კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიყვარული ნისიად

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N4-11(742)

***

– რატომ დააგვიანე? – უსაყვედურა თეამ ვერიკოს და რბილ სავარძელში ფეხი მოირთხა, – ხომ მშვიდობაა?

– ჰო, რა ვიცი, თუ ამას მშვიდობა ჰქვია.

– მოხდა რამე? – დაინტერესდა თეა.

ვერიკომ ყველაფერი დაწვრილებით უამბო და, ბოლოს, ლაპარაკით დაღლილმა, ღრმად ამოისუნთქა.

– რა იყო, რატომ ამოიოხრე, რა გითხრა დედაშენმა არასწორი? ყველაფრის ნისია არსებობს და სიყვარულმა რა დააშავა? – თითქმის სერიოზულად თქვა თეამ და სავარძელზე გადაწვა. მე, მაგალითად, ორივე ხელით ვემხრობი და ვეთანხმები ქალბატონ მეგის.

– კარგი, რა, ეთანხმები კი არა, ის! შენ, რა, შეძლებ, კაცს იმის იმედით დაუწვე, რომ მერე ცოლად შეგირთავს?

– ყველას, ცხადია, არა, მაგრამ იმას, ვინც მომწონს, რა პრობლემაა?

– ახლა ამას სიტყვის მასალად ამბობ, თორემ, ხომ გიცნობ, სინამდვილეში რა ტიპიც ხარ. შენ ამას ვერასდროს გააკეთებ.

– რატომ ხარ ჩემში ასე დარწმუნებული?

– იმიტომ, რომ კარგად გიცნობ.

– კარგად მიცნობ? საიდან, ჩვენ ხომ სულ რამდენიმე დღეა, დავმეგობრდით?

– მერე რა, მანამდეც ხომ გიცნობდი შორიდან. სიმართლე გითხრა, ყოველთვის მომწონდა შენისთანა გოგოები. ძალიან მინდოდა და ახლაც მინდა, მეც შენნაირი ვიყო, მაგრამ, არ გამომივა.

– რატომ?

– იმიტომ, რომ მე უკვე ღრმად დაკომპლექსებული, ჩამოყალიბებული შინაბერა ვარ და...

– შინაბერა არა, ის! – შეაწყვეტინა თეამ.

– საერთოდაც, – უკომენტაროდ განაგრძო ვერიკომ, – ადამიანი ვერასდროს გადაახტება საკუთარ თავს. კარგი ხარ თუ ცუდი, ხარ ისეთი, როგორიც ხარ და მორჩა. შეიძლება, ჩემი კომპლექსების ბრალია, მაგრამ მე ყოველთვის ჩრდილში მირჩევნია ყოფნა, არ მაქვს პირველობის სურვილი. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, შინაგანად არ ვარი ლიდერი.

– მერე ეგ კარგია?

– ვიცი, რომ არ არის კარგი, თუმცა, ვერაფერს შევცვლი. შეიძლება, თავმდაბლობად არ ჩამითვალო, მაგრამ, ვაღიარებ – ხშირად მიგრძნია, რომ სხვაზე ნიჭიერი, ჭკვიანი ან ლამაზი ვარ, თუმცა, არასდროს მქონია ამ ყველაფერის დემონსტრირებისა და ვინმესთვის რამის მტკიცების სურვილი, პირიქით, საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი უფრო კომფორტულად და მშვიდად ვგრძნობ თავს.

– შენ ეს კი არ მოგწონს, უბრალოდ, ასე მიგაჩვიეს ბავშვობიდან და ახლა ვეღარ წარმოგიდგენია და არც იცი, როგორ გახდე ასეთი. სინამდვილეში კი, ეს ერც ისე ძნელია, მთავარია, შენს ტვინში, შიგნით გადაწყვიტო და გადალახო აბსოლუტურად უაზრო და უმაქნისი მორიდება და ის ჩაანაცვლო, ვთქვათ, ქალური ეშმაკობით, მიზნისკენ სწრაფვით, ან, გადაულახავი სურვილით, წარმოადგენდე რაღაცას და იცხოვრო უკეთ, ვიდრე აქამდე ცხოვრობდი... ეს თუ შეძელი, მერე ძალიან ადვილია, ყველაფერი რიხინ-რიხინით მიდის.

