კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაფიის შვილობილი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N28-11(742) 

***

შავი „მერსედესი“, რომელიც უსმან ბადალოვსა და მის თანმხლებ პირებს ჰქონდათ დაქირავებული, ნელა დაიძრა სასტუმრო „მერიოტიდან“. ავტომობილს ჩეჩენი საველე მეთაურის პირადი მძღოლი მართავდა და ბადალოვი მის გვერდით იყო მოკალათებული. უკანა სავარძლებზე კი ბადალოვის სამი თანმხლები პირი იჯდა. თავისუფლების გამზირზე რომ გავიდნენ, ერთ-ერთი მიმდებარე ქუჩიდან ჩაფხუტიანი მოტოციკლისტი გამოსრიალდა და მანქანას ოციოდე მეტრში აედევნა. „მერსედესი“ გზაჯვარედინზე გაჩერდა. მოტოციკლისტმა სვლა შეანელა და, სანამ შეჩერდებოდა, სპიდომეტრზე მიმაგრებული დისტანციური ასაფეთქებლის ღილაკს თითი მიაჭირა... „მერსედესი“ ვერტიკალურად აფეთქდა, ჰაერში ორ მეტრზე ცეცხლწაკიდებული აიწია და ისევ მიწას დაენარცხა. ხუთივე ჩეჩენი ადგილზევე დაიღუპა. აფეთქებას სხვა არავინ დაუზარალებია, აქეთ-იქით მდგარ მანქანებს ნაკაწრიც კი არ გასჩენიათ, ისე გაეცალნენ შემთხვევის ადგილს. წავიდა მოტოციკლისტიც, რომელმაც თავადვე მიაკრა მანქანას ნაღმი. კარგა მანძილი რომ გაიარა, მობილურზე დარეკა და თქვა:

– დილა მშვიდობისა, გუსტავ.

– შენ ხარ, იანეკ?

– გეტყობა, ჯერ არ გამოფხიზლებულხარ, რადგან ვერ მცნობ.

– წუხანდელი ნამთვრალევი ვარ და თავი გახეთქვაზე მაქვს.

– ფეხბურთის ბილეთები ვიყიდე და საღამოს სტადიონის შესასვლელთან გელოდები.

– კარგი, გუსტავ, მოვალ.

მოტოციკლისტმა ტელეფონი გამორთო და საკანალიზაციო ჭაში ჩააგდო. შემდეგ მიტოვებულ ავტოფარეხში შევიდა, ტანსაცმელი გამოიცვალა და თმა გაიშალა. ბოლოს „შკოდაში“ ჩაჯდა, ტუჩებზე პომადა წაისვა და ქალაქში დაბრუნდა. ქალაქის ცენტრს რომ მიუახლოვდა, სადაც აფეთქება მოხდა, სვლა შეანელა და ცეცხლწაკიდებულ მანქანას შეხედა.

– გაიარეთ, ქალბატონო, ნუ შეყოვნდებით, – უთხრა პოლიციელმა „შკოდას“ ქერათმიან მძღოლს, მან კი მომხიბვლელად გაუღიმა სამართალდამცველს და ჰკითხა:

– რა მოხდა?

– ტერაქტი.

– ტერაქტი?! – შეცბა ქერათმიანი, – ვინ მოკლეს?

– ჯერ არ ვიცით, ქალბატონო. თხუთმეტი წუთის წინ აი ის ცეცხლმოკიდებული „მერსედესი“ ააფეთქეს.

– რა საშინელებაა! ნახვამდის, – მიუგო ქერათმიანმა პოლიციელს და მანქანა ადგილიდან დაძრა, შემთხვევის ადგილს მარჯვნიდან შემოუარა და აეროპორტისკენ აიღო გეზი.

ჩეჩნების აფეთქებიდან საათ-ნახევრის შემდეგ ქერათმიანი გოგონა უკვე პრაღა-მოსკოვის რეისში იჯდა და აფრენას ელოდა. თხუთმეტ წუთში ავიალაინერი ასაფრენ ბილიკს მოსწყდა და ცაში აიჭრა...

***

ჯამალი და ჯალალი საველე მეთაურების შალაშში შევიდნენ, მოკრძალებით მიესალმნენ უფროსებს და პატარა ხალიჩებზე დასხდნენ.

– როგორ ხართ, არწივებო? – მოიკითხა ახალმოსულები აჰმად მანსურმა და, პასუხი რომ მიიღო, რამზან ბეის მიუბრუნდა:

– გააცანი ჩვენი გადაწყვეტილება შენს ვაჟკაცებს.

– ჯალალ, ჯამალ, – უთხრა რამზან ბეიმ ახალმოსულებს, – კვლავ გამგზავრება მოგიწევთ. მე და აჰმად მანსურმა მოვითათბირეთ და გადავწყვიტეთ, რომ პანკისის ხეობაში უნდა გავემგზავროთ ჩეჩნებთან მოსალაპარაკებლად. სამი დღის წინ უსმან ბადალოვი და მისი თანმხლები პირები ააფეთქეს პრაღის ცენტრში. თქვენი მისია კი იმაში მდგომარეობს, რომ ჩეჩნები დაარწმუნოთ ჰაშეკის უდანაშაულობაში და ხელი ააღებინოთ შურისძიებაზე.

ჯაბას პირველად ესმოდა ბადალოვის მკვლელობის ამბავი და თავში ერთმა აზრმა გაუელვა.

– რამზან ბეი, მკვლელებს მიაგნეს? – ჰკითხა საველე მეთაურს ჯამალმა.

