რატომ ვერ გადაიხადა აგნესამ საყვარელ მამაკაცთან ერთად გრანდიოზული ქორწილი დუბაიში
ალბათ, ყველას ახსოვს, წლების წინ, მომღერალ აგნესას ვიდეორგოლები. ისინი, საკმაოდ ხშირად ტრიალებდა ტელევიზიით და ქართულ შოუ-ბიზნესში, ნამდვილად ახალი სიტყვა იყო, და, უამრავი მსმენელიც ჰყავდა. დღეს, აგნესა სამარაში, საყვარელი ადამიანის გვერდით ცხოვრობს, დედობისთვის ემზადება და თან, საკუთარ ბიზნესსაც საკმაოდ წარმატებულად ართმევს თავს. დაბრუნდება თუ არა ის შოუ-ბიზნესში, აპირებს თუ არა თბილისში რესტორნის გახსნას და რა ეტაპი დადგა მის ცხოვრებაში, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
აგნესა: უკვე რვა წელია, რუსეთში, კერძოდ, სამარაში გადმოვედი საცხოვრებლად. დღეს, ბედნიერი ვარ, უსაყვარლესი მეუღლე – არტიომი მყავს გვერდით. მაქვს ჩემი, წარმატებული საქმე და თან დედობისთვის ვემზადები.
– მახსოვს, საყვარელ მამაკაცთან ცხოვრების დაკანონებას და გრანდიოზულ ქორწილს დუბაიში გეგმავდი. რატომ ვერ მოხერხდა ეს? რამ შეგიშალათ ხელი?
– მართალია, ვგეგმავდი, მაგრამ არ გამოგვივიდა. სტუმრებიდან ზოგი ახერხებდა იქ ჩამოსვლას, ზოგი – ვერა და ამიტომ, სამარაში გადავიხადეთ ძალიან ლამაზი ქორწილი. აპრილში შვილსაც ველოდებით და დიდ მოლოდინში ვართ. მიმაჩნია, რომ ბედნიერი ვარ და ამისთვის ყველა პირობა მაქვს. ხომ ამბობენ, ქალური ბედნიერებისთვის საყვარელი საქმე და საყვარელი მამაკაცია გვერდით საჭიროო, მე ამას დედობასაც დავამატებ (იცინის). ხანდახან, რომ დავფიქრდები, სულ მალე ჩემს შვილს დავინახავ, ბედნიერებისგან სუნთქვა მეკვრება. ჩემი ქმარი კატეგორიული წინააღმდეგია, წინასწარ ბავშვისთვის რამე ვიყიდო, თუმცა ჩუმ-ჩუმად ვყიდულობ (იცინის).
– ქმარი განებივრებს ორსულ ცოლს?
– ჩემი ქმარი ძალიან ყურადღებიანია, მანამდეც მანებივრებდა და ახლა, ორსულს ხომ, ორმაგად მანებივრებს. ამბობს, ბავშვი რომ დაიბადება, სიურპრიზს ელოდე ჩემგანო (იცინის). ისე, თუ აქ არ არის და რაიმე დღესასწაულია, კურიერის მეშვეობით მიგზავნის საჩუქრებსა და ყვავილებს.
– ვიცი, რომ საკმაოდ წარმატებული ბიზნესი გაქვს სამარაში ბუტიკების სახით და იმავდროულად, ოჯახის რესტორნის მენეჯერი ხარ. გავიგე, თბილისშიც გეგმავ რესტორნის გახსნას, მართალია?
– გეთანხმებით, საკმაოდ წარმატებულად მიდის ბიზნესის საქმე და სანამ ბავშვი დაიბადება, აქტიურად ვარ ჩართული. რაც შეეხება, თბილისში რესტორნის გახსნას, ამაზე ვფიქრობ და იმედია, მომავალში, მოვახერხებ. თბილისში, წელიწადში ორჯერ მაინც ჩამოვდივარ და იცით, ვინ მენატრება ყველაზე მეტად აქ, სამარაში? დედა და ძმისშვილი.
– ის დრო არ გენატრება, როცა ქართულ შოუ-ბიზნესში ცნობილი და წარმატებული იყავი?
