კანისა და ვენ-სნეულებათა სამეცნიერო ეროვნული ცენტრი
კითხვა: ცოლის შერთვას ვაპირებ. მითხრეს, სასურველია, წინასწარ რაღაც გამოკვლევები ჩაიტაროო. მართლა აუცილებელია ამის გაკეთება და რომელი სპეციალისტი წყვეტს ამას?
პასუხი: მამაკაცმა (ასევე ქალმაც) დაოჯახების წინ, უნდა მიმართოს ვენეროლოგს, რათა მოხდეს კვლევა სქესობრივ გზით გადამდებ დაავადებებზე. განსაკუთრებით აუცილებელია ვიზიტი ვენეროლოგთან, თუ გაქვთ დაუცველი სქესობრივი კონტაქტები. მოგახსენებთ, რომ სქესობრივი გზით გადამდებ მრავალ დაავადებას აქვს ფარული მიმდინარეობა, რაც თავს მოგვიანებით, სხვადასხვა პრობლემის სახით იჩენს. პრობლემა კი შეიძლება იყოს: უშვილობა, ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა, ნაყოფის სიმახინჯეები... ხშირად პაციენტები მიმართავენ უროლოგს ან გინეკოლოგს, სადაც ვერ ხდება პაციენტთა სრული გამოკვლევა. ამ შემთხვევაში, შეიძლება, გაიპაროს რაიმე დაავადების არსებობა, რაც, საბოლოო ჯამში, შეიძლება გახდეს სერიოზული პრობლემის მიზეზი. ამიტომაა აუცილებელი ვენეროლოგთან ვიზიტი, მით უმეტეს, როცა არის საფუძვლიანი ეჭვი სქესობრივი გზით გადამდები დაავადების არსებობაზე.
კითხვა: ჩემი ცოლი იყო ექიმთან და ყველაფერი წესრიგში გაქვსო. შვილი მაინც არ გვყავს. რა სახის გამოკვლევები უნდა გავიკეთო, რომელ სპეციალისტს მივმართო და აფინანსებს თუ არა ამ ტიპის გამოკვლევებს საყოველთაო დაზღვევა?
პასუხი: უშვილობაზე კვლევა იწყება დაქორწინებიდან 1,5 წლის შემდეგ (ჯანმრთელ წყვილზე მაქვს საუბარი). არის შემთხვევა, როცა წყვილი აბსოლუტურად ჯანმრთელია, მაგრამ მათ მაინც არ ჰყავთ შვილი. მამაკაცმა უნდა მიმართოს ვენეროლოგს, რათა გამოიკვლიოს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებზე, რაც წარმოადგენს უშვილობის ხშირ მიზეზს. აღნიშნულ კვლევებს საყოველთაო დაზღვევა არ ანაზღაურებს, ხოლო კერძო სადაზღვევო კომპანიები ანაზღაურებენ გარკვეულ შემთხვევებში.
შეკითხვებისთვის დარეკეთ:
295 46 43; 295 77 44: ლუბლიანას ¹5 (ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს ტერიტორია).