მოზარდის უძილობა და ღამის კოშმარები, შესაძლოა, დაცინვისა და ჩაგვრის შედეგი იყოს
პოპულარულ საიტზე – teens health, ამერიკელი მოზარდი, სახელად ამბერი, წერდა:
„უკანასკნელ პერიოდში დამეწყო გაუთავებელი მუცლის ტკივილი, ტუალეტშიც ხშირად გავრბივარ. ექიმმა მითხრა, რომ ეს ყველაფერი ხანგრძლივი სტრესის შედეგად განვითარდა სხვა მიზეზებთან ერთად და ასეთი დიაგნოზი დამისვა: „გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი“. დიახ, დიდი ხნის განმავლობაში, დაახლოებით მეცხრე კლასამდე დამცინოდნენ და მამცირებდნენ ჩემი მეგობრები სკოლაში. მე არავის ვუმხელდი ამ ამბავს, რადგან, მრცხვენოდა, ვითმენდი და ვმალავდი...“
ამბერის ნაამბობი გამონაკლისი არ არის, ჩვენს სოციუმშიც უამრავი მსგავსი პრობლემა არსებობს, რომელსაც ხშირად არც კი ვაქცევთ ყურადღებას ან არ გვაქვს ინფორმაცია ამის შესახებ. ჩვენი მაგალითის გმირი ბულინგის მსხვერპლია.
ბულინგი დაცინვას, აბუჩად აგდებას, დაშინებასა და იძულებას გულისხმობს. თავისთავად, ტერმინი „დაშინება“ მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებშიც არსებობდა და განიხილებოდა როგორც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ჯერ კიდევ 1862 წელს გაზეთი The times წერდა დაშინების შესახებ. ბუნებრივია, ჩაგვრისა და დაშინების ფორმამ დღეს სახე იცვალა და ბულინგი სკოლაში ბავშვებსა და მოზარდებს შორის აქტუალური გახდა. მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნებიც კი, ამ პრობლემას მტკივნეულად განიხილავენ და უამრავი ორგანიზაცია აქვთ შექმნილი ბულინგის შესაჩერებლად, თუმცა, ბოლომდე აღმოფხვრა მაინც ვერ ხერხდება. თანამედროვე მკვლევრების აზრით, ჩაგვრისა და დაშინების მსხვერპლი ბავშვები მეტი სირთულით, ფსიქოსომატური (ბერძნულად – Somatos – სხეული, ტანი; სხეულთან დაკავშირებული) პრობლემებით გამოირჩევიან. მათ, აგრეთვე, გააჩნიათ მაღალი რისკი, რომ მომავალში ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის ჩივილები განუვითარდეთ. მათ შორისაა: თავის, მხრის, წინამხრის ან მუცლის ტკივილი, თავბრუხვევა და ასე შემდეგ. უკანასკნელი კვლევების მიხედვით, ბავშვებსა და მოზარდებში ღამის კოშმარები ხშირად ბულინგის შედეგია. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი ხანგრძლივი (პროლონგირებული) ფორმა.
დაჩაგვრა და დაშინება, შეიძლება, სხვადასხვა სახის იყოს.
ბულინგის ტიპებია: ფიზიკური – დარტყმა, ჩარტყმა, ხელის კვრა, ნივთების მოპარვა, დამალვა, განადგურება, დამცირება, იძულება და სხვა.
ვერბალური – ლანძღვა-გინება, შეურაცხყოფის მიყენება, ცუდად მოპყრობა, გაბრაზება, „შპილკების სროლა” და სხვა.
ურთიერთობრივი: თანაკლასელის, სხვა მეგობრის ან თანამშრომლის გაგდება ჯგუფიდან, თამაშიდან ან აქტივობიდან; ტყუილის გავრცელება და სხვა.
უკანასკნელ პერიოდში ხშირად შეინიშნება კიბერბულინგი – ინტერნეტის საშუალებით. მიუხედავად იმისა, რომ ამით არ ხდება ადამიანზე სახიფათო ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, ის არანაკლები სისასტიკით გამოირჩევა.
მსხვერპლი წყენას იტოვებს, ღიზიანდება და, თუ ეს დიდხანს გრძელდება, დეპრესიამდეც მიდის.
ცნობილია ეგრეთ წოდებული self harm – რაც, საკუთარ თავზე ზიანის მიყენებას გულისხმობს. ამ შემთხვევაში ასაკს მნიშვნელობა არ აქვს.
ნებისმიერი სახის დამცირების, დაშინების თუ სხვა შემთხვევაში, მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს ის, რომ ბავშვი თუ უფროსი მაქსიმალურად გათავისუფლდეს სტრესისგან, ხოლო მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ და მუდმივად ახსოვდეთ გამაფრთხილებელი ნიშნები:
ბავშვი მოდის დაშავებული ან დახეული ტანსაცმლით;
ხშირად კარგავს თავის ნივთებს;
იცვლის კვებით ჩვევას;
არ უნდა სკოლაში წასვლა და ხშირად იხდის ბოდიშს;
მხოლოდ რამდენიმე მეგობარი ჰყავს;
საუბრობს სუიციდის შესახებ;
ძილის პრობლემა აქვს;
საკუთარ პრობლემებში ხშირად სხვას ადანაშაულებს;
უმწეოდ გრძნობს თავს.
ნებისმიერი ტიპის ბულინგის შემთხვევაში მშობელი, პედაგოგი, ჯანდაცვის პირველადი რგოლი და შესაბამისი სტრუქტურები გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენენ ბავშვის და მოზარდის უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებაში.
P.S. ბულინგის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს: www.helpguide.org. აგრეთვე, ნახეთ ფილმები:
„დუმილი სამარემდე“, „ჩემი საუკეთესო მტერი“, „ძვლისმტვრეველი.“
თეონა გომართელი
ექიმი-ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი „პერსონა“