– ისე ლაპარაკობ, თითქოს ამის დიდი გამოცდილება გაქვს, არადა, ხომ ვიცი, რა ტიპიც ხარ. რატომ გინდა, საპირისპიროში დამარწმუნო?

– უკვე მერამდენედ ამბობ, ვიციო, გამოდის, რომ ჩემში ბევრი რამ მოგწონს. აბა, რა იცი ჩემზე, უფრო სწორად, როგორი გოგო გგონივარ, შეგიძლია, მითხრა?

– როგორ არ შემიძლია, – გახალისდა ვერიკო, – უპირველესად ვიტყვი იმას, რომ შენ დაბადებიდანვე ხარ გამოკვეთილი ლიდერის თვისებების მქონე ადამიანი.

– რატომ დაბადებიდან, შენ რა იცი?

– ეს თვისება, რომ იტყვიან, გაჩენისთანავე უნდა დაგყვეს. ამას მერე ვერ შეიძენ.

– შენი აზრით, ეს კარგია თუ ცუდი?

– ცხადია, კარგია, უბრალოდ, ზედმეტი არ უნდა მოგივიდეს.

– კიდევ რა მოგწონს ჩემში?

– ის, რომ ზოგიერთივით არ მალავ... – ვერიკოს მოერიდა, ბოლომდე ეთქვა, რადგან, შეეშინდა, არ ვაწყენინოო.

– რას არ ვმალავ? ნუ გერიდება, მითხარი.

– რას და, სოფლიდან რომ ჩამოხვედი და ხელმოკლე ოჯახში გაიზარდე. პირიქით, ამით ყოველთვის ამაყობ და, ამიტომაც, რაც არ უნდა იჭორაონ შენზე, ამ თემას ყოველთვის გვერდს უვლიან. კიდევ მომწონს ის, რომ ძალიან ნაკითხი გოგო ხარ, მეტყველებ დახვეწილად; რომ თვითონ მიაღწიე იმას, რაც გაქვს, ანუ, მამიკოს ან მდიდარი საყვარლების დახმარების  გარეშე; რომ ხარ პრინციპული, ერთგული; შეგიძლია თავდავიწყებით სიყვარული; ხარ კარგი მეგობარი, მიმტევებელი და, ზოგადად, კეთილი ადამიანი; რომ შენთვის დაუშვებელია შურიანობა და სამაგიეროს გადახდა; რომ ყველაფერს აკეთებ უანგაროდ, გულის კარნახით და, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არ ხარ სნობი – შენთვის მთავარია, ადამიანის პიროვნული ღირსებები და არა მისი სოციალური მდგომარეობა და ასე შემდეგ. ჰო, გარეგნობასა და გემოვნებაზე აღარაფერს ვამბობ. გემოვნებაში კი ყველაფერს ვგულისხმობ – ჩაცმას და სხვა დანარჩენსაც.

თეა კარგა ხანს გაოცებული უსმენდა თავის სტუმარს, მერე კი ძალიან სერიოზულად ჰკითხა:

– შენ მართლა ასეთი წარმოდგენა გაქვს ჩემზე, თუ, გინდა, მასიამოვნო?

– მართლა ასე ვფიქრობ, დედას გეფიცები.

თეა უხერხულად გაჩუმდა და ჩაფიქრდა. ვერიკო მიხვდა, რომ მისი ახალშეძენილი მეგობარი თითქოს საკუთარ თავს ებრძოდა და რაღაც გადაწყვეტილებას იღებდა. ამიტომ, ხმა აღარ ამოიღო, სიგარეტს მოუკიდა და მოთმინებით დაელოდა. დუმილი რამდენიმე წუთს გაგრძელდა. მერე თეა სავარძელში გასწორდა და თქვა:

– ჯერ გეტყვი იმას, რაშიც გეთანხმები: ლიდერის თვისებები ნამდვილად მაქვს, თანაც – პატარაობიდან. არც თავში ამივარდება წარმატება, რადგან, მიმაჩნია, რომ ეს დავიმსახურე. ჩემი წიგნიერება მშობლების დამსახურებაა – მიუხედავად იმისა, რომ ხშირად საკმარისი საკვებიც არ გვქონდა, ჩვენი სახლი ყოველთვის სავსე იყო წიგნებით და ვკითხულობდით ყველა, დიდიან-პატარიანად. საერთოდ, ჩვენს ოჯახში სწავლა ძალიან პრიორიტეტული იყო და ჩემი გამართული მეტყველებაც აქედან მომდინარეობს, თუმცა, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, დღეში რამდენიმე საათს ვმეცადინეობდი, რომ ჩემი კუთხისთვის დამახასიათებელი ლაპარაკი დამევიწყებინა და ქალაქურად საუბარი შემძლებოდა. სხვათა შორის, სიამაყით უნდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ ადვილად დავძლიე ეს პუნქტი. იმაშიც გეთანხმები, რომ არ ვარ შურიანი და ბოროტი. ალბათ, არც ცუდი მეგობარი ვარ და სიყვარულიც შემიძლია, მაგრამ, არ შემხვდა კაცი, რომელიც ამ ჩემს სიყვარულს დაინახავს და დააფასებს.

– შენნაირი ქალის სიყვარული ცოტა რთული კია, მაგრამ, სამაგიეროდ, ის კაცი, რომელიც შენ მთელი არსებით შეგიყვარებს, უბედნიერესი ადამიანი იქნება დედამიწაზე.

– რთული რატომაა ჩემი შეყვარება? – ცოტა დაეჭვებით იკითხა თეამ.

– იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, ყველაფერში მაქსიმალისტი ხარ, სიყვარულში – მით უმეტეს. შესაბამისად, ნაწილობრივ ან ეგოისტურ სიყვარულს ვერ მიიღებ. რადგან თვითონ ბოლომდე შეგიძლია დახარჯვა, ძალაუნებურად, სამაგიეროდაც იმავეს ითხოვ და ეს ბუნებრივია.

– ისევ გეთანხმები, მაგრამ ერთ მომენტსაც აღვნიშნავ: მთელი არსებითაც რომ შემიყვაროს, მაინც არ იქნება საკმარისი, თუ ის მამაკაცი არ დააკმაყოფილებს ჩემს მთავარ კრიტერიუმებს მამაკაცობასთან დაკავშირებით. ერთჯერადი ფლირტები და შემთხვევითი ინტიმები კი ნამდვილად არ მაინტერესებს, – თქვა თეამ და მცირეოდენი პაუზის შემდეგ სიცილით დაამატა: – დავრჩენილვარ უკაცოდ და უსიყვარულოდ და ეგაა, – მერე ცოტა ვისკი მოსვა და იკითხა: – გინდა, ერთი საიდუმლო გაგანდო?

– რა ვიცი, თუკი მენდობი... – უთხრა ვერიკომ.

– სნობი არა ხარო, რომ მითხარი... ვერც კი წარმოიდგენ, ისეთი სნობი ვარ.

– არა მჯერა.

– შენი ნებაა, მაგრამ, როგორ გგონია, თვითონ მომძებნეს იმ ჩემმა მეგობრებმა – კომპოზიორებმა, მხატვრებმა, მწერლებმა და პოეტებმა, ჩემთან რომ გაგაცანი? თბილისის ელიტაში ცნობილი ბიჭები არიან, ხათუნაც ძალიან ცნობილი ოჯახიდან არის... მე კი ვინ ვარ? ერთი პროვინციელი გოგო, რომელიც ყოველთვის მიისწრაფოდა იმისკენ, რომ მოხვედრილიყო ელიტურ საზოგადოებაში, გაეკეთებინა კარიერა და ეცხოვრა სრული კომფორტით...

– შენ ძალიან ნაჭიერი, ჭკვიანი და ლამაზი ქალი ხარ, რომელმაც დაიმსახურა ეს ყველაფერი, – შეაწყვეტინა ვერიკომ.

– დამსახურებაც ძალიან პირობითი ცნებაა, ჩემო კარგო... ღმერთმა იცის, ვინ რა დაიმსახურა, მაგრამ, თუ შენ თვითონ არ გაანძრიე ტვინი და ხელი, არავინ არაფერს მოგართმევს სინზე დადებულს. მე ვიცოდი ეს იმ დღიდან, როცა პირველად ჩამოვედი თბილისში და იმავე დღიდან შევუდექი აქტიურ მოქმედებას. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე თანხით გამომიშვეს მშობლებმა, ბინა ყველაზე პრესტიჟულ უბანში ვიქირავე, უფრო სწორად, ბინა კი არა, ერთი პატარა ოთახი იყო ეგრეთ წოდებულ „იტალიურ ეზოში“, მაგრამ, რომ მეკითხებოდნენ, სად ცხოვრობო, ისე ჩვეულებრივად ვპასუხობდი, ვაკეში-მეთქი, თითქოს იქ ვიყავი დაბადებული და გაზრდილი. იმ ფასად გარეუბანში ოროთახიან კომფორტულ ბინას ვიქირავებდი, მაგრამ მე ჩემი გათვლები მქონდა.