– არა, მაგრამ, ჩეჩნებს ჰგონიათ, რომ ეს ჰაშეკმა ჩაიდინა. ჰაშეკი კი ისტერიკაშია და დახმარებას თხოულობს, – მიუგო რამზან ბეიმ, აჰმად მანსურმა კი დაამატა:

– ჩემი კაცი იყო მასთან გუშინწინ და ასე მითხრა, კლაუს ჰაშეკი ისეა შეშინებული, რომ საკუთარი ჩრდილისაც კი ეშინიაო. თურმე ღამითაც არ სძინავს. საკუთარ რეზიდენციაში ისე გაუძლიერებია დაცვა, რომ ჭიანჭველაც კი ვერ შევა შიგნით, თავად ჰაშეკი კი ბრონირებულ ოთახშია ჩაკეტილი და გარეთ ცხვირსაც კი არ ყოფს.

– რა მხდალი ყოფილა, – თქვა ჯალალმა. ჯამალმა კი დაამატა:

– რა ვიცი, თავიდან ჩვენთან დიდ გულზე იყო და ლაწირაკებიც კი გვიწოდა.

– ერთი სიტყვით, ჰაშეკი უკიდურესად შეშინებულია და დახმარებას გვთხოვს. ჩვენ ის გვჭირდება და უნდა დავეხმაროთ, მით უმეტეს, რომ ჰაშეკს არ მოუკლავს ბადალოვი, – თქვა აჰმად მანსურმა, – როგორც ჩანს, ან ვიღაცამ ისარგებლა ბადალოვის პრაღაში ყოფნით და ეს მომენტი საკუთარი კვალის დასფარად გამოიყენა. ან მკვლელი აჯდა კუდზე და ტერაქტი პრაღაში მოუწყო. დიდი შანსია, რომ ბადალოვი რუსეთის დაზვერვამ გაანადგურა – ის ხომ საველე მეთაური იყო, რუსები კი მათზე ნადირობენ. ბადალოვისნაირი უკვე ბევრი მოკლეს  მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. დაზვერვის ხელწერას ჰგავს ეს, კარგად ვიცნობ რუსებს – ასეთ საქმეებში დიდი გამოცდილება აქვთ.

– აჰმად მანსურ, შეიძლება, ვთქვა? – იკითხა ჯამალმა.

– თქვი, – მიუგო საველე მეთაურმა.

– ჰაშეკისა და ბადალოვის შეხვედრის შუამავლები ჩვენ ვიყავით და, დაიჯერებენ კი ჩეჩნები ჩვენს სიტყვას?

– შენ გინდა თქვა, რომ ჩეჩნებს, შეიძლება, ეჭვი ეპარებოდეთ ჩვენში? – თქვა აჰმად მანსურმა.

– დიახ.

– მოლაპარაკებაზე წერილს გაგატანთ, რომელსაც მე და რამზან ბეი მოვაწერთ ხელს. ერთი გაბედონ და ეჭვი შეეპაროთ ჩვენში – მტკიცედ თქვა აჰმად მანსურმა, – საკუთარ თავს დააბრალონ ყველაფერი. უკეთ უნდა დაეცვათ საკუთარი უსაფრთხოება. თავიდან კი უკითხავად არ უნდა ეცადათ ჩვენს ბიზნესში შემოძრომა და, მით უმეტეს, ხალხი არ უნდა დაეხოცათ. მათ ბევრი სერიოზული შეცდომა დაუშვეს და, ამჯერადაც თუ შეცდნენ, ეს მათი აღსასრული იქნება.

– აფეთქებები, თავების ჭრა და ზღვა სისხლი მაშინ ნახონ, – მშვიდად თქვა ჯალალმა, როდესაც აჰმად მანსურმა ლაპარაკი დაასრულა.

– არ მგონია, რომ ასეთი უჭკუოები იყვნენ, – მიუგო ჯალალს აჰმად მანსურმა, – თქვენს მისიას შორს მიმავალი მიზნები აქვს და მე და რამზან ბეიმ ყველაფერი კარგად გავიაზრეთ.

– დიახ, ვფიქრობ, რომ კარგი კომბინაცია აეწყობა, – დაადასტურა რამზან ბეიმ, აჰმად მანსურმა კი დაამატა:

– ჩვენი გეგმით, კლაუს ჰაშეკს ნელ-ნელა დავათმობინებთ პოზიციებს და ევროპულ ბაზარზე ჩვენ გავხდებით მთავარი ნარკოდილერები, ამას კი თქვენ გააკეთებთ და ჰაშეკს ჩაანაცვლებთ.

– შევძლებთ კი ამას, აჰმად მანსურ? – თქვა ჯალალმა.

– რატომაც არა, – მიუგო ჯამალმა.

– შეძლებთ. ყველაფერს აითვისებთ და თავისუფლად შეძლებთ, – მიუგო ჯალალს აჰმად მანსურმა, – ჰაშეკის მდგომარეობა უნდა გამოვიყენოთ და გვერდზე გავწიოთ.

– ბოდიშს გიხდით, აჰმად მანსურ, მაგრამ, რას გულისხმობთ? – ჰკითხა ჯალალმა.

– ახლავე აგიხსნი. შენ და ჯამალი ჩეჩნებს მოელაპარაკებით და მათ ევროპულ ნარკობაზარზე შეყვანას შეჰპირდებით, კლაუს ჰაშეკს კი უსაფრთხოების გარანტად დაუდგებით ჩეჩნებთან და ჰაშეკი თვითონვე შემოგთავაზებთ მასთან ყოფნას. მან კარგად იცის, რომ, სანამ თქვენ მის გვერდით იქნებით, ჩეჩნები მასზე თავდასხმას ვერ გაბედავენ. ამასობაში კი შენ და ჯამალი ყველაფერს აითვისებთ, საჭირო კავშირებს დაამყარებთ და ჰაშეკს ჩაანაცვლებთ. ნარკომწარმოებლებისთვის მთავარია საკუთარი საქონლის გასაღება და, თუ ვინ გადაუხდის მათ ფულს, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს.

– ჰაშეკს როგორღა გავწევთ გვერდზე?

