რატომ არის მნიშვნელოვანი ქართველისთვის არა ქმედების შედეგი, არამედ ემოცია, რომელსაც ეს ქმედება იწვევს და რატომ არ იზიდავს ქართველს რაციონალური ქცევა
რამდენიმე დღის განმავლობაში ლამის სრულიად ქართველი საზოგადოება ელოდა, რომ ვლ. პუტინის რამდენიმედღიანი გაუჩინარება ისე დამთავრდებოდა, როგორც ოკუპირებულის გულს გაუხარდებოდა, მაგრამ იმედები გაცუდდა. თუმცა ამ მოლოდინმა და საყოველთაო აღტკინებამ ერთ, არახალ ტენდენციას გაუსვა ხაზი – მთავარ მტერს ზენაარი მოგვაშორებს, ევროკავშირი ფულს მოგვცემს კარგი ცხოვრებისთვის, „ნატო“ ტერიტორიულ მთლიანობას დაგვიბრუნებს. აქედან გამომდინარე, იბადება კითხვა: თავად რას გავაკეთებთ? რომელიც ითხოვს რიტორიკულ პასუხს, თუმცა ოსტაპ ბენდერის სტილში: ჩვენ „პარადს“ ვუხელმძღვანელებთ?! ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად შევეცდებით იმის გარკვევას, თუ რატომ ველით წყალობას გარედან.
– ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ჩვენ გარშემო ყველას თავისი ფუნქცია გამოვუძებნეთ ჩვენს გასაბედნიერებლად, საკუთარი თავის გარდა. საიდან იღებს სათავეს ასეთი დამოკიდებულება და საზოგადოებაში რა პრობლემის არსებობაზე მიუთითებს?
– რთული კითხვაა, როგორც ყოველთვის… ფსიქოლოგიაში როტერის სკალას უწოდებენ ტესტს, რომელიც არკვევს იმას, ადამიანი თავისი ცხოვრების მიზეზებს საკუთარ თავში ხედავს თუ გარემოში. გარეთ ვინც ეძებს მიზეზებს, არის ექსტერნალი, ვინც თავის თავში ეძებს – ინტერნალი. ეს ერთ-ერთი თვისებაა, მაგრამ ძალიან ბევრ რამესთან აღმოაჩნდა კორელაცია, ანუ კავშირი, მათ შორის, ჯანმრთელობასთანაც. მაგალითად, მას, ვინც გარემოში ხედავს მიზეზებს, უფრო სუსტი ჯანმრთელობა აქვს, შეცდომებს უფრო მეტს უშვებს და ასე შემდეგ, ანუ უბედურებისთვისაა განწირული; ინტერნალები კი, რადგან თავიანთ თავში ხედავენ მიზეზებს, უფრო შეკრულები არიან, უბედურება მათზე ნაკლებად მოქმედებს და ბედნიერებაც ნაკლებ ეიფორიას იწვევს. ეს დამოკიდებულება ცალსახად თანშობილი არ არის, ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მაგრამ ექსტერნალები უფრო ხშირად არიან ჯარისკაცები, რომლებიც შეჩვეულები არიან სხვების ბრძანებების შესრულებას; სპორტსმენები…
– ალბათ, პოლიციელებიც?
– დიახ და, თუკი ცხოვრება გაიძულებს, რომ სხვას გაუწიო ანგარიში, შემდეგ ეს ხასიათად ყალიბდება.
– ანუ კოლექტური კულტურა, სადაც წამყვანია ჩვენ და არა – მე, თავისთავად გამოგიმუშავებს თვისებას, რომ ყველაფრის მიზეზი ეძიო გარეთ?
– დიახ და კოლექტიური და ინდივიდუალისტური კულტურების დაპირისპირებაში ეს ერთ-ერთი პარამეტრია. ანუ ინდივიდუალისტური კულტურა თავის თავზეა ორიენტირებული, კოლექტიური – სხვებზე. თუმცა კოლექტიურ კულტურას აქვს თავისი პლუსები, ის უფრო მეტ სითბოს გაძლევს, ვიდრე ინდივიდუალისტური.