– შენ ახლა ისე ლაპარაკობ, თითქოს სინდისი გქენჯნის ამ ყველაფრის გამო.

– არა, უბრალოდ, თვალი გადავავლე ჩემს ცხოვრებას და, ალბათ, თავიდან რომ დავიწყო ყველაფერი, ისევე მოვიქცევი. ნამდვილად არ ვნანობ, რადგან სხვანაირად ვერ ვიქნებოდი ის, ვინც ახლა ვარ და, შესაძლოა, უნივერსიტეტის დამთვარების შემდეგ ჩემს რაიონშიც დავბრუნებულიყავი, რადგან აქ სამსახურს ვერ ვიშოვიდი. მე კი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს არცერთ წინაპარს დედაქალაქში არ უცხოვრია და მეც სოფელში დავიბადე და გავიზარდე, არ გაგეცინოს, მაგრამ, ბავშვობიდან მთელი არსებით ვგრძნობდი, რომ შინაგანად ქალაქელი ვიყავი. იმ პერიოდიდან, როცა გოგოები რომანტიკაზე, ბიჭებსა და სიყვარულზე ოცნებობდნენ, თვალებს რომ დავხუჭავდი, ერთადერთი სურათი წარმომიდგებოდა ხოლმე თვალწინ: ვკეტავ ჩემს საკუთარ უზარმაზარ ბინას, რომელიც ულამაზეს ახალ კორპუსში მდებარეობს. ჩამოვდივარ ლიფტით, ავტოფარეხიდან გამომყავს თეთრი „მერსედესი“ და მივდივარ სამსახურში, სადაც ყველა მოწიწებით მხვდება. მერე შევდივარ ჩემს კაბინეტში, ვიძახებ პირად მდივანს და ვეუბნები, ყავა მომიტანე-მეთქი. ახლა გულწრფელად მითხარი, ხომ არ შეეფერება ეს 13-14 წლის გოგოს?

– ჰო, ცოტა უცნაურია. მე, მაგალითად, პირიქით ვოცნებობდი ხოლმე – რომ ჩემს შეყვარებულთან ერთად სადღაც მთაში ვცხოვრობ, იქ, სადაც ჩვენ მეტი არავინ არის და ერთმანეთის სიყვარულით ვარსებობთ – მაშინ ჩემთვის ეს იყო რომანტიკა.

– ეგ, ცხადია, უფრო ნორმალურია, მაგრამ შენი ოცნებები იმიტომ იყო ასეთი იდილიური და რომანტიკული, რომ არც ბავშვობაში და არც მოზარდობაში არაფერი გაკლდა. მე კი ასეთი ვარ და ვიყავი ყოველთვის. მოკლედ, სტუდენტი რომ გავხდი, ახალი გეგმები დავისახე და ნელ-ნელა მივყევი მათ შესრულებას. პირველი პუნქტი ის იყო, რომ უნდა შემეყვარებინა ყველაზე ცნობილი, ყველაზე შეძლებული, ყველაზე წარმატებული და, შესაბამისად, ყველაზე პერსპექტიული ბიჭი. გარეგნობას მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ჰქონდა. მაგრამ, ასეთი ბიჭი რატომ უნდა დაინტერესებულიყო ჩემით, მარტო იმიტომ, რომ სიმპათიური გოგო ვიყავი და კარგად ვსწავლობდი? მშვენივრად ვიცოდი, რომ ეს ძალიან ცოტა იყო. ამ მიზნის მიღწევას სჭირდებოდა მოდურად ჩაცმა-დახურვა, გარკვეულ წრეში ხშირად გამოჩენა, ცოტა პრეტენზიული ფიზიონომიის დაყენება, „სვეცკური“ დიალოგების წაყვანა, ანუ, როცა ბევრს ლაპარაკობ და სინამდვილეში არაფერს ღირებულს, მნიშვნელოვანსა და საინტერესოს არ ამბობ.