– ჩვენ მას წილს შევთავაზებთ ამ ბიზნესში და, თუ უარს იტყვის, მას ან ჩეჩნები მოკლავენ, ან სხვა ვინმე და წილიც აღარ დასჭირდება. მხდალი ჰაშეკისთვის შარში გახვევას კი არავინ მოინდომებს და მისი ხალხი ჩვენზე იმუშავებს. ვინც ჩვენთან მუშაობას არ ისურვებს, მით უარესი მისთვის.

„რა ვერაგული გეგმაა და რა დაუნდობელი ხალხია“, – გაიფიქრა ჯაბამ.

– გენიალურადაა მოფიქრებული, – უთხრა საველე მეთაურს ჯალალმა და ჰკითხა: – აჰმად მანსურ, თუ სწორად გავიგე, გამოდის, რომ მე და ჯამალი პრაღაში უნდა გადავსახლდეთ?

აჰმად მანსურმა რამზან ბეის შეხედა, მან კი ჯალალს უთხრა:

– ჯალალ, ვიცი, რომ ყველაფერს ბრძოლა და ურჯულოების განადგურება გირჩევნია, მაგრამ ახლა ეს უფრო მნიშვნელოვანია ალაჰის საქმისთვის. ჩვენს საღვთო ომს ბევრი ფული სჭირდება, ჰეროინი კი ჩვენი მთავარი შემოსავალია. ვის, თუ არა თქვენისთანა არწივებს უნდა მივანდოთ ეს საქმე და სწორედ ამიტომაც მივიღეთ მე და აჰმად მანსურმა ასეთი გადაწყვეტილება. შენ მართალი ხარ, დროებით პრაღაში მოგიწევთ ცხოვრება. თუმცა, მთელ ევროპაში იმოძრავებთ და, შეიძლება, ოკეანის გაღმაც მოგიწიოთ ხოლმე გამგზავრება.

– რამზან ბეი, აჰმად მანსურ, მე, რა თქმა უნდა, ნებისმიერ საქმეს გავაკეთებ, რასაც მიბრძანებთ, მაგრამ ინგლისური ენაც კი არ ვიცი, რომ ადამიანებს დაველაპარაკო და, შევძლებ კი ამ დავალების სრულფასოვანად გაძღოლას? – თქვა ჯალალმა.

– ახალგაზრდა, ნიჭიერი კაცი ხარ და მარტო ინგლისურს კი არა, სხვა ენებსაც ისწავლი. თანაც, ჯამალიც გვერდით გეყოლება, – მიუგო ჯალალს რამზან ბეიმ, აჰმად მანსურმა კი დაამატა:

– შენ ის პლუსიც გაქვს ჯალალ, რომ სპეცსამსახურების ნუსხაში არ ხარ მოხვედრილი და ვერავინ ვერაფერში შემოგედავება. ჯამალს კი  ამ მხრივ მეტი სიფრთხილე მოუწევს და ამერიკელებს მაინც უნდა მოერიდოს.

– დარდი ნუ გაქვთ, აჰმად მანსურ. მართალია, ამერიკაში ორი ურჯულო გავამგზავრე საიქიოში, მაგრამ, რომც დამაკავონ, სამხილი არ აქვთ და ვერაფერს დამიმტკიცებენ. დიდი-დიდი, საბუთების გაყალბებაში დამდონ ბრალი, ამას კი ფულით გამოვისყიდი, – თქვა ჯამალმა.

– ვთქვათ, დაგაკავეს და გადაბირება დაგიპირეს. რას მოიმოქმედებ, როგორ პასუხს გასცემ მათ? – ჰკითხა ჯამალს რამზან ბეიმ.

– პირდაპირ უარს ვეტყვი, რამზან ბეი. ასეთ რამეზე უკვე ნაფიქრი მაქვს. მე კარგად ვიცნობ ამერიკელებს და, დარწმუნებული ვარ, მომეშვებიან, – მშვიდად მიუგო რამზან ბეის ჯამალმა.

– აი, რუსები კი სულ სხვაგვარად იქცევიან. თუკი ვინმეს გადაბირებას დაიჟინებენ, არ მოეშვებიან და ბოლომდე აწვებიან ხოლმე, – გაეცინა აჰმად მანსურს.

– არც ამერიკელები არიან ნაკლები მიმწოლები, აჰმად მანსურ; მათაც კარგად ეხერხებათ ჩავლება, მაგრამ, გარწმუნებთ, რომ მე ვერაფერს მომიხერხებენ. ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ვარ და კარგად იციან, უფაქტოდ რომ შემომიჩნდნენ და მედიას შევატყობინო, ცუდ დღეში ჩაცვივდებიან. რუსებს კი ეს პრობლემა არ აქვთ – მთელ მათ მედიას უშიშროება აკონტროლებს და ამიტომაც არ ეშინიათ ასეთი რამის, – მიუგო ჯამალმა.

– მაინც ფრთხილად უნდა იყო ჯამალ და იმ შაითნებს თვალებში არ შეეჩხირო, – თქვა აჰმად მანსურმა.

– რა თქმა უნდა, აჰმად მანსურ. მე ამერიკას კარგად ვიცნობ და, თუკი იქ ჩასვლა მომიწია, ისე ოსტატურად შევინიღბები, ეშმაკიც კი ვერ აღმომაჩენს.

– ჩვენ გვჯერა თქვენი, – მიუგო აჰმად მანსურმა და რამზან ბეის შეხედა, რომელმაც დაამატა:

– გვჯერა და დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერს წარმატებით გაართმევთ თავს. მოემზადეთ, ხვალ დილით საქართველოში მიემგზავრებით, შემდეგ – პრაღაში და ბოლოს კვლავ აქ დაბრუნდებით. ვნახოთ, რა ამბებს ჩამოიტანთ, ამის მერე კი, ალბათ, უფრო დიდი ხნით მოგვიწევს განშორება.

