კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადააფიქრებინა კობა ბარათელს გოგოს მოტაცება მისმა ძმამ და ვის აუხსნა მან სიყვარული „რაგატკიდან“ გასროლით

„კომედი შოუს“ მსახიობი კობა ბარათელი პროფესიით იუმორისტი სულაც არ არის. მართალია, მაღალ კლასებში თეატრალურში სწავლა უნდოდა, მაგრამ ოჯახის ნებას და პირველ კლასში მოხუცი მასწავლებლისადმი მიცემულ დაპირებას, რომ ისეთ სახლს აუშენებდა, რომელშიც გადაადგილება არ გაუჭირდებოდა, წინ ვერ აღუდგა და საინჟინროზე ჩააბარა. თავისი პროფესიით მხოლოდ ერთხელ იმუშავა და, იმდენად ნაყოფიერად, რომ ორმაგი პიზის კოშკი ააგო.

კობა ბარათელი: რომ დავბადებულვარ, დაუწყიათ: ეს რა ბავშვი დაიბადა, ეს ვინ არისო. ზოგი ამბობდა – ნაპოლეონი გაიზრდებაო, ზოგი ამბობდა, ჰომეროსი იქნებაო, ზოგი კიდევ – პელეო. ბოლოს გავიზარდე „ჩაინიკა“ (იცინის). 
– ბავშვობაში რა გინდოდათ, გამოსულიყავით?
– მაშინ ინჟინრობა მინდოდა. სხვა არ ვიცოდი, თორემ, რომ მცოდნოდა, რა იყო ოლიგარქობა, მენდომებოდა, რომ ოლიგარქი ვყოფილიყავი. ჩემს მასწავლებელს დავპირდი, ინჟინერი გამოვალ-მეთქი. ასაკიანი ქალი იყო და, მესამე სართულზე ასვლა მიჭირსო, უთქვამს. მე მითქვამს პირველივე კლასში: თალიკო მასწავლებელო, მე გამოვალ ინჟინერი, ავაშენებ სახლს და პირველ სართულზე მოგცემთ ბინას-მეთქი. მაშინ ინჟინერი კაცი და ინჟინერი სიძე მნიშვნელოვანი იყო. საინჟინროზე ჩავაბარე, თუმცა ბინის შესახებ დაპირება ვერ ავუსრულე. ცოტა უფრო მაღალ კლასებში მსახიობობა მინდოდა, მაგრამ, მერე ისე დამემართა, როგორც ოლღასა და ზურიკელას: ზურიკელამ რომ უთხრა, საარტისტოზე მინდაო და გაგიჟდა ბებია – მრავალცოლიანი გინდა, გამოხვიდეო? მაშინ ეგეთი მიდგომა იყო. პროფესიასაც უფროსები წყვეტდნენ და, მეც, გავხდი ინჟინერი.
– არასდროს გამოგიყენებიათ თქვენი პროფესია?
– ჯარში იკითხა ვიღაცამ, მშენებლობა ვინ იცისო და, ვუთხარი, მე ვარ მშენებელ-ინჟინერი-მეთქი. ასაშენებელი იყო წიგნების მაღაზია. პიზის კოშკი ხომ არის ერთ მხარეს გადახრილი. მე გამომივიდა ორმაგი პიზის კოშკი – ერთი კედელი აქეთ იყო გადახრილი! მეორე – იქით (იცინის). ორი თვე მქონდა დარჩენილი სახლში წამოსვლამდე. ეს დრო გაძლოს და, მერე რაც უნდა, ის უქნია-მეთქი. გაძლო.
– ინჟინერი კაცი „კომედი შოუში“ როგორ მოხვდით?
