კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მავნე ნივთიერებებს შეიძლება, შეიცავდეს პური, რატომ არ მოწმდება პურპროდუქტები მავნებლობაზე და რატომ არის მინდობილი მომხმარებელზე პურის ხარისხის გამოცნობა

თუმცა პურს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს მოქალაქეების კვების რაციონში (ჯერ ერთი, იმიტომ რომ, პურს არცთუ მცირე რაოდენობით მოვიხმართ, რადგან გვიყვარს და, მეორეც, პური ღარიბ ქვეყანაში მეტად მნიშვნელოვანი პროდუქტია), აღმოჩნდა, რომ პურის ხარისხის კონტროლი ჩვენს ქვეყანაში საერთოდ არ ხორციელდება და ერთადერთი კრიტერიუმი ისაა, რომ პურპროდუქტები არ უნდა იყოს მავნებელი (ამ ფონზე ესეც შეღავათია). რატომ არ კონტროლდება პურის, შესაბამისად, ხორბლისა და ფქვილის ხარისხი საქართველოში და რა საფრთხეს შეიძლება, შეიცავდეს უხარისხო პურის მირთმევა, – ამ თემაზე ჩვენს შეკითხვებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების ცენტრის „მომხმარებელი.ჯი-ს” ხელმძღვანელი, ლია თოდუა უპასუხებს.

– არასდროს მოწმდებოდა პურის ხარისხი საქართველოში? და რატომ ვერ მოხვდა ეს ნორმა საქართველოს კანონმდებლობაში?

– ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი. ზოგადად, მსოფლიო მივიდა იმ აზრამდე, რომ ვაჭრობა აუცილებელია ეკონომიკის განვითარებისთვის და რაც უფრო გამჭვირვალეა, უფრო კარგია. ამიტომ უნდა შეიზღუდოს მხოლოდ ის, რაც ობიექტურად მტკიცდება. ანუ, უნდა შეიზღუდოს ის, რაც ადამიანებისთვის მავნეა. ხოლო იქ, სადაც ადამიანები შეიძლება, მოტყუვდნენ, საკმარისი უნდა იყოს შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია არც ერთ სახელმწიფოს არ მისცემს უფლებას, რაღაც პროდუქციის იმპორტი შეზღუდოს იმის გამო, რომ ხარისხი არასაკმარისია. თუ არ დაამტკიცებ, რომ ესა და ეს პროდუქტი არის მავნე, მაშინ მის იმპორტს ვერ შეზღუდავ. მაგალითად, ევროპას ძალიან არ მოსწონს გენმოდიფიცირებული პროდუქცია, ოღონდ, რადგან ვერ ამტკიცებს მის მავნებლობას, ვერ კრძალავს მის იმპორტს და ამდენად, ერთადერთი, რასაც ითხოვს, არის ინფორმირება.

– რომ მომხმარებელს ჰქონდეს გენმოდიფიცირებული პროდუქტის იდენტიფიცირების საშუალება?

– დიახ, რომ ადამიანს შეეძლოს არჩევა. ვერ ვამტკიცებთ, რომ მავნეა, მაგრამ მომხმარებელს აქვს არჩევნის უფლება. ასეთივე მიდგომაა პურთან დაკავშირებითაც: რა თქმა უნდა, თუ პური მავნეა და მავნე ნივთიერებებს შეიცავს, ის ერთმნიშვნელოვნად არ უნდა დაიშვას ბაზარზე, მაგრამ, მეორე მხრივ, მომხმარებელს უნდა ჰქონდეს არჩევნის საშუალება, როგორი პურის შეძენა უნდა. ბუნებრივია, ხორბალი სხვადასხვანაირია, ამიტომ არსებობს სხვადასხვა ხარისხის ფქვილი და არავინ უკრძალავს საქართველოს, ახდენდეს ამის იდენტიფიცირებას, ამოწმებდეს და მომხმარებლებს აწვდიდეს ინფორმაციას ხარისხის შესახებ. სამწუხაროდ, საქართველო არ იწუხებს თავს. ანუ უმაღღესი ხარისხი, პირველი ხარისხი და ასე შემდეგ, რაც ძველი სახელმწიფო სტანდარტებით, ანუ „გოსტით“ იყო დადგენილი, ფაქტობრივად, ძალაში აღარ არის. თუმცა არავის აუკრძალავს სახელმწიფოსთვის, შემოიღოს და მოითხოვოს, რომ ეს ინფორმაცია  მითითებული იყოს სურსათზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება.

