როგორ შექმნა მადონა ხარატიშვილმა ფეხსაცმელები „ლომებისთვის“ და რატომ მოარგო მან თინათინ მაღალაშვილს მამაკაცის ფეხსაცმელი
8 მარტს დიზაინერებმა თინათინ მაღალაშვილმა და მადონა ხარატიშვილმა ვარშავაში ჩვენება გამართეს, სადაც მათ საკუთარი კოლექციით „წარადგინეს” კავკასიელი ქალის იმიჯი – აქტიური, საქმიანი და წარმატებული. ჩვენება ქართველი დიზაინერებისთვის წარმატებული გამოდგა და მეგობრებმა ვარშავაში საინტერესო დღეები გაატარეს. თბილისში კი ბევრი შეკვეთით და ახალი იდეებით დაბრუნდნენ. ამის შესახებ ისინი დღეს თავად საუბრობენ ჩვენთან.
თინათინ მაღალაშვილი: ჩვენება პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, რომელშიც ევროპაში ცნობილი მოდელები იღებდნენ მონაწილეობას ორგანიზაცია GAR&EM-მა მოაწყო. ამ ორგანიზაციის მიზანია, ევროპულ აუდიტორიას გააცნოს კავკასიური კულტურა, გაიმართოს ქართულ-სომხური ივენთები. შესაბამისად, ჩემს პირველ კოლექციას, რომელიც წარმოდგენილი იყო ამ ჩვენებაზე დავარქვი „კავკასიის მარგალიტი”. ვარშავაში მიწვეულები ვიყავით მე, მადონა, ნინი ბადურაშვილი და ანრი ჯოხაძე. თუმცა, ანრიმ გარკვეული მიზეზების გამო, წამოსვლა ვერ შეძლო. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ქალებზე ძალადობა ძალიან გახშირდა. დიზაინერებმა სხვა რა გზით უნდა გამოვხატოთ სოლიდარობა უფლებაშელახული ქალების მიმართ, თუ არა ჩვენი შემოქმედებით. ამიტომაც წარმოვადგინე ამ ჩვენებაზე აქტიური, რეალიზებული იმიჯის მქონე ქალის სამოსი. ჩვენს კოლექციებს ვარშავაში ძალიან დიდი და კარგი გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენება მოეწყო კლუბ „ბანკში”, რომელიც ვარშავაში ყველაზე პრესტიჟულია. ჩვენებაზე გამოვიდა ცნობილი ჩეხი მოდელი დომენიკა სინკოვა. ბელორუსიიდან იყო ჩამოსული ქსენია გოლდი, რომელიც მოდის ინდუსტრიაში ძალიან წარმატებული ადამიანია. ისინი ივნისში ჩამოვლენ თბილისში. ჩვენება დახურა ნინი ბადურაშვილმა, საკმაოდ კარგი საღამო გამოვიდა. საოცარი გამოხმაურება მოჰყვა იქაურ პრესაში. ჩამოვიტანეთ ბევრი შეკვეთა და ბევრი ახალი იდეა, საბოლოოდ, გადაწყდა ჩვენების გამართვა პრაღაში. ჩვენი ახლო მეგობარია ალექს ვერნიკი, რომელსაც პრაღაში დიდი ჩვენებები აქვს დადგმული. ტელეშოუს პროდიუსერია და დიდი ხანია გვთხოვს, პრაღაში შოუ-რუმის გაკეთებას. ხშირად, კოლექცია ჩვენების მერე უცბადვე იყიდება. ახლაც, ეს კოლექცია თბილისში თითქმის ვეღარ ჩამოვიტანე. თავს რომ დაესხნენ, ნახევარზე მეტი გაიყიდა (იცინის).
მადონა ხარატიშვილი: ამ ჩვენებით ძალიან კმაყოფილი ვარ. კარგი გამოხმაურებაც მივიღეთ – პრესაში დაიწერა, რომ ქართველი დიზაინერები ძალიან კრეატიულები არიან და უყვართ სამშობლო. საკმაოდ სოლიდური, ორსაათიანი პროგრამით გამოვედით. ჩვენ კიდევ ერთხელ განვაცხადეთ, რომ ქართველი ქალი არაა დაჩაგრული და ის რეალიზებული და შემდგარია. გვაქვს შემოთავაზება კვიპროსიდან, სადაც მაღაზიათა ქსელს სურს ზაფხულის ფეხსაცმლისა და პარეოების შეტანა. ვფიქრობ, საინტერესო თანამშრომლობა გამოგვივა.
– როდის და სად გადაიკვეთა თქვენი გზები?
– ეს მოხდა ჩვენი პროფესიის წყალობით. რვა თვის ორსული ვიყავი, როცა თიკო გავიცანი. ძალიან აზარტული, აქტიური ადამიანია. უყვარს თავისი საქმე და სულ ცდილობს, უფრო მეტი რეალიზება მოახდინოს პროფესიაში. მისი ეს თვისება ძალიან მომწონს.
თინათინი: 12 წელია, ამ სფეროში ვმოღვაწეობ, უამრავ ადამიანთან მქონდა საქმიანი, პროფესიული შეხება. თუმცა, მადონა მაინც განსაკუთრებით კომფორტული პარტნიორია. ჩვენი გზები გადაიკვეთა მაშინ, როცა „თბილისი-მარიოტში” გრანდიოზული ჩვენებისთვის ვემზადებოდი. ჩვენი პირველი თანამშრომლობა წარმატებული იყო. მას შემდეგ ჩვენი გზები აღარ გაყრილა. ხუთი ჩვენება გავმართეთ ერთად – ორი ძალიან წარმატებული ჩვენება ბელორუსიაში, ორი თბილისში და ერთი – ვარშავაში. თუმცა, მომავალშიც ვაპირებთ აქტიურ თანამშრომლობას. უახლოეს თვეებში გვინდა მაღაზიის გახსნა ვარშავაში.
– ერთმანეთს პროფესიულ „საიდუმლო ხრიკებს” ანდობთ? თინათინ, იცით, როგორ იკერება მადონას ფეხსაცმელი, ან მადონა თუ ერკვევა ტანსაცმლის ტენდენციებში?
– არასდროს მოვკიდებ ხელს იმ საქმეს, რაც არ ვიცი. ფეხსაცმელი ჩემთვის უცხო სამყაროა, ტანსაცმელში გაქვს შესაძლებლობა, მთელი შენი ფანტაზია, კრეატივი ჩააქსოვო, გააკეთო ისეთი რაღაც, რაც ვიღაცისთვის წარმოუდგენელია. ფეხსაცმლის შექმნისას კი ეს რთულია – ასე თამამად ვერ გაშლი ფრთებს, ან რატომ უნდა შევქმნა მე ფეხსაცმელი, როცა გვერდით მყავს მადონა?! (იცინის)
მადონა: მე აბრეშუმსა და ატლასსაც კი ვერ ვარჩევ ერთმანეთისგან, იმდენად ვერ ვერკვევი ქსოვილებში, ტანსაცმელში. ერთხელ ერთმა დიზაინერმა კაბა შემიკერა, თინამ აღმოაჩინა, რომ ქსოვილი არც ისეთი მაგარი იყო, როგორც მე წარმომედგინა. უფრო მეტიც, სასარჩულე გამოეყენებინა. ასე შევცდი, ამიტომაც ვფიქრობ, რომ პური მეპურემ უნდა გამოაცხოს.
– მადონა, როგორც ვიცი თქვენი კოლექცია, რომელიც ვარშავაში წარადგინეთ, შექმნილი იყო ჰოროსკოპის ნიშნების მიხედვით. ვიცი ისიც, რომ ახალი ზოდიაქო აღმოაჩინეთ. იცის ამის შესახებ მიშა ცაგარელმა?
– არ ვიცი, ბატონ მიშასთან ამ თემაზე არ მისაუბრია. თუმცა, დიდი ხანია, არის ლაპარაკი, რომ არსებობს ზოდიაქოს მეცამეტე ნიშანი – გველმჭერი. მე ვცადე ამ ზოდიაქოს შესახებ ინფორმაციის მოპოვება, რაც საკმაოდ მწირია. თუმცა, ამ ზოდიაქოს არსებობას ბევრი სპეციალისტი აღიარებს. ნაწილი ზოდიაქოს ნიშნებზე გახლდათ აგებული, ნაწილი კი ჩვეულებრივი მოდელები იყო.
– ყველაზე მეტი მოწონება ზოდიაქოს რომელმა ნიშანმა დაიმსახურა?
– ვარშავაში ყველაზე აქტუალური იყო ჩემი ფეხსაცმელი ლომის ზოდიაქოს ნიშნით. მართლაც რომ ლომის შესაფერისი გამოვიდა. რომ შეხედავდით, ლომი იყო (იცინის).
– თქვენ არ მუშაობთ მამაკაცის ფეხსაცმელზე?
– როგორ არა. ჩემი ოჯახის მამაკაცებსა და ჩემს მეგობრებს ხშირად აცვიათ ჩემი შეკერილი ფეხსაცმელი.
თინათინი: არა მხოლოდ მამაკაცებს, ერთხელ მეც ჩამაცვა მამაკაცის 44 ზომა ფეხსაცმელი. ისეთი დაღლილი ვიყავი, ჩემი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება აღარ შემეძლო. მამაკაცის ფეხსაცმელი მოვირგე და ისე კომფორტულად ვიგრძენი თავი, ლამის ქუჩაშიც იმ ფეხსაცმლით ვიარე.
– საქმიანობის მიღმა, ალბათ, კარგი მეგობრები ხართ?
– ჩვენ ძალიან კომფორტული, თბილი და ახლო ურთიერთობა გვაქვს.
მადონა: მე და თიკო მზად ვართ, სამოთხეში ერთად მოვაწყოთ ჩვენება. ამაზე ვარშავაში კარგად ვიხალისეთ. შოპინგის მერე ლუდის დალევა გადავწყვიტეთ, არადა, არც ერთი არ ვსვამთ ლუდს. ცოტა ზედმეტი მოგვივიდა და კარგად გავხალისდით. ვსაუბრობდით ათას რამეზე, სიკეთეზე, რომლის გაკეთებასაც ორივე, შეძლებისდაგვარად, ვცდილობთ. თიკომ თქვა: მოდი, ისე გვეცხოვროს, სამოთხეში პატარა, ფეხზე დასადგომი ადგილი მაინც გვერგოსო. მე ვუთხარი: თინათინ, იმდენ კარგ საქმეს აკეთებ, ეგ ადგილი გარანტირებული გაქვს. მე რომ ჯოჯოხეთში მოვხვდე, შენ ისეთი ტიპი ხარ, მეტყვი, წამოდი, ფეხსაცმელი შემიკერე, ჩვენება უნდა გავაკეთოო. მოკლედ, ვარშავის სავაჭრო მოლში სამოთხეში ჩვენების გამართვაც კი დავგეგმეთ (იცინის).
თინათინი: ყველა ადამიანი ცდილობს, რომ პირადსა და პროფესიას შორის ბალანსი დაიცვას. ჩემს შემთხვევაში პროფესიული მხარე ჭარბობს. იმის მიუხედავად, რომ ყოველ წუთს ჩემს ოჯაზე ვფიქრობ, ვზრუნავ, სულ მგონია, უფრო დიდი დოზით საქმეში ვარ ჩართული: ჩემი საქმიანი ნაწილი, ანუ თინათინი იზრდება და იზრდება; მის ხარჯზე პატარავდება ჩემი ოჯახური ნაწილის, თიკოს ნახევარი (იცინის). მადონას შემთხვევაში პირიქითაა – უნიჭიერესი ადამიანია, საქმეში ბევრად მეტის შექმნა შეუძლია, მაგრამ უფრო ოჯახია მისი პრიორიტეტი.
მადონა: მიყვარს ოჯახურ გარემოში ყოფნა, კერძო სახლი მაქვს და პატარა მეურნეობასაც კი ვუძღვები. მყავს ქათმები, კვერცხს საერთოდ არ ვყიდულობ. ქათმების გაზრდაში ახლობელი ქალბატონი მეხმარება, მაგრამ კვირაში ორჯერ მაინც მე ვაჭმევ. მამლებიც მყავს, ამიტომაც ვიღვიძებ მამლის ყივილზე (იცინის). ჩემს ნაკვეთში პომიდორიც მომყავს, კიტრიც და კარტოფილიც. დიდი მოსავალი არაა, მაგრამ ჩვენ გვყოფნის. რა ვქნა, ეს საქმე სიამოვნებას მანიჭებს. როცა ეზოში ვფუსფუსებ, კარგი იდეებიც მომდის. ულამაზესი ეზო მაქვს. სადაც არ უნდა წავიდე, ყვავილების ნერგები და თესლი ჩამომაქვს. თანაც, იმდენი, სანამ გაერკვევიან რა მომაქვს, შეიძლება, ვინმეს კონტრაბანდისტი ვეგონო (იცინის).