რომელი ტომი იყენებდა თანატომელ მოხუცებს საჭმელად
რკინის საუკუნის დასაწყისიდან აღმოსავლეთ ევროპის სტეპებში ჩნდება ახალი ხალხი, რომელიც სულ უფრო მეტ ტერიტორიებს იპყრობს დასავლეთისკენ. ბერძენ ავტორთა მეტყველებაში მათზე დამკვიდრდა სახელწოდება „სკვითები“. სკვითების რიტუალების შესახებ ჩვენთვის უკვე ბევრი რამაა ცნობილი. მათზე წერდა გამოჩენილი ბერძენი ისტორიკოსი და მოგზაური ჰეროდოტეც. ჰეროდოტეს მიხედვით, მასაგეტები მსხვერპლად სწირავდნენ და ჭამდნენ თავიანთი ტომის მოხუცებს:
„ადამიანის სიცოცხლის ზღვარს ისინი არ ადგენენ. მაგრამ, თუ მათთან ვინმე ღრმა მოხუცებულობას აღწევს, მთელი მისი ნათესაობა იყრის თავს, მოხუცებულს კლავენ, მის ხორცს სხვა სამსხვერპლო ცხოველების ხორცთან ერთად ხარშავენ და შემდეგ შეექცევიან. ასეთი სიკვდილი მათთვის უდიდესი ნეტარებაა. რაიმე სენისგან გარდაცვლილს ისინი არ ჭამენ... მარხავენ. ამასთანავე, ასეთი შემთხვევა უბედურებად ითვლება, როცა მისი ასაკის მიხედვით, მიცვალებულის (გარდაცვალებამდე) მსხვერპლად შეწირვა შეუძლებელია.”
სკვითების წეს-ჩვეულებებს ჰეროდოტე დაწვრილებით აღწერს. ისტორიკოსი სკვითთა ღმერთს ბერძენთა ომის ღმერთის სახელით – არესით მოიხსენიებს, რაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ბერძნებს უყვარდათ უცხო მხარისა და არასრულად გასაგები ღმერთების გაიგივება თავიანთ კარგად ცნობილ ღმერთებთან.
„არესს შემდეგნაირად სწირავენ მსხვერპლს: სკვითთა მთელ არემარეში ასეთი ტაძრებია აღმართული არესის სახელზე – ფიჩხის მთები ერთმანეთზეა დაზვინული მთელ სივრცეზე, თითქმის სამი სტადიის (დაახლოებით 500 მეტრი) სიგრძე-სიგანით, ხოლო გროვების სიმაღლე ბევრად ნაკლებია. ზემოთ მოწყობილია ოთხკუთხა მოედანი, რომლის სამი მხარე შვეულია, ხოლო მეოთხეს აქვს მისადგომი. უამინდობის გამო ნაგებობა გამუდმებით ჯდება და ამიტომ აუცილებელი ხდება ყოველწლიურად, 50-მდე ურემი ფიჩხის დამატება. თითოეულ ასეთ გორაკზე აღმართულია ძველებური რკინის მახვილი – ეს არის სწორედ არესის კერპი, რომელსაც ცხენებსა და რქოსან პირუტყვს სწირავენ, თანაც უფრო მეტს, ვიდრე სხვა ღმერთებს. ყოველი ასი ტყვიდან ერთს გამოყოფენ მსხვერპლშეწირვისთვის, მაგრამ, არა იმ წესით, როგორითაც პირუტყვს სწირავენ, არამედ სულ სხვანაირად – ტყვეებს თავზე აპკურებენ ღვინოს, რის შემდეგაც მსხვერპლი იკვლება ჭურჭელზე (სისხლის შესაგროვებლად); შეგროვებული სისხლი ფიჩხის გროვის თავზე მიაქვთ და მახვილს ასხურებენ. ქვემოთ, ტაძართან სხვა, შემდეგი სახის წეს-ჩვეულება აღესრულება: დაკლულ მსხვერპლს აჭრიან მარჯვენა მხარს ხელებთან ერთად და ჰაერში ისვრიან; შემდეგ, სხვა ცხოველების დაკვლას რომ მორჩებიან, რიტუალი მთავრდება. ხელი არ რჩება იმ ადგილზე, სადაც დაეცა, ხოლო მსხვერპლის სხეული ცალკე „განისვენებს“.
