ვის ჰქონდა კარუზოს შემდეგ „ლა სკალაში“ ყველაზე დიდი წარმატება და როგორ უნდოდათ ლონდონის საოპერო თეატრში „სუხიშვილების” კონცერტის ჩაშლა
ფრიდონ სულაბერიძეს, როგორც მოცეკვავეს ჩემი დახასიათება ნამდვილად არ სჭირდება, ის ბევრად კომპეტენტურმა პირებმა შეაფასეს და „საუკუნის მოცეკვავის“ წოდებაც მიანიჭეს. ნახალოვკიდან „ლა სკალამდე“, ბატონი ფრიდონი ქართულმა ცეკვავ ჩაიყვანა. მეეჭვება, ქართულ ქორეოგრაფიაში რაიმე ტიტული არსებობდეს, მას, რომ არ ეკუთვნოდეს. 73 წლის მოცეკვავე, ყოველდღე, 11 საათიდან ორ საათამდე სარეპეტიციო დარბაზშია. ბატონმა ფრიდონმა, უცხოურ გასტროლებზე ისეთი საინტერესო ისტორიები გვიამბო, რომ მათ უცვლელად გთავაზობთ.
ფრიდონ სულაბერიძე: ფონდ „გალობის“ გადაწყვეტილებით, დამასახელეს „საუკუნის მოცეკვავედ“. სიმართლე გითხრა, არ ველოდებოდი ამ აღიარებას, მთელი საქართველო ცეკვავს. საერთოდ, ხომ ცეკვისა და სიმღერის ქვეყანა ვართ, ამიტომ, თუ გამომარჩევდნენ, არ მეგონა. რუსთაველის თეატრში მიმიწვიეს ერთ-ერთ ღონისძიებაზე და იქ მითხრეს ამის შესახებ. ჩემ გარდა, კიდევ დასახელდა „საუკუნის ხმა“ და „საუკუნის ქორეოგრაფი“. ეს ძალიან დიდი პატივია, მით უმეტეს, როდესაც ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და ხელმოწერით გადმომეცა დოკუმენტი. საკუთარი ვარსკვლავიც გამიხსნეს, მოკლედ, ყველაფერი მაქვს, რაც ჩემს სფეროში შეიძლება, ჰქონდეს ადამიანს. „საუკუნის მოცეკვავე“ ცოტა სხვაგვარად ჟღერს, მაგრამ ჩათვალეს, რომ ფრიდონ სულაბერიძემ უნდა ატაროს ეს წოდება. ასეთი რამ საუკუნეში ერთხელ ხდება, ერთ ადამიანს ენიჭება. 73 წლისა ვარ, მაგრამ ყოველდღე, 11 საათიდან 2-მდე რეპეტიციაზე დავდივარ. ქართული ცეკვა, ჩვენი სულია, ჩვენი ქვეყნის ტრადიციებიდან მომდინარეობს. სხვა ერი მას ვერ იცეკვებს, არ გამოუვა. სწორედ ეს აოცებს უცხოელ მაყურებელს. ერთი ქალთა ცეკვა მაქვს, სადაც გოგონები სიმღერის თანხლებით ცეკვავენ. ამერიკაში მქონდა გატანილი ეს დადგმა და ერთ-ერთმა იქაურმა ჟურნალისტმა მკითხა, ბატონო ფრიდონ, ეს გოგონები ბორბლებზე დგანან და ისე დასრიალებენო?
– უცხოურ გასტროლებთან დაკავშირებით უამრავი ისტორია გექნებათ მოსაყოლი.
