რაზე დაემუქრა რძალს გია სურამელაშვილი და რატომ გაუსკდა მას კინაღამ გული
გია სურამელაშვილი ეკრანზე, პრესაში თუ ქუჩაში გამოჩენისთანავე ყველას ყურადღებას იპყრობს. ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას აღიზიანებს, ვიღაც მისი თავგადაკლული თაყვანისმცემელია – არადა ამას მნიშვნელობა არ აქვს, ის მაინც ყველას ყურადღების ობიექტია; შესაბამისად, მასზე აინტერესებთ ყველაფერი: მისი ყოფილი ცოლი ვინ არის, შვილი, რძალი, მაგრამ მათ საზოგადოებაში გამოჩენა არ უყვართ. თუმცა, ჩვენ მაინც მოვახერხეთ, მის რძალს, სოფო სურამელაშვილს შევხვედროდით და მისგან გაგვეგო, როგორია გია ყოფით ცხოვრებაში, რა პლუსები, მინუსები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ გია თავადაც გულახდილია ყოველთვის, ალბათ, მაინც არის ისეთი წვრილმანები, რაც ჩემსავით არანორმალურ ცნობისმოყვარეებს უნდათ, რომ გაიგონ. მოკლედ, გიამბობთ, როგორია რძლის თვალით დანახული გია სურამელაშვილი.
– სოფო, როგორც ვიცი, გიას ერთ-ერთი თაყვანისმცემელი იყავი. მოგვიყევი, როგორ გახდა შენი მამამთილი?
– გია მანამდე გავიცანი, სანამ გავიცნობდი ნუგას, მისი სერიოზული თაყვანისმცემელი ვიყავი და არ ვტოვებდი მის არცერთ კონცერტს. შესაბამისად, ნუგა რომ გავიცანი, უკვე ვიცოდი, ვისი შვილიც იყო.
– ანუ?
– ერთმანეთი სოციალური ქსელის საშუალებით გავიცანით. მაშინ ,,ოდნოკლასნიკები” იყო მოდაში. ჩემი და გიას ფოტოები დავდე, შემთხვვეით ნუგამ ნახა და მომწერა – ვინ ხარ და რა გინდაო. ძალიან იეჭვიანა მამაზე. მერე შევყევით საუბარს, როგორც ხდება ხოლმე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მთხოვდა შეხვედრას, მაგრამ, არ ვხვდებოდი. ბოლოს შევხვდით. სამი წელი ვიყავით შეყვარებულები, მერე შევქმენით ოჯახი. გიას თავიდანვე ვუთხარი ჩვენს ურთიერთობაზე და ძალიან გაუხარდა. მახსოვს მისი სიტყვები: თუ ჩემი შვილის გვერდით ვინმე იქნება, მინდა, ეს შენ იყოო.
– ის ფაქტი, რომ გია შენი მამამთილი გახდა ალბათ, ძალიან გეამაყებოდა. დღესაც ასეა?
– რა თქმა უნდა, მეამაყება. მთელ საქართველოს უყვარს. დავრწმუნდი, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ვერასდროს წარმოვიდგენდი, გია ჩემი მამამთილი თუ გახდებოდა, მაგრამ, გახდა.
– გიას რთული ხასიათი აქვს, თვითონაც უთქვამს ეს. შენთან ურთიერთობაში თუ გამოხატავს?
– ჩემთან გია ძალიან საყვარელია. ზოგადად, რთული ხასიათი რომ აქვს, ამას თვითონაც ამბობს, მაგრამ, ჩვენს ურთიერთობაში ეს არ გამოიხატება. ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ. ჩემი მამიკოა და რატომ უნდა გამოხატოს?
– მიუხედავად ამისა, ალბათ, არის რაღაც, რაც არ მოგწონს, მაგალითად, მისი ქცევის, ჩაცმის მანერა; ან, სამკაულების ის რაოდენობა, რასაც ის ატარებს ყოველდღიურად; საკუთარ თავზე საოცარი ზრუნვა, ხასიათის დიდი ცვალებადობა...
– გია ბუნებით ძალიან ეჭვიანი და მესაკუთრეა და, სხვათა შორის, მეც ასეთი ვარ. გიაზეც მიეჭვიანია და მეგობარზეც – ეს ნაკლი ნამდვილად ორივეს გვაქვს, მაგრამ, ის ისეთი მიყვარდა ყოველთვის, როგორიც იყო და, შესაბამისად, მისი ყველაფერი მომწონს. რაც შეეხება სამკაულს, გიას აქვს თავისი საყვარელი სამკაულები – დედის ნაჩუქარი, რომელიც მართლა ძალიან ლამაზია და, სულ ვამბობ, რომ ისინი უნდა ეკეთოს.
– ძალიან მაინტერესებს, როგორია ყოფით ცხოვრებაში. შეუძლია, სახლში რამე გააკეთოს?
