კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ახდენს გენმოდიფიცირებული პროდუქტი კიბოს პროვოცირებას და რატომ შეუძლია გენურ ინჟინერიას არა მხოლოდ ახალი პროდუქტის, ახალი ცხოველისა და ადამიანის მიღება

გენმოდიფიცირებული პროდუქტების მავნებლობა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, მართალია, მის მავნებლობაზე ბევრს საუბრობენ, თუმცა აკრძალვით ვერ აკრძალეს. ერთადერთი, რაც განვითარებულმა სამყარომ, რომელიც იმავდროულად, გენმოდიფიცირებული პროდუქციის მშობელია, მოახერხა ისაა, რომ პროდუქტს დატანილი ჰქონდეს ინფორმაცია, რათა მომხმარებელმა თავად გააკეთოს არჩევანი. ასეთი ქვეყნების რიცხვშია საქართველოც. მეორე მხრივ, ევროპაში მრავალწლიანი კვლევაც ჩატარდა, რომელმაც ვერ მოახერხა დაემტკიცებინა გენმოდიფიცირებული პროდუქტების მავნებლობა, რაც, სპეციალისტების თქმით, სულაც, არ ნიშნავს, რომ ის მავნე არ არის. რატომ გაჩნდა ეს ტექნოლოგია და რატომ გადაწყვიტა კაცობრიობამ უსაფრთხო, ნატურალური საკვები საეჭვოთი ჩაენაცვლებინა? გენმოდიფიცირების ავკარგიანობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოორგანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი რამაზ გახოკიძე განგვიმარტავს.

– გენმოდიფიცრებული პროდუქცია არ ღირს იაფი, რა მიზნით დაიწყო ამ ტექნოლოგიის საკვებ პროდუქტებში გამოყენება?
– დღეს ნომერ პირველი პრობლემა საკვების პრობლემაა. თუ 1900 წელს დედამიწაზე ერთი მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა, 1975-ში –  4 მილიარდი, 2000 წელს –  6 მილიარდი, დღეს უკვე 7 მილიარდია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოში შიმშილობა დაიწყო და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დაავალა მკვლევარებს, რაღაც საშუალება გამონახულიყო ამ პრობლემის გადასაწყვეტად. ამ კვლევებში ძალიან დიდი ფული ჩადო როკფელერმა და იყო ასეთი მეცნიერი ბორლოუგი, რომელმაც ხორბლის რამდენიმე ჯიში, მათ შორის, სხვათა შორის, ერთი ქართული ჯიშიც იყო, შეაჯვარა და მიიღო ერთ ჰექტარზე 9 ტონა მოსავალი. ამან გააორმაგა მოსავლიანობა, მაგრამ ამ შედეგს მიაღწიეს ძალიან ბევრი წყლისა და სასუქების გამოყენებით. თუმცა მსოფლიო იხსნა შიმშილისგან, ბორლოუგს კი ნობელის პრემია მისცეს 1970 წელს, მშვიდობის დარგში, რადგან ნობელის პრემიას არც სოფლის მეურნეობაში აძლევენ, ისევე, როგორც მათემატიკაში. თავის მხრივ, ბევრი წყლისა და სასუქების აუცილებლობამ ბევრი უარყოფითი შედეგიც გამოიწვია, მათ შორის, ისიც, რომ სასუქების გამოყენება მიწას ანარკომანებს. ერთი სიტყვით, მიწა გამოიფიტა, ბევრი წყალი სჭირდებოდა და ამან გაღატაკებული ხალხი კიდევ უფრო გააღატაკა. ამას დაემატა ისიც, რომ დაავადებების 70 პროცენტი პესტიციდებითაა გამოწვეული, მათ შორის, კიბო. ის, რასაც სასუქად იყენებენ, ფაქტობრივად, ქიმიური იარაღია. მაგალითად, ვიეტნამში 11 წლის განმავლობაში პესტიციდებს აფრქვევდნენ და მათ ზემოქმედებას შეისწავლიდნენ. ჩვენთანაც 9 აპრილს პესტიციდები გამოაფრქვიეს და აკვირდებოდნენ, რა ცვლილებებს გამოიწვევდა. ეს იყო პირველი ეგრეთ წოდებული „მწვანე რევოლუცია“. დღეს ძალიან დიდი თანხაა გამოყოფილი, რომ დაიწყოს მეორე „მწვანე რევოლუცია“. რით?  ისევ ძალიან ჭარბი ქიმიზაციით, ისევ პესტიციდებით და პლუს გენური ინჟინერია. სხვა შემთხვევაში, მალთუსის თეორიით, ისევ ომები უნდა დაიწყოს.
