ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის – „თბილისი 2015-ის” საორგანიზაციო კომიტეტსა და დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს შორის. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის – „თბილისი 2015-ის” საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსი ახვლედიანმა და სდასუს რექტორმა თეიმურაზ ქორიძემ.
საორგანიზაციო კომიტეტსა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობა შემდეგი მიმართულებებით შემოიფარგლება: ერთობლივი სტრატეგიის შემუშავება, მომზადება და მონაწილეობა იმ პროექტებსა თუ კამპანიებში, რომლებიც ჩამოაყალიბებს მოხალისეთა მოტივაციას.
შეგახსენებთ, რომ წელს, ზაფხულში, თბილისში ტარდება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი – „თბილისი 2015“, რომელიც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური სპორტული ღონისძიება იქნება. ფესტივალის წარმატებით განხორციელებაში საორგანიზაციო კომიტეტს დაეხმარება 2 000 მოტივირებული ახალგაზრდა, რომლებიც მოხალისეობრივ საწყისებზე მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა სპორტული ღონისძიების ჩატარებაში, როგორიცაა: ოლიმპიური დელეგაციების მიღება, გახსნა-დახურვის ცერემონიალი, სპორტული ღონისძიების ორგანიზება და სხვა. ფესტივალის მოხალისეების უმეტესობას წარმოადგენენ სტუდენტები.
მოხალისეთა მოძრაობაში სტუდენტების მეტი ჩართულობისთვის უახლოეს მომავალში ასევე იგეგმება მემორანდუმის გაფორმება რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელთან.