რატომ გაასამართლეს და დახვრიტეს შორეული ნაოსნობის თბილისელი კაპიტანი და ავიაინჟინერი
გასროლა
– ალიონა, შენ საძინებელი დაშმონე. მე კი ზალაში ვიჩალიჩებ, – უთხრა ნონამ თავის მეწყვილეს, რომელიც საძინებელში შევიდა.
ათიოდე წუთის შემდეგ საძინებლიდან ჯერ ყრუ, ტაშისმაგვარი, შემდეგ კი ადამიანის დაცემის ხმა გაისმა და ნონა რომ საძინებელში შევარდა, იატაკზე უსულოდ იწვა მისი „პაძელნიცა“. ალიონა მაკაროვას ყელიდან სისხლი სდიოდა. საძილე არტერიასთან კი ნატყვიარი აჩნდა. საწოლის მაღლა, სადაც სურათი ეკიდა, კედელში ჩამონტაჟებული სეიფი მოჩანდა. რკინის თაროზე იარაღი იყო მიმაგრებული და ქურდი გოგონა მიხვდა, რომ მისი მეწყვილე და განუყრელი მეგობარი იქიდან გამოსროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. ნონა მუხინამ ჯერ მეგობრის გონზე მოყვანა სცადა და როცა გაიაზრა, მკვდარი იყო, ისტერიული კივილი ატეხა. ხმაურზე მეზობლები შეიყარნენ. მილიცია გამოიძახეს და დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ნონა მუხინას დამშვიდება ვერ მოახერხეს.
ქურდი ქალის ნაამბობი
შემთხვევის ადგილზე მისულმა ორჯონიკიძის (ვაკე-საბურთალოს) რაიონის მილიციის ოპერჯგუფმა ტერიტორიის მოკვლევა დაიწყო. მუხინა რომ დამშვიდდა და ცრემლები შეიმშრალა, კაპიტანმა მერაბ გუნიამ მას ჰკითხა:
– გვითხარით თქვენი და გარდაცვლილის ვინაობა და აქ როგორ მოხვდით?
– ეგ ალიონა მაკაროვაა, მე კი – ნონა მუხინა. სოჭიდან ვართ, ქურდები. კლიენტთან ნდობაში შევდივართ, მათ ბინაში დროს ვატარებთ, ვცხოვრობთ იქ, პარალელურად კი, ატმიჩკებს ვაკეთებთ. როდესაც ბინის პატრონი სახლში არაა, მის სახლში შევდივართ და ვქურდავთ. ამ ბინის პატრონი შორეული ნაოსნობის კაპიტანია. პავლე ჰქვია. მე და ალიონამ ის ღამის ბარში გავიცანით ერთი კვირის წინ. გუშინ კი ნაოსნობაში გაემგზავრა. დღეს მის ბინაში შევედით და ასეთი უბედურება შეგვემთხვა, – უთხრა ქალმა გამომძიებელს.
შავი ბლოკნოტი
მერაბ გუნია რომ დაკითხვას ატარებდა, მასთან მისი ხელქვეითი, უმცროსი ლეიტენანტი, გივი შუბლაძე მივიდა, გვერდით გაიხმო და უთხრა:
– ამხანაგო კაპიტანო, ამ საქმეს სხვა სუნი უდის და მე მგონი, უშიშროების გამოძახებაა საჭირო.
– რატომ ფიქრობ ასე?
შუბლაძემ გუნია სეიფთან მიიყვანა და უთხრა:
– სეიფში აღმოჩნდა: ორი 5-5-კილოგრამიანი ოქროს ზოდი, ცხრა ათასი მანეთი, ექვსი ცალი მსხვილკარატიანი ბრილიანტი და თერთმეტი ათასი ამერიკული დოლარი. დოლარების გამოა „კაგებე“ გამოსაძახებელი, მაგრამ მთავარი ეს შავი ბლოკნოტია.
გუნიამ შავი ბლოკნოტი გადაშალა. შიგ დაშიფრული, ციფრებისგან შედგენილი ჩანაწერები იყო. იქვე იყო რამდენიმე გაუგებარი ნახაზი. კაპიტანმა ბლოკნოტი სეიფში შეინახა და შუბლაძეს უთხრა:
– შესაბამისი ოქმი გააფორმე. მე კი ჯერ „კაგებეს“ გამოვიძახებ, შემდეგ კი მეზობლებს გავაფრთხილებ, ენას კბილი დააჭირონ.
შორეული ნაოსნობის კაპიტანი
ბინის პატრონი, სადაც ქურდი დაიღუპა, 42 წლის შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ჯუმბერ ნიჟარაძე იყო. ის მარტოხელა უცოლშვილო კაცი იყო და მეზობლები დადებითად ახასიათებდნენ. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა „კაგებეს“ საგამოძიებო ჯგუფმა მთელი სახლი საგულდაგულოდ გაჩხრიკა და ნიჟარაძის საწერი მაგიდის უჯრაში რამდენიმე ავიანახაზი აღმოაჩინა. მაიორ კასრაძეს მოკვლევის შედეგები რომ მოახსენეს, უშიშროების გამოცდილმა გამომძიებელმა ხელქვეითებს უთხრა:
– როგორც ეტყობა, საქმე გვაქვს მსხვილ შპიონაჟთან. ახლავე ამოწიეთ ნიჟარაძის დოსიე არქივიდან. იმავდროულად კი, მასზე და მის საახლობლო-სანათესაო წრეზე დაწვრილებითი ინფორმაცია მოიპოვეთ. ამ შემთხვევის თვითმხილველებს კი, გაუთქმელობის ხელწერილები ჩამოართვით.
