უკან – ბავშვობაში
მპოვნელი დასაჩუქრდება
ვიდრე ჩვენ დაღვინებას ვცდილობთ და ჩვენი ხასიათისთვის ინფანტილობის ნიშნების მოცილებას, ნიუ-იორკში უჩვეულო საბავშვო ბაღი გაიხსნა, ოღონდ, მხოლოდ იმ მოზრდილთათვის, რომლებსაც საკუთარი თავისადმი უნდობლობა აწუხებთ. ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ ასეთთა რიცხვს განეკუთვნებან: პროგრამისტები, მწერლები და იურისტები (გადავრჩი).
მკურნალობის წესი კი შემდეგნაირია: მოზრდილი აღსაზრდელები ისევე იქცევიან, როგორც ღრმა ბალღობაში: ხატავენ, თამაშობენ, მასწავლებლებთან ერთად სეირნობენ ბუნწიაღში, მონაწილეობას იღებენ კოსტიუმირებულ ზეიმებში, ხოლო იმპროვიზებულ მშობელთა კრებაზე ნებისმიერი ორი მეგობრის წაყვანა შეუძლიათ, რომლებიც მათი მშობლების როლს შეასრულებენ.
ბაღის ორგანიზატორები თავიანთ აღსაზრდელებს არწმუნებენ, რომ ეს უჩვეულო გარემო მათ საკუთარი თავის პოვნაში დაეხმარება, რადგან, საკუთარი თავის მიმართ უნდობლობა ადამიანს გაზრდის შემდეგ უჩნდება, მაშინ, როდესაც ბავშვობაში დარწმუნებულია, რომ მთებს გადადგ-გადმოდგამს.
თუმცა ისიცაა, რომ ამ უცნაურ ბაღში საკუთარი თავის პოვნა თვეში 1 000 აშშ დოლარამდე ჯდება. მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენს მშობლიურ რეალობაში ბავშვებად ლამის იმ დრომდე ვრჩებით, ვიდრე უფალი ჩვენს სულს მიიბარებს (40-50 წლის გოგო-ბიჭები ჩვენი სავიზიტო ბარათია), ისმის რიტორიკული კითხვა: და მაინც რომ ვერ ვპოულობთ საკუთარ თავებს?! –