სკვითების საბრძოლო წეს-ჩვეულებები შემდეგი სახისაა: როდესაც სკვითი პირველ მტერს კლავს, ის მის სისხლს სვამს. ბრძოლაში მოკლული ყველა მტრის თავი სკვით მეომარს მეფესთან მიაქვს. მხოლოდ თავის მიმტანს ეძლევა ნადავლიდან წილი, ხოლო სხვები – წილის გარეშე რჩებიან.
მტრის თავის ქალებსაც სათანადოდ იყენებდნენ, როგორც რიტუალურ საშუალებას – სკვითები მათზე მოქნილი ტყავის გარშემოკვრით სანადიმო თასებს აკეთებდნენ. ვისაც საშუალება ჰქონდა, თასს შიგნიდან ოქროს ავლებდა. „წელიწადში ერთხელ, – წერს ჰეროდოტე, – თითოეული მმართველი თავის სანახებში ამზადებს ღვინის შესასმელ ჭურჭელს. ამ ჭურჭლიდან მხოლოდ ისინი სვამენ, ვისაც მტერი ჰყავს მოკლული. ვისაც ჯერ არ მისცემია საშუალება, მტერი მოეკლა, არ შეუძლია ამ ჭურჭლით ღვინის დალევა. ასეთები განცალკევებით უნდა ისხდნენ, როგორც შერცხვენილები.”
განსაკუთრებულად საინტერესოა ჰეროდოტეს ცნობა სკვითების მიერ თავიანთი ნათესავების რიტუალური მკვლელობის შესახებ, სასამართლო პაექრობის დროს, „როდესაც მეფის სასამართლოს წინაშე ერთი მოიპოვებს უპირატესობას მეორეზე“. ნათესავების თავის ქალებისგანაც აკეთებდნენ თასებს: „პატივსაცემი ადამიანების სტუმრობისას მასპინძელ სკვითს გამოაქვს ასეთი თასები და აცხადებს, რომ ეს სასმისები მისი ნათესავების თავის ქალებია და ახსენებს სტუმრებს, რომ ეს ნათესავები იყვნენ მისი მტრები. ეს ქცევა სკვითებში სახელოვან ქმედებად ითვლება“.
საინტერესოა, რომ რიტუალური მკვლელობათა მსხვერპლნი შესაძლოა გამხდარიყვნენ ასევე გვამები. სკვითებსა და მათ გარემომცველ ხალხებს უცილობლად სწამდათ იმქვეყნიური არსებობის და იმისაც, რომ მიცვალებულებს ძალუძდათ ცოცხალთა საქმეებში ჩარევა. მძარცველები დასაკრძალავ კამერაში შეღწევისას ცდილობდნენ დამარხული გვამების „გაუვნებლებას“. ასე მაგალითად, სახელგანთქმულ პაზირიკების ერთ-ერთ ყორღანში, ალტაიში, ორივე მიცვალებულს ტანსაცმელი ჰქონდა შემოხეული და თავი მოკვეთილი; ქალებს კი – ტერფები, წვივები და მარჯვენა ხელის მტევანი; დამტვრეული ჰქონდათ თითები... ცენტრალურ ტუვაში, სკვითთა ყორღანში არქეოლოგები მთლად გასაოცარ სურათს წააწყდნენ: იქ შეღწეულ ადამიანებს ხელი არ ჰქონდათ ნახლები ოქროსთვის (ყოველ შემთხვევაში, ნაწილი ოქროსი შემორჩენილი იყო), მაგრამ, წაღებული იყო იარაღი. მიცვალებულებს კი დაჩეხილი ჰქონდათ ჩონჩხი. ალბათ, გვამების რიტუალური „მკვლელობა“ მათთვის ბევრად უფრო ღირებული იყო, ვიდრე თვით ძარცვა.