რა მიზეზით დაწყევლა არქიმანდრიტმა ანთიმოზმა გოგონა და რატომ გადაწყვიტა მან მღვდელმსახურებაზე უარის თქმა
რამდენიმე დღის წინ არქიმანდრიტმა ანთიმოზმა, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს 17 მაისის პროცესების შემდეგ, საკუთარი „ფეისბუქის” გვერდზე შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა: „ეთო გავაშელიშვილო! სატანისტ-ელგებეტისტო! წყეულიმც იყავ უკუნითი უკუნისამდე, ამინ. წამოვედი ეკლესიიდან, გეშინოდეს! არქიმანდრიტი ანთიმოზი (ივერიელი)“.
ბერის ასეთი რეაქცია ეთოს მიერ გავრცელებულმა იმ ვიდეომ გამოიწვია, რომელშიც არქიმანდრიტი იგინება. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენს კითხვებს თავად არქიმანდრიტმა უპასუხა. ვცადეთ ეთო გავაშელიშვილთან დაკავშირებაც, თუმცა მისგან პასუხი ვერ მივიღეთ.
არქიმანდრიტი ანთიმოზი: ეკლესიიდან არ წამოვსულვარ. ისევ ჩვეულებრივ ვიქნები ბერი და არქიმანდრიტი, მაგრამ, არ მექნება მღვდელმსახურების, წირვის, სულიერი შვილების ყოლის, აღსარების ჩაბარების, ნათლობის, ჯვრისწერის უფლება და სხვა. დანარჩენი, ჩევულებრივ გავაგრძელებ ბერმონაზვნურ მოღვაწეობას. ასე გადავწყვიტე იმიტომ, რომ ჩემზე საკმაოდ დიდი ბრძოლები ხორციელდება, რომელიც შემდეგ ეკლესიაზეც გადადიოდა. ახლა მე უკვე ცალკე ვარ, ამიტომ, ეკლესიასთან და საპატრიარქოსთან ბრძოლას თავი დაანებონ და მე მებრძოლონ. თურმე, მამა ანთიმოზი არის ცუდი, შემარცხვენელი; მამა ანთიმოზის გამო ხალხი ეკლესიაში აღარ დადის... ახლა წამოვედი იქიდან და იარონ, ბატონო.
– ეს გადაწყვეტილება თავად მიიღეთ? ისეთი აზრიც გაჩნდა, რომ გამოგიშვეს.
– ეს სიცრუეა. მე 40 დღით შემიჩერეს მღვდელმსახურება და ამ დროის გასვლის შემდეგ ისევ ჩვეულებისამებრ გავაგრძელებდი მოღვაწეობას, მაგრამ, შემდეგ ისევ გაგრძელდებოდა ბრძოლები, რომლებიც კვლავ დაუკავშრდებოდა ეკლესიას, რაც არ მინდიდოდა. ამიტომ, წამოსვლის შესახებ გადაწყვეტილება თავად მივიღე, არავის დაუძალებია. არცერთ სასულიერო პირთან კონფლიქტი არ მაქვს. სიცოცხლის ბოლომდე ეკლესიის დაცვაში ვიქნები.
– ეთო გავაშელიშვილზე რას იტყვით, ვინც ეს ვიდეო გაავრცელა?
– კარგი, ვთქვათ, მღვდელს შეეშალა, მაგრამ, შენ ამის აფიშირება უნდა გააკეთო?! ნათქვამია: დაფარე სხვისი ცოდვა და უფალი შენს ცოდვებს დაფარავსო. შენ რომ მღვდელსა და ეკლესიას აზიზღებ ადამიანს, ამით ათასჯერ უფრო ცუდ საქმეს აკეთებ.
– სად და რა ვითარებაშია ეს ვიდეო გადაღებული?
