღეს უკვე „ნასაში” არიან – მათ მიერ შექმნილმა ხელსაწყომ, მიკროკლიმატიზატორმა, რომელიც ფერმერებს მიწის ტენიანობის, ტემპერატურისა და მოსალოდნელი ამინდის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას, ათასწლეულის ინოვაციის ეროვნულ კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა. ამ გამოგონებით კი ახალგაზრდა გამომგონებლებს დიდი გამოგონებებისკენ გაეხსნათ გზა. როგორ დაიწყეს ახალციხელმა ბიჭებმა მუშაობა ელექტროინჟინერიაში და ვისი აივანი იქცა მათ სახელოსნოდ, ამას თავად ჩვენი რესპონდენტებისგან შეიტყობთ. ჩვენ ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას და დიდ წარმატებებს ვუსურვებთ.
ირაკლი კაპანაძე: როცა გამოცხადდდა კონკურსი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის” მიერ, მე და კარლომ დავიწყეთ ფიქრი, თუ რისი გაკეთება დაგვეწყო. გადავხედეთ პრობლემებს, რაც ჩვენს საზოგადოებას აქვს და გამახსენდა ტელევიზიით არაერთხელ ნანახი სიუჟეტები: თუ როგორ გაუფუჭა მოსავალი კახეთში გლეხებს სეტყვამ. კარლოს შევთავაზე, ამ მიმართულებით გვემუშავა. ისეთი რეგიონიდან ვართ, სადაც მიწათმოქმედება მნიშვნელოვანი დარგია. გადავწყვიტეთ, დავხმარებოდით ფერმერებს. გაგვეკეთებინა მულტიკლიმატიზატორი – მოწყობილობა, რომელიც მათ მიწის ტენიანობის, ტემპერატურისა და მოსალოდნელი ამინდის შესახებ აცნობებს. დაახლოებით 88 აპლიკაცია შეივსო, ნახევარფინალში ათი პროექტი გადავიდა. უკვე ნახევარფინალში გადასულებმა მივიღეთ პატარა გრანტი, 500 დოლარი, რომელმაც მოგვცა საშუალება, პროექტი განგვევითარებინა. ცოტა დროის მიუხედავად, ხელსაწყო თითქმის დავშალეთ და ხელახლა ავაწყვეთ ფინალისთვის. მას დავამატეთ საფრენი აპარატი „დრონი”, მულტიკლიმატიზატორს აქვს ფუნქცია, ავტომატურად იმოძრაოს სხვადასხვა ტერიტორიებზე და მოგვაწოდოს ინფორმაცია ნებისმიერი მანძილიდან – მიწის ტენიანობის, ტემპერატურისა და მოსალოდნელი ამინდის შესახებ.
კარლო ხუციშვილი: მულტიკლიმატიზატორის შესაქმნელად გაკვეთილების შემდეგ ირაკლისთან მივდიოდი სახლში და სხვადასხვა ნივთებისგან აყრილ ოთახში გვიანობამდე ვმუშაობდით. იდეები გზადაგზა გვემატებოდა. ხელსაწყოს სხვა ფუნქციებიც დავამატეთ. საკმაოდ პრობლემური იყო ნაწილების მოძიება, რომელთა შოვნა საქართველოში შეუძლებელია. მათი გამოწერა „ამაზონიდან” მოგვიწია.
ირაკლი: ხელსაწყოს საშუალებით ფერმერი ნებისმიერი მანძილიდან მიწის ტენიანობის, ტემპერატურისა და მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ტელეფონზე მესიჯად მიიღებს. ასევე, მოწყობილობას დამაგრებული აქვს ვიდეოკამერა, რომელიც დაკვირვებას ახდენს გარემოზე და ყველა ცვლილებას ტელეფონზე ესემესის სახით აგზავნის. ხელსაწყო სამი ნაწილისგან შედგება, მულტიკლიმატიზატორი, ინფორმაციის მიმღები და დრონი. ის შესაძლებელია, იკვებებოდეს მზის ენერგიით და ეს მის სარგებლობას უფრო მოსახერხებელს ხდის. ამ მოწყობილობის საშუალებით ფერმერებს მუშაობა ბევრად უფრო გაუადვილდებათ, ისინი მოსალოდნელ ზიანსაც აიცილებენ თავიდან. ამიტომაც, ჩვენს გამოგონებას ძალიან კარგად შეხვდნენ.
