ტარანა თვლითაა
ანუ ბაწკამ გადაგვასწრო
მას ევროპის უკანასკნელ დიქტატორს უწოდებდნენ, მაგრამ მას შემდეგ იმდენმა წყალმა ჩაიარა და ისე შეიცვალა მსოფლიო რუკა, ისეთი დიქტატორი გამოჩნდა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო ფრთიან ანგელოზად გამოჩნდა.
ამის შესახებ თავადაც შენიშნა და ამას წინათ „ბლუმბერგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე განაცხდა, ჩემზე უარესებიც არიანო (რთულია, არ დაეთანხმო). მეტიც, ბრჭყალებიც გამოაჩინა.
კერძოდ, იმავე ინტერვიუში აღნიშნა, რომ, მართალია, ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ბელორუსი რუსეთის ჩრდილოდასავლური მხარე უნდა იყოს, მაგრამ (მომყავს ციტატა): „ჩვენ არ ვართ ჩრდილოდასავლური მხარე. ჩვენ არ გვექნება რუსეთთან კონფლიქტი. დღეს რუსეთის მთავრობიდან ამის შესახებ არავინ სვამს კითხვას პირდაპირ, წარსულში კი იყო ამის მინიშნებები. ჩვენ ვიყავით და ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა და ეს ასე იქნება მომავალშიც.“
მეტიც, გვარწმუნებს, რომ რფ-ის პრ. პუტინს ამის შესახებ მასთან საუბრებისას არასოდეს არაფერი უთქვამს, რადგან „მან (ესე იგი, რუსეთის პრ.-მა) იცის, ამაზე როგორი რეაქცია მექნება.“
მეტიც, თავად პრ. პუტინის ერთი წლის წინანდელი პასუხიც მოიხმო: „მომეწონა, როდესაც მან მაშინ თქვა, რომ რუსეთს არ სჭირდება სხვა ქვეყნის დაპყრობა, მათ შორის ბელორუსის. რაში გვჭირდება ჩვენ მეტი? თქვენ ცხოვრობთ თქვენს ბინაში, ჩვენ – ჩვენსაში; ასევე ჩვენ ვართ ძმები, ჩვენ ერთმანეთთან სტუმრად მივდივართ.“
თუმცა, მეორე მხრივ, რაკი, ვინ-ვინ და, ბ-ნმა ლუკაშენკომ იცის, რა ფასი აქვს მისი რუსი კოლეგის სიტყვას (და ისიც, რარიგ ელვის უსწრაფესად ირგებენ რუსი სტუმრები მასპინძლების როლს), შესაძლოა, ამიტომაც დააზუსტა, თუ ვინმე თავს დაესხმება, საკუთარ ტერიტორიას დაიცავს და იბრძოლებს მტრის წინააღმდეგ, იმისდა მიუხედავად, ვინ იქნება ის: ამერიკელი, ევროპელი თუ რუსი.
ზემოთქმულის გათვალისწინებით კი, აშკარაა, ამ „ბაწკა, ბაწკას” ძახილში, გვარიანად გადაგვისწრო მოხერხებულობაში! –