– როდესაც არის მოთხოვნა, რომ პროდუქტმა არ უნდა გავნოს, ხარისხის მიუხედავად, უვნებლობასა და ხარისხს შორის კავშირი არ არის? უხარისხო აპრიორი არ არის მავნე?

–  მავნედ მიიჩნევა ის, რასაც ჯანმრთელობისთვის მოაქვს ზიანი და არ არის აუცილებელი ახლავე, თუნდაც, წლების განმავლობაში. შესაბამისად, უნდა არსებობდეს მტკიცებულება, რომ ჯანმრთელობას ავნებს. უხარისხო კი შეიძლება, იყოს ნაკლებად კალორიული, ნაკლებად გემრიელი, პურის შემთხვევაში, ნაკლებად აფუებული.

– პურს ხშირად დაჰკრავს მჟავე გემო.

– მჟავე გემომ შესაძლოა, არ გვავნოს, მაგრამ ეკონომიკურად დაგვაზარალოს, იმიტომ რომ, ჯერ ერთი, არ მინდა მჟავე პურის ჭამა ან არ მომაწოდოს იმდენი სასარგებლო ნივთიერება, რაც მჭირდება. ჩვენ ხომ მხოლოდ იმისთვის არ ვიკვებებით, რომ ენერგია მივიღოთ?! სასარგებლო ნივთიერებების მიღებაც გვინდა საკვებიდან. შესაბამისად, უხარისხო პროდუქციით იმ მხრივ დავზარალდებით, რომ ვერ მივიღებთ იმ სიკეთეებს, რასაც ველით, მაგრამ ჩვენი ჯანმრთელობა არ დაზარალდება. რა თქმა უნდა, ყოველთვის ბუნდოვანია ზღვარი ხარისხსა და უვნებლობას შორის.

– ვინ ამოწმებს ფქვილისა და ხორბლის ხარისხს? თუ იმ ქვეყნების კეთილსინდისიერების იმედზე ვართ, საიდანაც შემოგვაქვს? ადგილობრივ ფქვილს ვინ ამოწმებს?

– ერთია, რომ თვითონ ფქვილი არ უნდა შეიცავდეს მავნე ნივთიერებებს და მეორე, უკვე პურის ცხობისას არ უნდა დაემატოს არაფერი მავნე. იგულისხმება როგორც ბიოლოგიური ორგანიზმები, მიკრობები, პარაზიტები და ასე შემდეგ, ასევე, მავნე  ქიმიური ნივთიერებები. 

– მესმის, მაგრამ თუ ამოწმებს ამას ვინმე?

– რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არა. წესით, საბაჟოზე მოწმდება იმპორტი შერჩევითი წესით, მაგრამ უფრო ხშირად განსაკუთრებით საშიშ პროდუქტებს ამოწმებენ. მაგალითად, ხორცი უფრო ხშირად მოწმდება, ვიდრე ფქვილი. თუმცა ხანდახან უნდა შემოწმდეს პური პარაზიტებზე, ობზე, დალპობაზე, ამოწმებენ თუ არა, არ ვიცი.

– ესე იგი, წარწერები ფქვილსა და პურზე, უმაღლესი თუ პირველი ხარისხი, უბრალოდ სიტყვებია? თუ ხარისხის ნორმები არ არსებობს, საიდან იციან, ანუ ატყუებენ მომხმარებელს?

– ფაქტია, ამას „გოსტებზე“ დაყრდნობით ამბობენ, რაც იგივეა, მე რომ ვთქვა, ჩემი პროდუქცია ძალიან ლამაზია-მეთქი და მიმტკიცონ, რომ არ არის ძალიან ლამაზი. ანუ არ არსებობს იმის ნორმატიული რეგულირება, თუ რას შეიძლება, შეიცავდეს უმაღლესი ხარისხი, პირველი თუ მეორე ხარისხი. შესაბამისად, ვისაც რა უნდა, იმ სახელს დაარქმევს. როგორც წესი, მაინც ხელმძღვანელობენ ხოლმე ძველი სტანდარტებით, რომლებიც ძალაში არ არის.

– ერთია, რომ ხელმძღვანელობენ, მაგრამ, მეორე და მნიშვნელოვანი, რომ ამ შესაბამისობას არავინ ამოწმებს და ვერ შეამოწმებს?

– დიახ, არავინ ამოწმებს, შეესაბამება თუ არა მითითებულ „გოსტს“ პროდუქცია.

– ასეთი მიდგომაა ყველა ქვეყანაში?

