როგორ იკავებს რუსეთი მეორე ადგილს მსოფლიოში მილიარდერთა რაოდენობით აშშ-ის შემდეგ და რატომ შეემატა 2014 წელს მილიარდერთა სიას 222 ახალი წევრი
2014 წლის მონაცემებით, ნიუ-იორკში 91 მილიარდერი ცხოვრობს, მოსკოვში – 73 და, საერთოდაც, 2014 წელს მილიარდერთა კოჰორტას 222 მილიარდერი შეჰმატებია. თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოში კრიზისია, ჩნდება კითხვა: რას უნდა მივაწეროთ მილიარდერთა რაოდენობის ზრდა? ხოლო, თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ, როგორც წესი, ოფიციალურ მილიარდერებს დამატებითი არაოფიციალური მილიარდები ოფშორებს აქვთ შეფარებული, არანაკლებ საინტერესოა, რა გავლენას ახდენს ეკონომიკური კრიზისი ოფშორებში გადამალულ ფულის უზარმაზარ მასაზე. თემას ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია განგვიმარტავს.
– საბოლოოდ ვერ შეთანხმდნენ, დასრულდა თუ არა მსოფლიოში 2008 წელს დაწყებული ეკონომიკური კრიზისი, მეტიც, 2014 წელი საკმაოდ მძიმე იყო, მაგრამ, ამის პარალელურად, გაიზარდა მილიარდერთა რაოდენობა. საიდან შოულობენ ისინი დიდ ფულს კრიზისის დროს?
– აღმავალი ტრენდია თუ დაღმავალი, ფული მაინც იშოვება; თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ 2008 წლიდან მოყოლებული, ნელ-ნელა კრიზისიდან გამოდის მსოფლიო, უნდა გითხრათ, რომ მენავთობეებმა უზარმაზარი ფული იშოვეს. მსოფლიოში ტრილიონობით თანხა მოძრაობს, ვიღაც კოტრდება, ვიღაც მდიდრდება. მთელი მსოფლიოს ეკონომიკა წლის განმავლობაში 3 პროცენტამდე იზრდება, რაც საკმაოდ დიდი თანხაა, რასაც ცვლილებები შეაქვს მსოფლიო მილიარდერთა რიცხვში.
– ეს რას ნიშნავს, რომ კრიზისის დროს ვინც ღარიბია, უფრო ღარიბდება, ვინც მდიდარია – უფრო მდიდრდება?
– ასე არ არის. რაღაც ქვეყნები სტაბილურდება, რომელიღაც – მდიდრდება, ზოგი – მინუსში მიდის. სიღარიბეშიც კი, ბიზნესმენები საკმაოდ დიდ ფულს აკეთებენ სხვადასხვა მიმართულებით. ძალიან საინტერესო გეოგრაფია აქვს ამ მილიარდერთა სიას. ეკონომიკა დინამიკურია, არ ჩერდება, სულ მოძრაობს.
– მილიარდერთა რაოდენობით რუსეთი მეორე ადგილზეა, არადა, რუსეთი არ ითვლება განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნად.
– რუსეთში არიან სანედლეულო მილიარდერები. ყველა მილიარდერი, რომელიც რუსეთშია, დაკავშირებულია ნედლეულთან: ნავთობთან, გაზთან ან ალუმინთან…
– რა სფეროებში გაკეთდა ფული შარშან, რომელი იყო წამყვანი?
– მშენებლობის გარდა – ყველგან. ასევე, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა საბანკო-საფინანსო სექტორი, დანარჩენი სფეროები ჩვეულებრივად ვითარდებოდა და დღესაც საკმაოდ კარგ სიტუაციაში არიან.
– ამ დროს რა ხდება ხოლმე ოფშორებში?
– ოფშორებში უფრო დიდი მოცულობით გაედინება ფული, იქიდან გამომდინარე, რომ კრიზისისას უფრო მეტია ბიზნესზე ზეწოლა, ამიტომ, ბევრი დიდი კომპანია აფარებს თავს ოფშორებს. შესაბამისად, საკმაოდ სერიოზული შეტევა დაიწყო განვითარებული ქვეყნების მხრიდანაც ოფშორების ინფორმაციის გახსნაზე. რუსეთში კანონსაც კი იღებენ იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისგმებლობის დაკისრების შესახებ და თუ თქვენ უკანონოდ გადაიყვანთ ოფშორებში ფულს, გელით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ისეთი სერიოზული ქვეყანაც კი, როგორიც ინგლისია, რომელსაც საკმაოდ განვითარებული ბაზარი აქვს, კარგად იყენებს ოფშორებს კაპიტალის მოსაზიდად და თავისი ბიზნესინტერესების გასატარებლად.
