როგორ გახდა თია ივერიელი რუსეთში „მის ტრადიციისა” და „მის ერუდიციის” ნომინაციების მფლობელი და რატომ მოუხდა მას საკუთარი სიკვდილის ნახვა დიდ ეკრანზე
24 წლის ქართველი გოგონა, თია ივერიელი, ბავშვობიდან მოსკოვში ცხოვრობს, თუმცა, მშობლიური ენა არ დავიწყებია და, როდესაც სცენაზე გამოდის, ყოველთვის ქართულად ესალმება დამსწრე საზოგადოებას. სილამაზისა და მომხიბვლელობის წყალობით, თია საკმაოდ მოთხოვნადი მოდელია და ხშირად იწვევენ მოსკოვის მოდის „ფეშენ” ჩვენებებზე; ასევე, მიჰყავს გადაცემა რუსეთის მუსიკალურ არხზე. როგორც თავად ამბობს, სიყვარულისთვის ჯერ არ „სცხელა”, ხოლო, რა ურთიერთობა აქვს მას რუსული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავ სტას პიეხასთან, მიიღებს თუ არა სილამაზის კონკურს „მის მოსკოვზე” მონაწილეობას და რის გამო არ გაჰყვა სპორტს, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
თია ივერიელი: 6 წლიდან მოსკოვში ვცხოვრობ, თუმცა, ქართული ენა არ დამვიწყებია და ყველგან ვუსვამ ხაზს, რომ ქართველი ვარ. მართალია, რუსი მეგობრები მყავს, მაგრამ, ოჯახში ქართულად ვსაუბრობთ. ბავშვობიდან ვწერდი ლექსებს და, ყველას ეგონა, პოეტი ან მწერალი გამოვიდოდი, თუმცა, მე სულ სხვა მისწრაფებები და მიზნები მქონდა. არ დამავიწყდება, დავდგებოდი ტელევიზორის წინ და ვიწყებდი დიქტორობას: „გამარჯობა, მე მქვია ხატია, გადმორთეთ ტელევიზორები ჩემს არხზე!” (იცინის). გავიზარდე და ეს ოცნება ავიხდინე. დღეს სამი დიპლომი მაქვს, ვარ ტელეწამყვანი, მოდელი და ამ ბოლო დროს სიმღერაშიც ვცადე ბედი. კონცერტების წამყვანიც ვარ და, ხშირად, როცა კრემლის დიდ დარბაზში მიწევს გამოსვლა, ყოველთვის ქართული მისალმებით ვიწყებ. სხვათა შორის, ბავშვობიდან, სულ მინდოდა, მემღერა, მაგრამ, მეგონა, ეს საქმე არ გამომივიდოდა. ჩემთვის სულ ვღიღინებდი, თუმცა მიკროფონით არასდროს მიმღერია. სილამაზის ერთ-ერთ კონკურსზე, „მის ტალანტზე” მიმიწვიეს საპატიო სტუმრად და მთხოვეს, იქნებ იმღეროო. ვიფიქრე, ამდენი რამე მიკეთებია და ეს როგორ ვერ უნდა შევძლო-მეთქი და დავთანხმდი. გადავურეკე ჩემს მეგობარს, სტას პიეხას, რომელიც საკმაოდ პოპულარული მომღერალია რუსეთში და ვუთხარი, უნდა დამეხმარო-მეთქი. გაეცინა – შენც ამღერდიო? (იცინის). გავიხედე, აჩი ფურცელაძე მირეკავს და იმასაც დავეწუწუნე: აჩი, გადამარჩინე, სიმღერა მასწავლე-მეთქი. გადავარდა სიცილით – შენ უნდა იმღეროო? (იცინის). მოკლედ, ერთადერთი სიმღერის ტექსტი ვიცოდი ბოლომდე აჩის რეპერტუარიდან, ვახტანგ კალანდაძეც დამეხმარა და საკმაოდ კარგად გამოვედი. სოციალურ ქსელში მწერდნენ, რა მაგარი მომღერალი ხარო და მეცინებოდა.
სიმაღლეში 179 სანტიმეტრი ვარ და კალათბურთზე დავდიოდი, „სპარტაკის” გუნდში ვიყავი. კარგ მომავალს მიწინასწარმეტყველებდნენ კალათბურთში, თუმცა, არ მომწონდა სპორტი და სულ მინდოდა, დიდ სცენაზე გამოვსულიყავი.
– თია, გვარი და სახელი შეცვლილი გაქვს, ანუ, თია ივერიელი შენი ფსევდონიმია. ეს შენი ინიციატივა იყო? და, რატომ – ივერიელი?
– სინამდვილეში ხატია ჩხიკვაძე ვარ, მაგრამ, ამ სახელისა და გვარის გამოთქმა და გამოცხადება, როცა კონკურსებზე და შეჯიბრებებზე გამოვდიოდი, უჭირდათ. ვიფიქრე, ისეთ გვარს ავიღებ, ყველა მიხვდეს, ქართველი რომ ვარ; თან, გამოსათქმელადაც ადვილი იყოს-მეთქი და გავხდი ივერიელი. სახელს კი წინა ორი ასო ჩამოვაშორე და გამოვიდა თია. რუსეთში ყველა მეკითხებოდა, რას ნიშნავს ივერიელიო და ვუხსნიდი, რომ ეს საქართველოა და მე იქიდან ვარ. არასდროს ვმალავ ჩემს ნამდვილ გვარს, რადგან, მეამაყება, რომ ჩხიკვაძე ვარ. თან, რამაზ ჩხიკვაძის ნათესავი ვარ და ეს გვარი როგორ უნდა დავმალო?!
