კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაიჭირა ბესო გავაშელმა მეოცე საუკუნის ყველაზე მოუხელთებელი ბანდიტი – ლიონკა პანტელეევი და რატომ ენდობოდა სერიოზული ოპერაციების დაგეგმვისას მას ფელიქს ძერჟინსკი

ლიონკა პანტელეევის სახელი კარგადაა ცნობილი. ამ ბანდიტზე გახმაურებული სერიალიც გადაიღეს. მიუხედავად ამისა, პანტელეევის საქმეში უამრავი უცნობი დატალია. ამის თაობაზე გვესაუბრება მწერალი და ისტორიკოსი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ნიკა თევზაძე.

– დავიწყოთ იქიდან, რომ  ამ კაცის ნამდვილ გვარი პანტიოლკინია. ცარიზმის დროს მუშა იყო. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ  ბოლშევიკებს მიემხრო და 1919 წელს წითელ არმიაში მოხალისედ წავიდა. 1920 წელს კი „ჩეკაში” დაიწყო მუშაობა, თუმცა მალე უშიშროებიდან დაითხოვეს.

„ნეპის“ შემოღების შემდეგ, რუსეთში კერძო ბიზნესი აღსდგა, ანუ გაჩნდა ის, რასაც ბოლშევიკები ებრძოდნენ. ომგამოვლილმა ახალგაზრდებმა,  რომელთაც არაფერი ებადათ, ეს ძალზე მტკივნეულად აღიქვეს. „როგორ, ბურჟუაზიის წინააღმდეგ ვიბრძოდით, ამდენი სისხლი დაიღვარა, ომი მოვიგეთ და ლენინმა ისევ ბურჟუები აღადგინა?“ – ამბობდნენ ისინი. ზოგი ამას ითმენდა, ზოგი ჯავრისგან გალოთდა, ზოგმა კი შურისძიება გადაწყვიტა. პანტიოლკინიც ამ უკანასკნელთ განეკუთვნებოდა, თუმცა  რიგითი მძაცველი როდი გახლდათ. მას სამართლიანობისთვის მებრძოლის პრეტენზია ჰქონდა. 

ლიონკა მხოლოდ ნეპმანებს ძარცვავდა, შემთხვევის ადგილას კი ტოვებდა წარწერას: „აქ იყო ლიონკა პანტელეევი.” ის ნაძარცვის ნაწილს თავის პადელნიკებთან ერთად ინაწილებდა, ნაწილით კი მათ ეხმარებოდა, ვინც, მისი აზრით, დახმარებას საჭიროებდა. პანტელეევმა დააფინანსა ერთი  ყოფილი წითელარმიელის ტუბსანატორიუმში მკურნალობა; დაეხმარა მარტოხელა დედას, რომლის შვილიც მძიმედ იყო ავად და პანტელეევისგან მიღებული ფულით  შეძლო ცნობილი  ექიმისთვის მიემართა. შედეგად ბავშვი განიკურნა. ერთ-ერთმა ყოფილმა წითელარმიელმა, რომელიც მკვლელობის ბრალდებით უდანაშაულოდ იყო დაპატიმრებული, ისევ პანტელეევის ფულის წყალობით, კარგი ადვოკატის დაქირავება მოახერხა და მისი უდანაშაულობაც დამტკიცდა. ლიონკა ეხმარებოდა სტუდენტებს, რომლებიც სტიპენდიით ცხოვრობდნენ და არ ჰყოფნიდათ. ამიტომ  იძულებულნი იყვნენ, საღამოობით მტვირთავებად ემუშავათ. ის ეხმარებოდა წითელი არმიის ყოფილ ჯარისკაცებს, რომლებიც ომში დახეიბრდნენ და ასე შემდეგ. 

– საბჭოთა რობინ ჰუდი ყოფილა...

– ამიტომაც მასზე ნამდვილი  ნადირობა დაიწყო. ოპერაციაში სისხლის სამართლის სამძებროს გარდა, უშიშროებაც ჩაება. 

– ზოგიერთი მკვლევარი წერს, რომ პანტელეევის დევნაში ქართველი ბესო გავაშელიც მონაწილეობდა.

– ბესო გავაშელი ძალზე  კოლორიტული და საინტერესო პიროვნებაა. დაიბადა თბილისში, დაამთავრა გიმნაზია, სწავლობდა პეტერბურგში იურიდიულ ფაკულტეტზე. გაურკვეველი მიზეზების გამო, მე-3 კურსის დახურვის შემდეგ, უნივერსიტეტი დატოვა. მალე გავაშელი სამძებრო პოლიციაში იწყებს მუშაობას. მეფის დროს ასე ერქვა განყოფილებას, რომლის ამოცანაც კრიმინალებთან ბრძოლა იყო. 1919 წელს გავაშელს, როგორც პროფესიონალს, ბოლშევიკებმა  უხმეს.

ლიონკა პანტელეევის წინააღმდეგ სპეც-ოპერაციას ერთდროულად აწარმოებდნენ როგორც უშიშროება, ასევე სისხლის სამართლის სამძებრო. გაერთიანებულ ჯგუფს  იურიდიულად კონდრატიევი  ხელმძღვანელობდა. გავაშელი მხოლოდ კონსულტანტის როლს ასრულებდა, თუმცა სინამდვილეში  ოპერაცია გავაშელმა დაგეგმა. ამაზე მიუთითებს დოკუმენტები. კონდრატიევს არ მოეწონა გეგმა, რომელიც გავაშელმა შეიმუშავა. მან ამის თაობაზე ხელმძღვანელობას წერილობით მიმართა. ეს დოკუმენტი არქივში ინახებოდა და დღეს უკვე საჯარო გახდა. ხელმძღვანელობამ, კერძოდ ფელიქს ძერჟინსკიმ, მხარი გავაშელს დაუჭირა. ოპერაციაც იმ სქემით განხორციელდა, რომელიც გავაშელმა შეიმუშავა.

– და რა სქემა იყო ეს?

– გავაშელმა დაადგინა რამდენიმე ქალბატონის ვინაობა, ვისთანაც კავშირი ჰქონდა პანტელეევს. აღნიშნული პიროვნებები მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანეს. თუკი მათ ბინაზე პანტელეევი გამოჩნდებოდა, უმალ დააპატიმრებდნენ.  მაგრამ, ყოფილმა ჩეკისტმა – პანტელეევმა ყველა ხრიკი და ფანდი ჩინებულად იცოდა. ამიტომ, უმალ მიხვდა, რომ მის საყვარლებს უთვალთვალებდნენ და  იქაურობას სათოფეზე აღარ ეკარებოდა.

ამის შემდეგ გავაშელმა პანტელეევის მთელი ასავალ-დასავალი გულდასმით შეისწავლა და ვინმე „სედოიზე“, ანუ ალესანდრე სიდელნიკოვზე, გავიდა. ეს ახალგაზრდა პანტელეევის ბავშვობის მეგობარი იყო, სამოქალაქო ომის დროს წითელ არმიაში ერთად იბრძოდნენ. ერთ-ერთი ბრძოლის დროს დაჭრილმა სიდელნიკოვმა პანტელეევი ზურგზე მოიგდო, ბრძოლის ველიდან გამოიყვანა, რითაც სიკვდილს გადაარჩინა. გავაშელმაც გადაწყვიტა, რომ სედოი სწორედ ის ფიგურაა, ვისაც პანტელეევი ენდობა. შესაბამისად, სატყუარადაც გამოდგებოდა. აღსანიშნავია, რომ სედოი ომის შემდეგ ჩხუბისთვის ციხეში მოხვდა. მან ერთ-ერთ ნეპმანს (რესტორნის მეპატრონეს) სცემა, დაკავებისას კი, მილიციას წინააღმდეგობა გაუწია. კრიმინალურ იერარქიაში  ის უმდაბლეს საფეხურზე იდგა და იწოდებოდა „ბაკლანად“ (ხულიგანი). ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, სედოი ცოლთან და პატარა გოგონასთან ერთად, პოდმოსკოვიეს ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა. იყო თავისთვის მშვიდად და წყნარად.

სედოის იარაღი ჩაუდეს და  დააპატიმრეს. დაკითხვაზე  გავაშელმა უთხრა, ან „სროკზე“ წახვალ, ან ჩვენზე იმუშავებო. სედოის ცოლ-შვილი ჰყავდა და ძალიან უყვარდა. გავაშელმაც ეს კარგად გამოიყენა. მილიციამ გაავრცელა ხმები,  თითქოს სედოი შეიარაღებული ძარცვისთვის დააპატიმრეს. ამის თაობაზე დაიბეჭდა გაზეთებში. მალე სედოი ციხიდან გარბის, რაც, რასაკვირველი, ასევე სპექტაკლი იყო. იმავდროულად, სედოის სახლში ჩნდება ხანძარი. ვრცელდება ხმები, რომ სედოის ცოლ-შვილიც ამ ხანძრის დროს დაიღუპა. სინამდვილეში, ისინი სხვა ქალაქში გადაიყვანეს, სადაც გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფებოდნენ. სედოიც იძულებული იყო გავაშელის ყველა ბრძანება შესრულებინა.

– ამის შემდეგ სედოი პანტელეევზე გავიდა?

 – სედოი ციხიდან გაიქცა. ვინმე ნიკიტა ნეჩაევს მიაკითხა, რომელზეც ეჭვობდნენ, რომ პანტელეევის ბანდასთან იყო დაკავშირებული. „ლიონკას ნახვა მინდა“: „გადაეცი, რომ სედოის მისი ნახვა სურს. საქმე  მაქვს, გაიგე?” 

– და პანტელეევიც გაება?

– მისი დაჭერა ეგრე მარტივი რომ ყოფილიყო, მანამდეც დაიჭერდნენ. სედოისთან კავშირზე პანტელეევის მოადგილე, მეტსახელად „ციგანი” გამოვიდა. ციგანზე, როგორც განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეზე, ძებნა იყო გამოცხადებული. პანტელეევის გათვლაც მარტივი იყო: თუკი სედოი მილიციასთანაა შეკრული, ციგანი ჩავარდება, თუ  არა, მაშინ უვნებელი დაბრუნდებაო.

– სედოიმ მისი გამოტყუება მოახერხა?

– პანტელეევი ძალიან ფრთხილობდა. ციგანის დაბრუნების შემდეგაც კი, ის სედოის ბინაზე არ მიდიოდა. თავის ძველ მეგობარს ანაზდად ქუჩაში შეხვდა. გავაშელმა იცოდა, რომ პანტელეევის სახით ყოფილ ჩეკისტთან ჰქონდა საქმე, ამიტომ სედოის არავინ უთვალთვალებდა, რადგანაც პროფესიონალი კუდს უმალ შენიშნავს. ამის შემდეგ პანტელეევი თავის ძმაკაცს უკვე სახლში ეწვია. გავაშელის ბრძანებით, არც სახლს უთვალთვალებდნენ. პანტეელევმა ეს უმალ დაადგინა. სედოისგან ის უვნებლად წავიდა. ამის შემდეგ მათი საუბრები უფრო გულახდილი გახდა. სედოიმაც შესთავაზა, ერთ-ერთი საიუველირო მაღაზია გაეძარცვათ. პანტელეევმა ეს ჩუმად მოისმინა და ჰკითხა, „მაყუთი გჭირდება?“ „ჰო, რუსეთში აღარ დამედგომება“, – მიუგო სედოიმ, – „საზღვარზე გადასვლა პრობლემა არაა, მაგრამ ევროპაში უმაყუთოდ რა უნდა გავაკეთო?!“ პანტელევმა უთხრა, თანახმა ვარო.

– შემდეგ რა მოხდა?

– ოპერაციის უშუალო ხელმძღვანელი, კონდრატიევი უკმაყოფილო იყო. სედოიმ ვერ დაადგინა პანტელეევის ბუნაგის ადგილსამყოფელი. თავად მისთვის მოთვალთვალის მიჩენა კი ძალზე სარისკო იყო, რადგანაც პანტელეევს საკუთარი კონტრდაზვერვა ჰყავდა და თვალთვალს უმალ შენიშნავდა. სედოის შესახებ სისხლის სამართლის სამძებროში მხოლოდ გავაშელმა და კონდრატიევმა იცოდნენ. აგენტთან კავშირი ხორციელდებოდა ერთ-ერთი რესტორნის ოფიციანტის მეშვეობით, რომელიც გავაშელის აგენტი იყო. სედოი ამ რესტორანს ხშირად ეწვეოდა ხოლმე. მისი და ოფიციანტის ძმაკაცობაც ეჭვს არავის აღუძრავდა. სხვათა შორის, მთელი ოპერაციის განმავლობაში გავაშელსა და კონდრატიევს შორის მწვავე უთანხმოება სუფევდა. კონდრატიევი სისტემატურად ჩიოდა, გავაშელი ოპერაციას მეტისმეტად აჭიანურებსო. უთანხმოებამ აპოგეას მაშინ მიაღწია, როცა პანტელეევმა და სედოიმ საიუველირო მაღაზიის გაძარცვის გეგმა შეიმუშავეს. კონდრატიევი მოითხოვდა, პანტელეევი აეყვანათ, მაგრამ გავაშელი ამის წინააღმდეგ წავიდა.

 გავაშელი აპირებდა, ლიონკა მაღაზიის გაძარცვისას აეყვანა, მაგრამ უკანასკნელ მომენტში, ლიონკამ წამოსვლა გადაიფიქრა. თავის ნაცვლად „საქმეზე“ ციგანი გაუშვა.  კონდრატიევმა მოითხოვა ციგანი აეყვანათ, ეწამებინათ და ეთქმევინებინათ, თუ სად იმალებოდა პანტელეევი. გავაშელი ამას არ დაეთანხმა. მისი არგუმენტი შემდეგი იყო: საეჭვოა, რომ ციგანმა ლიონკას ბუნაგი იცოდეს, თუკი ციგანი აქციის შემდეგ შინ არ დაბრუნდება, ლიონკაც მიხვდება, რომ სედოი ჩვენთანაა შეკრული და შემდეგ სდიე ქარს მინდორში. „აბა რა ვქნათ?“ – იყვირა კონდრატიევმა. „მაღაზიის გაძარცვის საშუალება უნდა მივცეთ“, – მიუგო გავაშელმა, – „ამის შემდეგ სედოი ლიონკას დაარწმუნებს, რომ ნადავლი საკმარისი არაა და ახალ საქმეზე დაიყოლიებს“. 

მაღაზიის რამდენიმე თანამშრომელი ჩაცხრილეს. მიუხედავად ამისა, მათ გაქცევის საშუალება მისცეს.

 ამის შემდეგ პანტელეევი სედოისადმი უფრო მეტი ნდობით განიმსჭვალა. სედოიმ უთხრა,  ნადავლი საკმარისი არაა და კიდევ რამდენიმე მსხვილი საქმეა აუცილებელიო. ლიონკა ხალისით დაეთანხმა. სედოიმ, გავაშელის რჩევით, პანტელეევის თავმოყვარეობაზე გაითამაშა. „ციგანმა ყველაფერი ცუდად დაგეგმა, მილიციას გადავაწყდით, ატყდა სროლა. ეგ რომ არა, უფრო მეტ ფულს წამოვიღებდით და ახლა უცხოეთში ვიქნებოდი. აი შენ რომ წამოსულიყავი, ყველაფერი კარგად იქნებოდა.“ პანტელეევი ამაზე გაიბადრა: „შემდეგ საქმეზე აუცილებლად წამოვალ“, – მიუგო მან. 

ტანსაცმლის მაღაზიასთან ბანდიტებს ჩასაფრებული მილიციელები ელოდნენ. ატყდა სროლა. პანტელეევი მიხვდა, რომ სედოიმ მოატყუა და ტყვია დაახალა. მუცელში დაჭრილი სედოი გარდაიცვალა. რაც შეეხება პანტელეევს, ის შეიპყრეს.

– ანუ, გავაშელის მეთოდმა გაამართლა?

– ამის შემდეგ  გავაშელი თავად ძერჟინსკიმ გამოიძახა. რაზე ისაუბრეს, არავინ იცის. ამის თაობაზე მხოლოდ უშიშროების ყოფილი აგენტის, ოპერპუნტის ცნობა არსებობს. 

როგორც ცნობილია, პანტელეევს დახვრეტა მიუსაჯეს,  მაგრამ განაჩენი არ შესრულებულა. ლიონკა სიკვდილმისჯილთა საკნიდან გაიქცა! საბჭოთა მკვლევრები ამტკიცებდნენ, რომ პანტელეევი გაიყვანა ციხის ზედამხედველმა, რომელიც ყოფილი ესერი იყო და საბჭოთა ხელისუფლება სძულდა. ოპერპუნტი კი ამტკიცებს, რომ პანტელეევს გაქცევა ძერჟინსკის ხალხმა მოუწყო. მართლაც,  დღემდე არ არის დადგენილი იმ ზედამხედველის გვარი, რომელიც თითქოს ესერი იყო და პანტელეევი ციხიდან გააპარა. თუმცა, ამის გაგება სულ ადვილი იყო. ეს პიროვნება არ დაუსჯიათ. მეტიც, მისთვის საყვედურიც კი არ გამოუცხადებიათ. პანტელეევის გაქცევის შემდეგ, ის კვლავ  ციხეში მუშაობდა და 1931 წელს, გულის შეტევით გარდაიცვალა. რა კუთხით აპირებდა რკინის ფელიქსი ბანდიტის გამოყენებას, ეს სამუდამო გამოცანად დარჩა. ოპერპუნტის ცნობით, ძერჟინსკი მალე დარწმუნდა, რომ პანტელეევის მართვა შეუძლებელია და მისი ლიკვიდაციის ბრძანება გასცა. პანტელეევი ჩეკისტებმა  მოკლეს! უშიშროების თანამშრომლებმა ლიონკა თავისი ერთ-ერთი მეგობარი ქალის ბინაში გამოიჭირეს. პანტელეევი, დარწმუნდა რა, რომ გაქცევა შეუძლებელია, ხელები ასწია, ჩეკისტებმა კი მას ცეცხლი გაუხსნეს. ცოცხალი პანტელეევი მათ აღარ სჭირდებოდათ.

– გავაშელს რა ბედი ეწია?

– გავაშელი  1928 წელს ინფარქტით გარდაიცვალა. ოპერპუნტი 1927 წელს თეთრმა ემიგრამტება საბჭოთა კავშირში შემოგზავნეს. 

скачать dle 11.3