– თუმცა დღეს ომები, დიდი ალბათობით, ჩაანაცვლა დაავადებებმა, რომლებსაც თითქოს ვერ კურნავენ. პირველად როდის გამოიყენეს გენური ინჟინერია, როგორც ტექნოლოგია?
– გენური ინჟინერიის გამოყენებით შესაძლებელი გახდა  ახალი გენეტიკური მასალის მიღება, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მედიცინის განვითარებაში, მაგალითად, გენმოდიფიცირებული ინსულინის შექმნით. დიაბეტით დაავადებულთა რიცხვმა ისე იმატა, რომ ყველასთვის მედიკამენტის მიწოდება შეუძლებელი გახდა. აღარ იყო სამყოფი ინსულინის დასამზადებელი ცხოველური მასალა, ამიტომ 1978 წელს შეიმუშავეს მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ადამიანის ინსულინის გენი გადაიტანეს ადამიანის ნაწლავის ბაქტერიაში, რომელმაც მისთვის უჩვეულო ნივთიერების –  ადამიანის ინსულინის –  მიღება „ისწავლა“. ასევე, დიდი როლი შეასრულა გენურმა ინჟინერიამ ინტერფერონის, მრავალი ვირუსული დაავადების სამკურნალო პრეპარატის, წარმოებაში. თუმცა გენური ინჟინერიის გამოყენებას სოფლის მეურნეობაში, მედიცინისგან განსხვავებით, ბევრად მეტი წინააღმდეგობა შეხვდა ფართო საზოგადოების მხრიდან. დაგროვდა საკმაო რაოდენობის მონაცემები, რომლებიც მიუთითებს გენური ტექნოლოგიით მიღებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შესაძლო მავნეობაზე.
– კერძოდ? და როგორ მოხდა, რომ წამლის დასამზადებლად გაამართლა გენების გადატანამ, საკვებ პროდუქტებში კი –  არა?
– გენმოდიფიცირებული ორგანიზმი ისეთი ორგანიზმია, რომლის გენეტიკურ აპარატში, ანუ გენომში ხელოვნურადაა ჩანერგილი გენი ან გენები სხვა ორგანიზმიდან. განსაზღვრული გენის ჩასმისას მცენარე იძენს საჭირო თვისებებს, იქნება ეს მდგრადობა მავნებლების, პესტიციდების მიმართ და ასე შემდეგ, რაც ამარტივებს აგროტექნიკას, შესაბამისად, აიაფებს წარმოებას. ამ თვალსაზრისით, მიზანი თითქოს კეთილშობილურია, საკვები იაფდება და შესაძლებელი ხდება მთელი პლანეტის გამოკვება. მაგრამ ვნახოთ, რა ხდება სინამდვილეში: თითოეულ ორგანიზმს აქვს ძალიან რთული აგებულება, მუშაობს 50 ათასზე მეტი გენი, რომელთაგანაც შედარებით შესწავლილია 200-300. თითოეული მათგანი მარტო თავის მუშაობაზე არ აგებს პასუხს, ყველა გენი ერთმანეთთან ურთიერთმოქმედებს. ჩასმული უცხო გენი არა მარტო თავისთვის მუშაობს, არამედ ცვლის სხვა გენების მუშაობას. დღეს ეს პროცესები არ არის შესწავლილი და ყველა მოსალოდნელი შედეგის განსაზღვრა შეუძლებელია. გენის ჩასმა დნმ-ის ჯაჭვში ხდება გადამტანი ბაქტერიების საშუალებით. მაგრამ წინასწარ შეუძლებელია იმის ზუსტად განსაზღვრა, თუ რომელ უბანში ჩაერთვება უცხო გენი და შესაძლოა, მოხდეს სხვადასხვა ბაქტერიით დაბინძურება. შესაბამისად, გენმოდიფიცირებული კულტურების მოშენების შედეგად მავნებლები და ვირუსები განიცდიან მუტაციას და უფრო აგრესიულნი ხდებიან, რაც იწვევს სუპერმავნებლების წარმოქმნას, რომელთაც შეუძლიათ ტრადიციულ ჯიშებსა და კულტურებზე გადასვლა და მათი საფრთხის ქვეშ დაყენება.