– საქმეზე ვიყავით მისულები და იქ რაღაც გაუგებრობა მოხდა: მოვიდნენ მთვრალი ადამიანები და ცოტა „წამეკაიფნენ” – დაიწყეს: „ტაბურეტკიანი მამაოო,” ეკლესია „კაგებეს” ემსახურებაო, „კაგებეშნიკები” ხართო... თუ ჩემში ეჭვი გეპარებათ და თუ მე მოღალატე ვარ... ბოდიშს ვიხდი, მაგრამ, გავბრაზდი და წამომცდა ეს შეგინება გაბრაზებულ გულზე.
– შეიძლება, გაბრაზდით და მიზეზიც ობიექტური გქონდათ, მაგრამ, ბევრი გეტყვით, რომ მამაოს მეტი ვალდებულება აქვს, იგივე მოთმინების.
– რა თქმა უნდა, წმინდანი არ ვარ. მე ცოდვილი ბერი ვარ. იმიტომაც წამოვედი, რომ იმ ნორმებს, რომლებიც მამაოს მოეთხოვება და, ისე, როგორც მოეთხოვება, ვერ ვასრულებ.
– ეთო გავაშელიშვილს თუ იცნობდით ამ ფაქტამდე?
– „ფეისბუქზე” ვმეგობრობდით. ვცდილობდი, მისი აღვირახსნილი და ანტიეკლესიური ქმედებები გამომესწორებინა. სატანისტური გადახრები ჰქონდა და, მინდოდა, ეკლესიისკენ წამომეყვანა. ღვთისმშობლის კარიკატურები რომ დადო, ეს უკვე ბოლო წვეთი იყო და მასთან ურთიერთობა დავასრულე – მეგობრებიდან წავშალე.
– როგორ გგონიათ, ამან გააღიზიანა და ამიტომ მოიქცა ასე?
– მარტო ეთო არ არის გაღიზიანებული. იმ სექტაში, რომელშიც ის არის გაერთიანებული, ყველანი გაღიზიანებულები არიან.
– ქრისტიანობა ხომ მიტევებას გვასწავლის, თქვენ რატომ არ მიუტევეთ ეთოს ეს საქციელი?
– მიტევება ხდება მოყვასისთვის; ანტიქრისტეს ვერ მიუტევებ, ეშმაკს ვერ მიუტევებ. გოგო ცოცხალ ეშმაკად არის გადაქცეული და, ვცდილობ, მას გამოვგლიჯო ხელიდან.
– წყევლაზეც გკითხავთ – მამაოსგან ეს რამდენად მისაღებია?
– მამაო იწყევლება. მამა ბართლომემ მიშა სააკაშვილი დაწყევლა და, თან, მთელი მოდგმით. წყევლით ცდილობ, ადამიანი შეაშინო, რომ შემდეგ აზრზე მოვიდეს და ეშმაკს ჩამოშორდეს. როცა ხედავ, რომ ის იღუპება და ეშმაკს ემსახურება, წყევლა უკვე ბოლო მცდელობაა მის გადასარჩენად. თუ აზრზე მოვა და ბოდიშს მოიხდის, შევუნანიებ.
– ეკლესიის პოზიცია როგორი იყო ამ საკითხთან მიმართებით?
– ნებისმიერ მამაოს აქვს უფლება, ვინც უნდა, ის დაწყევლოს და, ვისთვისაც უნდა, იმისთვის ილოცოს. მღვდელმსახური ვიყავი და მის გამო წამოვედი, დავანებე თავი ყველაფერს. ამით კარგი გააკეთა? ეს უდიდესი ბოროტებაა. მე თუ რამე დავაშავე, მისთვის ხომ არ დამიშავებია?! ვინც შეურაცხყოფა მომაყენა, იმათ შევაგინე. მან ათასჯერ უფრო მეტი ბოროტება გააკეთა, ვიდრე ჩემი შეგინება იყო. არ შეიძლება, ბერი ტელევიზორში გამოიყვანო ლანძღვა-გინებით, რადგან ამით ეკლესიას ებრძვი. ხალხს ეუბნები: ნახე, ეკლესია რას ჰგავს, მღვდლები ვინ არიანო და ხალხი იძულებს მას. ამას რომ აკეთებ, ანტიქრისტეს იდეოლოგიის სამსახურში ხარ.
