ვინ ეხმარებოდა ქეთა თოფურიას ორსულობის დამალვაში და ვისზე გაიარა მან დედობის პრაქტიკა
მართალია, ქეთა თოფურია მთელი შვიდი თვე მალავდა ორსულობოს ამბავს, მაგრამ რა დაიმალება? მით უმეტეს, როცა სცენაზე დგახარ და უამრავი ადამიანი აკვირდება შენს ვარსკვლავურ ცხოვრებას. როგორც ქეთას დედა, ქალბატონი ნატა ამბობს, ქეთას საკმაოდ კარგი ორსულობა აქვს და ამ ამბის დამალვის მიზეზიც, მის ქალიშვილს ნამდვილად ჰქონდა. როგორი დამოკიდებულება აქვს ქეთას, ქმრის, ლევ გეიხმანის 15 წლის ქალიშვილთან, სად აპირებს ის მშობიარობას და ვინ აუკრძალა ფრენა, ამაზე ქალბატონი ნატა გვესაუბრება.
ნატა (ქეთას დედა): ქეთა უკვე შვიდი თვის ორსულია, თუმცა სცენიდან არ ჩამოსულა და სულ მუშაობს, ძალიან აქტიურია. არც ტოქსიკოზი აქვს და არც წონაში მოუმატია. სულ რაღაც 9-10 კილო მოიმატა. ყველაფერი ნორმალურად მიდის. დღესაც, ძალიან ბევრი გადაღება აქვს, კორპორატიულ საღამოებზეც გამოდის და კონცერტებზეც უწევს სიმღერა. მართალია, ბევრი სამუშაო აქვს, მაგრამ თავს ყოჩაღად ართმევს. მადლობა ღმერთს, კარგი ორსულობა აქვს. თან, ქეთა ფონოგრამით არ მღერის, ცოცხლად შესრულება ორსულისთვის კი, დამეთანხმებით, ორმაგ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა, ექიმის რეკომენდაციით, ცდილობს, ფრენას მოერიდოს, რომ რაიმე საფრთხე არ შეუქმნას ჯანმრთელობას და ძირითადად, მოსკოვში გამოდის.
– გოგოს ველოდებით თუ ბიჭს?
– სიმართლე გითხრათ, ცოლ-ქმარს, თავად, არ აინტერესებს ბავშვის სქესი. ამბობენ, მთავარია, ჯანმრთელი იყოსო. გამოგიტყდებით და, მე, გოგო მინდა (იცინის). ქეთა უკვე დიდი გოგოა და მზადაა დედობისთვის. საქართველოში გახსოვთ პატარა ქეთა, თორემ, უკვე 11 წელია, მოსკოვში ვართ, ქეთა გაიზარდა, დაღვინდა და სრული სერიოზულობით უდგება დედობას. სხვათა შორის, დედობის პრაქტიკაც გაიარა, ქმრის პირველ შვილზე, სონიჩკაზე. ის უკვე 15 წლისაა, შვეიცარიაში სწავლობდა, ახლა კი მოსკოვშია და საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს ქეთასთან. ქეთა და სონიჩკა მეგობრები არიან, კარგად უგებენ ერთმანეთს. სონიჩკას მოსწონს მამამისის ცოლი რომ პოპულარულია და ყველგან დაყვება (იცინის). მის მეგობრებს რომ უყურებს ქეთა, თავადაც მოუნდა შვილი. ორი წელია, გათხოვილია და აქამდეც შეეძლო, შვილი გაეჩეინა, თუმცა, დედობის საკითხს სერიოზულად უდგებოდა, ახლა მიხვდა, რომ მზადაა და აჩენს კიდეც. რა ვიცი, თავადაც ასე ამბობს. ახლა მორალურად მზად ვარო, და მეც ვეთანხმები.
– ქმარი ორსულ ცოლს ანებივრებს?
– ვფიქრობ, ყველა მამაკაცი ანებივრებს ორსულ ცოლს და გამონაკლისი არც ლოვაა. თუ ცოლი გიყვარს, სხვანაირად ვერც მოიქცევი. ძალიან თბილი ბიჭია, ცდილობს, ცოლი ზედმეტად არ დატვირთოს. დამხმარეებიც ჰყავთ და არც ქეთაა პრეტენზიული. თუმცა, ქეთა რომ სცენაზე დგას მუცლით, ლოვა ძალიან განიცდის.
– რომ გაიგო, მამა ხდებოდა, ქეთას სიურპრიზი არ გაუკეთა?