– ვიცი, რომ საკმაოდ ცნობილი გოგონა ხარ მოსკოვში და, როგორც მითხრეს, შემოთავაზება გაქვს, „მის მოსკოვის” სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა. დათანხმდები?
– ჩემთვის სილამაზე მხოლოდ გარეგნული შარმი არ არის. ვფიქრობ, თუ შინაგანად არის ადამიანი ლამაზი, ის გარეთაც იმავეს ასხივებს. ყოველთვის მაინტერესებდა, რა კრიტერიუმებით არჩევდნენ მოდელებს და ამას გამოცდილებით მივხვდი. მოდელობამდე იყო სილამაზის კონკურსი: რუსეთში ჩატარდა ინტერნაციონალური სილამაზის კონკურსი – „მის ზემლიაჩკა”, სადაც ქართული კაბით გამოვედი. ასე რომ, დღეს ვარ „მის ტრადიციისა” და „მის ერუდიციის” ნომინანტების მფლობელი რუსეთში. მანამდე კი, რუსეთში არსებულმა ქართველთა კავშირმა გამართა კონკურსი და გავხდი „მის საქართველო რუსეთში.” „მის ზემლიაჩკაზე” კი ყველა ეროვნების მოდელი გამოდიოდა თავისი ეროვნული სამოსით, გვისვამდნენ ინტელექტუალურ კითხვებს და ჩვენი პასუხების მიხედვითაც გვაფასებდნენ. ახლა კი, სილამაზის კონკურსზე – „მის მოსკოვზე” შემომთავაზეს გამოსვლა, მაგრამ, უარი ვთქვი.
– რატომ?
– სიმართლე გითხრათ, სილამაზის კონკურსი ჩემთვის მხოლოდ გართობაა და, ჩავთვალე, რომ ახლა გართობის დრო არ მაქვს. არ დამავიწყდება, ერთ-ერთ კონკურსზე გამარჯვებულს მანქანას ჩუქნიდნენ. რომ გავიმარჯვე, რაღაც პრობლემები შეიქმნა და ის მანქანა ბავშვთა სახლს გადავეცი საჩუქრად.
– დღეს საკმაოდ მოთხოვნადი მოდელი ხარ რუსეთში, თუმცა, ამბობენ, რომ საკმაოდ პრინციპული ხარ და ყველა ჩვენებაში არ იღებ მონაწილეობას. ეს ასეა?
– წლებია, პოდიუმზე გამოვდივარ, მაგრამ, თავად ვირჩევ, ვის ჩვენებაში მივიღებ მონაწილეობას. რაც შეეხება მოთხოვნას, ვერ უარვყოფ, ხშირად მირეკავენ და მიწვევენ, მაგრამ, ხშირად ვამბობ უარს. ერთადერთი მოდელიერი, რომელსაც უარს ვერ ვეტყვი, მის ჩვენებაში მივიღო მონაწილეობა, არის ალექსანდრ არუტინოვი, რომელსაც ძალიან უყვარს ქართველები და მისი მოდელები საკმაოდ პოპულარულები არიან რუსეთში.
– ფილმში ან სერიალშიც ხომ არ გაქვს მონაწილეობა მიღებული?
– კი, როგორ არა. ფილმში „პირადი ნომერი” ვითამაშე მძევლის როლი, რომელიც ტერორისტებს ჰყავდათ აყვანილი. ძალიან გამიჭირდა ჩემი სიკვდილის ნახვა ეკრანზე, შემეშინდა, ასე მეგონა, მართლა ამაფეთქეს და მოვკვდი. „ნორდოსტის” რეალურ ფაქტებზე იყო ფილმი გადაღებული და საკმაოდ რთული საყურებელია. რომ ვუყურე დიდ ეკრანზე და ჩემი სიკვდილი ვნახე, მივხვდი – არ მინდა მსახიობობა (იცინის). მეორე ფილმში კი სტალინის ქალიშვილი გახლდით. დოკუმენტური ფილმია, საკმაოდ კარგად გადაღებული. ასე რომ, სტალინის შვილიც გავხდი, ტერორისტებმაც მომკლეს და ჩემი სიკვდილიც საკუთარი თვალით ვიხილე (იცინის); თუმცა, ყველაზე რთული შესასრულებელი მაინც სტალინის შვილობა აღმოჩნდა. მოსკოვი ის ქალაქია, თუ არ იმოქმედე და წინ არ გადადგი ნაბიჯები, მალე დაგივიწყებენ. ამიტომ, თუ მონდომებული ხარ და ნიჭიც გიწყობს ხელს, ყველგან უნდა სცადო ბედი. ბევრი მეგობარი მყავს აქ: პოლიტიკოსები, მომღერლები, წამყვანები, მაგრამ, მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ ჩემი ადგილის ძიებაში ვარ. არ დამავიწყდება, კრემლში მიმყავდა საქველმოქმედო საღამო, გამოვედი და გადაჭედილ დარბაზს ქართულად მივმართე – „გამარჯობა!”. აუდიტორია ისეთი ტაშით შეხვდა ჩემს მისალმებას, ძლივს შევიკავე ცრემლები. ორი წლის წინ კი საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ბრძანდებოდა მოსკოვში. მასთან ურთიერთობისას მივხვდი, რომ, ალბათ, ჩემი მისიაა, ვიცხოვრო მშობლიური ქვეყნიდან შორს და ქართული გენის უნიკალურობა წარმოვაჩინო უცხო მხარეში. პატრიარქმა მითხრა, მთავარია, პატრიოტი იყო, რა მნიშვნელობა აქვს სად იცხოვრებო და, დამლოცა. ეს დღე და მისი სიტყვები სულ მახსოვს და არასდროს დამავიწყდება.