– ყოველთვის ცეკვა „ქართულს“ ვასრულებდი და ისეთი პარტნიორები მყავდა, მაგალითად, როგორიც იყო, იამზე დოლაბერიძე. ცეკვა „ქართული” ძალიან ღრმა შინაარსისაა, ურთულესია. ეს არის სიყვარულის პოემა, როგორ აწონებს ვაჟი ქალს თავს, ნესტანისა და ტარიელის სიყვარულს მოგვაგონებს. გრიგოლ რობაქიძემ სწორად თქვა, გენი არ ეყოფა სხვას, ქართული ცეკვა რომ შეასრულოსო. ამასთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო ერთი ისტორია, სუხიშვილების ანსამბლი, ჟენევაში გამოვდიოდით თეატრ „კაზინოში“. თურმე, გრიგოლ რობაქიძე პარტერში იჯდა, ეს ჩვენ არ ვიცოდით. 2 000-კაციანი დარბაზი სულ სავსეა ხალხით, ისეთი სიწყნარეა, ბუზის გაფრენის ხმა ისმის და შუა კონცერტის დროს გვესმის ყვირილი: გაუმარჯოს საქართველოსო. ზუსტად სამჯერ გავიგეთ ეს ხმა, რომელიც დღესაც ყურებში მაქვს და არ გამომდის. ეს ადამიანი გრიგოლ რობაქიძე იყო. ამის შემდეგ დაიწერა არაჩვეულებრივი კრიტიკა ქართულ ცეკვაზე. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა გვეცეკვა ამდენ ხალხში, ამხელა კაცს ყვირილი რომ დაეწყო. აი, აქ ჩანს ჩვენი სული, ჩვენი ქართველობა. „ლა სკალაში“ 14-ჯერ გაიხსნა და დაიხურა ფარდა, ბოლოს ადმინისტრაცია გამოვიდა და თქვა, ასეთი წარმატება, ამ სცენაზე, მხოლოდ კარუზოს ჰქონდაო. იქ ფოლკლორული ცეკვის ანსამბლის გამოსვლა ვერ წარმოედგინათ, არ იცოდნენ რას გავაკეთებდით, ჩვენ ხომ ბალეტს და კლასიკას არ ვცეკვავდით. მთელი ელიტა ესწრებოდა ამ კონცერტს და გვაკვირდებოდნენ ვინ ვიყავით, რა გვინდოდა. კონცერტი რომ კულმინაციისკენ წავიდა, გაგიჟდნენ. სცენის წინ საორკესტრო რომ არ ყოფილიყო, ყველა ამოვიდოდა. ეს იყო საზოგადოება, რომელიც ზედმეტად ერთხელაც არ დაგიკრავს ტაშს. თუ არ მოეწონება შესრულება, იმ წუთშივე დატოვებს დარბაზს. ჩვენ გამო კიდევ 14-ჯერ დახურეს ფარდა, მაყურებელი არ გვიშვებდა. ვინც ორგანიზატორობას უწევდა ჩვენს ანსამბლს, კონცერტის დაწყების წინ გული წაუვიდა. ტურნე იტალიის გარშემო იწყებოდა და აქ თუ ჩავვარდებოდით, ვერც სხვაგან მოვიპოვებდით წარმატებას. თუმცა, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა და დილით დამატებითი კონცერტი დაგვინიშნეს. ამის შემდეგ, გვეგონა, საქართველოში რომ ჩამოვიდოდით, ხელში აგვიყვანდნენ, მაგრამ არავინ დაგვხვდა აეროპორტში, არც შეფასება გაუკეთებიათ. ეს ძალიან ადრე, კომუნისტების დროს იყო.
– ყველა ქვეყანაში ანშლაგით გეგებებოდნენ, კიდევ რას გაიხსენებთ?
– სუხიშვილების ანსამბლი, სტამბულში გამოვდიოდით სპორტის სასახლეში და მთელი დარბაზი ყვიროდა „გურჯისტან“. ძუძუმწოვარა ბავშვები მოჰყავდათ და ისე უყურებდნენ კონცერტს. მაშინ კომუნისტების დრო იყო და მგზავრობაც გარკვეულ სირთულეებთან ასოცირდებოდა. თურქეთში მატარებლით წავედით, შემდეგ გადავჯექით სხვა ვაგონებში, ჩვენს წინ „პარაოზი” იყო და სულ გაბურულები ჩავედით (იცინის). საერთოდ, უცხოეთში რომ მივდიოდით, უპირველეს ყოვლისა, მოსკოვში ჩავდიოდით და შემდეგ ვიწყებდით ტურნეს. თურქეთში, იქ მცხოვრები ქართველებისთვის „დედა ენით” სავსე ჩემოდნები ჩაგვქონდა. პირველად, ბურსაში სწორედ ამ მიზეზის გამო არ შეგვიშვა პოლიციამ, რადგან ამ ქალაქში ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს. ძალიან ბევრი ემიგრანტი დაგვიბრუნებია საქართველოში – ჩვენს კონცერტებს რომ ნახულობდნენ, საკუთარ ქვეყანაში ჩამოსვლის სურვილი უჩნდებოდათ. ჩილეში კონცერტი დამთავრდა, ვხედავ, ერთი ახოვანი ქართველი არისტოკრატი კანკალებს და ტირის. ეს კაცი გვარად ზალდასტანიშვილი იყო, ფრანგი ცოლი ჰყავდა. ჩვენი გამოსვლა რომ უნახავს, ემოცია ვეღარ შეუკავებია და ტირილი დაუწყია. შემდეგ, თავისთან სახლში მიგვიწივია და ყოველ დღე ქართულ პურმარილს გვიშლიდა. სუფრაზე წიწმატიც კი ედო, გავგიჟდი ამაზე, საიდან-მეთქი? თურმე, საქართველოში რომ იყო ჩამოსული, ყველაფერის ნერგი წაუღია (იცინის). იმდენად მომხიბლა ამ კაცმა, საკუთარი ხანჯალი ვაჩუქე. თვითონ, თავის იარაღს მჩუქნიდა, მაგრამ არ წამოვიღე. ლონდონის ოპერის თეატრში გამოვდიოდით და უცებ ერთი ამბავი ატყდა. ილიკო სუხიშვილს შევხედე, ფერი არ ედო, რა ხდება-მეთქი. ილიკომ მიპასუხა, ფრიდონ, ახლა დარბაზში დიდი ამბავი ატყდება, არ შეგეშინდეს, ებრაელები არიან შემოსულებიო. ცოტა ხანში დაიწყო არევ-დარევა და პროკლამაციებით გაგვივსეს სცენა. კონცერტს ხომ არ ჩავშლიდით, დავცხეთ ფარიკაობა და სულ ფეხით გავიტანეთ ეს პროკლამაციები. ისე ვცეკვავდით, რომ შეეშინდათ და გაჩერდნენ. მათ ჩვენი საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ, უბრალოდ, ცუდი დრო იყო.