– და კანონიერად როგორ შეიძლება ოფშორში ფულის გადატანა?
– კანონიერად შეიძლება, როდესაც თქვენ შესანახად, შემდგომი ბიზენსის საწარმოებლად გადაიტანთ ფულს ოფშორში.
– და ვინმე დაადგენს შემდეგ, იქიდან სად წავიღებ იმ ფულს?
– რუსეთში კანონის მიღებას ის აზრი აქვს, რომ ოფშორებში ფული უკანონოდ გადააქვთ და ამას ებრძვიან. ასეთი ფული დაკარგულად ითვლება, რადგან გადასახადებს არ იხდის და ხშირად ამ ფულით არც მთლად კანონიერი ოპერაციები ფინანსდება. ამასთან, არათანაბარ პირობებში აყენებს ოფშორული ბიზნესი ლეგალურ ბიზნესს. ფულის გათეთრებას უკანონო შემოსავლის მიღებას უწოდებენ. უკანონო შემოსავლების წყაროები კი არის იარაღით ვაჭრობა, რომლის ბრუნვაც წელიწადში დაახლოებით 600 მილიარდამდეა; ნარკოტიკებით ვაჭრობა – 500 მილიარდამდე ბრუნვით წელიწადში; ადამიანებით ვაჭრობა და ასე შემდეგ. ანუ, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია არის ფულის გათეთრება. ჩემი აზრით, როგორც გითხარით, ამასთან გათანაბრებული ქმედებაა ოფშორებით გადასახადების დამალვა, რაც ჯერჯერობით დანაშაულად არ ითვლება, რადგან, თუ ოფშორებში ფულს ათეთრებენ ნარკომოვაჭრეები, გადასახადებს სავსებით ლეგალური ბიზნესები არიდებს თავს. მეორე მხრივ, იარაღით ვაჭრობისას 600 მილიარდი დოლარი შეუმჩნეველი ვერ დარჩება, ისევე, როგორც ნარკოტიკებით ვაჭრობა. იმის თქმა მინდა, რომ მსოფლიოში ძალიან დიდი ოდენობით ფინანსური ნაკადებია, რომლებსაც ეკონომიკური მნიშვნელობაც აქვს და პოლიტიკურიც, რადგან, ასეთი ოდენობის ფულს შეუძლია ნებისმიერი მძლავრი სახელმწიფოს პრეზიდენტის გადატრიალება.
– საქართველოს საინვესტიციო პაკეტში საკმაო დოზითაა წარმოდგენილი ოფშორებიდან წამოსული ფული. ეს დამახასიათებელია ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის?
– აბსოლუტურად დამახასიათებელია ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის. მაგალითად, დასავლეთში დიდ ყურადღებას აქცევენ, საიდან მოდის ინვესტიცია. სპეციალური ორგანო იკვლევს ფულის წარმომავლობას და საკმაოდ მკაცრი კონტროლია. თუმცა ყველა დიდ ქვეყანას აქვს თავისი ოფშორი. თავისი ეგრეთ წოდებული სამალავი, სადაც ისინი ფულს ათეთრებენ და გადასახადებს მალავენ. მაგალითად, თავისი ოფშორი აქვს შეერთებულ შტატებს. არაერთი თავისუფალი ზონა და რამდენიმე ოფშორი აქვს თავის ტერიტორიაზე ინგლისს, მათ შორისაა ჩვენთვის ცნობილი კამანის კუნძულები; ჰონკონგის სახით აქვს ოფშორი ჩინეთს; ასევე, ოფშორი აქვს იტალიას – მონაკოს სახით; მონაკოთი სარგებლობს საფრანაგეთიც, თუმცა თავისი ოფშორიც აქვს – ლიხტენშტეინი; გერმანიას – თავისი და ასე შემდეგ. მსოფლიოს ოფშორებში უკვე 8 ტრილიონი დოლარია დალექილი, მათ შორის, თქვენთვის ძალიან ცნობილი და წარმატებული კომპანიები: „მაიკროსოფტი“, „ეფლი“ თუ სხვა, თავიანთი შვილობილი კომპანიების მეშვეობით მალავენ გადასახადს. ამის კონტროლი შეუძლებელია, რადგან ფულის ნაკადი მოძრავია: ერთგან დახურავ – სხვა ადგილს იპოვის.
