რაში აკეთებენ თავიანთ მაქსიმუმს პეჩო და მაგდა ვასაძე და რისგან იღებენ ისინი დიდ სიამოვნება
პეჩო (ირაკლი) ჭელიშვილი და მაგდა ვასაძე პროექტ „ორი ვარსკვლავის“ მართლაც ვარსკვლავური წყვილია: მათი მოსმენა, ნებისმიერი სიმღერისადმი მათი დამოკიდებულება მსმენელს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს, თუმცა დროა, ეს სიამოვნება მესიჯებშიც აისახოს, ნომერზე: 95 204.
პეჩო ჭელიშვილი: მაგდასთან ერთად სიმღერით დიდ სიამოვნებს ვიღებ და, საერთოდ, მაგდა, როგორც პიროვნება, ძალიან მსიამოვნებს.
მაგდა ვასაძე: ჩვენ ორივეს ძალიან გაგვიმართლა. „იმედში“ რომ მივედი და ფოტო მაჩვენეს, ვერ ვიცანი – მაინც დიდი დროა გასული; მერე კი, რომ მითხრეს – პეჩო, Soft Eject, ჩემი პირველი კომენტარი იყო: „დიდი მადლობა!”
თითქმის ყველას ისეთი მეწყვილე შეხვდა, რომელიც არ მღერის, პეჩო კი, მღერის კი არა, არაჩვეულებრივად მღერის. მეც ყველანაირად უნდა მეცადა, რომ მას მოვრგებოდი, რადგან ეს პეჩოს კონკურსია.
– გარკვეულ კომპრომისებზეც გიწევს, ალბათ, წასვლა.
– ყველაფერია საჭირო, ყველაფერი უნდა გაითვალისწინო, არ უნდა გადააბიჯო მეწყვილეს – ეს მისი კონკურსია და ის უნდა გამოჩნდეს. სიმღერას ისე ვალაგებთ, რომ თანხვედრა მოხდეს და დუეტი შედგა.
პეჩო: როდესაც მუსიკას აკეთებ, ზომიერად უნდა გააკეთო და, არსად არავის გამოხტომა არ არის ამ დროს კარგი. მუსიკაში ყოველთვის ცოტა ნაკლები ჯობია, ვიდრე ზედმეტი. ისე ვარჩევთ სიმღერას, რომ რაღაც კომპრომისი იყოს და, რაც მთავარია, ძალიან კარგად ჟღერდეს. ჩვენ ხომ მუსიკას ვაკეთებთ და, ხომ უნდა ვიფიქროთ იმაზე, მთლიანობაში როგორი გამოვა?!
მაგდა: ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუსიკაში მაქსიმუმი. არ ვცდილობთ, ვარსკვლავები მოვწყვიტოთ. ზოგიერთებს რომ ჰგონიათ, სხვა რაღაცეებით შეუძლიათ გადაფარონ თავიანთი სხვა არამნიშვნელოვანი დეტალები, ჩვენ ასე არ ვართ და, რაც ყველაზე მთავარია – ჩვენ თვითონ ვიღებთ უდიდეს სიამოვნებას.
– გქონდათ მაგდას სიმღერა მოსმენილი?
პეჩო: არა. მერე მოვუსმინე და მივხვდი, ვისთან მქონდა საქმე. პიროვნულადაც ისეთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელთანაც ამ ყველაფრის გაკეთება ძალიან ადვილია. მაგდამ დაკვირვებით იცის მოსმენა და კარგად იღებს შედარებით ახალს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ყველაფერი იცის, მას არაფერი გამოუვა.
– ვინმე გეძახით ირაკლის?
მაგდა: სამსახურში რომ ვურეკავ – უკაცრავად, სად არის ბატონი ირაკლი-მეთქი, ექთანი უცბად მპასუხობს: ბატონი ირაკლი საოპერაციოშია, გამოვა და დაგირეკავთ.
