რაში ადანაშაულებს ქართველ პრომოუტერებს ეკა ჩიტაშვილი და როდის მოიქცნენ ქართველები სამარცხვინოდ უცხოელ არტისტებთან
უცხოეთში მოღვაწე პროდიუსერმა ეკა ჩიტაშვილმა, საკუთარ „ფეისბუქის” გვერდზე საგანგებო განცხადება გაავრცელა. ის ბრალს სდებს ქართველ პრომოუტერებსა და კონცერტების ორგანიზატორებს თაღლითობაში. პროდიუსერი იქვე დასძენს, რომ „მზადდება გამაფრთხილებელი ვიდეომიმართვა, რომლის საშუალებითაც ცნობილი გახდება თაღლითი საკონცერტო ორგანიზატორებისა და პრომოუტერების სია”. სოციალურ ქსელში განთავსებულმა განცხადებამ, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ქალბატონ ეკას უცხოეთში დავუკავშირდით და ამ საკითხთან დაკავშირებით ის ვრცლად გვესაუბრა.
ეკა ჩიტაშვილი: შოუ-ბიზნესში უკვე 14 წელია, ვმუშაობ. ეს პერიოდი მოიცავს მასშტაბური ღონისძიებების, ფესტივალების, კონცერტების ჩატარებას. მთელი მსოფლიოდან ვიწვევ სხვადასხვა ვარსკვლავს და ვუგზავნი პრომოუტერებს. მაქვს 14 ფილიალი ევროპაში, ამერიკასა და დსთ-ის ქვეყნებში. შესაბამისად, თითოეულ ქალაქში საკუთარი წარმომადგენელი მყავს. ჩვენ უზრუნველვყოფთ არტისტების მიღებას, მათთან მოლაპარაკებას და შემდგომ პრომოუტერებთან გადაგზავნას. 2011 წლის შემდეგ, საქართველოსთან ძალიან ვერიდები თანამშრომლობას, რადგან, როგორც საერთაშორისო საკონცერტო კომპანია, ძალიან დამაღალატეს – მოწვეული ვარსკვლავები ცუდად მიიღეს, არ შეასრულეს წინა საკონცერტო პირობები და ჰონორარიც არ გადაუხადეს. ამ ფაქტის შემდეგ, აღარ ვთანამშრომლობდი საქართველოსთან, მაგრამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ძალიან გახშირდა მოთხოვნა და ახლობლების, ნაცნობების მეშვეობით მიკავშირდებოდნენ კონცერტების ორგანიზატორები. ისეთი რეპუტაციის ხალხი მირეკავდა, ვერ წარმოვიდგენდი, თუ თაღლითები აღმოჩნდებოდნენ და ბოლომდე დარწმუნებული ვიყავი, რომ მათი საქციელით არ შეარცხვენდნენ საქართველოს. ალბათ, სწორედ აქ დავუშვი შეცდომა, ასე რომ ვენდე ამ ადამიანებს. ყველამ კარგად ვიცით, რომ თითოეული არტისტის ჩამოყვანა ჩვენს ქვეყანაში, ეს არის რეკლამა საქართველოსი, ვინაიდან ამ ხალხს იწვევენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ყოველთვის მედიის ყურადღების ცენტრში არიან.
– რა პირობები არ შეასრულეს ქართველმა პრომოუტერებმა?
– არც ერთი პირობა არ შესრულებულა, რაც კონტრაქტში ეწერა. სირცხვილია, როდესაც არტისტი ჩამოგყავს შენს ქვეყანაში, აეროპორტში არ ხვდები და საჭმელს არ აჭმევ დღის განმავლობაში. ორგანიზატორის უზრდელური საქციელია, აეროპორტში რომ ეჩქარება არტისტს და არავინ აკითხავს სასტუმროში. დეკემბერში გამოვუშვი Modjo-ს სოლისტი იან დესტალი, რომელიც თბილისის სასტუმროდან რეკავდა და სადილს ითხოვდა. მას შეჰპირდნენ, რომ ქართულ ლარს გადაახურდავებდნენ და ჰონორარს მისცემდნენ, მაგრამ პირობა პირობად დარჩა. იყო ასევე მეორე შემთხვევა, რამაც მაიძულა ამ ინფორმაციის გასაჯაროება. კერძოდ, 13 მარტს გაიმართა, ლუი ოსტინის კონცერტი, რომლის მოწვევა დუდა ხარჩილავამ მთხოვა. როგორც სხვების შემთხვევაში, ამჯერადაც არტისტი ჰონორარის გარეშე გაუშვეს, ოღონდ დუდა ხარჩილავამ ფურცელზე დაწერილი პირობა გაატანა ლუი ოსტინს, რომ თანხას გადაურიცხავდა. იმ დღის შემდეგ ვცდილობ მასთან დაკავშირებას, მაგრამ ზარს არ პასუხობს, იმალება! ახლა მინდა, თქვენთან ერთად დავურეკო ამ ადამიანს და თქვენც გახდეთ მოწმე ჩემი ნაამბობისა. ამდენ თაღლითობას უნდა დაესვას წერტილი. გახშირდა ეს არაადამიანური შემთხვევები. იმალებიან ორგანიზატორები იმიტომ, რომ თანხა არ აქვთ გადახდილი.