ჯამალი და ჯალალი უთენია გაემგზავრნენ ტაჯიკეთის საზღვრისკენ და არალეგალურად, ყოველგვარი პრობლემის გარეშე გადავიდნენ მეზობელ სახელმწიფოში. იქიდან კი ჯერ ყაზახეთში შევიდნენ და მხოლოდ მას მერე გადაფრიდნენ თურქეთში. ხოლო თურქეთიდან მანქანით ჩამოვიდნენ საქართველოში და ერთმანეთის ბათუმში შეხვდნენ, რადგან, მთელი გზა, ყაზახეთიდან მოყოლებული, ცალ-ცალკე გამოიარეს.

– როგორ გამოვიყურები, მოხუცო? – ჰკითხა ჯამალმა მოხუცის გრიმით შენიღბულ ჯალალს.

– ნამდვილი მოხუცივით. მე?

– შენც ასევე.

– დავიძარით დედაქალაქისკენ. პირველი შენ წადი და ჩვენს ბინაში შევხვდებით, – უთხრა ჯამალს ჯალალმა და ბათუმი-თბილისის ჩქაროსნული მატარებლის ბილეთი გაუწოდა.

***

ჯაბა თბილისიდან დაუკავშირდა ცენტრს და თავის კურატორს დაწვრილებით უამბო ყველაფერი. შემდეგ ტაქსი გააჩერა და „მეგას“ ოფისისკენ აიღო გეზი. მანქანა ორასი მეტრის მოშორებით გააჩერა. გზა ფეხით განაგრძო და ოფისის სამორიგეოს მიადგა.

– ვისთან მიბრძანდებით, ბატონო? – ჰკითხა „მოხუცს“ უნიფორმიანმა მორიგემ.

– ბატონ მერაბ გამრეკელთან, – რის ვაი-ვაგლახით მიუგო „მოხუცმა“.

– შეხვედრა გაქვთ დანიშნული?

– ასე მითხრა, რომ მოხვალ, მორიგეს დაარეკინე და შემოგიშვებენო.

მორიგემ გამრეკელის ნომერი აკრიფა და „მოხუცს“ ჰკითხა:

– თქვენზე რა ვუთხრა, ვინ ბრძანდებით?

– ჯაბა პაპაა-თქო, შვილო, ასე უთხარი, – მიუგო ჯაბამ მორიგეს და ხუთი წუთის შემდეგ უკვე მერაბ გამრეკელის პირისპირ იჯდა.

– საკუთარ თვალებს არ ვუჯერებ, – უთხრა გამრეკელმა ჯაბას და „მოხუცი“ ყურადღებით შეათვალიერა.

– აქ საუბარი უსაფრთხოა? – მოხუცის ხმით იკითხა ჯაბამ.

– სრულიად უსაფრთხო, – მიუგო გამრეკელმა.

– გამარჯობა, ძია მერაბ, – ჯაბა გამრეკელს გადაეხვია.

– როგორ ხარ?

– ძველებურად. თქვენ?

– მთლად ძველებურად არ გამოიყურები. ჩვენ კი ძველებურად ვნერვიულობთ შენზე.

– ნათქვამია, ერთხელ რომ დაიწვები, კანი უნდა გამოიცვალოო და ახლა მოხუცად იმიტომ გამოგეცხადეთ.

– საიდან, რატომ და რისთვის, არ გეკითხები, რაც საჭიროა, ალბათ, თავად იტყვი.

– ჩემები როგორ არიან?

– ძველებურად, – გაეცინა გამრეკელს.

– მამა სადაა?

– წუთი-წუთზე მოვა, – მიუგო გამრეკელმა და ამ დროს კარზე დააკაკუნეს, – აი, მოვიდა კიდეც.

– აბა, თუ მიცნობს, – გაეცინა ჯაბას.

– შემოდი! – დაიძახა გამრეკელმა.

კარი გაიღო და ოთახში ვაჟა ზვიადაური შემოვიდა. „მოხუცი“ რომ დაინახა, მოიბოდიშა და უკან გასვლა დააპირა, მაგრამ გამრეკელმა შეაჩერა:

– დაჯექი, ვაჟა, ამ ბატონს შენთან საქმე აქვს.

– გისმენთ, ბატონო ჩემო, – ვაჟამ მოხუცს გაუღიმა.

– ბატონო ვაჟა, რამდენიმე კითხვა უნდა დაგისვათ, – უთხრა ჯაბამ მამამისს.

– ბრძანეთ, ბატონო.

– სად იმყოფება ამჟამად ჯაბა ზვიადაური?

– ვინ ჯაბა ზვიადაური, ბატონო ჩემო?

– თქვენი შვილი.

– სასწავლებლად.

– სად სწავლობს?

– საზღვარგარეთ. რატომ მეკითხებით?

– მან თქვენთან მოკითხვა დამაბარა.

– მოკითხვა?

– დიახ, ბატონო ვაჟა. ამას წინათ ვნახე და ასე მითხრა, მამაჩემი მომიკითხეო. ამ ოფისის მისამართიც მან მომცა.

– სად შეხვდით მას?

– ამას ვერ გეტყვით.

– უკაცრავად, მაგრამ თქვენ ვინ ბრძანდებით?

– მამი, ვერ მიცანი? – თავისი ხმით ჰკითხა ჯაბამ მამამისს.

– შვილო, შენ ხარ? – ზვიადაური სკამიდან წამოხტა და ჯაბას გადაეხვია.

– როგორ ხარ, მამი, დედა და და-ძმები როგორ არიან?

– ძველებურად, შვილო. შენზე დარდით როგორ ვიქნებით, – თვალები აუცრემლდა ვაჟას.

– ცრემლები არ დამანახვო, თორემ, ამ მოხუც კაცს გული წამივა, – გაეცინა ჯაბას.

– აქ როგორ გაჩნდი, ხომ მშვიდობაა?