– ინტერნალები უფრო რა პროფესიისა და ტიპის ადამიანები არიან?
– ისეთი პროფესიების წარმომადგენლები, სადაც ადამიანი გადაწყვეტილებას იღებს, მაგალითად, პილოტი.
– მეთაური, მთავარსარდალი…
– დიახ. სხვათა შორის, ინტერნალები არიან პოლიტიკოსები და კრიმინალები. ისინი თავიანთ თავზე არიან ორიენტირებულები. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ჩვენ საუკუნეთა განმავლობაში ვიყავით სხვებზე დამოკიდებული, რამაც გამოგვიმუშავა ექსტერნალობა. მაგალითად, ინტერნალურია ებრაული კულტურა, თუმცა ებრაელებს სახელმწიფო საერთოდ არ ჰქონიათ. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ სახელმწიფო არ ჰქონდათ, საკუთარ თავზე, ინდივიდზე იყვნენ ორიენტირებულები, ებრაელმა ბრძოლის პათოსი შეიტანა საკუთარ ცხოვრებაში. ჩვენ კი შეგუებისა და ადაპტაციის ხაზი განგვივითარდა. ამიტომ ამან თავისი კვალი დაამჩნია ხასიათს, მაგრამ, როგორც ჩანს, საკმარისად უბედურებიც არ ვიყავით, რომ ინტერნალები გავმხდარიყავით: ჩვენ შეგუებით გადარჩენა შეგვეძლო, ებრაელს კი შეგუებით გადარჩენა არ შეეძლო. თანაც, სიტუაცია ისეთი იყო, რომ არც ძალიან დიდი უბედურებები დაგვტყდომია თავს – სახელმწიფოებრიობა ყოველთვის გვქონდა ავად თუ კარგად, არადა, უამრავი ხალხია, რომლებმაც სახელმწიფოებრიობა ვერ შეინარჩუნეს – მაგრამ ისიც არ იყო, საკუთარი თავის ჩვენადვე გვეყუდნესო.
– ბედნიერებაც არ დაგვხვავებია თავზე.
– ყოველთვის იძულებულები ვიყავით, ვიღაცისთვის ანგარიში გაგვეწია. განსაკუთრებით, გაძლიერდა ეს მომენტები იმ დროს, როდესაც აღმოვჩნდით რუსეთის იმპერიის, ფაქტობრივად, უმაქნის ნაწილად. არისტოკრატიის რაღაც ნაწილი იბრძოდა ბრძოლის ველზე, დანარჩენები უბრალოდ ეწეოდნენ თავიანთ ცხოვრებას და საით მიდიოდა ეს ცხოვრება, არც არავის აინტერესებდა. ასე მოვედით აი, აქამდე. არც ერთი თავისუფლებისთვის ბოლო დროს ჩვენით არ მიგვიღწევია, იღბალი გადმოგვხედავდა ხოლმე: მეოცე საუკუნის დასაწყისში რუსეთში რევოლუცია მოხდა და გავთავისუფლდით, შემდეგ საბჭოთა კავშირი დაიშალა და ისევ გავთავისუფლდით.
– ცოტა ჩვენც ვიფაფხურეთ, მთლად ხონჩითაც არ მოურთმევიათ.
– რა სიტყვაც გამოიყენეთ, იმას ნიშნავს, რომ წვლილი შევიტანეთ, თორემ გადამწყვეტი როლი არ შეგვისრულებია. როგორც ჩანს, ეს საბჭოთა კავშირი მაინც დაინგრეოდა. ასე რომ, დიდი ხანია, ჩვენი სურვილით არაფერი მიგვიღია, იღბალი გვაძლევდა უმეტესად და ამიტომ ისევ იღბალზე ორიენტირებულები დავრჩით.