– რა თქმა უნდა, ასე არ არის. თუ ევროკავშირს ავიღებთ, იქ, თუ რამე ნორმაა მითითებული პროდუქტზე, ის აუცილებლად უნდა იყოს დამტკიცებული და შეესაბამებოდეს სიმართლეს, რომ არ შეჰყავდეს მომხმარებელი შეცდომაში.

–  თქვით, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტის მავნებლობა ვერ დამტკიცდა და ეს რას ნიშნავს?

– ვერ დაამტკიცა ევროპამ, თუმცა ძალიან დიდი თანხები გამოიყო ლაბორატორიული კვლევებისთვის.

– მუდმივად გვესმის ინფორმაცია გენმოდიფიცირებული პროდუქციის მავნებლობის შესახებ, მაგრამ, თუ ვერ დამტკიცდა, ესე იგი, არ არის მავნე?

– მე შემიძლია, გითხრათ კვლევების შედეგი. ათწლიანი კვლევა ჩატარდა, დიდი დაფინანსებით, მაგრამ ვერ დაამტკიცეს ამ ტიპის პროდუქციის მავნებლობა. თუ ვერ დაამტკიცეს, ესე იგი, ვერ მტკიცდება და, ამდენად, დღეს არსებული სამეცნიერო მონაცემების საფუძველზე, ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ შეიცავს, მაგრამ, მეორე მხრივ, გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს 25 წელია, ვიყენებთ და შეიძლება, ჰქონდეს შედეგი, რომელიც გამოვლინდება 50 წლის შემდეგ. ამისგან დაზღვეული არ ვართ. რა თქმა უნდა, ცდები ტარდებოდა ცხოველებზე, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა ადამიანთან შედარებით ნაკლებია. ამდენად, ივარაუდება, რომ, თუკი მათზე უარყოფითი შედეგი არ გამოვლინდა, ესე იგი, ადამიანისთვისაც საშიში არ არის. თუმცა მაინც ჯობია, მოვერიდოთ გენმოდიფიცირებულ პროდუქტს, თუ ამის საშუალება არის, მაგრამ ეს მაინც ტექნოლოგიაა, რომელსაც ვერ ავცდებით.

– ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში პურპროდუქტების ხარისხის კონტროლი უნდა გაძლიერდეს?

– ხარისხის კონტროლს ასოცირების ხელშეკრულება არ ეხება. ასოცირების ხელშეკრულებაში ლაპარაკია უვნებლობის მოწესრიგებაზე, აქაც უამრავი პრობლემა აქვს საქართველოს. რა თქმა უნდა, პურთან დაკავშირებით უნდა გაიზარდოს კონტროლი უვნებლობაზე. არის თუ არა პროდუქტში პესტიციდები, დაუშვებელი საკვებდანამატები, საღებავები, ობით დასნებოვნების საფრთხე. ხარისხის კონტროლი უფრო მომხმარებლის მოტყუების თავიდან აცილებაა. ეს მომენტი არის ასოცირების ხელშეკრულებაში, მომხმარებლის დაცვას ცალკე თავი ეძღვნება. რომლის ამოქმედებაც, სამწუხაროდ, გადატანილია 5 წლით, ანუ ახლავე არ შედის ძალაში, მაგრამ გავა ეს ხუთი წელიც. ჯერჯერობით ჩვენთან არ არსებობს სტანდარტი, თუ რამდენი საფუარი, ფქვილი თუ სხვა პროდუქტი უნდა გამოიყენოს მცხობელმა კომპანიამ პურის გამოცხობისას. არც პურის ხარისხის კონტროლი ევალება ვინმეს. ამიტომ პურის ხარისხის გარჩევა მთლიანად მომხმარებელზეა მინდობილი. მაგალითად, როდესაც პურის ეტიკეტზე მითითებულია, რომ მასში გამოყენებულია ამდენი ხორბლის და ამდენი ჭვავის ფქვილი, ეს უნდა იყოს ზუსტად დაცული. მითითებული უნდა იყოს, თუ საღებავია დამატებული; არის თუ არა გამოყენებული საფუარი. ერთი სიტყვით, ყველა ინგრედიენტი და მათი რაოდენობა ზუსტად უნდა მიეთითოს, რომ მომხმარებელმა თავად შეარჩიოს პროდუქცია. შესაბამისად, შესაძლოა, პურის კომპანიები იტყუებოდნენ, ხოლო, რადგან კონტროლის მექანიზმი არ არსებობს, არაკეთილსინდისიერად ნაწარმოები საქონელი კი უფრო მეტ მოგებას ტოვებს, კეთილსინდისიერი მეწარმეები იჩაგრებიან. არის კიდევ ერით ნიუანსი, რაც შემდგომში პურის გაფუჭებასაც იწვევს: პურის სწრაფი შეფუთვა, მწარმოებლები ხშირად პურის გაციებას არ ელოდებიან და ისე ფუთავენ პურს. ეს კი მოგვიანებით ამ პურის დაობებას იწვევს. სამწუხაროდ, არც ამ მხრივ არსებობს რაიმე რეგულაცია.

