რჩევები ავტომოყვარულებს
კითხვა: მოვდიოდი ყაზბეგის გამზირზე, კაფე „კანაპეს“ წინ. პარკინგის ადგილას ვიღაცის „ჯიპი“ იდგა, მაგრამ არა პარკინგის ტერიტორიაზე, არამედ გზის მიმართულებით, მესამე ზოლში გაჩერებული მანქანების უკან. „ჯიპს“ რომ მივუახლოვდი, მას უკუსვლის ნათურები აენთო. ამიტომ, უფრო თამამად დავიწყე მის წინ მანქანის გაჩერება. ჩავრთე ციმციმა და მის წინ გადავუხვიე. ამ დროს „ჯიპიც“ წინ დაიძრა ისე, რომ ციმციმა არ ჩაურთავს და შემეჯახა. შედეგად, საჭის მხარეს კარი შეიღუნა. ვისი ბრალი იყო ეს საგზაო შემთხვევა?
პასუხი: ნებისმიერ შემთხვევაში, ამ სიტუაციაში დამნაშავე „ჯიპია“. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ არასწორად იყო პარკირებული და მოძრაობის დაწყებისას ციმციმა არ ჩართო. მეორე – ის ისე დაიძრა, რომ არც უკანა ხედვის სარკეში გაუხედავს, არც ის უვარაუდია, რომ ვინმეს შეეძლო პარკირება, ან პირიქით, პარკინგიდან გამოსვლა. რაც შეეხება უკუსვლის შუქფარების ანთებას, რამაც უფრო მეტად დაგარწმუნათ, რომ ავტომობილი მხოლოდ უკან დაიძვრებოდა, თქვენი შეცდომაა. ორი აზრი არ არსებობს, რომ ის „ჯიპი“ სიჩქარეთა ავტომატური მართვის კოლოფით იყო აღჭურვილი. ანუ, მისი ფარები მხოლოდ წამიერად აინთო, რადგან იმისთვის, რომ ასეთი ავტომობილი წინ დაიძრას, სიჩქარის გადამრთველმა სახელურმა („რიჩაგმა“) უკუსვლის პოზიციაც უნდა გაიაროს მანამ, სანამ წინსვლის პოზიციაში აღმოჩნდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით და იმის გამოც, რომ ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ და ვმოძრაობთ, უფრო მეტი პრაქტიკა რომ გქონდეთ, ამ შემთხვევას თავიდან აიცილებდით. თქვენს ადგილას ამ სიტუაციაში „ჯიპს“ გვერდით ამოვუდგებოდი და თავის დაზღვევის მიზნით, სიგნალს დავაწვებოდი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავრწმუნდებოდი, რომ „ჯიპის“ მძღოლი ჩემი მანევრის მიზანს მიხვდა, ჩავუხვევდი და მანევრს დავასრულებდი. ამით თავიდან აიცილებდით პროფილაქტიკაში წანწალს, მიუხედავად იმისა, მართლა იყავით თუ არა მტყუანი. რიგ შემთხვევაში, ისე ხდება, მძოლები ხედავენ, რომ შეჯახება გარდაუვალია, მაგრამ ამბობენ, ჩემი გზააო და ავტომობილს არ აჩერებენ, ან არ ასრულებენ ისეთ მანევრს, რომლითაც საგზაო შემთხვევას თავიდან აიცილებენ. არადა, სულ უმნიშვნელო ასეთი შემთხვევაც კი, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს. ამ დროს დაზარალებულს ნამდვილად აღარ აინტერესებს, მართალი იყო თუ მტყუანი. შესაძლოა, დაზარალებული სწორედ ჩვენ ვიყოთ.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ფოლკსვაგენ-პასატი“. ზამთარში, როცა აცივდა, ავტომობილში ანტიფრიზი გამოვცვალე. ამის შემდეგ მანქანის ღუმელი მოიშალა და ხან ცივ ჰაერს უშვებს, ხან – ცხელს, ძრავა კი დიდხანს არ თბება, შემდეგ კი უცებ გადადის სიმხურვალისკენ. რისი ბრალი შეიძლება, იყოს ეს? იქნებ ცუდი ხარისხის ანტიფრიზი ჩამისხეს?
პასუხი: სავარაუდოდ, თქვენს ავტომობილში არასაკმარისი რაოდენობის ანტიფრიზია ჩასხმული. თუ ჩასხმისას მისმა დონემ ნორმას მიაღწია, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა, რომ მისთვის საკმარისია. ძრავის გარკვეულ დეტალებში შესაძლოა, ეგრეთ წოდებული, ვაკუუმი შეიქმნა, სადაც წყალი ვერ მოხვდა და ამან მოგვიანებით იჩინა თავი. შესაძლოა, იქ წყალი ჯერ კიდევ არ მოხვედრილა, რადგან ყველა ავტომობილისთვის ანტიფრიზის ჩასხმის განსხვავებული სპეციფიკა არსებობს. ანტიფრიზს რომ ასხამთ, რომელიღაც წერტილიდან ჰაერი უნდა გამოვიდეს. ამისთვის რომელიღაც მილი, ან სპეციალურად განკუთვნილი „ბოლტი“ უნდა მოხსნათ. ანტიფრიზის ჩასასხმელი სახურავი მოხადეთ, ავტომობილი დაქოქეთ, დაელოდეთ მის გარკვეულ დონემდე გათბობას და ანტიფრიზი მანამ ამატეთ, სანამ მისი დონე ნორმის ნიშნულს არ მიაღწევს. პარალელურად, ავტომობილის ხელსაწყოზე წყლის ტემპერატურის მაჩვენებელი ნორმაზე უნდა იდგეს. თუ ამ ყველაფრის შესრულებას დამოუკიდებლად ვერ შეძლებთ, უმჯობესია, ის სპეციალისტს მიუყვანოთ.