– საიდან და როგორ – გამოვტოვოთ. აქ კი ორი რამის გამო მოვედი: პირველ ყოვლისა, მაინტერესებდა, როგორ იყავით, თანაც, თქვენთან ერთი შეკითხვა მაქვს.

– მერე, გვკითხე.

– ოღონდ, გულწრფელად უნდა მიპასუხოთ.

ვაჟამ გამრეკელს გადახედა და შვილს მიუგო:

– შევეცდებით.

– მამი, ბადალოვის ლიკვიდაცია თქვენი მოწყობილია?

– თქვენ რას იტყვით, ბატონო მერაბ? – ჰკითხა ზვიადაურმა გამრეკელს.

– ჩვენ ამ ამბავს მიმართულება მივეცით და სხვებმა განახორციელეს, – თქვა გამრეკელმა.

– ალბათ, ლიადოვმა, – გაეცინა ჯაბას.

– რატომ ფიქრობ ასე? – ჰკითხა გამრეკელმა.

– რუსულ კვალზე საუბრობენ და ამიტომ.

– ალბათ, რუსეთის დაზვერვის კვალზე.

– დიახ.

– ლიადოვს მათთან არანაირი კავშირი არ აქვს.

– ესე იგი ლიადოვმა მოაწყო.

– მთავარია, რომ ბადალოვი ლიკვიდირებულია და ავტორს რა მნიშვნელობა აქვს.

– ბატონო მერაბ, როგორ ფიქრობთ, ჯაბა რა მისიითაა აქ ჩამოსული? – ჰკითხა ზვიადაურმა გამრეკელს.

– ვფიქრობ, ბადალოვის გამო.

– ასე რატომ ფიქრობ, ძია მერაბ? – იკითხა ჯაბამ.

– რა, მასე არაა? – კითხვა შეუბრუნა გამრეკელმა.

– დავუშვათ, ასეა.

– ასეა, ასე და, როგორც ჩანს, შენ და შენი პაძელნიკი ჩეჩნებთან მოსალაპარაკებლად ხართ გამოგზავნილები, რომ კლაუს ჰაშეკი შურისძიებისგან გადაარჩინოთ.

– ეს უკვე საინტერესოა, – თქვა ჯაბამ.

– გავაგრძელო?

– განაგრძეთ.

– ნუ მიწყენ, ჯაბა, მაგრამ, მე მგონი, ნაწილობრივ მაინც გაგშიფრეთ და, ლოგიკას რომ მივყვეთ, ბევრ საიდუმლოს ავხდით ფარდას. მივყვეთ?

– მივყვეთ.

– მივყვეთ და მივყვეთ, – თქვა გამრეკელმა და დაამატა: – ბადალოვი და მისი ხალხი პრაღის ცენტრში რომ ააფეთქეს, ჩეჩნებმა ჰაშეკს დააბრალეს და შურისძიებას აპირებენ. ჰაშეკი, რა თქმა უნდა, პანიკაშია და დახმარებისთვის შენი და შენი პაძელნიკის უფროსობას მიმართეს. იმათმა კი თქვენ გამოგგზავნეს საქმის მოსაგვარებლად და პანკისის ხეობაში აპირებთ გამგზავრებას. მართალს ვამბობ?

– დიახ.

– ახლა თქვენს უფროსობაზე გადავიდეთ.

– რას გულისხმობთ, ძია მერაბ?

– იმ ხალხს, ვისთანაც ამერიკელებმა შეგგზავნეს.

– ამით რისი თქმა გსურთ?

– გინდა, გითხრა, ვინ არიან?

– შეძლებთ კი?

– კონკრეტულ პიროვნებებს ვერ დაგისახელებ, მაგრამ არა მგონია, მათ სტატუსში შევცდე.

– თქვით.

– ავღანელი საველე მეთაურები. მართალს ვამბობ?

– დიახ. მაგრამ, ეს დიდი საიდუმლოა.

– რა თქმა უნდა და, საიდუმლო რომაა, ის მასალებიც სწორედ ამიტომ გავანადგურეთ. ამისთვის კი პატარა შოუ დავდგით და ამ კაბინეტში ხანძარი მოვაწყვეთ.

– ალბათ, იმიტომ, რომ ლიადოვისთვის არ გეჩვენებინათ ფირები – შეგეშინდათ, რომ არ ამოვეცნე. ლიადოვი იმიტომ ჩამოიყვანეთ, რომ ბადალოვის ლიკვიდაციაში დაგხმარებოდათ, ბადალოვის ლიკვიდაცია კი იმაში დაგჭირდათ, რომ მას ნარკოტიკები საქართველოში არ გაეყიდა და ამ აქტით დროის მოგებას ცდილობდით. ხომ ასეა? – თქვა ჯაბამ.

– ამ მამაძაღლს უყურე, ეტყობა „ეფბეერის“ სკოლა, – უთხრა გამრეკელმა ზვიადაურს და ჯაბას მიუბრუნდა: – კი, ასეა.

– მასეა, ძია მერაბ და მე და, ჩემმა ფანატიკოსმა მეწყვილემ უნდა დავალაგოთ ურთიერთობები, რომ სისხლი არ დაიღვაროს, რაც არავის აწყობს.

– ჯაბა, გინდა, პატარა პროგნოზი გავაკეთო?

– ბრძანეთ, ძია მერაბ.

– გამორიცხული არაა, რომ შენმა შეფებმა, მე ავღანელებს ვგულისხმობ, შექმნილი მდგომარეობით ისარგებლონ და კლაუს ჰაშეკის გვერდზე გაწევა მოინდომონ ევროპული ჰეროინის ხელში ჩაგდების მიზნით.

– ათიანში გაარტყით, ძია მერაბ, – გაეცინა ჯაბას.

– მაშინ, ჩემო კარგო, შენ და შენს ფანატიკოს მეწყვილეს, ალბათ, პრაღაში გადასახლება მოგიწევთ.