– თავად რომ მიჰყვებით ანსამბლს, კულისებიდან ადევნებთ თვალს მოცეკვავეებს?
– არა, არავითარ შემთხვევაში. მეც პარტერში ვჯდები, როგორც ჩვეულებრივი მაყურებელი. არასოდეს ვდგები კულისებში და ვიძლევი შენიშვნებს. მირჩევნია, ვუყურო ჩემს შემოქმედებას, ასე უფრო ვხედავ შეცდომებს. „აუდიტორიუმი“ – არის ასეთი თეატრი, სადაც ჩემი ანსამბლი მყავდა წარდგენილი. ქალთა ცეკვის დროს ყველა გაიძახოდა „ბელა, ბელა“. ასეთი ემოცია მაყურებლის მხრიდან ძალიან ბევრჯერ, თითქმის ყველა კონცერტზე ყოფილა. პროგრამა რომ მიმაქვს, ყოველთვის მეკითხებიან, რა მაქვს ახალი რეპერტუარში. ვხუმრობ ხოლმე, „ჟიზელი“ და „დონ კიხოტი“ მაქვს დადგმული-მეთქი (იცინის). ქართულ ცეკვას არ შევეხები, ცვლილებეს არ შევიტან. წინ უნდა წავიდეთ, მაგრამ ის ძველიც უნდა შევინარჩუნოთ. ანსამბლი „რუსთავი“ ოთხი თვე ამერიკაში ვიყავით. დიდი პროგრამა გვქონდა და კონცერტის იქაურმა ადმინისტრატორმა მითხრა, რომ შემემცირებინა. ვიფიქრე, ამ კაცს გამოვცდი, ერთი რა ესმის ქართული ცეკვების-მეთქი და ვეუბნები კარგი, „ხორუმი” ამოვიღოთ. გაგიჟდა, არა, არ მოკიდოთ ხელი მაგ ცეკვასო. ანუ, ამერიკელმაც იცის „ხორუმი” რა შინაარსისაა.
– კარგთან ერთად, ცუდი მოგონებებიც იქნება...
– კი, მაგრამ ბევრი არა. ერთხელ უბედურ შემთხვევას გადავურჩით. თვითმფრინავი ვარდებოდა. ბრაზილიაში ვიყავით, გოგონები და „სუხიშვილები” გაფრიდნენ. ბიჭები სხვა თვითმფრინავში ვისხედით და ვიცოდით, რომ ორი საათი უნდა გვეფრინა, მაგრამ საკმაოდ გადავაცილეთ დანიშნულ დროს. თურმე, თვითმფრინავი ზეთს ღვრიდა, პილოტს სიმარჯვე რომ არ გამოეჩინა, მთას შევეჯახებოდით. ძლივს დავჯექით აეროპორტში. ღვთის წყალობით, გადავრჩით. ადვილი არ არის მოგზაურობა. ბოლოს მინდა ვთქვა, რომ დღესაც წარმატებულია ქართული ცეკვა, უბრალოდ, მტკივა, რომ ბავშვები არაქართულად ცეკვავენ. თავად დადგმებშიც იგრძნობა ეს და ამაზე ქორეოგრაფებმა უნდა იმუშაონ. ხევსურული ცეკვა, როგორც ასეთი, არ არსებობდა. ეს იყო სპორტული თამაშობანი, რომელზეც ჯანო ბაგრატიონმა გააკეთა წყვილი და რეალური ფაქტები გადმოიტანა დადგმაში, როგორიცაა მაგალითად, მანდილის ჩაგდება. უცხოეთში გიჟდებოდა ყველა, მანდილის ჩაგდების დროს რომ ვჩერდებოდით. ბევრი ისეთი ტრადიცია გვაქვს, რაზეც უნდა შევქმნათ ცეკვა და არა რაღაც ახალი ვეძებოთ. ოცნებად მაქვს, შეიძლება, ვერ განვახორციელო, მაგრამ ძალიან მინდა, ქართულ ცეკვაზე სპექტაკლი დაიდგას.