სექტა VS ჩასარეცხები
ანუ ვინ „აჩმახებს“?!
გასულ კვირას პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს შეხვდა. მე ამჯერად არ შევუდგები იმის მიმოხილვას, რა და როგორ იყო, რადგან ჯერჯერობით თავად იმ ფაქტით ვტკბები, რომ დიალოგი მაინც არის (და ჯერჯერობით მერე რა ისიც, რომ პასუხებიც უკეთესის სურვილს ბადებს და, გულზე ხელს თუ დავიდებთ, ჟურნალისტთა კითხვებიც).
ზედაც, ის, რომ მაინც ბევრ დროს უთმობს „ნაციონალურ მოძრაობას“. ჰოდა, რაკი უთმობს, ეს უკანასკნელებიც როლში არიან, ხოლო, რადგან არიან, ბუნებრივია, კიდეც გამოეხმაურნენ.
მაგალითად, ბ-ნი კუბლაშვილი (ამჯერად პავლე) პრემიერ-მინისტრს ლექსიკას უწუნებს, სახელდობრ, იმ ადგილს, სადაც ის „ნაციონალურ მოძრაობას“ „სექტას“ უწოდებს.
მომყავს ციტატა: „მას იმდენი უნდა ესმოდეს, რომ საკუთარ მოქალაქეებს სექტა არ უწოდოს და, იმ ადამიანებს, რომლებიც თავინთი პრობლემების გამო 21 მარტს ქუჩაში იდგნენ, შეურაცხყოფა არ მიაყენოს, მაგრამ პრემიერს არ ადარდებს, რას იტყვიან მასზე. მისთვის მთავარი მხოლოდ ის არის, თუ როგორ შეაფასებს მას ივანიშვილი.“
ჩვენ, ბუნებრივია, ვეთანხმებით ბ-ნ კუბლაშვილს, რადგან, სექტა რა მოსატანია, როდესაც ოპონენტებს (რომლებიც „აჩმახებენ“), თუ მთლად წყალწაღებული არ ხარ, ჩასარეცხები არათუ უნდა უწოდო, მმართველობა მათი ნატურალურად ჩარეცხვით უნდა „გაილამაზო“. – ).
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ოფიციალური განმარტებით: სექტა ლათინური სიტყვაა, ნიშნავს სკოლას, სწავლებას და გამოიყენება რელიგიური ჯგუფის აღსანიშნად, რომელიც გამოეყო ძირითად რელიგიურ მიმდინარეობას; ზოგიერთი გაგებით კი სექტა ეწოდება ნებისმიერ ჯგუფს, რელიგიურსა თუ არარელიგიურს, რომელსაც აქვს თავისი სწავლება, არსებული, რელიგიური თუ არარელიგიური, იდეოლოგიისგან განსხვავებული, იბადება რიტორიკული კითხვა: სახელდობრ, რა ეტოშათ?!