– სწორედ ასეა ჩაფიქრებული.

– აი, ეს კი უკვე ძალიან სახიფათოა და დიდი სიფრთხილე გმართებს.

– ვიცი და მზად ვარ ამისთვის.

– აქედან გამომდინარე, „ეფბეერის“ გეგმებიც შეიცვალა, ალბათ. არა მგონია, რომ ასეთი მისიით ჩაენერგე ავღანეთში.

– ესეც სწორია.

– ესე იგი, გაუთვალისწინებელი რამ მოხდა და თამაში შეიძლება განუსაზღვრელი დროით გაიწელოს.

– სავარაუდოდ – კი.

– ეს კი იმას ნიშნავს, რომ დიდი დარტყმის ქვეშ დგები და, თუკი ეს როლი მოირგე, ბოლომდე მოგიწევს მისი თამაში, ანუ – მთელი ცხოვრება.

– დიდი ალბათობაა, რომ სწორედ ასე მოხდება.

– მერე, თანახმა ხარ?

– სხვა რა გზა მაქვს, ძია მერაბ?

– მოულოდნელად უნდა გაქრე, ისე, რომ ყველასთვის მკვდარი იყო. მხოლოდ მე, მამაშენსა და კიდევ ერთი-ორ კაცს გვეცოდინება სიმართლე.

– ეს შეუძლებელია, ძია მერაბ.

– რატომაა შეუძლებელი?

– ორი რამის გამო: პირველი – ეს ღალატი იქნება ჩემი მხრიდან და, მეორე – კიდეც რომ წავიდე ასეთ ნაბიჯზე, „ეფბეერს“ ვერ გავაცურებ და ყველაფერს მიხვდებიან, ძებნას დამიწყებენ და მიწიდან ამომიღებენ. ამით კი უპირველესად, ჩემს ოჯახს დავაყენებ დიდი დარტყმის ქვეშ და მათ მუდმივი მეთვალყურეობის არეში მოვაქცევ.

– არც მასეა საქმე და, ნუ გგონია, რომ „ეფბეერი“, ან, თუნდაც სხვა ნებისმიერი სტრუქტურა, ყოვლისშემძლეა. კარგად მოფიქრებული და შესრულებული კომბინაციით ნებისმიერი ადამიანისა თუ სტრუქტურის მოტყუება შეიძლება.

– არა, ძია მერაბ, ღალატი არ შემიძლია. მე მოვალეობის კაცი ვარ.

– ღალატს არც არავინ გთავაზობს. ქართველის უპირველესი მოვალეობა კი საკუთარი სამშობლოსა და ოჯახის ერთგულებაა.

– და მაინც, ეს უპატიოსნო საქციელია.

– კარგი, ბატონო. ახლა ასე ფიქრობ და შენს გადარწმუნებას არავინ ცდილობს. მე და მამაშენი სათადარიგო ვარიანტს გთავაზობთ იმ შემთხვევისთვის, თუკი „ეფბეერი“ თამაშიდან შენს გამოყვანას შეეცდება.

– გმადლობთ, ძია მერაბ. ახლა ამაზე ლაპარაკი მართლაც ღალატის ტოლფასია. ნუ მიწყენთ და, ნუღარ გავაგრძელებთ.

– ასე იყოს. საჭიროების შემთხვევაში კი შენ გვერდით ვართ და გამოგვიყენე.

– კარგი, – ჯაბამ საათს დახედა და დაამატა: – ჩემი წასვლის დროა. ნახვამდის.

ჯაბა რიგრიგობით გადაეხვია გამრეკელსა და ზვიადაურს, შემდეგ რის ვაი-ვაგლახით წამოდგა და ბებრულად გაუდგა გზას.

ჯამალი და ჯალალი შებინდებისას შევიდნენ პანკისის ხეობაში. ქისტმა მეგზურმა ისინი ტყის სიღრმეში, ერთ ფიცრულ ქოხში მიიყვანა, იქ დატოვა და უთხრა:

– აქ იყავით, თქვენს წასაყვანად მალე მოვლენ.

ჩეჩნების მოლოდინში ჯაბა ჩაფიქრდა და მერაბ გამრეკელის სიტყვები გაახსენდა „სათადარიგო ვარიანტის“ შესახებ. მართალია, ჯაბამ ღალატად მიიჩნია გამრეკელის შეთავაზება, მაგრამ მისთვის არაფერი უთქვამს „ეფბეერის“ დირექტორის შესახებ, რომელმაც ჯაბა სასიკვდილო საფრთხის შესახებ გააფრთხილა და ანალოგიური რამ შესთავაზა. მას არც ტომას ბრაუნი უხსენებია გამრეკელთან, ოღონდ, არა იმიტომ, რომ მას და საკუთარ მამას არ ენდობოდა; უბრალოდ, ჯაბას გაუთქმელობის პირობა ჰქონდა დადებული და ასეთი საუბარი თავის ყველაზე ახლობელ ადამიანებთანაც კი ზედმეტად მიაჩნდა, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე.

„როგორც ჩანს, იქ, ზემოთ, ძალიან მაღალ ეშელონებში სხვაგვარი გეგმები აქვთ და, გამორიცხული არაა, რომ საკუთარი მიზნებისთვის სამსხვერპლო ცხვარივით გამწირონ“, – ფიქრობდა ჯაბა.

– ჯამალ, მე მგონი, მოვიდნენ, – უთხრა ჯალალმა ჩაფიქრებულ ჯამალს და კარისკენ გაიშვირა თითი.

– მოვიდნენ და ჩვენც აქ არ ვართ, – თვალი ჩაუკრა ჯამალმა მეწყვილეს და კარს მიაპყრო მზერა.

