კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ვასილ ყუშიტაშვილის სახელი ცნობილი ბროდვეიზე და რომელი კინოვარსკვლავები მონაწილეობდნენ მის სპექტაკლებში

თეატრალურ სამყაროში პირველი ნაბიჯები 8 წლის ასაკში გადადგა და მას შემდეგ უკან აღარ დაუხევია. მის ნიჭს, განათლებას, იუმორსა და განსხვავებულ ხედვას ყოველთვის შესაბამისი წარმატება სდევდა საქართველოშიც, ევროპაშიც და ამერიკაშიც. სწორედ მისი დაარსებულია საფრანგეთის ერთ-ერთი წარმატებული თეატრი „ატელიე“ – საუბარია დიდ ქართველ რეჟისორზე, ვასილ ყუშიტაშვილზე, რომელიც, უცხო ქვეყნებში მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებების მიუხედავად, კვლავ საკუთარ სამშობლოს დაუბრუნდა და თითოეულ ქალაქში, მთელი მონდომებით ცდილობდა, სცენისთვის ახალი სული შთაებერა.

გუბაზ მეგრელიძე (ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი): ვასო ყუშიტაშვილი თეატრით ბავშვობიდან იყო გატაცებული. ჯერ კიდევ 8 წლის ასაკში, როცა გიმნაზიის მოწაფე იყო, საკუთარ სახლში დადგა სპექტაკლი „ღალატი“. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მან მოსკოვის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა, პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ კი ოდესის სამხედრო სასწავლებელში გაგზავნეს. ამის შემდეგ ყუშიტაშვილი ტაშკენტში, კუგასა და ბოლოს პეტროგრადში აღმოჩნდა, სადაც მან  მაქსიმ გორკის მეუღლე – მარია ანდრეევა გაიცნო, რომელმაც თავის მიერ შექმნილ „სახალხო თეატრში“ მიიწვია. 1918 წელს ვასო, მშობლების თხოვნოთ, ცოტა ხნით საქართველოში ჩამოდის, მაგრამ, დამოუკიდებელი ქვეყნიდან საბჭოთა რუსეთში დაბრუნება შეუძლებელი აღმოჩნდა. ამავე წელს  ყუშიტაშვილმა დადიანის მხარდაჭერით „კავშირის დასში“ დადგა სოფოკლეს „ანტიგონე“, რომელიც იყო მისი პირველი სპექტაკლი ქართულ სცენაზე. დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა. 

1919 წლის იანვარში იგი პარიზში გაემგზავრა, სადაც ლექციებს კითხულობდა ცნობილი ფრანგი თეატრალური მოღვაწის, ანტუანის თეატრში. 23 წლის ასაკში ის უკვე სახელოვანი რეჟისორის ასისტენტი გახდა. აქ მან ფირმენ ჟემიესთან ერთად ჩამოაყალიბა თეატრალური სტუდია, სადაც სამსახიობო ოსტატობას ასწავლიდა. ამ თეატრ-სტუდიამ მალე საზოგადოებრივი აღიარება მოიპოვა ახალი, ორიგინალური შემოქმედებით, რითაც სხვა თეატრების შემოქმედებით სტილს დაუპირისპირდა. სტუდიაში მუშაობის დროს ვასოს დაუახლოვდა ცნობილი ფრანგი მსახიობი შარლ დიულენი, რომელიც სტუდიელებს მეტყველებას ასწავლიდა. იგი ხედავდა ვასოს მიერ ძველი თეატრალური მეთოდების ახალი სამსახიობო ხერხებით გამდიდრებას და ახალი თეატრ-სტუდიის დაარსება შესთავაზა. მართლაც, სტუდიიდან წამოსულმა 24 წლის ახალგაზრდა ვასომ და დიულენმა ახალი საქმე წამოიწყეს: მათ პარიზში დაიქირავეს მიტოვებული საზეინკლო სახელოსნო, რომელსაც გაკეთებული ჰქონდა დიდი აბრა, წარწერით – „ატელიე“. შემდეგ თეატრი მონმარტრზე გადავიდა, მაგრამ ეს სახელი ისევ დარჩა.  პირველი დადგმა იყო გოლდონის „მარაო“. ეს სპექტაკლი ფრანგულმა პრესამ სეზონის საუკეთესო დადგმად აღიარა. პარიზში მუშაობის დროს ყუშიტაშვილს იწვევენ „ოდეონის“, „პორტ სენ მარტენის“, „ელისეს მინდვრების“ თეატრებში, სადაც  მან ძალიან დიდი ავტორიტეტი მოიპოვა. მის შესახებ წერდნენ, თეატრის ბრწყინვალე განძიაო.  სხვათა შორის, ყუშიტაშვილის მიერ შექმნილი „ატელიე“ 1965 წელს, ანდრე ბარსაკის ხელმძღვანელობით, თბილისში იყო გასტროლებზე. ბარსაკმა განაცხადა, რომ საქართველოში გამომგზავრებისას საკუთარ მასწავლებელთან შეხვედრა ძალიან აღელვებდა. 

