ჭეშმარიტი სარწმუნოება
თავმდაბალ ადამიანს უფალი აამაღლებს
ერთმა მონაზონმა, რომელიც ერთ-ერთი ძმისგან შეურაცხყოფილად მიიჩნევდა თავს, ამბა სისოი თებაიდელს მიმართა და გაანდო, რომ, სურდა, შური ეძია თავის შეურაცხმყოფელზე. ამბა სისოი ბევრს ეცადა, გადაერწმუნებინა იგი, ხელი აეღო ბოროტ განზრახვაზე, მაგრამ, უშედეგოდ და მონაზონს უთხრა:
– მოდი, ძმაო, ერთად ვილოცოთ უფლის მიმართ, – და დაიწყო ლოცვა:
– უფალო, აღარ ვართ შენს იმედზე, რადგან, გადავწყვიტეთ, საკუთარ თავზე თავადვე ვიზრუნოთ და შური ვიძიოთ ჩვენს შეურაცხმყოფელზე.
ამ სიტყვებმა ცრემლები მოჰგვარა მონაზონს, მიხვდა, რომ სცოდავდა და ღირსი სისოის წინაშე ტირილით დაემხო მუხლებზე:
– ვპატიობ, მამაო, ჩემს ძმას ყველაფერს, რაც ჩემ მიმართ ჩაუდენია.
ბერმა ამ სიტყვებით დამოძღვრა მონაზონი:
– ირწმუნე, ძმაო, რომ, ვინც უდრტვინველად მოითმენს ყოველგვარ დამცირებას, მას აღამაღლებს უფალი, ხოლო მშფოთვარე ადამიანი თავისი მრისხანებით აქარწყლებს ყოველგვარ სიკეთეს და ეშმაკის მონა ხდება.
მრუშობის დემონს ისე არაფერი სძულს, როგორც მისი საქმეების გაცხადება
ერთ ბერს ხორციელი გულისთქმები აშფოთებდა. ღამით წამოდგა, მივიდა ხუცესთან და თავისი გულისნადები გაუმხილა. ხუცესმა დაამშვიდა იგი, შემდეგ კი სენაკში დაბრუნდა, მაგრამ ხორციელი ჟინი კვლავ გაუძლიერდა. მან ისევ ხუცესს მიაკითხა. ასე მრავალჯერ განმეორდა. ხუცესი სასოწარკვეთილებაში არ აგდებდა მას და ყოველთვის სულისთვის მარგებელ რჩევას აძლევდა: „ნუ დაუთმობ ბოროტს. უმჯობესია, ჩემთან მოხვიდე. თუ დემონი შეგაწუხებს, ამხილე ის (ანუ გამიმხილე შენი გულისთქმები). ამგვარად მხილებული, ის გვერდს აგივლის. ვინაიდან ისე არაფერი ეჯავრება მრუშობის დემონს, როგორც მისი საქმეების გაცხადება, და ისე არაფერი ახარებს მას, როგორც გულისთქმათა დაფარვა“.
***
ერთხელ ერთი ხუცესის მოწაფე ხორციელმა გულისთქმებმა შეაწუხა. ხუცესმა ესოდენ ტანჯული რომ იხილა, შესთავაზა: გინდა, ვილოცო უფლისადმი, რომ ბრძოლა შეგიმსუბუქოს? არა, – უპასუხა მოწაფემ, – ვინაიდან თუმც ვიტანჯები, თავად ტანჯვაში კეთილ ნაყოფს ვპოვებ. ამიტომ უმჯობესია, უფალს ვთხოვო, რომ მომანიჭოს მოთმინება და დავითმინო ცდუნება. ამბამ უპასუხა: ახლა მივხვდი, რომ სულიერად შენ ჩემზე აღმატებული ხარ.