რა შედეგი მოაქვს „დედამიწის საათს“ და რატომ უნდა გავთიშოთ ერთი საათით ელექტროენერგია 28 მარტს ყველამ
ბოლო წლებია, საქართველოც აქტიურად მონაწილეობს მსოფლიოში უდიდეს გარემოსდაცვით აქციაში – „დედამიწის საათი“. ამ დროს მილიონობით ადამიანი ერთი საათის განმავლობაში უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე და ამით მხარს უჭერს ჩვენი პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავალს.
2015 წლის 28 მარტს, ადგილობრივი დროით 20:30 საათიდან 21:30 საათამდე, მსოფლიო მეცხრედ აღნიშნავს „დედამიწის საათს,“ საქართველო კი ამ გლობალურ პროცესში უკვე მეშვიდედ ჩაერთვება. „დედამიწის საათი“ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის საყოველთაო გარემოსდაცვითი მოძრაობაა. ეს არის კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი ღია კამპანია, რომელიც ერთ ქალაქში ჩატარებული სიმბოლური ღონისძიებიდან, მსოფლიოს უმსხვილეს საზოგადოებრივ, გარემოს დაცვით მოძრაობაში გადაიზარდა. 2014 წელს „დედამიწის საათში“ 7 000-ზე მეტ ქალაქში, 162 ქვეყანასა და ათასობით რეგიონში ჩაერთნენ მოქალაქეები, საწარმოები და ორგანიზაციები. ღონისძიების მთავარი მიზანია საზოგადებისთვის კლიმატის ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ზოგადად, კლიმატის ცვლილება ყველაზე რთული და კომპლექსური გარემოსდაცვითი პრობლემაა. გარდა იმისა, რომ ატმოსფეროში ეგრეთ წოდებული „სათბურის აირების“ კონცენტრაციების ზრდას ბუნებრივი რესურსების ინტენსიური გამოყენება იწვევს, ასევე მისი ხელშემწყობი ფაქტორებია: ტყეების განადგურება, სათბობი რესურსების ხარჯვა, ნაგავსაყრელებზე ისეთი ნივთების არსებობა, რომლებიც არ ექვემდებარება ბიოლოგიურ დაშლას...
რა ხდება ამ თვალსაზრისით საქართველოში? რთული რელიეფური პირობებიდან გამომდინარე, საქართველო მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშეა. მაგალითად, გლობალური დათბობების შედეგად, ბოლო 50 წლის განმავლობაში ქვეყანაში იმატა გვალვებმა, ტემპერატურის ზრდამ კი საფრთხე შეუქმნა მყინვარს. მეცნიერების ვარაუდით, 2050 წლისთვის, ქვემო სვანეთში არსებული მყინვარი, შესაძლოა, მთლიანად დადნეს. სწორედ კლიმატის ცვლილებეითაა გამოწვეული უკანასკნელ წლებში სტიქიური ბუნებრივი მოვლენების სიხშირე და სიძლიერე, დაავადებების გავრცელება, მათ შორის – მალარიისა და ლეიშმანიოზის.
28 მარტს მთელ მსოფლიოსთან ერთად შევცვალოთ კლიმატის ცვლილება!
„დედამიწის საათის“ მხარდამჭერები და პარტნიორები არიან: თბილისის მერია, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, ეკოხედვა, საქართველოს „წითელი ჯვრის” საზოგადოება.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).
ვებ-გვერდი: www.earthhour.org
მედიამხარდამჭერები: ჟურნალი „თბილისელები“, „ჯეპრა”, „რუსთავი 2,” რადიო „საქართველო”, „ოუთდორი,” „პალიტრა მედია,” „ჯორჯიან თუდეი,” „ტაბულა”, CBW, Ipress.ge, BPI, Marketer.ge.