– ბიჭებო, როდის დაინტერესდით გამოგონებებით?
– ძალიან პატარა ვიყავი, როცა ამ თემით დავინტერესდი. ვშლიდი და თავიდან ვაწყობდი სათამაშოებს. ვცდილობდი, ჩემებურად გადამეკეთებინა ისინი. შემდეგ სახლში ტელეფონი დავშალე, ამას რადიო და ტელევიზორიც მოჰყვა. მოგვიანებით, დავიწყე სხვადასხვა სქემის გაკეთება. 7-8 წლის ვიქნებოდი, როცა ავაწყვე ციმციმა – ნათურა ციმციმებდა 555-იან ტაიმერზე. ამის შემდეგ მაგნიტური ლევიტაცია გავაკეთე: ელექტრომაგნიტის საშუალებით, რკინის საგნები ჰაერში რჩებოდა. ეს რომ ავაწყვე, მეექვსე კლასში ვიყავი.
კარლო: მეც ძალიან პატარა ვიყავი, როცა დავინტერესდი ფიზიკით. ვშლიდი, ვაწყობდი საოჯახო ნივთებს, შეიძლება ითქვას, რომ ამაში დავოსტატდი (იცინის). მერე იყო გაფუჭებული ტელევიზორების შეკეთება, შემდეგ კომპიუტერის დაშალა-აწყობა. ეს რომ გამომივიდა, ინტერესი გამიჩნდა, რაღაცა ჩემითაც ამეწყო. მერე დავიწყეთ მონაწილეობა ახალგაზრდა გამომგონებლების კონკურსებში, უფრო სერიოზულად მივუდექით ამ საქმეს.
– თქვენი ჰონორარები უკვე გაქვთ?
– კი, ლეონარდო დავინჩის კონკურსზე ორივემ სამი ათასი ლარი მოვიგეთ. ეს იყო ყველაზე დიდი ჰონორარი.
– ოჯახი როგორ ხვდებოდა ადრეული ასაკიდან თქვენი ამ თემებით გატაცებას, უცნაურობად არ გითვლიდნენ?
ირაკლი: როცა პატარა ვიყავი, მანქანის დაშლას ბავშვურ ცელქობას და ცნობისმოყვარეობას მიაწერდნენ. ეგონათ, გავიზრდებოდი და გამივლიდა. მერე და მერე, როცა მაშტაბები გაიზარდა და კონკურსებში დავიწყე მონაწილეობა, მიხვდნენ, რომ ეს მხოლოდ უბრალო გატაცება არ იყო და ყველანაირად მიწყობდნენ ხელს.
– სანამ ფიზიკის სწავლას დაიწყებდით, როგორ მუშაობდით გამოგონებებზე?
– ვუყურებდით ვიდეოგაკვეთილებს, ინტერნეტიდან უამრავ ინფორმაციას ვიღებდი. როცა ფიზიკის სწავლა დავიწყეთ, მე უკვე ბევრი ინფორმაცია მქონდა ფიზიკის კანონების შესახებ.
– სამუშაო ლაბორატორია-სახელოსნო სად გაქვთ მოწყობილი?
კარლო: ირაკლის სახლში, ზაფხულში ჩვენი სახელოსნო აივანია, ზამთარში – სახლში შეგვაქვს. მეც მაქვს სახლში ჩემი სახელოსნო, მაგრამ ირაკლისი უფრო სოლიდურია (იცინის).