ათიოდე წამის შემდეგ ქოხში თავიდან ფეხებამდე იარაღში ჩასმული  ოთხი ბრგე მამაკაცი შემოვიდა. მათ დამხვდურები უხმოდ შეათვალიერეს და ერთ-ერთმა მათგანმა, რომელსაც მარცხენა თვალი შავი ლენტით ჰქონდა აკრული, თქვა:

– მე უმარ ანდიევი ვარ. თქვენი თავი გამაცანით.

ჯამალმა და ჯალალმა თავიანთი სახელები უთხრეს ანდიევს, რომელიც მოკლული ბადალოვის მაგივრად დაინიშნა საველე მეთაურად და ჯამალმა დაამატა:

– წავიდეთ თუ აქ უნდა ვილაპარაკოთ?

– შორს გაგიწევიათ? – ირონიით ჰკითხა საველე მეთაურმა ჯამალს.

– ეგ თქვენ უკეთ იცით. აქ ჩვენ სტუმრები ართ და მასპინძლის სიტყვას ველოდებით, – მიუგო ჯამალმა.

– აქ ვილაპარაკოთ. დასხედით, – უმარ ანდიევმა, სკამებისკენ გაიშვირა ხელი და თავადაც დაჯდა.

– აი, ეს წერილი წაიკითხეთ და მერე ვილაპარაკოთ, – ჯამალმა უმარს წერილი გადასცა და ფეხზე მდგარ ჩეჩნებზე გადაიტანა მზერა, რომლებიც თვალს არ აშორებდნენ სტუმრებს.

ანდიევმა ყურადღებით წაიკითხა ავღანელი საველე მეთაურების ხელმოწერილი წერილი, რომელიც ჯამალმა შეჭამა და სტუმრებს უთხრა:

– თუ სწორად გავიგე, თქვენი პატივცემული პატრონები ჩვენი ღირსების სანაცვლოდ ფულს გვთავაზობენ.

ჯამალს გაეცინა და ანდიევს მიუგო:

– არა, ბატონო უმარ, თქვენ არასწორად გაიგეთ წერილის შინაარსი.

– არასწორად? – გაიმეორა მასპინძელმა.

– დიახ, არასწორად. თქვენ პარტნიორობას გთავაზობენ და არა ღირსების დათმობას. უსმან ბადალოვი კი ჰაშეკს ნამდვილად არ მოუკლავს და მასზე შურისძიება არასწორი ნაბიჯი იქნება თქვენი მხრიდან.

– აბა, ვინ მოკლა უსმანი?

– დანამდვილებით იმას გეტყვით, რომ ჰაშეკს არ მოუკლავს. მტრები კი იმდენი და ისეთი ძლიერები გყავთ, რომ თქვენ, ისევე, როგორც ჩვენ და, საერთოდ, მთელი ჩვენი მართლმორწმუნე მოძრაობა, მუდმივი სამიზნის ქვეშ ვიმყოფებით და მტრის ერთბაშად აღმოჩენა ადვილი საქმე არაა. უბრალოდ, სიფრთხილე გვმართებს, რომ უსმან ბადალოვივით არ მოგვიხელთონ და არ გაგვანადგურონ.

– გასაგებია, მაგრამ, მტერს კონკრეტული სახე აქვს და სწორედ ეგ გვაინტერესებს.

– გიმეორებთ, რომ ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული მტერი ჰაშეკი არ არის. ხოლო, ჩემი სუბიექტური აზრი თუ გაინტერესებთ, ბადალოვის ლიკვიდაცია რუსეთის დაზვერვის მიერ იქნება ორგანიზებული.

– ჩვენც ასე ვფიქრობთ, მაგრამ, შემსრულებლად ჰაშეკი მიგვაჩნია და ამიტომაც ვაპირებთ მასზე შურისძიებას.

– მერწმუნეთ, ბატონო უმარ, რომ ჰაშეკი არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდებოდა ასეთ რამეზე და, პრაღის ცენტრში, დღისით, მზისით, მასთან მოსალაპარაკებლად ჩასულ სტუმარს მანქანაში არ ააფეთქებდა. როგორც ჩანს, აწ განსვენებულ უსმანსა და მის ჯგუფს მკვლელები კუდზე ასხდნენ და  ყველაფერი პრაღაში იმიტომ მოაწყვეს, რომ თქვენ ისე გეფიქრათ, როგორც ფიქრობთ.

– საკმაოდ ლოგიკურად მსჯელობთ, მაგრამ ჩვენ ჰაშეკის უდანაშაულობის უტყუარი საბუთი გვჭირდება.

– თქვენ არც ჰაშეკის  მამხილებელი უტყუარი საბუთი გაგაჩნიათ.

– ეგ მართალია.

– თუ მეთანხმებით, ისე გამოდის, რომ შურისძიება თქვენი თვითმიზანია და მტყუან-მართალს მნიშვნელობა არ აქვს.

– ჩვენთან ყველა ურჯულო მტყუანია, მათ შორის – ურჯულო ჰაშეკიც.

– ნახევარი მსოფლიო ურჯულოები არიან და ყველას ერთბაშად რომ შევასკდეთ, დავმარცხდებით. ჩვენ სხვაგვარად ვმოქმედებთ და თუკი ურჯულო ჩვენი უშუალო მტერი არაა, ვცდილობთ მის გამოყენებას ან ნეიტრალიტეტის დაცვას. განა თქვენც ასე არ ხართ?

– რას გულისხმობთ?

– იმას, რომ საქართველოში ხართ დაბანაკებულები და არავინ გმტრობთ. ქართველები კი ჩვენთვის ურჯულოები არიან.

– ქართველები მხდალი ცხვრები არიან. და მათ ჩვენი ისე ეშინიათ, როგორც კურდღელს – მგლის. ისინი სიამოვნებით გაგვყრიდნენ აქედან, მაგრამ გამბედაობა არ ჰყოფნით. რომ მოვინდომო, ხვალვე ავიღებ თბილისს ჩემი მცირე რაზმით და წინ ერთი ქართველიც არ გადამეღობება, – ცინიკურად განაცხადა უმარ ანდიევმა, წვერებზე ხელები ჩამოისვა და ახარხარდა. ახარხარდნენ მისი თანამებრძოლებიც...