– მართლა ძალიან მაგარი გოგო ხარ. როგორ მინდა, რომ შენ გგავდე, – ისევ შეაწყვეტინა ვერიკომ, – ვგიჟდები მიზანდასახულ ადამიანებზე, თუმცა მე საერთოდ არ ვარ ასეთი.

თეამ სევდიანად გაიღიმა და განაგრძო:

– ფიზიონომიის დაყენებასა და დიალოგებში სახლში ვვარჯიშობდი – კლასიკურ ფილმებს ვუყურებდი ვიდეოში და პერსონაჟებისგან ვსწავლობდი ამ ყველაფერს, დანარჩენს კი ფული სჭირდებოდა, რაც მე არ მქონდა. სტიპენდიას კი ვიღებდი, მაგრამ მთლიანად ბინის ქირაში ვაძლევდი, მშობლები კი იმდენს მიგზავნიდნენ, რომ მეარსება – მეტი არ ჰქონდათ. ამიტომ, სამსახურის ძებნა დავიწყე და ერთ ძალიან მაღალი დონის ოჯახში დავიწყე ძიძად მუშაობა. ლექციების შემდეგ მივდიოდი და 7-8 საათამდე ვრჩებოდი. სხვათა შორის, საკმაოდ გულუხვად მიხდიდნენ. თან, დიასახლისი ახალგაზრდა ქალი იყო, დაახლოებით ჩემი აღნაგობის და ძალიან ბევრ ძვირფას ტანსაცმელს მაძლევდა ხოლმე. გარდა ამისა, თითქმის ყოველდღე მატანდა პროდუქტებს, ოღონდ ამას ისე ტაქტიანად აკეთებდა, რომ დამცირებულად არ მეგრძნო თავი. ერთი სიტყვით, წელში გავიმართე – არც არაფერი მაკლდა და ფული ფულად მრჩებოდა. როგორც კი მოდურად ჩაცმა-დახურვა დავიწყე, მაშინვე ბუზებივით დამესივნენ ბიჭები და „დონე“ გოგონებმაც მიმიღეს თავიანთ სასტავში, მიუხედავად იმისა, რომ, იცოდნენ, თბილისელი არ ვიყავი.

– საიდან იცოდნენ, თვითონ თქვი?

– ჰო, თვითონ ვთქვი და ამას ორი მიზეზი ჰქონდა: პირველი და მთავარი მიზეზი იყო, რომ, ადრე თუ გვიან, მაინც გაიგებდნენ და გამინაპირებდნენ, თუნდაც იმიტომ, რომ ვატყუებდი. აქ, იცი, როგორი მომენტია? როცა თვითონ არ მალავ იმას, რაც, შეიძლება, საჭორაო თემად იქცეს, აღარავინ დაიწყებს ქექვასა და არარსებული ისტორიების შეთხზვას.

– ეგ, რაღაც, ვერ გავიგე.

– მაგალითს გეტყვი. ვთქვათ, რაღაც ფიზიკური ნაკლი გაქვს, მაგალითად, გამოშვერილი ყურები, გაღუნული ცხვირი ან სხვა რამე მსგავსი. რაც უფრო მეტად იღადავებ შენ თვითონ ამ ნაკლზე, მით ნაკლებად მიაქცევენ ყურადღებას და ნაკლებად შეამჩნევენ გარშემო მყოფები. ამიტომ, ყოველთვის, როცა ვინმე იწყებს ტრაბახს, რომ მეათე თაობის თბილისელია, ან, სულაც, საფრანგეთში დაიბადა და მერე ჩამოვიდნენ საქართველოში საცხოვრებლად, მე ხმამაღლა ვამბობ, სადაც დავიბადე და როგორ ოჯახშიც გავიზარდე. ყოველთვის ვუკეთებ ჩემს ნათქვამს კომენტარს, რომ მეამაყება ჩემი სოფელიც, ჩემი წარმომავლობაც, ჩემი მშრომელი და პატიოსანი მშობლებიც და, მინდა გითხრა, რომ ამის გამო არავისგან მიგრძნია გამკილავი ან დამამცირებელი მზერაც კი. პირიქით, ყველას მოსწონს ჩემი ასეთი პოზიცია.

– მეორე მიზეზი რაღაა?