– თითქოს ევროპაში წარმოებულმა კვლევებმა ვერ დაადასტურა გენმოდიფიცირებული პროდუქციის მავნებლობა.
– გენურმა ინჟინერიამ უაღრესად სახიფათო მიმართულება მიიღო. უკანასკნელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ, მაგალითად, გენმოდიფიცირებული სოია იწვევს ალერგიას ბავშვებში, რის გამოც ევროკავშირმა აკრძალა მისი გამოყენება ბავშვთა კვებაში. კიდევ ერთი საშიშროება ის არის, რომ ჩასმული უცხო გენი შეიძლება, გადავიდეს ნაწლავის მიკროფლორაში, რაც შედეგად იწვევს ახალი ბაქტერიების გავრცელებას, ხოლო ნაწლავები შეიძლება მდგრადი აღმოჩნდეს ანტიბიოტიკების მიმართ. მეცნიერების მიერ ჩატარებული მრავალრიცხოვანი გამოკვლევით ნაჩვენებია, რომ გენმოდიფიცირებული საკვების –  კარტოფილი, სიმინდი, სოია, ბოსტნეული, ხორცის კონსერვები –  გავლენით ცხოველები სწრაფად ბერდებიან, აქვთ სუსტი იმუნიტეტი, უვითარდებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის, ელენთისა და თავის ტვინის ანომალიები. არ შეუძლიათ ჯანმრთელი შთამომავლობის შექმნა და ანომალურად მაღალია სიკვდილიანობა. ამას გარდა, გენმოდიფიცირებული კულტურები უარყოფით გავლენას ახდენს ბიომრავალფეროვნებაზე. გენურ ინჟინერიას შეუძლია, მოხსნას სახეობათშორისი ბარიერები და ერთმანეთთან დაუკავშირებელ სახეობებს შეურიოს ინფორმაცია. ბუნებაში ყოველ სახეობას თავისი ბუნებრივი მტრები და პარაზიტები ჰყავს, რომლებიც საშუალებას არ აძლევს სხვა სახეობას,  მეტისმეტად გამრავლდეს. გენმოდიფიცირებული მცენარეთა ტოქსინების ზემოქმედება თავისუფლად მცხოვრებ მტაცებელ და პარაზიტ მწერებზე გამოიწვევს ჩამოყალიბებულ ურთულეს ურთიერთობათა რღვევას ეკოსისტემებში. ასევე შესაძლებელია, გენმოდიფიცირებული კულტურები დაიმტვეროს ველური სარეველებით, რაც გამოიწვევს არაკონტროლირებად პროცესებს და ძველი ჯიშების ან სხვადასხვა ველური სახეობის გადაგვარების მიზეზი შეიძლება გახდეს. მაგალითად, ჭიამაიები, რომლებიც იკვებებოდნენ გენმოდიფიცირებული კარტოფილის მატლებით, უნაყოფონი გახდნენ. მართალია, გენმოდიფიცირებული კარტოფილისგან კოლორადოს ხოჭო იღუპება, მაგრამ შენახვისას ასეთი კარტოფილი ლპება, ამიტომ ასეთ კარტოფილს მაშინვე ამუშავებენ.