ჩეჩენი საველე მეთაურის სიტყვებმა ჯაბა ისე გააღიზიანა, ლამის ყელში სწვდა, თუმცა თავი შეიკავა, არაფერი შეიმჩნია და გაიფიქრა: „ღირსები ვართ, ღირსები, რომ შენისთანა ერთუჯრედიანი ასე დაგვცინის. მაგრამ, ღმერთის წინაშე პირობას ვდებ, რომ, თუკი მანამდე არ ჩაგაძაღლა ვინმემ, საკუთარი ხელით ამოგგლეჯ ენას. თავს მოგაჭრი და ვირთხებსა და ძაღლებს საჭმელად მივუგდებ“.

ჩეჩნები ხარხარს რომ მორჩნენ, ჯამალმა ანდიევს უთხრა:

– აქაური ამბები თქვენ უკეთ იცით და თავადვე გაარკვევთ ქართველებთან ურთიერთობას. ჩვენ კი თქვენი მყარი სიტყვა გვინდა ჰაშეკთან დაკავშირებით და ახლავე უნდა გვითხრათ – აპირებთ თუ არა შურისძიებას.

– ჩემი მყარი სიტყვაა – შურისძიებას არ ვაპირებთ. იცოცხლოს და ბიზნესი გაგვაფართოებინოს, – თქვა ანდიევმა, – რაც შეეხება ქართველებს, მათთან ურთიერთობა დიდი ხნის წინათ გავარკვიე. ჯერ კიდევ პირტიტველა ყმაწვილი ვიყავი, როდესაც შავიზღვისპირეთში ქართველთა მოჭრილი თავებით პენალტებს ვურტყამდი სტადიონზე და, თუ საჭირო გახდა, უკვე თბილისში ვიზამ ამას.

„ვერ იზამ! ღმერთს ვფიცავ, რომ ვერ იზამ! უმარ ანდიევ, დღეიდან შენ ჯაბა ზვიადაურის პირადი მტერი ხარ და ჯაბა ზვიადაურია შენი მოსისხლე. ყველაფერს ვიღონებ, რომ ეგ სიტყვები და საქციელი განანო და განანებ კიდეც“, – გაიფიქრა ჯაბამ.

– კარგი, ძმებო, თქვენი მყარი სიტყვა მიღებულია და შეთანხმება – მიღწეული. ახლა ჰაშეკთან შევათანხმებთ ყველაფერს, შემდეგ ერთ მაგიდასთან დავსხდებით და კონკრეტულ დეტალებზე დავილაპარაკებთ. შეხვედრის დროსა და ადგილს კი დამატებით, პირადად შეგატყობინებთ. და, კიდევ ერთი თხოვნა გვექნება.

– რა თხოვნა?

– რა და, უსმან ბადალოვის შეცდომა რომ არ განმეორდეს, თქვენი უსაფრთხოების ზომები გააძლიერეთ.

– უკვე მივიღეთ შესაბამისი ზომები და უსმანივით თავს არ მოვახელთებინებ შაითნებს.

„ისე მოგიხელთებ, როგორც ახლა მე შენ გიყურებ“, – გაიფიქრა ჯაბამ.

– ჰოდა, ძალიან კარგი. ჩვენ კი ამაღამვე თბილისში უნდა დავბრუნდეთ – ბევრი საქმე გვაქვს და დრო არ ითმენს, – უთხრა ჯამალმა ანდიევს და წამოდგა.

– უსაფრთხოებისთვის ჩემს ბიჭებს გაგაყოლებთ თბილისამდე,  – შესთავაზა ანდიევმა სტუმრებს.

– გმადლობთ. მაგრამ, მხოლოდ გზატკეცილამდე ჩაგვაცილეთ. იქიდან კი ჩვენი მანქანით წავალთ. არაა საჭირო ზედმეტი ყურადღების მიქცევა, – მიუგო ჯამალმა ანდიევს, შემდეგ მასპინძლებს გამოემშვიდობნენ და ჯამალმა და ჯალალმა ქოხი დატოვეს.

ნაქირავები „ბეემვეს ჯიპის“ საჭეს ჯალალი მართავდა. ჯამალი მას გვერდით ეჯდა და მეწყვილეს ჰკითხა:

– რა აზრის ხარ ანდიევზე, ჯალალ?

– თქვენი საუბრის შინაარსი არ მესმოდა და სახეზე ვაკვირდებოდი. თუ არ ვცდები, ცოტა ამპარტავანი კაცი უნდა იყოს, – მიუგო ჯალალმა.

– ჩამოყალიბებული დეგენერატი და ცალტვინაა. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს და მოვლენებსა და ადამიანებს სწორად ვერ აფასებს. ძალიან უყვარს ფული და, საერთოდ, ასეთი ტიპები იოლად ებმებიან მახეში. თუმცა, არც ვირეშმაკობა და გაიძვერობა აკლია. საბოლოო ჯამში კი უარყოფითი ადამიანია.

– რატომ ფიქრობ ასე?

 ჯამალმა ჯალალს ანდიევთან საუბრის დეტალური შინაარსი მოუყვა და ბოლოს უთხრა:

– შენ თვითონ გააკეთე დასკვნა. ქართველებს მე არ ვიცნობ, მაგრამ, არა მგონია, რომ ანდიევი მათ სწორად აფასებდეს. რაც არ უნდა იყოს, ეს ხალხი მას იფარებს და ხელს უწყობს, ანდიევი კი მთელ ერს დასცინის და აბუჩად იგდებს.

– ცუდია. მაგრამ ეს ანდიევის პრობლემაა, – მიუგო ჯალალმა ჯამალს და მეტი აღარაფერი უთქვამს.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3