იმავე საღამოს „კაგებესთვის“ ცნობილი გახდა, რომ ჯუმბერ ნიჟარაძეს სუფთა, შეულახავი რეპუტაცია ჰქონდა და კეთილსაიმედოდ ითვლებოდა. საახლობლო-სანათესაო წრე, ფაქტობრივად, არ ჰყავდა და კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. შემოვლილი ჰქონდა თითქმის მთელი მსოფლიო და მცირე დარღვევაშიც კი არ იყო შემჩნეული.
– მდა, ძალიან გამოცდილ და ვერაგ მტერთან გვაქვს საქმე, – დაასკვნა მაიორმა კასრაძემ, როდესაც მოპოვებულ ინფორმაციებს გაეცნო.
ინჟინერი მარჩენკო
„კაგებე“ ნიჟარაძის საწერი მაგიდის უჯრაში აღმოჩენილი საიდუმლო ავიანახაზების კვალს მიჰყვა და ინჟინერ ვიტალი მარჩენკოზე გავიდა. 50 წლის მარჩენკო ავიაქარხნის საკონსტრუქტორო ბიუროში მუშაობდა. უშიშროებამ ის საკუთარ ბინაში აიყვანა. იქვე დაკითხეს და მარჩენკომ აღიარებითი ჩვენება მისცა კასრაძეს:
– ჯუმბერ ნიჟარაძე ნამდვილი მონსტრია და ჩემზე კარგად მას არავინ იცნობს. ჩვენ ძველი მეზობლები ვართ. ის ჯერ კიდევ ბავშვი მახსოვს და მხოლოდ მე ვხვდებოდი, თუ რა ჩუმჩუმელა და გველი იყო. შემდეგ მან ბინა მიიღო და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა. ხუთი წლის წინ კი, ერთ მშვენიერ დღეს, სახლში მეწვია. უცერემონიოდ შემომეჭრა ბინაში. სურათები დამიყარა მაგიდაზე და ჯაშუშობა შემომთავაზა. სურათებზე მე და ორი მეძავი ვიყავით გადაღებული. ექვსი წლის წინ ბულგარეთში, ოქროს ქვიშებზე ვისვენებდი და მეძავებთან მაშინ გავერთე. თავდაპირველად, უარი ვუთხარი. ის კი „კაგებეთი“ მაშინებდა და ისეთი ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინა ჩემზე, თანამშრომლობაზე დამითანხმა. უკვე ხუთი წელია, რაც მას საიდუმლო ნახაზების ასლებს ვაწვდი. ის კი თითოეულში ორას ამერიკულ დოლარს მიხდის.
– ძალიან იაფად ღალატობდით სამშობლოს. თუმცა, ღალატს ერთი ფასი აქვს. არ გაშინებთ, მაგრამ ღალატისთვის დიდი საფასურის გადახდა მოგიწევთ, – ზიზღით უთხრა მაიორმა მარჩენკოს და მოღალატე ინჟინერს ხელბორკილები დაადეს.
მოტაცება საუტჰემპტონში
სანამ „კაგებე“ შპიონაჟის კვალს მისდევდა, ნიჟარაძის ტანკერი ბრიტანეთის პორტ საუტჰემპტონში შევიდა და ღუზა ჩაუშვა. საბჭოთა დაზვერვის ბრიტანულ რეზიდენტურას ჯაშუშის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მისი დაკავებისა და ექსტრადირების ბრძანება გასცეს. საბჭოთა აგენტ-არალეგალებმა ნიჟარაძის ტანკერზე დაკავება ვერ მოასწრეს და მოღალატე კაპიტანს კუდზე დაასხდნენ, რომელიც მეკავშირესთან შესახვედრად წავიდა ერთ-ერთ ადგილობრივ პაბში. დრო არ ითმენდა. საბჭოთა აგენტებისთვის ნათელი გახდა, რომ ნიჟარაძე მეკავშირეს საიდუმლო დოკუმენტებს გადასცემდა. ეს რომ არ მომხდარიყო, საბჭოთა არალეგალებმა ერთი პატარა შოუ დადგეს. პაბში ხელჩართული ჩხუბი ატეხეს და მთელი ლუდხანა ჩაითრიეს. ამასობაში კი ორმა საბჭოთა აგენტმა ნიჟარაძე თავის დოკუმენტებიანად გაიტაცა და კონსპირაციულ ბინაში წაიყვანეს. ორი დღის შემდეგ კი მოსკოვში ჩაიყვანეს და ლუბიანკაზე გამოამწყვდიეს.
ორთვიანმა გამოძიებამ ჯუმბერ ნიჟარაძესა და ვიტალი მარჩენკოს, აგრეთვე, კიდევ ექვს ადამიანს ჯაშუშობა დაუმტკიცა. ნიჟარაძე და მარჩენკო დახვრიტეს. დანარჩენ ბრალდებულებს კი 15-15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და მკაცრი რეჟიმის ციხეებში გამოამწყვდიეს.