– ინსტიტუტში სტუდენტურ დღეებში, „კავეენებში“ ვიყავი ჩართული. ლექციებზე არ დავდიოდი, სულ სტუდენტურ კლუბში ვიყავი და ამ კლუბის წყალობით მაძლევდნენ ლექტორები ჩათვლებს, თორემ, ისე, ინჟინერიც ვერ გავხდებოდი, რადგან, ლექციებს ვაცდენდი. არ ვიყავი ყოჩაღი სტუდენტი. იყვნენ ისეთი სტუდენტები, რომლებიც „ღეჭავდნენ” წიგნებს, მე კი ყოველთვის მივჩანჩალებდი ხოლმე. თუმცა, გამოცდებს ყველაზე ადრე ვამთავრებდი. სტუდენტური კლუბი განრიგს გვაძლევდა და, შემეძლო, გამოცდა ნებისმიერ დროს ჩამებარებინა. მე გამოცდაზე ადრე გავდიოდი ხოლმე. ლექტორი რომ ხედავდა, ადრე გავდიოდი, ეგონა კარგი სტუდენტი ვიყავი. რამდენიმე „წიგნიჭამია” სტუდენტთან ერთად შევიდოდი. ერთს დაუწერდა ხუთიანს, მეორეს, მესამეს და მოვიდოდა ჩემამდე. მეც რაღაცას წავიკითხავდი და მივუჯდებოდი. შევებრალებოდი და სინანულით მეუბნებოდნენ: არ იცი ხუთიანზე და როგორ დაგიწეროთო. კაი, პატივცემულო, დამიწერეთ ოთხიანი და, მერე, თუ მოვიცლი, მოვალ და გადავაბარებ-მეთქი, ვეუბნებოდი. იმ ოთხიანსაც მივამადლიდი ხოლმე (იცინის).
– პირველი სიყვარული როდის გეწვიათ?
– პირველი სიყვარული იყო პირველ კლასში. მეორე – მეორეში და ასე შემდეგ. უფრო სწორად, თითო სემესტრში თითო მიყვარდა. მაგრამ, პირველიდან მესამე კლასამდე მიჭირდა – მაშინ მეოთხედები იყო და ერთ კლასში ოთხი შეყვარება მიწევდა. მერე, ორი სემესტრი რომ შემოიღეს, გამიმარტივდა საქმე. პირველად რომ შემიყვარდა, მე პირველ კლასში ვიყავი, ის – ნულ კლასში. კლასში ხუთი ბიჭი ვიყავით და ხუთივეს ის გვიყვარდა. მე სიყვარული იმით ავუხსენი, რომ „რაგატკიდან“ ვესროლე. მამამისმა დამინახა და – ყოჩაღ, შვილო, ლეოს ბიჭს მაგი გეკადრებაო?! იმან რა იცოდა, რომ მე ამით სიყვარულს ვუხსნიდი მის შვილს.
– გოგონების მოსახიბლავად „საქმენი საგმირონი“ თუ ჩაგიდენიათ?
– ვცდილობდი, რომ მეგონებამახვილა და მეხუმრა. ცოტა პუტკუნა ვიყავი და კომპლექსი მქონდა – ნაკლებად სიმპათიური ვარ-მეთქი. ამიტომ ვცდილობდი, რაღაც სხვა გამეკეთებინა იუმორითაც, სპორტითაც. რაც კი სპორტის სახეობაა ჩვენთან, ყველაში წარმატებული ვიყავი, გარდა ჰოკეისა. ერთხელ აუზზე წავედი, სადაც ერთი გოგო მომეწონა და, გადავწყვიტე, მისთვისაც თავი მომეწონებინა. ვიფიქრე, სიმაღლიდან გადმოვხტები და ასე მივიქცევ ყურადღებას-მეთქი. ხტომას კი ვიყავი მიჩვეული – აფხაზეთში ვარ გაზრდილი. ყველაზე მაღალ გადმოსახტომზე ავედი. ქვემოდან დაბალი მომეჩვენა, მაგრამ, ზემოდან რომ გადმოვიხედე, მეთქი – ვა! არადა, უკან ჩასვლა „ტეხავდა.” გადმოვხტი. არ ვიცი, თვალები ამიჭრელდა თუ რა იყო, თავიდან ჩვეულებრივად, ხელგაშლილი მოვფრინავდი, ვფიქრობდი, რომ მივუახლოვდები, შევკრავ, რომ ნორმალურად ჩავეშვა-მეთქი. ეტყობა, ვერ განვსაზღვრე წყლამდე მანძილი და ადრე მომივიდა ხელების შეკვრა. ფეხები წინ წავიდა და დავეტყეპე ზურგით, ლამის გონება დავკარგე, ისე მეტკინა. წყალშივე მეგონა ჩემი თავი მკვდარი, მაგრამ, რომ ამოვყვინთე, მივხვდი, ცოცხალი გადავრჩი. მესმის ტაში და „საღოლ, ჩაინიკა“. მეთქი, რა საღოლ, ვკვდები, თქვე უპატრონოებო, მომეშველეთ ვიღაც.
