ფლორის სამყაროშიფლორის სამყაროში
კითხვა: ხშირად სჭირდება თუ არა კოლეუსს მორწყვა?
პასუხი: ამ ფოთლოვან მცენარეს სითბოში რეგულარული მორწყვა სჭირდება. ამიტომ, ხშირად უნდა შეამოწმოთ, მიწა ხომ არ გამოუშრა. სიგრილეში იშვიათად მორწყეთ. ეცადეთ, წყალი ზედმეტი არ მოუვიდეს. ორ კვირაში ერთხელ მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. წააჭერით ღეროების წვეროები, რათა გვერდითა ტოტები ამოუვიდეს და გაიბუჩქოს. ზაფხულში წაჭრილი რტო წყლით სავსე ჭიქაში მოათავსეთ და მალევე დააფესვიანეთ.
კითხვა: როგორი სინათლე და ტემპერატურა სჭირდება ბანანს?
პასუხი: მთელი წლის განმავლობაში კაშკაშა, გაბნეული შუქი არ მოაკლოთ. ნორმალური ტემპერატურა უნდა ჰქონდეს და მოხდენილ ფოთლოვან მცენარეს მიიღებთ. ზამთრობით მინიმალური ტემპერატურაა 10 გრადუსი. მისთვის საუკეთესო ადგილი კი, ზამთრის ბაღია.
კითხვა: მანდევილა ძალიან გაიზარდა, იქნებ მირჩიოთ, როგორ გავხადო კომპაქტური, რომ უფრო ლამაზი გახდეს?
პასუხი: მანდევილას მცოცავი ღერო აქვს, ამიტომ მთელი მშვენებით რომ გამოჩნდეს, ბადეზე ან მავთულზე ააყოლეთ. თუმცა, შეგიძლიათ, კომპაქტურადაც დატოვოთ ქოთანში. საამისოდ დაყვავილების შემდეგ გასხალით და ტოტები კარკასს შემოახვიეთ. მანდევილას რამდენიმე სახეობა არსებობს და ყველას მეტ-ნაკლებად ერთნაირი პირობები სჭირდება. „ლაქსას“, რომელიც კარგად იტანს სიცივეს, სურნელოვანი ყვავილები აქვს.
კითხვა: როგორ უნდა გავახარო და მოვუარო დეკემბერას?
პასუხი: მორწყეთ რბილი წყლით. დაყვავილებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში, ნაკლებად მორწყეთ, ხოლო შემდეგ – ისევ რეგულარულად. მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს, ოღონდ არა წყლით გაჟღენთილი. ზაფხულში 3-4 კვირაში ერთხელ მორწყეთ ნახშირმჟავა კალიუმიანი სასუქით. ცივ, ორპირ ქარსა და ზედმეტ ტენში კოკრები სცვივა. ფერადოვნებისთვის ჰიბრიდებს 15 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა სჭირდება. ზომიერ კლიმატში, ზაფხულში შეგიძლიათ, გარეთ გაიტანოთ, ოღონდ მზის გულზე ნუ დადგამთ. ჩარგეთ ფხვიერ, კარგი დრენაჟის მქონე, ნეიტრალურ ნიადაგში.
კითხვა: როგორ მოვუარო სუროს და რა პირობები შევუქმნა?
პასუხი: სურო კარგად გრძნობს თავს ნებისმიერ ოთახში, სადაც ცოტაოდენი სინათლეა. თუ დროგამოშვებით მორწყავთ, სათანადო პირობებს შეუქმნით და შესაბამისად მოუვლით, ჯანსაღ მცენარეს მიიღებთ. ამ მცენარის ჭრელ სახეობებს კაშკაშა სინათლე სჭირდება, სადა ფერის სურო კი, ჩრდილსაც აიტანს. სიცხეში სურო ფორმას იცვლის და უშნოვდება. ამიტომ, მთელი წლის განმავლობაში სიგრილეში ამყოფეთ. ზაფხულობით მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს. ნიადაგს ნურც ზამთარში გამოაშრობთ, თორემ სუროს ფოთლები დაეჭმუჭნება. ის იოლად გასაზრდელი მცენარეა. მისი დიდი უპირატესობა ის არის, რომ ჩრდილსაც იტანს და სიგრილესაც. კარგად ხარობს ჰოლშიც და ზამთრის ბაღშიც. მცენარე დაახლოებით 30 სანტიმეტრი იზრდება. ასე რომ, სურო სულაც არ არის პრეტენზიული მცენარე. თუ არ გაქვთ, აუცილებლად შეიძინეთ და გარწმუნებთ, მისი გახარება არ გაგიჭირდებათ.