– რომ თქვით, ცოდვილი ბერი ვარო, ამ კონკრეტულ შემთხვევას გულისხმობთ თუ კიდევ სხვა რამეს?
– ამაში ჩემს შინაგან ცხოვრებას ვგულისხმობ. მე ბერმონაზვნური წესები არ დამირღვევია ქალთან ურთიერთობაში თუ სხვა შემთხვევებში, მაგრამ, შინაგანად მაქვს ბრძოლები. შინაგანად ყველანაირი სურვილი და ყველანაირი ვნება მაქვს. გინდა და ებრძვი სურვილს. ცდილობ, რომ არ გინდოდეს, თუმცა, რომ გინდა, ესე იგი, ცოდვილი ხარ.
– თქვით, რომ გებრძვიან, ვის გულისხმობთ?
– მე მებრძვის „ნაც-ლგბტ” საზოგადოება. პირადად მე უმცირესობებსა და ადამიანებს არ ვებრძვი, რადგან ძალიან ბევრი ასეთი ნაცნობი და ახლობელი მყავს; მე ვებრძვი იდეოლოგიას – არ არის საჭირო, გამოხვიდე და დაიწყო აფიშირება, რას აკეთებ საძინებელ ოთახში და ვის აძლევ. ეს არის ანტიქრისტეს იდეოლოგია, მე მას ვებრძვი და არა ადამიანებს.
– საინტერესოა, მრევლში თუ გყოლიათ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი და რა დამოკიდებულება გქონდათ მის მიმართ?
– მყოლია და ჩევეულებრივად მოვფერებივარ, შემინდვია, მიზიარებია. არანაირი პრობლემა და გართულება არ მაქვს. ეს არის მრუშობის ნაირსახეობა, რომელიც შედის „არა იმრუშოში”. ადამიანები ვართ და ყველანი ვცოდავთ, მაგრამ, ეს ადამიანი რომ შენ გებრძვის, ეკლესიის წინააღმდეგ მოდის და ამბობს, რომ ეს ცოდვა არ არის, მე ამას ვებრძვი. სამი თუ ოთხი მილიონი ვართ სულ და, თუ მაგათმა იდეოლოგიამ გაიმარჯვა საერთოდ გადავჯიშდებით.
– ამბობდით, ღამის კლუბში ვიყავი და სიტუაცია არ მომეწონაო.
– ღამის კლუბში ერთხელ ვიყავი და არ მომეწონა. შევედი, რადგან, მაინტერესებდა, რა სიტუაცია იყო. მე მარტო მამაო არ ვარ, მწერალიც ვარ და, ჩემი ემოციები ქაღალდზე რომ გადავიტანო, ყველაფერი საკუთარი თვალით უნდა ვნახო. ამიტომ ვიყავი კლუბში მისული და წამოვედი – იქ მეორედ მიმსვლელი აღარ ვარ. შეიძლება, მამაო ყველგან ნახოთ, მაგრამ, გააჩნია, როგორ იქცევა. რა, ვცეკვავდი, ვმღეროდი თუ ქალებთან დავდიოდი?!
– ხალხს ჰქონდა რეაქცია, იქ რომ დაგინახეს?
– მთავარია, მე ჩემს თავთან და უფალთან ვიყო მართალი და, სხვები რას იჭორავებენ ჩემზე, არ მაინტერესებს. ხალხს აბრკოლებო, რომ ამბობენ, იცით, ბერი გაბრიელი თავისი ქცევით რამდენს აბრკოლებდა?! ახლა კი რამხელა წმინდანად არის შერაცხილი...
– ამ ამბების შემდეგ რომ ნამდვილი „ვარსკვლავი” გახდით და სულ ყურადღების ცენტრში ხართ, ამაზე როგორი რეაქცია გაქვთ?
– არა, რა ვარსკვლავი, ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭი ვარ (იცინის), რომელიც გახდა ბერი. მინდა, თბილისელობა ავაღორძინო: ნახალოვკა ნახალოვკას ჰგავდეს, ვერა – ვერას, საბურთალო – საბურთალოს; კაცი კაცი იყოს და ქალი – ქალი.