– თუ მოუმართავს ვინმეს, რომ დაზარალდა უხარისხო პურის გამო?

– უფრო მოგვმართავენ იმის გამო, რომ ვერ პოულობენ ისეთ პურს, როგორიც უნდათ და როგორსაც მიჩვეულები იყვნენ. ერთადერთი რჩევა, რასაც ვაძლევთ მათ, არის ის, რომ მოერიდონ ძალიან თეთრ პურს. მასში, დიდი ალბათობით, არის მათეთრებელი; აგრეთვე, ძალიან შავ პურში, დიდი ალბათობით, არის კოლერი; შედარებით უსაფრთხოა  რუხი ფერის პური, რომელსაც სუნიც მისაღები აქვს. თუმცა ვერ დავიწუწუნებთ, რომ არჩევანი არ არის. ამიტომ, რადგან არჩევანი არის, ისეთი პური უნდა ავირჩიოთ, რომელსაც უფრო ვენდობით. დღეს ხარისხის დაცვა უფრო ნაკლებად მოსალოდნელია, უფრო მისასალმებელია არჩევნის არსებობა და ამის მიხედვით მომხმარებლის მიერ სასურველი პურის არჩევა.

– პურებს შორის ფასთა სხვაობა ხარისხს უკავშირდება? თუ ხარისხი არ კონტროლდება, ფასები რის მიხედვით წესდება?

– ეს უკვე ნდობის ამბავია, თორემ ხარისხის გარანტია არ არის, ძალიან ბევრი ადამიანი არ ენდობა ძვირად ღირებულ პურებს და ფასის გამო არ ჰგონია, რომ ისინი უფრო მაღალი ხარისხისაა. მაგრამ, ეს რომ იყოს მხარდაჭერილი სახელმწიფო შემოწმებით, მეწარმეებისთვისაც კარგი იქნებოდა.

– ერთ-ერთი, საკმაოდ ძვირად ღირებული პური, ორი ლარზე ოდნავ მეტით ღირებული, ორ-სამ დღეში დაობდა.

– მეორე მხრივ, ეს ნიშნავს, რომ ქიმია არ არის მის შემადგენლობაში, რადგან ობი განვითარდა. მაგალითად, ჩვენთან შემოიტანეს საჩივარი, რომ ბავშვის გერმანულ ფაფებში ჭიები ჩნდებოდა. იმიტომ ჩნდებოდა, რომ ქიმია არ არის. ამიტომ არჩევანი მომხმარებელზეა.

– დაობებამდე უნდა მოასწრო მირთმევა?

– მაგრამ მთავარი პრობლემაა, როდესაც შეიძინეთ, რამდენი იყო მასში ობი.

– იმას თუ ამოწმებენ, ემთხევა თუ არა მალფუჭებადი პროდუქტის, მათ შორის, პურის დამზადების რეალური თარიღი შეფუთვაზე დატანილს?

– სააგენტო ამოწმებს და დავაჯარიმებინეთ „კარფური“ იმის გამო, რომ ქათამს არ ეწერა წარმოების თარიღი, მხოლოდ შეფუთვის თარიღი იყო მითითებული. შეუფუთავი პური იგულისხმება, რომ იმ დღესვე იყიდება, შეფუთულ პურზე დატანილ თარიღს კი, წესით, სააგენტო უნდა ამოწმებდეს, იმიტომ რომ, ეს შედის ეტიკეტირების წესის დარღვევაში. მაგრამ ამისთვის საწარმოში შესვლაა აუცილებელი, გარედან ვერ შეამოწმებ.

– როგორც მივხვდი, პურპროდუქტების ხარისხსა და მავნებლობას მხოლოდ მისი ვიზუალური დათვალიერებით, დაყნოსვით და გემოს გასინჯვით თუ მოვახერხებთ?

–   ამას წინათ ჩვენთან მოვიდა ერთ-ერთი მეწარმე, რომელიც ჩიოდა, რომ ცუდი ხარისხის ფქვილი შემოდის. მაგრამ როგორ უნდა შევამოწმოთ ფქვილი? ის უნდა შევამოწმოთ პურში, ამას კი, სამწუხაროდ, არც ერთი ლაბორატორია არ ამოწმებს, ყველა უარს ამბობს.

скачать dle 11.3