– მეორე მიზეზი არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამ „ნებაყოფლობითი აღიარებით“ ხაზს ვუსვამ იმას, რომ თვითონ, საკუთარი ძალისხმევითა და შრომით მივაღწიე ყველაფერს, რაც გამაჩნია და, სხვათა შორის, ამის გამო ყოველთვის ბევრი მცემდა პატივს.

– მერე, როცა „დონე“ წრეში გახვედი, რა ქენი, იპოვე შენი ოცნების ბიჭი?

– ოცნების ბიჭისა რა მოგახსენო, მაგრამ, ჩემს ლექტორს შევუყვარდი, რომელიც ყველანაირად  შესაფერისი კანდიდატურა იყო, მაგრამ, ჩემთვის საკმაოდ ასაკოვანი. მართლა ვუყვარდი. ხომ ვოცნებობდი  ასეთი მონაცემების მქონე ქმარზე, მაგრამ, მაინც გამიჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან, არ მიყვარდა. თუმცა, ბოლოს მაინც გადავწყვიტე მასზე გათხოვება და ჩემს თავს არაერთხელ ვუთხარი ძალიან ცნობილი ფრაზა – ვინც არ რისკავს, ის არც შამპანურს სვამს-მეთქი და სწორედ მაშინ გადავწყვიტე სიყვარულის ყიდვა ნისიად, ანუ წინასწარ მქონდა მასთან ურთიერთობა.

– მერე, დალიე შამპანური?

– პრინციპში, კი. დაახლოებით წელიწად-ნახევარში დავშორდით ერთმანეთს და მართლა კაცურად მოიქცა – ისე, რომ არც მითხოვია, ბინა დამიტოვა.

– მეორე და მესამე ქმართანაც „ნისიაზე“ წახვედი? – ჰკითხა ვერიკომ და უცებ იუხერხულა: – ხომ არ გეწყინა, ასეთი კითხვა რომ დაგისვი?

– ჰო, მეორესთანაც და მესამესთანაც იგივე გავაკეთე, რადგან პირველი „ნისია“ კარგად დავცადე. თუმცა, შემდეგ ორ შემთხვევაში ნამდვილად მომიწია ცოტა ფეხის დაბაკუნება.

– ჩხუბით დაშორდი?

– არა, ჩხუბამდე არასდროს მიმყავს საქმე. მაგრამ, ხომ იცი, ზოგადად, ნისია რა მურტალი რამეა. აი, თუნდაც, მაღაზიაში რომ მიხვალ და ნაცნობ გამყიდველს ერთ კილო ხორცს გამოართმევ ნისიად და ეტყვი, ფულს ხელფასზე მოგიტანო. სანამ ხელფასს აიღებ, ის ხორცი უკვე შეჭმული გაქვს და ამიტომ ძალიან გენანება, გიჭირს იმ თხუთმეტი თუ ოცი ლარის გადახდა. სანამ ის გამყიდველი ასჯერ არ შეგახსენებს, მანამდე ითრევ ფეხს. სიყვარულის ნისიაც ასე ყოფილა. მეორემაც და მესამემაც, თავისი რომ გაინაღდეს, აღარ ისურვეს გადახდა, ანუ, გაყრის შემდეგ არაფრის მოცემა არ უნდოდათ. მაგრამ, არ გამოუვიდათ – ერთმა მანქანა დამიტოვა, რომელიც ერთ კვირაში გავყიდე და სხვა ვიყიდე, მეორემ კი – ფული. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ გაყრაც არ უნდოდათ, ეს ჩემი ინიციატივა იყო.

– არცერთ გაყრას არ ნანობ?

– არა. ცუდი ადამიანები არ იყვნენ, მაგრამ, ჩემამდე ვერ „ქაჩავდნენ“ და გამიჭირდა მათთან ურთიერთობა – არ მინდოდა, მათ დონეზე დავსულიყავი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ცოლი ვიყავი და ოჯახი არ უნდა დამენგრია. შვილი რომ მყოლოდა, შეიძლება, ასე უცბად არ მიმეღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ, ბოლოს ალბათ მაინც გავეყრებოდი – ვერ ვუძლებ პრიმიტიულ ხალხს.

– ახლა რას აპირებ, რა გაქვს გეგმაში?

– პრინციპში, მაგის გამო უფრო გთხოვე ჩემთან მოსვლა, მაგრამ მანამდე მინდა გკითხო: ახლა, როცა თითქმის ყველაფერი იცი, მაინც იმავე აზრის ხარ ჩემ შესახებ?

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3