მაგალითად, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში გამორჩეული სიტუაციაა. რუსეთი თავის უკანონო შემოსავლებს ძირითადად მიმართავდა კვიპროსზე და, იცით, რომ იქ ის ფული გაიყინა. რუსეთში, საქართველოსა და ყაზახეთში მოქმედებს ასეთი სქემა: ადგილობრივი პოლიტელიტის მიერ ნაშოვნი ფული მიდის ოფშორში და შემდეგ ისევ უკან, ამ ქვეყნებში ბრუნდება ინვესტიციის სახით. ანუ, ეს ქვეყნები, რომლებიც არის პოლიტბიზნესმენების თავშესაფარი, იმავდროულად, არიან იმ ქვეყნების ინვესტორებიც. ანეკდოტია, მაგრამ, კვიპროსი არის რუსეთის ყველაზე დიდი ინვესტორი. საქართველოში ბოლო წლებში ყველაზე დიდი ინვესტიციები შემოსულია კაიმანის კუნძულებიდან და ჰოლანდიიდან. ჰოლანდიაც სერიოზული ოფშორია, ანუ საქართველოდან, ისევე, როგორც რუსეთიდან, ფული მიდის ოფშორებში და იქიდან ბრუნდება ინვესტიციის სახით. ხშირად ნახავთ საქართველოში ბიზნესს, რომელთა პატრონები არიან ვიღაც უცნობი ჰოლანდიელები, უცნობი ინგლისელები, უცნობი ამერიკელები. თქვენ რომ ნახოთ, ყველა წარმატებული დიდი კომპანია, რასაც იცნობთ და გაგიგონიათ ან არ გაგიგონიათ, დარეგისტრირებულია ოფშორში და ოპერირებს ოფშორის მეშვეობით.
– დიდი ალბათობით შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ, თუნდაც გასულ წელს ჰოლანდიის ოფშორიდან შემოსული ინვესტიციები ქართველი პოლიტიკოსების მიერ ოფშორში გახსნილი ფირმებიდანაა წამოსული?
– დაუფარავად უნდა ვთქვათ, რა ხდება საქართველოში. მსოფლიოში მიღებული ფორმაა, რომ პოლიტიკოსები, ძირითადად, ბიზნესთან არიან გადაჯაჭვულები. რეალურად, პოლიტიკა და ბიზნესი არათუ ერთი მედლის ორი, ერთი მედლის ერთი მხარეა. ამიტომ, მიღებულია, რომ ყველა პოლიტიკოსი მილიარდერია, ყველა პოლიტიკური პარტია კი – მილიარდერთა გაერთიანება. ღარიბები, როგორც წესი, პოლიტიკაში არ არიან. დაშვებულია ელიტური კორუფცია, რასაც რეალურად ჰქვია თანამედროვე კორუფცია. დაშვებულია, რომ ქვეყნის პოლიტელიტამ იშოვოს მილიარდები და აკონტროლოს ყველა ბიზნესი. ჩამოვთვალოთ პოლიტიკური ბიზნესები: საწვავისა და ნავთობის ბიზნესი; ფარმაცევტული ბიზნესი; კვების ყველა პროდუქტის ბიზნესი, ისევე, როგორც ტექნოლოგიების ნოუ-ჰაუ. ამიტომაც არ არის ირანში ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა – ნებას არ რთავენ. აზერბაიჯანს კი საბჭოთადროინდელი ქარხანა აქვს – ტექნოლოგიას არ აძლევენ, იმიტომ რომ, მსოფლიო პოლიტიკური ელიტა მოქმედებს ასეთი პრინციპით: ფულის შოვნა უნდა კონტროლდებოდეს პოლიტიკურად. ფული რომ სხვაგან არ მოხვდეს, უმაღლესმა ეშელონებმა უნდა აიღონ ხელში ყველა ბიზენსი, ისინი უნდა აკონტროლებდნენ ფულად ნაკადებს.
– თუ ჩვენთან იმაზე სასათბურე პირობებია ოფშორებიდან შემოსულ ფულზე, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში, რატომ არ იმატებს ინვესტიციები ოფშორიდან?
– ვერ ვიტყვით, რომ მთლად სასათბურე პირობებია. საკმაოდ რთული პირობებია, მაგრამ, როდესაც ინვესტიციას ახორციელებთ, ფული ოფშორს ტოვებს.