– ინტერნალები არიან ინდივიდუალისტური კულტურის პირმშოები, ინდივიდუალისტურია ამერიკის შეერთებული შტატები, მაგრამ იქ გუნდურობა ძალიან მნიშვნელოვანია და იციან კოლექტიური მუშაობა. ჩვენ ექსტერნალები ვართ, მაგრამ გუნდურობა ჩვენთვის უცხოა. რატომ?
– გუნდურობა გვახასიათებს, გოგონა რომ გათხოვებას დააპირებს, მთელი სანათესაო ერევა.
– გათხოვებისას ასეა, მაგრამ საქმეში გვახასიათებს გუნდურობა?
– საქმეში არც გუნდურები ვართ და არც ინდივიდუალისტები. საქმე იძულებითი მოვლენაა. ძალიან სერიოზული კვლევა უნდა თქვენს კითხვაზე ზუსტ პასუხს, მაგრამ ერთი რამეც ვიცოდეთ, რომ მთელი მსოფლიო ექსტერნალი იყო თავის დროზე. ძლიერი მორწმუნეობა ექსტერნალობას ნიშნავს, რადგან ყველაფრის მიზეზი – ღმერთი – გარეთაა. მთელი მსოფლიო მძაფრად რელიგიური იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ხასიათები შეიცვალა. თუ ცხოვრება შეიცვლა, ხასიათიც იცვლება. ასე რომ, არც ჩვენი ხასიათი იქნება გამონაკლისი. უბრალოდ ჩვენი ხასიათი თვალშისაცემია იმიტომ, რომ გამუდმებით ვედარებით ევროპას, მაგრამ, აბა, გადავხედოთ ევროპას შუა საუკუნეებში?! აი, იმ შუა საუკუნეებში, როდესაც ჩვენ ნამდვილად არ ვყოფილვართ ექსტერნალები. კულტურული თუ რელიგიური მრავალფეროვნების მიმართ ღია და ტოლერანტულები ვიყავით და საკუთარ თავში დარწმუნებულებიც. ახლა მათ ვუყურებთ ხელში. მაგრამ რეალობა შეიცვლება და ჩვენი ხასიათიც შეიცვლება. ამდენად, არ არის ეს პრობლემა.
– ექსტერნალები გუნდურ ურთიერთობას როგორ ახერხებენ?
– ბანდა გუნდურობას როგორ ახერხებს? სჭირდება და იმიტომ. ექსტერნალები ერთ გუნდად იმიტომ იკვრებიან, რომ შედეგი სჭირდებათ.
– ექსპერიმენტულადაა დადასტურებული, რომ ადამიანები თანამშრომლობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, რაც უფრო კოორდინირებულია მოქმედება, მით უფრო იზრდება მატერიალური მოგება. ჩვენთან კი ბიზნესშიც კი უშლიან ხელს ერთმანეთს პარტნიორები, თუმცა მოგება სწორედ მათი თანამშრომლობის მარგი ქმედების კოეფიციენტზეა დამოკიდებული?
– იმდენ რამეს გაიგებ ბიზნესზე ჩვენს სინამდვილეში, ასე ცალსახად დიაგნოზს ვერ დასვამ. მე მგონია, რომ ჩვენთან ჯერჯერობით არც ბიზნესს აქვს მაკიფოდ ჩამოყალიბებული თავისი ხასიათი.
– არ იცის, უნდა თუ არა მოგება?
– დიახ, რას ნიშნავს ეს მოგება, რაზე უნდა თქვან უარი, ყველაფერ ამას გამოცდილება სჭირდება და არ არის ამდენი გამოცდილება.
– რამ უნდა შეუცვალოს ეს ხასიათი? რუს პოლიტოლოგებთან კამათისას, როდესაც მე თავს ვიცავდი და ვამბობდი, რომ ჩვენ ვსწავლობთ საკუთარ შეცდომებზე, თუმცა უმჯობესი იყო სხვისაზე გვესწავლა, მაგრამ გამოცდილება სხვებსაც არ ჰქონდათ-მეთქი, ასეთი რამ მითხრეს: თითოეულ შეცდომაზე თითო თითს რომ იტეხდით, მესამე და მეოთხეც რატომ მოტეხეთო. პირდაპირი პასუხი ვერ გავეცი.