– ვფიქრობ, ცნობილი ახლაც ვარ. რომ ჩამოვდივარ და ქუჩაში გავდივარ, ყველა მცნობს. მონატრებისა რა გითხრათ, მაგრამ, როცა ჩემს ვიდეოჩანაწერებს ვრთავ და ვუყურებ, ცოტა ნოსტალგია მაწვება (იცინის). კარგი დრო იყო, მაგრამ ადამიანის ცხოვრებაში დგება სხვადასხვა ეტაპი და ეს ეტაპები, აუცილებლად უნდა გადალახო და გაიარო.
– ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ახლა?
– ახლა, ცხოვრების ყველაზე საინტერესო, ტკბილ და ნეტარ ეტაპზე ვარ – დედა ვხდები (იცინის).
– აგნესა, მახსოვს, სიმღერა „ბედისწერამ” პოპულარობა მოგიტანა. რა როლს თამაშობს ბედისწერა შენს რეალურ ცხოვრებაში?
– რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, ბედისწერის „ბრალია”. მისით კმაყოფილი ვარ – ბედიც მწყალობს და იღბლიანიც ვარ. გაფიქრებული არ მაქვს სურვილი, რომ უკვე ახდება ხოლმე. თავადაც მიკვირს, ოცნებები ისე ადვილად მისრულდება.
– სასიმღერო კარიერის გაგრძელებას აპირებ? გავიგე, უახლოეს მომავალში, კლიპის გადაღებას გეგმავ.
– ამ მხრივ, დიდი გეგმები მაქვს. ჩავწერე სიმღერები და მომავალში კარგი ვიდეორგოლის გადაღებას ვაპირებ. ეს მშობიარობის შემდგომი ეტაპია და ამიტომ, წინასწარ მიჭირს საუბარი. თუმცა, ჩემს ახალ ნამუშევარს რომ ნამდვილად იხილავთ, ამას გპირდებით. თბილისში რომ ჩამოვდივარ, გელა გნოლიძე მიწერს სიმღერებს. უკვე ოთხი, ძალიან კარგი სიმღერა ჩავწერე. ასე რომ, არ ვჩერდები და სასიმღერო კარიერას მივყვები.
– უკვე წლებია, რუსეთში ცხოვრობ, სადაც უამრავი შოუ-კონკურსი იმართება. არასდროს გიფიქრია, მონაწილეობა მიგეღო?
– სხვათა შორის, არასდროს მიფიქრია, რუსულ კონკურსებში მონაწილეობაზე. ერევანში ვიყავი ნახევარი წელიწადი ერთ პროექტში, სადაც ამერიკის საგზური მოვიგე. თუმცა, ვიზა არ ჩამირტყეს და ვერ წავედი. დღეს, არანაირი სურვილი არ მაქვს შოუ-კონკურსზე გამოვიდე კონკურენტის როლში და წარვდგე ჟიურის წინაშე. მივხვდი, რომ ბრძოლა ჩემი საქმე არ არის. სხვათა შორის, საქართველოდან „X ფაქტორში” მთხოვეს მონაწილეობის მიღება, მაგრამ ამ მიწვევაზე უარი ვთქვი.
– ისიც გავიგე, თითქოს მომავალ სეზონზე ქართულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში” მიიღებ მონაწილეობას. ამას თუ ადასტურებ? ვიცი, რომ ბავშვობიდან კარგად ცეკვავ და ამ პროექტში, მონაწილეობა და გამარჯვებისთვის ბრძოლა, არ გაგიჭირდება.
– კი ვამბობ, კონკურსებზე არ მივიღებ მონაწილეობას-მეთქი, მაგრამ, „ცეკვავენ ვარსკვლავებზე” უარს ვერ ვიტყვი და სიამოვნებით დავთანხმდები. თუმცა, ჯერ მსგავსი შემოთავაზება არ ყოფილა.
– აგნესა, დათო ხუჯაძე, ირაკლი ფირცხალავა და შენ, განუყრელი მეგობრები ხართ?
– დიახ, მე, დათო ხუჯაძესა და ირაკლი ფირცხალავას მეგობრობა გვაკავშირებს... ყველა მიყვარს – ჩემი ძველი ნაცნობები, კოლეგები, მეგობრები და უცნობი მსმენელებიც კი. ვინც აქ ჩამოდის, ქართველი მომღერალი, ყველას ვხვდები და ძალიან მიხარია მათი ნახვა.