ირაკლი: ჩვენ თანაკლასელები ვართ. როცა ერთმანეთს დავუახლოვდით, აღმოვაჩინეთ, რომ ორივეს გვაინტერესებდა ერთი და იგივე საკითხები – ელექტრობა, ფიზიკა. ფიზიკა ორივეს ძალიან გვიყვარს, თუმცა არც სხვა საგნებს ვსწავლობთ ცუდად.
კარლო: მარტო მეგობრები არ ვართ, ირაკლი ჩემი ნათლიაა.
– ახალციხეში განსხვავებული ბიჭები იქნებით, იქ ალბათ, ყველა გიცნობთ?
ირაკლი: ამ გამოგონებამ და გამარჯვებამ ქალაქში პოპულარულები გაგვხადა. ჩვენ უკვე არა მარტო ახალციხეში გვიცნობენ, როგორც ახალგაზრდა გამომგონებლებს, მთელმა საქართველომ გაიგო ჩვენ შესახებ. პოპულარობას ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება არ შეუცვლია. დილით სკოლა, მეცადინეობა. დარჩენილ დროს რაღაცას ვშლით და ვაწყობთ. ფიზიკის შესახებ დამატებით ლიტერატურას ვკითხულობთ.
კარლო: მაინცდამაინც განსხვავებულები არ ვართ, ჩვეულებრივ ვცხოვრობთ – დავდივართ სკოლაში, კარგად ვსწავლობთ. გვყავს მეგობრები. ისინი ძალიან გვგულშემატკივრობენ, ბევრი ჩავითრიეთ კიდეც ამ საქმეში (იცინის). ამ გამარჯვებამ ძალიან თავდაჯერებულები გაგვხადა. ვფიქრობთ, უფრო მეტი პროექტი გავაკეთოთ. პოპულარობას რაც შეეხება, ძალიან მიხარია, რომ რამდენიმე დღის წინ შევხვდით საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მან გამოხატა დიდი ინტერესი ჩვენ მიმართ. მადლობა გვინდა, გადავუხადოთ ამერიკის საელჩოს საქართველოში და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდს“.
– არც კი გკითხავთ, რა პროფესიის არჩევას აპირებთ მომავალში.
ირაკლი: რა თქმა უნდა, ჩემი მომავალი პროფესია ელექტროინჟინერიას უკავშირდება. მინდა, ვისწავლო ამერიკაში.
კარლო: მე ბოლო დროს იურისპრუნდენციამ გამიტაცა. ასევე, ვწერ ბლოგებს. კონკურსში ავიღე მეორე ადგილი. მიყვარს წერა. მინდა, ჩავაბარო ელექტროინჟინერიაზე, ვისწავლო კომპიუტერული პროგრამირება და გავხდე ცნობილი გამომგონებელი.
ირაკლი: ჯერ მეათე კლასში ვარ და ზუსტად არ გადამიწყვეტია, სად ჩავაბარებ. პროფესიულ არჩევანს რომ არ შევიცვლი, ეს ვიცი. ალბათ, ამერიკაშიც შევძლებ სწავლას. აქამდე იმასაც ვერ წარმოვიდგენდით, რომ „ნასაში” მოვხვდებოდით, სადაც ტარდება კონრადის ფონდის მიერ ორგანიზებული ინოვაციების საერთაშორისო სამიტი. ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ „ნასას” კენედის კოსმოსურ ცენტრში გამართულ კონკურსში, სადაც 300-მდე მონაწილე წარადგენს სხვადასხვა ინოვაციურ გამოგონებებს. საქართველო ამ სამიტში პირველად იღებს მონაწილეობას.
– გამოგონების დაპატანტებას აპირებთ?
კარლო: კი, უკვე ვიყავით „საქპატენტში”, სადაც მოვახდინეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია და გავეცანით იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია პატენტის მიღების დროს. თუ იქნება ინტერესი, მულტიკლიმატიზატორის დანერგვა მოხდება პრაქტიკაში, რაც იყო კიდეც ჩვენი მიზანი.