დიდი მანევრები ძველი სცენარით
საზარბაზნე ხორცი?!
დიდი სჯა-ბაასისა და ვნებათაღელვის შემდგომ აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაჩქარდეს უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების ამბავი და ისიც, რომ დაიგმოს რუსი ბოევიკების მიერ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა მარიუპოლში.
ხოლო უფრო ადრე, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რეკომენდაციას აძლევდა თავისი ქვეყნის პრეზიდენტს, ბოლოს და ბოლოს, მიეწოდებინათ იარაღი უკრაინისთვის. ბუნებრივია, ახლა ჯერი თავად ბარაკ ობამაზეა.
მეორე მხრივ, უკრაინის შეიარაღებას წინააღმდეგობას უწევენ ესპანეთი და ჩინეთი, დიდი ბრიტანეთიც თავს იკავებს, გერმანიაც, უნგრეთიც და საფრანგეთიც. მაგალითად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ გააუმჯობესებს ვითარებას საომარი მოქმედებების არეალში. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, რუსეთს უფრო მოუწევს თავის მოქაჩლება და „ბოევიკებისთვის“ დამატებითი შეიარაღების მიწოდება, თუმცა თავშკავებულთა მოტივიც გასაგებია – საომარი მოქმედებები ევროპის შუაგულშია.
მართალია, პირადად მე მივესალმები უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, მაგრამ თავად აშშ-ის ეს გადაწყვეტილება მოწმობს, რომ მხარეებს – დასავლეთსა და ჩრდილოეთს, შეთანხმებისთვის გავლენის სფეროების გადანაწილების შესახებ ჯერჯერობით ვერ მიუღწევიათ, ამდენად, ჩნდება ეჭვი, რომ გამარჯვებულს ბრძოლა გამოაჩენს (ცხადია, უკრაინელების სისხლის ფონზე, რაც გასაგებია – უკრაინა უპირველესად უკრაინელების დასაცავია).
ზემოთქმული კი მოწმობს, რომ იმპერიათა დაპირისპირების სცენარი არ შეცვლილა. ასე, მაგალითად, საბჭოთა რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიის ბოლო შებრძოლებისას (სამხრეთ კავკასიის მიწებისთვის), როდესაც ქართულ წითელ არმიას ქართველი თეთრი გენერლის დახმარება დასჭირდა თურქეთის ჯარის ბათუმიდან განსადევნად, საზღვარი გაატარეს იქ, სადამდე მისვლაც ბრძოლით შეძლეს ქართველებმა (რაც შემდგომ აისახა რუსეთ-თურქეთის საზავო ხელშეკრულებაში) და რაც დღესაც ძალაშია. –