ირაკლი: ერთმანეთში ჩემზე რომ საუბრობენ, მაშინ პეჩოს მეძახიან პაციენტებიც და პერსონალიც.
მაგდა: თავიდან სულ თქვენობით ველაპარაკებოდი და მერე მიყვირა – ასე ნუ მომმართავ, ირაკლის ნუ მეძახიო. მერე ისე შევეჩვიეთ ერთმანეთს, რომ უკვე პეჩოს ვეძახი და „შენობითაც” მივმართავ. ძალიან თბილი, ყურადღებიანი, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანია. ის, რომ პეჩო გავიცანი, უკვე ძალიან გამიმართლა.
– პეჩო, პროექტში მონაწილეობის შემოთავაზება მოულოდნელი იყო?
პეჩო: იყო მოულოდნელი და, არც მეგონა, რაღაც ამდაგვარში თუ მივიღებდი მონაწილეობას. თავიდან, თარიღი რომ მითხრეს, ვიცოდი, არ ვიქნებოდი საქართველოში – სათხილამუროდ მივდიოდი და ვერანაირი პროექტი ვერ შემიცვლიდა ამას. მითხრეს, გადავიტანთო. იმისთვის, რომ ვიმღერო, ბევრი ხვეწნა არ მჭირდება და, ბოლოს ვიფიქრე: „ვიმღერებ, რატომაც არა“.
– რამე მოთხოვნა გქონდათ მეწყვილესთან დაკავშირებით?
– ერთადერთი, ის ვიკითხე, სიმღერებს მე ავირჩევ თუ არა-მეთქი. როგორც აღმოჩნდა, ბოლომდე მე მაინც არ ვირჩევ; და, კიდევ, ის მაწუხებდა, ქართულად თუ მომიწევდა სიმღერა. აქამდე ქართულად არ მიმღერია, მხოლოდ ერთი-ორჯერ, მეგობრებში და, მაშინაც ისეთ მდგომარეობაში ვიყავით, ენას რომ აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. ქართულად სიმღერას თავისი ტექნიკა, ჰარმონია აქვს და არ ვიყავი მიჩვეული. ის, რაც მომწონს, რასაც ვმღერი, ბევრი არ მიძებნია და არც მიცდია – 6 წლის ასაკში ვიცოდი, რა და როგორ უნდა მემღერა და, საშინლად არ მინდოდა, მემღერა ის, რაც მე არ მომწონდა.
– ამას როგორ მიხვდით 6 წლის ასაკში?
– ჩემი დის გავლენით – მან დაიწყო „ბითლზების“, „როლინგ სტოუნზის“ მოსმენა და მივხვდი: ეს იყო ის, რაც მე მინდა და დარჩა კიდეც. მამაჩემის გავლენა იყო იმ მხრივ, რომ რუსულ რომანსებს მღეროდა და ამას მიჩვეული ვიყავი. სუფრასთან ვღერი ხოლმე რუსულ რომანსებს, მამასთან ერთადაც ვმღეროდი.
– მშვენივრად იმღერეთ ქართული სიმღერა.
– ტვინში სისხლი კი ჩამექცა. რთული იყო. ტექნიკურად შესრულებაზე არ ყოფილა აქ საუბარი, უბრალოდ, როცა რაღაცას მღერი, იმას ბოლომდე უნდა გრძნობდე. მე ის მიქმნიდა დისკომფორტს, რომ ბოლომდე ვერ ვგრძნობდი და მერე ეს მძაბავდა. შემდეგ ტურშიც მომიწევს ამის გადატანა.
– როგორ უთავსებთ რეპეტიციებს თქვენს გრაფიკს?
– ეს ყველაზე რთულია – ოპერაციებს შორის მიწევს გამოქცევა. წინა სამშაბათს ორი რეპეტიცია გვქონდა, კონცერტი და, თან – ოთხი ოპერაცია. ამიტომ, აქეთ-იქით სირბილი მიწევდა. კიდევ კარგი, სტუდია და სამსახური არ არის ერთმანეთისგან შორს, თორემ, ვერ შევძლებდი მონაწილეობას.