ერთხელ კიდევ, ქუთაისში ავედი ავტობუსში – „ექსპრესს” ეძახდნენ, ყველა გაჩერებაზე არ აჩერებდა, მხოლოდ ოთხი გაჩერება ჰქონდა ქალაქის თავიდან ბოლომდე და სამჯერ ძვირი ღირდა. სტუდენტობისას უფულობას არ ვუჩიოდი, მაგრამ იმ მომენტში მხოლოდ 50 კაპიკი მქონდა. ავედი ამ ავტობუსში და პირველივე გაჩერებაზე უნდა ჩამოვიდე. ამ დროს შემოვიდნენ ჩემი შეყვარებულის ჯგუფელები. ვიცი, რომ ჩემ შემდეგ უნდა ჩავიდნენ და, მე რომ ადრე ჩავიდე, ხომ უნდა გადავუხადო ფული, არადა, არ მაქვს ამდენი. მოკლედ, გადავედი უკან, დავიმალე და ბოლო გაჩერებამდე გავყევი. წამოვედი უკან, ერთი გაჩერებაღა დარჩა ჩემს სახლამდე და, გავიხედე – ამოვიდნენ ჩემი მეზობლები. კიდევ არ მყოფნიდა ფული, ამიტომ, იძულებული გავხდი, ადრე ჩამოვსულიყავი და ფეხით წავსულიყავი. თავბედი ვიწყევლე იმ დღეს (იცინის).
– მომავალი მეუღლის მოხიბლვა როგორ შეძელით?
– მოვიტაცე. მთელმა ინსტიტუტმა იცოდა, რომ უნდა მომეტაცებინა. თვითონაც გაიგო. იმ დღეს, როცა მოტაცებას ვაპირებდი, მისი ძმა მოვიდა – ცოტა ხანს აცადე, რომ გამოცდებს მორჩესო.
– ძმამაც იცოდა?
– კი, იცოდა. მითხრა: სახლში დამავალეს, შენს დას მიხედეო. სიყვარულს არ გიშლით, რაც გინდათ, ის ქენით, უბრალოდ, მე მეცი პატივი და გამოცდების დამთავრებამდე აცადეო. მერე მეც გავავრცელე ხმა, დღეს აღარ ვიტაცებ-მეთქი და მის ყურამდეც მივიდა ეს ხმა. მერე აღმოჩნდა, რომ სხვამ დაუპირა მოტაცება. მეც გავიგე ეს – ასეა, ქუთაისში უცებ ვრცელდება ინფორმაცია. ეს რომ გავიგე, აბა, სწრაფად, დღეს ვიტაცებ-მეთქი. მანამდე მაშინდელი საუკეთესო მანქანა მყავდა მომზადებული – „24“, მაგრამ, ის ვეღარ ვნახე და „ზაპოროჟეცით” მოვიტაცე ბოლოს. ჩემმა ძმაკაცმა უთხრა, ჩაჯექი მანქანაშიო. სად მიგყავართო? – სახლშიო. ძმაკაცმა შვილები დაიფიცა და ამანაც დაუჯერა. მივედით ჩემთან. ეს არის შენი ფიცი,  შვილები რაზე დაიფიცეო? რა გინდა, ხომ გითხარი, სახლში მიგიყვანო, ჰოდა, ეს არის ახლა შენი სახლიო.
– პირველი სიმთვრალე და „პახმელია“ თუ გახსოვთ?
– პირველად მეშვიდე კლასში დავთვერი – ეგრეთ წოდებული ხრუშჩოვის ჭიქებით დავლიეთ მე და ერთმა ბიჭმა 18-19 სადღეგრძელო. გავიღვიძე და – უთეთრეულო საწოლში ვწევარ. მოდის ჩემი ძმა და მეუბნება, მამა მოგკლავსო. რა მოხდა-მეთქი. რა და, გაწყინა სასმელმაო. არ ვუჯერებდი. აბა, რატომ წევხარ უთეთრეულო საწოლშიო. მამა ცოტა მკაცრად მზრდიდა და, მეთქი – ვსიო, დავიტუქსები-მეთქი. რომ მოვიდა და, აბა, ადექიო, დედაჩემმა იხელთა დრო და მის გასაგონად თქვა: შენთან ერთად რომ ბიჭი იყო, ის მიხვდა თავის დანაშაულს და აპატია მამამისმაო. შენც თუ მიხვდი – გაპატიებსო. ასე გადამარჩინა.
ქეთი კაპანაძე
скачать dle 11.3