– ვისზე ამბობთ, შეგიძლიათ, გვითხრათ?
– ბევრია ასეთი, მაგალითად შონზო და დამწყები პოეტი ლიკა ჭელიძე. მათ გააფორმეს კონტრაქტი ჩვენს კომპანიასთან. 2014 წლის 31 დეკემბერს ერთ-ერთი ჯგუფი უნდა ჩამოსულიყო საქართველოში და ახალ წელს კონცერტი გაემართათ. ამ ჯგუფთან ჩემმა კომპანიამ აწარმოა მოლაპარაკება. ყველა დეტალი შეთანხმებული იყო და სამი დღით ადრე, ზემოთ დასახელებულმა პირებმა, კონცერტი ჩააგდეს. არ პასუხობდნენ ჩემს ზარებს. შემდეგ, შევძელი დაკავშირება ლიკა ჭელიძესთან, რომელმაც მიპასუხა, რომ არ ჰქონდა თანხა, ვერ გადაუხდიდა არტისტს და თუ გინდა მიჩივლეო. ამ დროს რა უნდა ვუთხრა არტისტს?! ფული არ აქვს ორგანიზატორს და თუ გინდა, იჩივლეო?! როცა ორგანიზატორი აუქმებს კონცერტს, რა მნიშვნელობა აქვს, ჩამოვიდა თუ არა არტისტი, თანხა მაინც უნდა გადაუხადო. ბორის ბეჟაც იყო ჩამოსული. ეს არის მინიმალის შემქმნელი და საუკეთესო დიჯეი შემსრულებელი, რომელიც მხოლოდ მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობს. დიდი ძალისხმევა დამჭირდა მის ჩამოსაყვანად, მაგრამ მასაც იგივე პრობლემები შეუქმნეს საქართველოში. ყველაფერი ერთად დაგროვდა და ბოლოს მივედით იქამდე, რომ ქართველების მიმართ დაიკარგა ნდობა. როდესაც ჩვენ, 14 ქვეყანაში ვაკეთებთ ტურებს და არტისტებს ქვეყნებს ვთავაზობთ, უკვე უარს ამბობენ საქართველოზე. შესაბამისად, იძულებული გავხდი, ჩემი ქვეყანა შავ სიაში შემეყვანა.
– მართალია, რომ ვიდეოს გამოქვეყნებას აპირებთ ამ საკითხთან დაკავშირებით?
– ნამდვილად ვაპირებ ვიდეოს გავრცელებას, სადაც იქნება დარღვეული საერთაშორისო კონტრაქტები. ამჯერად ვიდეოს საშუალებით მივმართავ მოსახლეობას, ქართველებს, ასევე, მივმართავ სპონსორ ორგანიზაციებს, რომ არანაირი ტიპის დაფინანსება არ მისცენ თაღლით ორგანიზატორებს! მივმართავ, საკონცერტო დარბაზებისა და კლუბების მფლობელებს, რომ ეს ხალხი არ შეუშვან მათ სივრცეში! სირცხვილია, როცა კონცერტს აკეთებ, ბილეთების ფულს იღებ და შემდეგ ქრები. 14 წელია, უკვე ამ ბიზნესში ვარ და ჩვენს ავტორიტეტზე ვზრუნავ. ამიტომ, ამ ყოველივეს უყურადღებოდ არ დავტოვებ! ყველასთან იურიდიული კონტრაქტი მაქვს გაფორმებული და ყველა დოკუმენტი გადაეცემა სამართალდამცავ ორგანოებს! აუცილებლად დაისჯებიან ეს ადამიანები, რათა მეორედ მსგავსი რამ არ განმეორდეს. ეს შავი პიარია ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან მინდა, ეს ფაქტი ჩუმად, მხოლოდ საქართველში დარჩეს. მე გადავიხდი ამათ ჰონორარებს, რომ საქართველო არ შერცხვეს, მაგრამ მანამდე, აუცილებლად გამოვაქვეყნებ ყველა იმ თვითმარქვიას სახელსა და გვარს, რომელმაც ამ დღეში ჩაგვაგდო! ვამაყობ, რომ ქართველი ვარ და ვიღაცამ ჩემი ქართველობა რატომ უნდა შეარცხვინოს?! ყოველ წელს 12 ქეყანაში სხვადასხვა პროექტების ჟიურის წევრი ვარ, არა როგორც მოლდოვეთის მოქალაქე, არამედ როგორც ქართველი! ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ მიყვარს ჩემი ქვეყანა და არ მინდა, ვინმემ ცუდი თქვას ჩვენზე.
P.S. ქალბატონმა ეკამ ჩვენთან ერთად სცადა დუდა ხარჩილავასთან გასაუბრება, მაგრამ მის ზარს არ უპასუხეს. რამდენიმე წუთის შემდეგ, მან შეტყობინება მიიღო დუდა ხარჩილავასგან, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „აქამდე დავდიოდი და შენს ფულზე ვჩალიჩობდი. რა ვქნა, ვერსად ვერ ვიშოვე და არ ვიცი, რა იქნება. რომელ ტელევიზიაშიც გინდა, იქ მიდი, მე ვეღარ მთხოვ ვერაფერს.”