– ოფშორში შენახული ფული დევს თუ ის სულ მუშაობს?
– ის ფული მუშაობს სხვადასხვა ფინანსურ ოპერაციაში – ფულს, თუ დებილი არ არის მისი პატრონი, არ მოაცდენს.
– ამ წელს უნდა ველოდოთ ოფშორიდან ინვესტიციების მატებას?
– ქართულ რეალობაში ისედაც არის ოფშორიდან წამოსული ფული. მოზიდული ინვესტიციების ნახევარი ოფშორიდანაა; მაგრამ, იმის პროგნოზი, რა იქნება მომავალში, რთულია.
– ახალი ლეგალური მილიარდერების გაჩენა ნიშნავს, რომ ოფშორებშიც გაიზარდა გადამალული მილიარდები?
– ბუნებრივია. ეჭვი ხომ არ გეპარებათ, რომ პუტინი მილიარდერია?!
– არა, არც ყოფილ პრეზიდენტზე.
– და რომ ოფშორშია ეს ფული, ამაშიც ხომ არ გეპარებათ ეჭვი? ასეთები ხომ ბევრნი არიან?! პოლიტიკური ლიდერები ავსებენ, ძირითადად, მილიარდერების რიგს, ან მათი ნათესავები, ან ოჯახის წევრები.
– გამოდის, ვინც საჭიროა, იცის, ვის რამდენი ფული აქვს, ანუ, რა მოიპარა და რამდენი? პოლიტიკოსებს ვგულისხმობ.
– ეს ინფორმაცია აქვთ, თუ დასჭირდებათ. თან, გაორებული სიტუაციაა: ოფშორებში ფულის განთავსება კანონიერიცაა და უკანონოც. თქვენ გაქვთ საფუძვლიანი ეჭვები, მაგრამ კონკრეტულად ანგარიშები არ იცით, კონკრეტული თანხები არ იცით. არ არის ეს მარტივი თემა.
– ერთ დღესაც, რომ გაიხსნას?
– უზარმაზარი თანხა ჩაიდება მსოფლიო ეკონომიკაში და გაჩნდება იმ ადამიანების სია, რომლებმაც დაუმალეს გადასახადები თავიანთ ქვეყნებს. ადამიანებს პოლიტიკოსები გულის ამაჩუყებელ ლოზუნგებს ეუბნებიან, მაგრამ, სინამდვილეში, პოლიტიკური ელიტა უნდა იყოს მილიარდერი, ამიტომ მათ სჭირდებათ ოფშორები, რათა დამალონ თავიანი ფული და ისე გამოაჩინონ, რომ არიან უღარიბესები, ბინაც არ აქვთ და დედების ბინებში ცხოვრობენ. მართალია, ხალხი რეალურად ხედავს, ვინ როგორი ღარიბია, თუმცა ხშირად ზღაპარი ურჩევნია. მსოფლიომ დაუშვა ასეთი სქემა: შეიქმნა მმართველი პარტიების განსაკუთრებული ფენა და მათ უნდა აიღონ მთელი ფული ხელში. ასეთ სქემაში ქვედა დონეზე კორუფცია ვერ იარსებებს, იმიტომ რომ მთელი ბიზნესები მათია და არ სჭირდებათ ვინმესთვის ფულის მიცემა; აბსოლუტური მონოპოლისტები არიან, მაგრამ კეტავენ თავისუფალ ბაზარს. ავიღოთ ჩვენი ექსპორტისა და იმპორტის კალათა, რა არის წამყვანი? სიგარეტი – პოლიტელიტის ბიზნესი; საწვავი, ფარმაცია, ხორბალი და კვების პროდუქტები, ანუ პირველი ოცეული პოლიტელიტის ბიზნესია. არანაირ ბიზნესშანტაჟზე არ არის ლაპარაკი, უბრალოდ, ეს ბიზნესები მათ ეკუთვნით, მათ შორისაა გზების მშენებლობა და ასე შემდეგ. ყველა ბიზნესი, სადაც 5 მილიონზე მეტი ბრუნვაა, მათი საკუთრებაა, გრანტები და დახმარებები კიდევ სხვა თემაა. ხომ არ იტყვის პოლიტიკოსი, ეს ბიზნესი ჩემიაო?! ამიტომ, იქიდან მიღებული ფული მიაქვს ოფშორში, სადაც ლეგალიზდება და შემდეგ ისევ უკან ბრუნდება.