– როგორც ვიცი, პარიზის შემდეგ ვასო ყუშიტაშვილმა ამერიკაში განაგრძო მოღვაწეობა.

– 1929 წელს, როგორც  უკვე ცნობილი რეჟისორი, ის ამერიკაში მიიწვიეს სამუშაოდ.  ყუშიტაშვილის შესახებ პრესა სხვადასხვა ცნობას აქვეყნებდა, ამიტომ ერთხელ მან განაცხადა: „მოდით, ბატონებო, ერთხელ ვიყოთ ორიგინალური, დავწეროთ, რომ მე ვარ გლეხი და არასდროს სამხატვრო თეატრში არ მიმუშავია“. ბრუკლინის თეატრის „ოპერა კომიკის“ თავზარდაცემულმა დირექტორმა ჟურნალისტებს აუხსნა, რომ მისტერ ყუშიტას (ასე უწოდებდნენ მას ამერიკაში) ხუმრობა უყვარს და ყურადღებას ნუ მიაქცევთ, მე მოგცემთ ცნობებსო. „მეორე დღეს გაზეთებში ამოვიკითხე, რომ შთამომავლობით ვეკუთვნი უძველეს თავადურ ოჯახს და, თუ ტიტულს არ ვატარებ,  ეს მხოლოდ სიამაყის გამო, და რომ მე მრავალი წლის განმავლობაში ვმუშაობდი მოსკოვის სამხატვრო თეატრში“, – იხსენებდა ყუშიტაშვილი. ამ თეატრში დადგმული ოფენბახის ოპერა „დიადი ჰერცოგინიას“ შესახებ პრესა წერდა: „ბედნიერ ვარსკვლავზე გაჩენილა მისტერ მასეი, რომ თავისი დასისთვის რეჟისორი ყუშიტაშვილი მოძებნა“. ამის შემდეგ ყუშიტაშვილი ნიუ-იორკის „ექსპერიმენტულ-ლაბორატორიულ თეატრში“ გადავიდა. მისი სახელი ცნობილი გახდა ბროდვეიზე და მის სპექტაკლებში მონაწილეობდნენ კინოვარსკვლავები – ლია დე პუტტი და დოროთეა გიში. ასევე, მან ახალ ორლეანში დადგა ჩეხოვის „ალუბლის ბაღი“, რომელსაც პრესაში „თეატრის ტრიუმფი“ უწოდეს. ყუშიტაშვილს პოლემიკა ჰქონდა პრესასთან, რადგან მან გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც აკრიტიკებდა იაფფასიან, უიდეო და უშინაარსო, ეგრეთ წოდებულ, „მოდურ ხელოვნებას“. ამიტომაც გაზეთებში გაჩნდა ასეთი შეფასება – „მუსიე ყუშიტა აკრიტიკებს ამერიკულ თეატრს“.

– როდის დაბრუნდა სამშობლოში?

