მრჩევლის მზრუნველი ხელი
ანუ „ნაციონალურად“ დაღდასმული
ცნობილია, რომ ჩვენი ქვეყნის ექსპრეზიდენტი ჩვენი მეგობარი უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველია. მართალია, მთლად კორექტულადაც ვერ იქცევა, ამ თვალსაზრისით, ეს ჩვენი მეგობარი, მაგრამ, რადგან ვიცით, რომ ამ ეტაპზე უკრაინელებისთვის თითო კაცს ალმასის გოროხის ფასი აქვს, ამ ამბავს გაგებით ვეკიდებით.
როგორც უნდა იყოს, გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტმა ბ-ნმა პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინის არმია ერთ-ერთი უძლიერესია კონტინენტზე. რაც მთავარია, ეს მან ეროვნულ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა (რაკი ტენდენცია გვეცნო, ამ სიტყვების კონტექსტში მრჩევლის გავლენაც დავინახეთ – ).
მეტიც, იმავე კვირას უკრაინის ორი მაღალჩინოსანი პირდაპირ მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას დააკავეს, ზედაც, ხელბორკილები დაადეს და საგამოძიებო იზოლატორშიც უკრეს თავი. თავის მხრივ, აწ უკვე უკრაინის პრემირ-მინისტრმა ბ-ნმა იაცენიუკმა ბრძანა, რომ ეს განა სპექტაკლი, საჯაროობაა.
ხოლო, რაკი ჩვენ, საქართველოს ბედკრულ მოქალაქეებს, ისეთები გვინახავს, უკრაინელებს რომ ჯერჯერობით არც დასიზმრებიათ, სხვა რა დაგვრჩენია, ვუსურვოთ, რომ ამ რჩევა-რჩევაში იმ ერთი უკრაინის ადგილას სამი სახელმწიფო არ შერჩეთ ხელში?! –