– ლოვა ყოველთვის ანებივრებს ქეთას სიურპრიზებითა და საჩუქრებით. ამიტომ, რომანტიკული ვახშამი და საჩუქარი, რომ გაიგო მამა ხდებოდა, იმ დღესაც გაუკეთა ცოლს და მომავალ შვილს. რომანტიკული ვახშამი ყოველდღე თუ არა, კვირაში სამჯერ მაინც აქვთ ქეთას და ლოვას. იმ დღეს კი, რომანტიკული ვახშამი მოუწყო, სამკაული აჩუქა და მეგობრებიც დაუპატიჟა.
– უკვე გადაწყვეტილია სად იმშობიარებს რუსული შოუ-ბიზნესის ყველაზე გემოვნებიანი და გლამურული ვარსკვლავი?
– ქეთა საუკეთესო კლინიკაში დადის დაკვირვებებზე, ხოლო რაც შეეხება მშობიარობას, ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს. ლოვას უნდა, ქეთამ უცხოეთში იმშობიაროს – გერმანიაში ან ამერიკაში. თუმცა, ქეთას მოსკოვში ურჩევნია. ალბათ, ჩემი აზრით, ქეთა უცხოეთში მშობიარობას არ დათანხმდება. თან, იქ რომ იმშობიაროს, ორი თვით ადრე უნდა ჩავიდეს. მეც ხომ უნდა წავყვე და ასე, არ ხერხდება. ლოვას იმის სურვილიც აქვს, პატარას წინასწარ უყიდოს რაღაც-რაღაცეები, მაგრამ ქეთა ამის წინააღმდეგია. სიმართლე გითხრათ, არც მე მინდა, წინასწარ ნივთებისა და ტანსაცმლის შეძენა პატარასთვის. ქეთას ორსულობა თბილისში გავიგე, ისიც ჩემმა სიძემ დამირეკა და მითხრა, ბებია ხდებითო. ეტყობა, ქეთა გაოგნებული იყო და ლოვამ დაასწრო ჩემთვის ეხარებინა მომავალი ბებიობა (იცინის). როგორც ყველა დედა, მეც ვღელავ, თავად კი მშვიდად არის. მუშაობს და ყველაფერს რაციონალურად უდგება.
– ქეთა დიდი ხანი მალავდა ორსულობას, თუმცა, სულ რაღაც ერთი კვირაა, სოციალურ ქსელში ფოტოები დადო, სადაც მისი მუცელი საკმაოდ შესამჩნევია.
– უბრალოდ, მალავდა იმიტომ, რომ ცნობადია და არ უნდოდა, მითქმა-მოთქმა გამოეწვია. მისი აზრით, ეს ბუნებრივი, სასიხარულო მოვლენაა, პირადი ბედნიერება და ამაზე, ხმამაღალი ლაპარაკი არ არის საჭიროო. ასე რომ, სანამ შეეძლო, მუცელი არ გამოეჩინა, მალავდა და მთელი შვიდი თვე მოახერხა ეს. როცა ვეღარ დამალა მუცელი, გადაწყვიტა, ეღიარებინა ორსულობა. თუმცა, ახლობლებმა, ყველამ იცოდა. ტანსაცმელსაც ისე არჩევდა, რომ არ გამოჩენოდა მუცელი და მთელი შვიდი თვე წუწუნებდა ჩასაცმელზე (იცინის). ქეთას, თავისი ბრენდის მაღაზია აქვს და ამიტომ არ უჭირს საორსულო ტანსაცმლის შერჩევა. თავისივე დიზაინერები ეხმარებიან ამაში. მათი წყალობით, ვერ ამჩნევდნენ ორსულობას, ახლა კი ვიწრო კაბები მოირგო და უკვე სახეზეა მისი მდგომარეობა. ზოგადად, სულ უწევს ქეთას გარდერობის განახლება თავისი საქმიანობიდან გამომდინარე. მაგრამ, ორსულობის დროს ამის პრობლემა არ აქვს. ქეთა ძალიან უყვართ და ყველას გაუხარდა მისი ორსულობა. ქეთა ძალიან მეგობრულია და ბევრი მეგობარი ჰყავს. არ უყვარს ჭორები, ემოციურად გაწონასწორებულია, არ ჩაერევა სხვის საქმეში და ამას აფასებენ. პატივს სცემენ, უხარიათ მისი წარმატებები და ელოდებიან როდის გაჩნდება პატარა. ღმერთის იმედით, ყველაფერი კარგად იქნება. დარწმუნებული ვარ, ყველას უხარია ქეთას წარმატებები. ქართველი მომღერლები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, სულ კითხულობენ, საქართველოდანაც ურეკავენ მეგობრები. რუსული შოუ-ბიზნესის ვარსკვალვებიც, ვინც ქეთასთან მეგობრობს, ისინიც ძალიან გულშემატკივრობენ.