– როგორც მივხვდი, თხილამურებით სრიალი განსაკუთრებულად გიყვართ.
– ძალიან მიყვარს. მართალია, ამ პროექტმა წელს გუდაურში სიარულში შემიშალა ხელი, მაგრამ, მანამდე ვიყავი დოლომიტებში – იქ ვისრიალე.
– არ გაქვთ ხელები დაზღვეული?
– საქართველოში ქირურგების ხელებს არ აზღვევენ. თუ უნდა დავეცე, მაშინ, უპირველეს ყოვლისა, ხელებს ვიცავ.
– ოჯახის წევრები ჩართულები არიან კონკურსში მონაწილეობაში?
– ორი გოგონა მყავს და ორივე ჩართულია. ჩემი ცოლი კარგად ერთობა. მართალია, თავიდან წინააღმდეგი იყო – რად გინდაო, მაგრამ, მერე ჩაერთო და მოსწონს.
– თქვენი და მეუღლის ურთიერთობაში სიმღერამ ითამაშა გარკვეული როლი?
– არ ვიცი. რომ ვთქვა, ნატა გაგიჟდა ჩემს სიმღერებზე-მეთქი – ტყუილი იქნება. არა მგონია. ერთადერთი, Please Just Carry On – ჩემი ცოლისთვის არის დაწერილი და ამან იქონია გავლენა. ტექსტიც პირდაპირ არის ნატასთვის – ნატას ველაპარაკები ამ შემთხვევაში.
მაგდა: ლაივზე გავიცანი ნატა და ბავშვები. ნატამ მითხრა, თავიდან ისე ვუყურებდი ამ პროექტს და მერე აზარტში შემიყვანაო, ძალიან გვგულშემატკივრობს. ვიცნობ პეჩოს დას, შვილებს, ძალიან თბილი და კარგი ოჯახი აქვს. ჩემებიც ძალიან გვგულშემატკივრობენ და მირეკავენ – პეჩოს აკოცე, რა მაგარი იყოო. ჩემი შვილი მწერს ხოლმე: „დედა ძალიან ლამაზი და კარგი იყავი დღეს“.
– ჩვენს საზოგადოებაში, როგორც კი ექიმს დაინახვენ, შანსს არ უშვებენ ხელიდან, თავიანთ ჩივილებზე რომ არ ჰკითხონ. პეჩოს შემთხვევაშიც, ალბათ, ასეა.
– მე არაფერი მიკითხავს, მაგრამ, პირველად რომ მივედით გადაღებაზე, ყველა რაღაცას ეკითხებოდა. მას შემდეგ სულ ასეა და დღემდე მიდის პეჩოს „დაკითხვები.”
– შეხვედით აზარტში?
პეჩო: არა. ვიღაცეებს მოვუგო სიმღერაში – ამის სურვილი არ მქონია. ახლა მოგების სურვილი კიდევ უფრო გამინელდა. აუტსაიდერებში დგომაც არ მსიამოვნებს, რადგან, ეს არ არის ჩემთვის ჩვეული პოზიცია. მე მოვედი გასართობად, რომ მემღერა. მოყვარულების კონკურსში მოგებას რა აზარტი შეიძლება ჰქონდეს – ვინმე აპირებს აქედან მუსიკალური კარიერის გაგრძელებას?!
მაგდა: მეც იმიტომ მოვედი ამ კონკურსზე, ვიფიქრე, გავერთობოდი. როცა გავიგე, რომ პეჩოსთან ერთად ვიმღერებდი, ეს იყო ყველაზე დიდი სიამოვნება. ბოლო პერიოდში ვეუბნები, გავიმარჯვებთ-მეთქი – ახლა უფრო შევდივარ აზარტში.
P.S. ფოტოები მოგვაწოდა ფოტოგრაფმა გიორგი ცაავამ.