– „ახალი ორლეანის ექსპერიმენტალურ-ლაბორატორიულ თეატრში“ მას კონტრაქტით ხუთი წელი უნდა ემუშავა, მაგრამ, ერთ-ერთ სპექტაკლთან დაკავშირებით დირექციასთან უთანხმოება მოუვიდა და იქაურობა დატოვა. სამშობლოში დაბრუნების ვიზა მიიღო და 1933 წლის 15 აპრილს საქართველოში წამოვიდა. იგი იყო პირველი ქართველი რეჟისორი, რომელმაც უცხოეთში წარმატებით იმოღვაწა. მას ურთულეს პოლიტიკურ სიტუაციაში მოუხდა დაბრუნება. ამასთანავე, რთული ვითარება იყო შექმნილი მარჯანიშვილის თეატრში.  მარჯანიშვილსა და მის მოწაფეებს შორის კონფლიქტის გამო მოსკოვში მისი უეცარი გარდაცვალების შემდეგ, თეატრში შიდა ინტრიგები დაიწყო და ბრძოლა სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობისთვის გაჩაღდა. ასეთ ვითარებაში ყუშიტაშვილისნაირი გამოცდილების მქონე რეჟისორის თეატრში მოსვლა, რა თქმა უნდა, თეატრისთვის ბევრს ნიშნავდა. მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ვასო ყუშიტაშვილმა მრავალი წარმატებული სპექტაკლი დადგა, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი პიესის „ჩატეხილი ხიდის“ დადგმა. ეს იყო ილიას პირველი დადგმა საბჭოთა სცენაზე, ვინაიდან მას აკრიტიკებდნენ საბჭოთა იდეოლოგები და „ლიბერალური არისტოკრატიის ლიდერს“ უწოდებდნენ. 

– ევროპასა და ამერიკაში მოღვაწეობის შემდეგ საბჭოთა საქართველოში დაბრუნებულმა ყუშიტაშვილმა როგორ შეძლო რეპრესიებისგან თავის დაღწევა?

– ვასო ყუშიტაშვილის ევროპული და ამერიკული ცხოვრება და მოღვაწეობა კომუნისტური მთავრობისთვის, თავისთავად, საეჭვო იყო; ამას ემატებოდა ისიც, რომ ის არასდროს ყოფილა კომუნისტური პარტიის წევრი.  საქმე ისაა, რომ დაბრუნების შემდეგ ვასო ყუშიტაშვილი სერიოზულად აკრიტიკებდა ევროპულ და ამერიკულ თეატრებს და ამბობდა, რომ ჭეშმარიტი ხელოვნების შეგრძნობა მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი. იმ სამყაროს კრიტიკა კი იყო ის, რაც საბჭოეთს სურდა, რათა კარგად წარმოეჩინა ამერიკისა და კაპიტალიზმის საშინელება და, ვფიქრობ, ყუშიტაშვილი სწორედ ამ ფაქტმა იხსნა აგენტის იარლიყისა და ცნობილი რეპრესიებისგან.

– როგორც ვიცი, ყუშიტაშვილი საქართველოს სხვადასხვა რაიონის თეატრებშიც მუშაობდა.

– მუშაობდა გორში, ბათუმში, ფოთში. ზუგდიდში მუშაობისას ასეთი შემთხვევა მოხდა: როდესაც იქიდან წამოსვლა დაუპირებია, თურმე, რაიკომის პირველი მდივანი – ჭითანავა არ უშვებდა. ვასოს უთქვამს, სპექტაკლს აღარ დავდგამ და მაშინ ხომ გამიშვებო, არაო – ყოფილა პასუხი, – თქვენ რომ მხოლოდ ზუგდიდის ქუჩებში იაროთ, ისიც დიდი ამბავიაო. ყუშიტაშვილი სოხუმის თეატრში მუშაობისას გარდაიცვალა. საინტერესო ფაქტია, რომ თავდაპირველად ის ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს, სავარაუდოდ იმიტომ, რომ მის პოლიტიკურ შეხედულებებში მთავრობა ბოლომდე არ იყო დარწმუნებული. მოგვიანებით, საქართველოში პარიზიდან თეატრი „ატელიე“ ჩამოვიდა გასრტროლზე და მათ უდიდესი პატივი მიაგეს ქართველ რეჟისორს. სასტუმროში მისვლამდე მთელი დასი სასაფლაოზე გავიდა და მუხლი მოიყარა მისი ხსოვნის წინაშე. ჩვენთან მხოლოდ ამის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ საფრანგეთში არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეატრი „ატელიე“ ვასო ყუშიტაშვილის დაარსებული ყოფილა. ამის შემდეგ კი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს. 

скачать dle 11.3