როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
გოგორიკი
გოგორიკების ადრინდელი გვარი ამაშუკელია. ამაშუკეთიდან მათი წინაპრები მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნიდან გადმოსულან გურიაში და იქ, რატომღაც, გვარი გოგორიკი მიუღიათ. სავარაუდოდ, ფუძედ უნდა აეღოთ ლამაზი, მოხდენილი, ცქრიალა ქალის სახელი, ის გოგო-რიკად მოაკვარახჭინეს.
გოგორიკი მცირერიცხოვანი გვარია.
საქართველოში 30 გოგორიკი ცხოვრობს: ოზურგეთში – 23, გარდაბანში – 4, თბილისში – 1. არიან სხვაგანაც.
შამრელაშვილი
შამრელაშვილის ადრინდელი გვარი უნდა ყოფილიყო მრელაშვილი, მიგრაციის პროცესში დაემატა ართრონი – შა.
„მრელა-ს ვიღაცამ წაუმძღვარა შამრელ და წავიდა ახალი გვარი – შამრელაშვილი“.
შამრელაშვილი მცირერიცხოვანი ქართული გვარია.
საქართველოში 24 შამრელაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 17, თელავში – 4. არიან აწყურშიც.
მახვილაძე
მახვილაძეები იოანე ბაგრატიონს შეყვანილი ჰყავს „საქართველოს შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა” სიაში. ის წერს: „აზნაურ მახვილაძეთა წინაპარნი იყვნენ მონათესავენი ამირეჯიბთა და ესახლნენ ჯავახეთის კერძო მთისა, მახვილად წოდებულსა, რომლისა გამო გაუგვარდათ ესე სახელი მახვილაძეობა და, დროსა ერეკლე მეფისასა, წელსა 1621-სა ცედანს სოფელს მოვიდნენ და დაეშენნენ სურამის კერძოდ და მუნიდგან გაუგვარდათ გვარი მისი სახელსა გამო და არიან მოხსენებული ტრაქტატსა შინა. ხოლო რომელნიმე ამათ გვარი ჰსცხოვრობდენ როსიისა შინა და სხვანი ქართლს.”
„მახვილაძე ბათიაშვილების გაყრის დროს ერგო გერმანოზსა და მის ძმებს” (1523 წელი).
1840-იან წლებში მახვილაძეები ცხოვრობდნენ იმერეთის შემდეგ სოფლებში: გეგუთი, გოდოგანი, მანდიკოსი, ღვანკითი, ჭყეპი, ხონი, ჯონია.
საქართველოში 547 მახვილაძე ცხოვრობს: ქუთაისში – 175, თბილისში – 144, ტყიბულში – 125. არიან სხვაგანაც.
წიქორიძე
გვარის ფუძეა მამაკაცის მეტსახელი წიქორ.
ამავე ძირისაა კოლხური გვარსახელი წიქორია.
წიქორია ერთძირიანი გვარია. გვარის განსახლების არეალისა და სიმჭიდროვის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მათი პირველსაცხოვრისი იმერეთში, ბაღდათის მხარეში ჩანს.
წიქორიძე გლეხური გვარია. წიქორიძენი მოისხენიებიან მე-19 საუკუნის 40-იანი წლების აღსარების მთქმელთა სიებში, იმერეთის შემდეგ სოფლებში: გეგუთში (სასულიერო წოდებისანი), სადემეტრაოში (საეკლესიო გლეხები) და ჭყვიშში (საეკლესიო გლეხები).
აღსანიშნავია, რომ ჭყვიშელი და სადემეტრაოელი წიქორიძენი იმხანად წიქორაძეებად იწერებოდნენ. უნდა ვივარაუდოთ, რომ დღეს, იმერეთში მცხოვრები წიქორიძენი და წიქორაძენი საერთო წარმომავლობის არიან.
ღვთისა და საქართველოსთვის წიქორიძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე და შუაგულ სადროშოებში.
„წიქორიძეების უბანი“ – უბანი ბაღდათის რაიონის სოფელ სადემეტრაოში, ამავე სოფელში არის „წიქორიძეების წისქვილი“ და „წიქორიძეების წყარო“. „წიქორიძისოული ვენახი“ – წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში, „წიქორიძის ვაკე“ – მინდორი ბაღდათის რაიონის სოფელ შუბანში, „წიქორიძის მინდორი“ – საძოვარი ბაღდათის რაიონის სოფელ წყალთაშუაში.
ამჟამად, წიქორიძეები ცხოვრობენ, ძირითადად, ბაღდათის რაიონის სოფლებში, მცირე რაოდენობით წყალტუბოს, ზესტაფონის, ოზურგეთის, ხაშურის რაიონის სოფლებში, ქუთაისში კი წიქორიძეთა დაახლოებით 100 ოჯახი, თბილისში კი დაახლოვებით 20 ოჯახი ცხოვრობს.
საქართველოში სულ 850 წიქორიძე ცხოვრობს.
200 – წიქორაძე.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით