ჯაყოს ფიქრები
მუქთა ფული ყველას უნდა
თუმცა რფ-ის ბიუჯეტი სეკვესტრირებულია, მაგრამ, გავრცელებული ინფორმაციით, ერთადერთი, ვისაც ეს არ შეეხება, აფხაზეთია, ამიტომაც სოხუმში ხელების ფშვნეტით ელიან დაპირებულ 4,5 მილიარდ რუბლს, რომელიც მთლად იმდენიც არაა, რაც 2014 წლის ნოემბერში იყო, როდესაც რფ-სა და აფხაზეთს შორის გენერალური შეთანხმება გაფორმდა, მაგრამ, როგორც ოკუპანტები იტყვიან, აფხაზეთისთვის „ი ტო ხლებ“!
ამასობაში „იუჟნაია ოსეტიაც“ ფაფხურობს (მუქთა ფული ყველას უნდა!), მათ რფ-სთან ინტეგრაციის შეთანხმება რუსეთის მიერ ყირიმის შემოერთების წლისთავს დაამთხვიეს და სამომავლოდ ყირიმის ბედის გაზიარების იმედიც აქვთ.
ასე, მაგალითად, „იუჟნაია ოსეტიას“ „პარლამენტის თავმჯდომარე“ ანატოლი ბიბილოვი (რომელმაც სეპარატისტულ არჩევნებში სწორედ იმ ლოზუნგით გაიმარჯვა, რომ ცხინვალს მოსკოვს ჩაახუტებდა) ოპტიმიზმითაა განმსჭვალული და დიდ რუსეთთან შერწყმას სეპარატისტული აღტკინებით ელის.
კერძოდ, იგი უბნობს (მომყავს ციტატა): „მთავარი საკითხი, რაც დგას დღის წესრიგში, არის მაქსიმალური ინტეგრაცია, რომელიც, საბოლოოდ, რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნებით გამოიხატება (ეს ადგილი ცოტა ვერ გავიგე, სავარაუდოდ, ვერც თქვენ, მაგრამ ამაზე ოდნავ მოგვიანებით). სამწუხაროდ, არიან ძალები, რომლებსაც არ უნდათ „იუჟნაია ოსეტიას“ დაბრუნება რუსეთის შემადგენლობაში. როდესაც ამბობენ, რომ ეს საკითხი არ არის დღის წესრიგში, იბადება კითხვა: ვინ უნდა დააყენოს ის? რა თქმა უნდა, ჩვენ, რომ განხორციელდეს ჩვენი ნაციონალური იდეა. აქედან გამომდინარე, მიზანდასახულად მივდივართ იქითკენ, რომ დავბრუნდეთ რუსეთში და ეს ესმის რუსეთის უმაღლეს ხელმძღვანელობას.“
მთელ ამ სეპარატისტულ მონოლოგში ყველაზე საინტერესო ის ადგილია, სადაც ითქვა – რუსეთში დაბრუნებაო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ცხინვალის რეგიონი, ანუ ჩრდილოეთ ქართლი საქართველოს შემადგენლობაში, ფაქტობრივად, ფარნავაზ მეფის ხანიდანაა (რასაც თვით სტრაბონი ადასტურებს), როდესაც რუსეთი არანაირ კონფიგურაციაში პროექტშიც კი არ არსებობდა, როგორც ჩანს, სეპარატისტების მადა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, ინტელექტის იმავე სისწრაფით კლების პარალელურად.