– რთულია ამაზე პასუხის გაცემა. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ეფექტს იწვევს მოქმედება. მთავარია ემოცია და არა – შედეგი. ამიტომ აღტკინებისა და აჟიტირების ფონზე შესაძლოა, მთები გადაატრიალო, მაგრამ მოსაწყენ საქმეში ქართველი დიდად წარმატებული ვერაა.
– არადა, კარგი ცხოვრება ხომ უყვარს ქართველს?
– კარგი ცხოვრება ისევ ემოციების დონეზე.
– რატომ მარტო ემოციების? კარგი ბინა ხომ უნდა, კარგი მანქანა, კარგი ტელეფონიც კი?
– მაგრამ არა მოსაწყენი ცხოვრების ხარჯზე. ისეთი რამ უნდა აკეთოს, რაც ეხალისება.
– ამ ოცი წლის განმავლობაში შეიცვალა ჩვენი ექსტერნალური ხასიათი ოდნავ მაინც?
– მე მგონი, შეიცვალა. ძალიან გულგრილად რომ განვსაჯოთ, ყოველგვარი ემოციების გარეშე – დავუშვათ, საქართველო წასულიყო სომხური და ყახაზური სცენარით…
– ანუ პრორუსული გზით?
– დიახ, თუმცა პრორუსული იქნება თუ არა საბოლოოდ, ეგ სხვა საქმეა, რომ დაეკავებინა პრორუსული პოზიცია, მაშინ ხომ ნაკლები თითები მოემსხვრეოდა?! მაგრამ ასეთ შემთხვევაში ქართველი ვეღარ იქნებოდა. იმ პოზიციაში აღმოჩნდებოდა, რომელშიც საკუთარი თავი აღარ მოეწონებოდა. გმირობა, თუნდაც, არაფრის მომტანი იყოს, უფრო მისაღები და გამართლებულია, ვიდრე სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, რაც სიფრთხილეს და ასეთ კატეგორიებს გულისხმობს, რადგან ამის გამო დიდად აღფრთოვანებული ვერ იქნები საკუთარი თავით.
– ესე იგი, სიმშვიდე ჩვენთვის უარყოფითი მდგომარეობაა?
– ყოველ შემთხვევაში, შეგვიძლია, ვთქვათ, დიდად დადებითი მდგომარეობააო?!
– მეორე მხრივ, ემოციურობა გულისხმობს, რომ უნდა გაგაჟრიალოს „ჩაკრულოს“ მოსმენისას, გული აგიჩქარდეს ნიკორწმინდას დანახვისას. ამ შეგრძნებების შენარჩუნება შესაძლებელია რაციონალობის პირობებში?
– რა თქმა უნდა, ეს იკლებს. თუ რაციონალური ხარ, ორიენტაცია არ გაქვს ემოციაზე. და სწორედ ეგ საუკუნე მოდის, ჩვენ ხომ დროში ვართ აცდენილები?! იაპონია რატომაა რაციონალური? ეს ურთიერთობას მოაქვს. არ იქნება რაციონალური და დაიღუპება.
– ახლახან რამდენიმე იაპონურ ანიმეს ვუყურე, რომლებიც აგებულია სამყაროს იაპონურ ხედვაზე. მე არ ვიცი, რა რეაქცია აქვთ იაპონელებს ამ თავიანთ ანიმეებზე, აჟრიალებთ თუ არა, მაგრამ საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა პირადად ჩემზე. რაც მთავარია, ძალიან ემთხვევა მათი ხედვა სამყაროსი ჩვენსას. ძალიან ბევრი საერთოა ღირებულებებში.
– ისინიც ახლოს არიან ფეოდალურ წყობასთან, ჩვენი არ იყოს. მაგრამ ეს იაპონიაც ახერხებს, რომ თანამედროვე ხდება. ასე რომ, ჩვენც მოვახერხებთ, არ არის პრობლემა.