– რა გაუთვალისწინებელი შედეგი შეიძლება, გამოიწვიოს ცოცხალ ორგანიზმებში გენმოდიფიცირებული პროდუქციის გამოყენებამ? 
– გენური ინჟინერია სავსეა გაუთვალისწინებელი, გვერდითი მოვლენებით. მაგალითად, როდესაც ორაგულში შეიყვანეს ნიანგის ზრდის ჰორმონის გენი, ორაგული გაიზარდა, მაგრამ მწვანედ შეიფერა და ჯანმრთელობის პრობლემებიც გაუჩნდა. გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს შეუძლია კიბოს პროვოცირება. ტრანსგენებს აქვს თვისება ჩაერთოს ნაწლავის მიკროორგანიზმების გენურ აპარატში. ეს კი უკვე მუტაციაა. როგორც ცნობილია, სწორედ უჯრედების მუტაცია იწვევს კიბოვანი უჯრედების წარმოქმნას. დღეს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ინგრედიენტებს უკვე, ფაქტობრივად, ყველა სახეობის საკვებში უმატებენ: ნახევარფაბრიკატებში, ძეხვებში, საკონდიტრო და რძის ნაწარმში, ნაყინში, ჩიპსებში, სწრაფი მოხმარების პროდუქტებში, მაიონეზში, სოუსებში, გაზიან სასმელებში. ტრანსგენურ კომპონენტებს შეიცავს „ნესტლეს“, „სიმილაკისა“ და „დანონის“ კომპანიების პროდუქტები; შოკოლადები: „მარსი“, „სნიკერსი“, „ტვიქსი“, „კოკა-კოლას“ პროდუქტები. არადა, ყველაფერ ამას მიირთმევენ ჩვენი შვილები. ცნობილია შემთხვევები, თუ როგორი ზიანი მიაყენა ადამიანებს გენეტიკურად შეცვლილმა პროდუქტებმა. მაგალითად, გენეტიკურად შექმნილი საკვებდანამატ L-ტრიპტოფანით ათასობით ადამიანი გარდაიცვალა ან მძიმედ დაინვალიდდა სისხლის დაავადებით. გენურ ინჟინერიას შეუძლია ახალი მცენარის, ახალი ცხოველის, ახალი ადამიანის მიღება. უკვე აშენებენ ტრანსგენურ ტყეებს, მიმდინარეობს ცხოველებისა და ადამიანის კლონირება. გენური ინჟინერია უკვე გამოიყენება კაცობრიობის რასის „გასაუმჯობესებლად“ და ეს პროექტი ცნობილია „ევგენიკის“ სახელით. პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დააპატენტეს ცხოველთა სპერმის გენეტიკურად შეცვლის მიღების მეთოდი, თაობიდან თაობაზე გადაცემული თვისებების შეცვლის მიზნით. ეს, ანალოგიურად, შესაძლებელია ადამიანების შემთხვევაშიც. რაც წააგავს ნაცისტების სურვილს „სრულყოფილი“ რასის შექმნის შესახებ. შესაბამისად, არის საშიშროება, რომ მცირე კორპორაციული ელიტა მალე გააკონტროლებს პლანეტის ყველა გენეტიკურ მემკვიდრეობას. ამას გარდა, არსებობს გენეტიკურად შეცვლილი ბიოლოგიური იარაღის შექმნის საშიშროებაც. ასეთი იარაღი მოიცავს: ყველა ანტიბიოტიკის მიმართ მდგრად ბაქტერიებს; ასევე, ახალ ორგანიზმებს, რომელთაც შეეძლებათ ვაქცინის მოქმედების ანულირება ან ადამიანთა და მცენარეთა ბუნებრივი წინააღმდეგობის გაწევის უნარის დაქვეითება; ჰორმონული ბალანსის დარღვევით გამოწვეული უვნებელი ბაქტერიების, რომლებიც ბინადრობენ ადამიანის ნაწლავებში, ტრანსფორმაციას მკვლელებად.