– გია არაჩვეულებრივ საცივს ამზადებს, სასწაული ხელი აქვს. ხშირად გაუკეთებია თავისი ხელით და მოუტანია. სულ ცდილობს, რაღაცით გასიამოვნოს და ამით აბედნიერებს გარშემო ყველას. რა ეთაკილება, ნამდვილად არ ვიცი. რა თქმა უნდა, კაცია და სახლში ქალის საქმეს არ გააკეთებს – ეს ყველა კაცს ეთაკილება, მგონი. ისე, ძალიან თანამედროვე ადამიანია. ვარსკვლავური ცხოვრება ნამდვილად იგრძნობა: მძღოლი, დაცვა, დამხმარეები – ესაა მისი ყოველდღიური ცხოვრება.
– ნუგასა და გიას შორის რა მსგავსებას ხედავ?
– ნუგა გარეგნობით ჰგავს ძალიან. გია ამ ასაკში ზუსტად ნუგა იყო, სასწაული მსგავსებაა, ფოტოებს რომ ვუყურებ. ხასიათით ნუგა ძალიან მარტივი ადამიანია ოჯახში. ის არა მხოლოდ ქმარი, ჩემი საუკეთესო მეგობარიცაა. ეჭვიანი არაა, ჩვენგან განსხვავებით და მასაც გადასარევი ხელი აქვს, მაგრამ, არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, ჟურნალისტებთან ურთიერთობა და ემალება კამერებს.
– ერთად არ ცხოვრობთ. ასე თქვენ გინდოდათ თუ გიას?
– დიახ, ჩვენ ცალკე ვცხოვრობთ. გიას ძალიან რთული რეჟიმი აქვს. როცა სახლშია, თავისთავად, სიმშვიდე უნდა და, ჩვენი შვილების გადამკიდე, რა სიმშვიდეზეა ლაპარაკი. ამიტომაც ვართ ცალ-ცალკე. ისე, გია სულ გასტროლებზეა, მუდმივად სახლში ვერ იქნება.
– გიასთან ყველა თემაზე შეგიძლია ილაპარაკო თავისუფლად? ერთმანეთთან თუ საუბრობთ პირადზე?
– ჩემი ქმარი ჩემთვის ყველაფერია თუმცა, არის რაღაც, რაც გიასთვის მითქვამს და ნუგასთვის არა. გიასთან პირადზეც მილაპარაკია და ყოველთვის ჩემს მხარესაა, რაც არ უნდა მოხდეს, მაგრამ, მაქვს ისეთი თემა, რაზეც საერთოდ არ ვლაპარაკობ, ან – ძალიან მსუბუქად, თორემ, შეიძლება ამის გამო უკონტროლო გახდეს.
– გიაზე თუ გაგიგია რამე ისეთი ჭორი, რაც მასთან არ გიხსენებია?
– არაერთხელ გავრცელდა ხმა, გია სურამელაშვილი ავტოავარიაში დაიღუპაო, ამ დროს კი, მამიკო სახლშია და სძინავს. სხვა ისეთი არაფერი. ეს უგულო, ბოროტი ადამიანების გავრცელებული სისულელეა. არ მესმის, რატომ უნდა გინდოდეს ადამიანის სიკვდილი? ნუგა ლამის ჭკუიდან გადავიდა, ისე იმოქმედა. საშინლად რეაგირებს ასეთ ჭორებზე.
– ჭორებში ვიგულისხმე ძალიან მძაფრი ჭორი, მაგალითად, მის ორიენტაციასთან დაკავშირებით...
– კი, რა თქმა უნდა, გამიგია. თავიდან ვღიზიანდებოდი, ახლა აღარ, რადგან, გიასაც აღარ ადარდებს, რას იტყვის მასზე ხალხის გარკვეული კატეგორია, რომლის საქმეც მხოლოდ ვიღაცის ცხოვრების გამოგონებაა და ამით არის დაკავებული.
– საქართველოში არავინ ვიცი, ისე უვლიდეს თავს, როგორც გია – ის ყოველთვის ფორმაშია. ჩვენთან მამაკაცებს, რატომღაც, ჰგონიათ, რომ ასე არ უნდა იყოს და ეს მათი სასაცილო თემაა. შენ თუ მიგიქცევია ყურადრება მისი ფორმებისთვის – მოიმატებს თუ დაიკლებს?
– ლიკუნა რომ გაჩნდა, ერთ თვეში ჩავდექი ფორმაში. თუ გაპატიოო – მეხუმრებოდა, რადგან, მაგ დროს თვითონაც მომატებული იყო წონაში და დაკლება უნდოდა. მერე ისე გახდა, გული მისკდებოდა და ვეხვეწებოდი, ჭამე-მეთქი. ვცდილობდი, რაც უყვარს, ის კერძი მომემზადებინა.
– და, რა უყვარს?
– შემწვარი ქათამი მაიონეზში.