– ჩვენთან მოქმედებს კანონი, რომელიც ავალდებულებს მეწარმეს, ეტიკეტზე დაიტანოს ინფორმაცია, თუ პროდუქცია გენმოდიფიცირებლია, მაგრამ როგორ გავარჩიოთ გენმოდიფიცირებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რომელსაც არ აქვს ეტიკეტი? ეს შესაძლებელია?
– გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ინგრედიენტების განსაზღვრა გემოთი და სუნით შეუძლებელია. ყურადღება უნდა მივაქციოთ პროდუქტის გარეგნულ სახეს. თუ პროდუქტი სტანდარტული, ზუსტად ერთნაირი, ყოველგვარი ნაკლის გარეშეა, ეს პირდაპირ მიუთითებს გენმოდიფიცირებული  ორგანიზმების შემცველობაზე. თუ  სოიის შედგენილობაში შედის მცენარეული ცილა, ეს, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ ის გენმოდიფიცირებულია. პირველი გენმოდიფიცირებული პროდუქტი 1994 წელს გამოჩნდა. 1996 წელს, საქართველოში სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხმობით, შემოიტანეს ტრანსგენური კარტოფილი. 1997 წელს, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წინააღმდეგობის მიუხედავად, ასეთი კარტოფილი მაინც დათესეს. საბედნიეროდ, მოსავალი დაიღუპა. კარტოფილს გაუჩნდა სოკო და ვერ შეეგუა საქართველოს კლიმატს. ასევე, არსებობს გენური ინჟინერიის მიღწევების ანტიადამიანური მიზნით გამოყენების საფრთხეც. შეიძლება შეიქმნას ძალიან საშიში ბიოლოგიური იარაღი, წარმოიქმნას დედამიწისთვის უცნობი ახალი ორგანიზმები, რომელთა საწინააღმდეგო იმუნიტეტი ადამიანს არ გააჩნია. ჯერჯერობით უცნობია ისიც, თუ რა გავლენას მოახდენს ორგანიზმზე გენური ვაქცინები. ამასთან ვირუსებმა თავიანთ „თანამოძმეებთან“ შერწყმით შეიძლება, ისეთი ჰიბრიდები წარმოქმნან, რომ შიდსი ბავშვურ თამაშად მოგვეჩვენოს. საშიშროებას წარმოადგენს ისიც, რომ გენეტიკურმა ინფორმაციამ შეიძლება ადამიანთა დისკრიმინაციის ახალი სახე წარმოშვას. ამგვარად, გენური ინჟინერია აბსოლუტურად ახალი ტექნოლოგიაა, რომელიც არღვევს გენეტიკურ ბარიერებს, არა მარტო სახეობებს შორის, არამედ ადამიანებს, ცხოველებსა და მცენარეებს შორის. ცხოველთა და ადამიანის გენებსაც კი ამატებენ მცენარეთა ან ცხოველთა გენებს, რაც იწვევს წარმოუდგენელი ტრანსგენური სასიცოცხლო ფორმების წარმოქმნას. პერსპექტივა შემაშფოთებელია. გენურმა ინჟინერიამ წარმოშვა უპრეცედენტო ეთიკური და სოციალური პრობლემები, ასევე საფრთხის ქვეშ დააყენა გარემოს კეთილდღეობა, ადამიანთა და ცხოველთა ჯანმრთელობა და სოფლის მეურნეობის მომავალი. ამდენად, გენეტიკურ მანიპულაციებს ძალიან ფრთხილი მიდგომა სჭირდება. ღვთაებრივ საწყისში შეჭრა და სამყაროს ჰარმონიის უგულებელყოფა მოსალოდნელია ბუმერანგივით უკან დაგვიბრუნდეს.

скачать dle 11.3