კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეიძლება აღმოჩნდეს დათხოვნილი პარლამენტი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში

გასულ კვირას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაანონსა, რომ „უნიათო მთავრობის“ გადაყენებას გეგმავს როგორც ქუჩის საპროტესტო აქციებით, ისე საპარლამენტო რესურსის გამოყენებით, რადგან, მათივე განცხადებით, „ქვეყნის ძალადობით მართვა დაუშვებელია“. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ „ნაციონალური“ მმართველობის პერიოდში გლდანის ციხე მსოფლიოს ათ ყველაზე საშინელ ციხეთა ჩამონათვალში მოხვდა, შესაძლოა, „უნიათობაში“ ხელისუფლების ოპონენტები იმასაც გულისხმობენ, რომ გლდანის ციხემ ეს სტატუსი დაკარგა. ხოლო, თუ ხუმრობანარევ სიმართლეს გვერდით გადავდებთ, ექსპერტი-პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე დაგვეხმარება იმის გარკვევაში, თუ რა შემთხვევაში შეუძლია პარლამენტს მთავრობის დათხოვნა და ახლის ფორმირება და რა როლს ასრულებს ამ პროცესში საქართველოს პრეზიდენტი. აქვე მოგახსენებთ, რომ უმცირესობა, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ სამი ფრაქცია 50 დეპუტატს აერთიანებს, 8 დეპუტატია ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ შემადგენლობაში, 4 დეპუტატი კი – დავით ბეჟუაშვილი, კობა დავითაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე და მურმან დუმბაძე – დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით სარგებლობენ. პარლამენტის დანარჩენი წევრები უმრავლესობაში შემავალ ფრაქციებში არიან გადანაწილებულები.

–  რა შემთხვევაში შეუძლია პარლამენტს მთავრობის დათხოვნა, რა პროცედურას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა და რა როლი აკისრია პრეზიდენტს?

– არ განვიხილავ იმ შემთხვევას, როდესაც პრემიერი გადადგება და ახალი მთავრობის ფორმირება იწყება. ვისაუბრებ იმაზე, თუ როდის შეუძლია პარლამენტს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება. პროცედურა ასეთია: პარლამენტის შემადგენლობის ორ მეხუთედს შეუძლია, აღძრას საკითხი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ. ამ პროცედურიდან 20-25 დღის შემდეგ ეს საკითხი გადის პარლამენტის სხდომაზე. თუ პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა უნდობლობის გამოცხადებას, მაშინ პროცედურა იწყება. ეს იმას ნიშნავს, რომ, ასევე, პარლამენტის სიითი შემადგენლობის ორ მეხუთედს შეუძლია, დაასახელოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა. რადგან ორი მეხუთედი არის 60 დეპუტატი, შესაძლებელია, დასახელდეს ორი კანდიდატურაც.

– იმიტომ რომ პარლამენტში 150 დეპუტატია.

–  დიახ. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტი კენჭისყრაზე აყენებს იმ კანდიდატს, რომელსაც დეპუტატთა მეტი რაოდენობა უჭერს მხარს. თუ აღმოჩნდება, რომ თანაბარი რაოდენობის დეპუტატები უჭერენ მხარს თითოეულ კანდიდატს, მაშინ პრეზიდენტს შეუძლია, აირჩიოს ნებისმიერი. თუ ამ კანდიდატს მხარს დაუჭერს პარლამენტის წევრთა უმრავლესობა, ანუ 76 დეპუტატი, მთავრობა თავიდან ფორმირდება. მაგრამ, ამასთანავე, არის ასეთი დაშვებაც: პრეზიდენტს შეუძლია, უარი განაცხადოს, არ წარუდგინოს პარლამენტს პრემიერის არც ერთი შეთავაზებული კანდიდატურა. ამ შემთხვევაში, პროცედურა გრძელდება შემდეგნაირად: პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს პრეზიდენტისთვის წარდგენილი კანდიდატების თავიდან წარდგენას და თუ პარლამენტის სიითი შემადგენლობის სამმა მეხუთედმა მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას,  პრეზიდენტი უკვე ვალდებულია, ეს მხარდაჭერილი კანდიდატურა გაიტანოს პარლამენტის სხდომაზე და თუ უმრავლესობა მხარს დაუჭერს, ჩაითვლება, რომ მოხდა ახალი მთავრობის ფორმირება. მაგრამ, თუ პირველ ან მეორე შემთხვევაში, პრეზიდენტის  მიერ წარდგენილი კანდიდატურა ვერ მოიპოვებს მხარდაჭერას პარლამენტში, ანუ 76 ხმას, მაშინ სამი დღის ვადაში პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. აი, ეს არის პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების მთელი პროცედურა.

– გადავიყვანოთ ციფრებში ეს პროცედურა. უპირველესად, საჭიროა 60 დეპუტატის თანხმობა, რომ დაიწყოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა. რამდენი ხმაა საჭირო თითოეულ ეტაპზე, რომ პროცედურა მივიდეს ბოლომდე?

– მარტივად რომ ვთქვათ, სჭირდება 60 დეპუტატის თანხმობა, რომ პარლამენტმა დასვას მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი,. ამის შემდეგ პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს საკითხის დასმას, გაგრძელდეს თუ არა პროცედურა. და, თუ პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა მხარი დაუჭირა, პროცედურა გაგრძელდება.

– ეს 76 ხმაა?

– არა, 76 ხმა არის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, მაგრამ ხომ არის შემთხვევები, რომ დეპუტატი გადავიდა სხვაგან და ახალი არ არის არჩეული ან შესული მის ნაცვლად. ამიტომ სიით შემადგენლობად მიიჩნევა პარლამენტში იმ მომენტში არსებული დეპუტატების რაოდენობა. თუ ამ სიითი შემადგენლობის ნახევარმა მხარი დაუჭირა, ითვლება, რომ საკითხი მზად არის და იწყება პრემიერობის კანდიდატების დასახელება.

– გავამარტივოთ. ვთქვათ, დასახელდა ერთი კანდიდატი და ის ერთი კანდიდატი წარადგინა პრეზიდენტმა.

– თუ ამ კანდიდატმა მიიღო 76 დეპუტატის, ანუ პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერა, მაშინ ის ხდება პრემიერი. თუ ვერ მიიღო, რჩება ძველი მთავრობა. მაგრამ უნდობლობის გამოცხადების პროცედურა წყდება და პრეზიდენტს შეუძლია, დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

– ანუ პროცესისთვის საჭიროა 76 ხმა მაინც. ამჯერად „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ აქვთ 60-მდე ხმა. კიდევ ვინ შეიძლება, ვიგულისხმოთ მათ თანამოაზრეებად ამ საქმეში, რადგან თავიანთი 50 დეპუტატით მთავრობას ნამდვილად ვერ გადააყენებენ კონსტიტუციურად.

– უმრავლესობას აქვს 84 ხმა და ასეთ შემთხვევაში არ აქვს უკვე მნიშვნელობა, რამდენი ხმა აქვთ „ნაციონალებს“.

– მაშინ რატომ აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთ განცხადებებს? ხომ ჰყავს ამას თავისი მიზნობრივი აუდიტორია? ვისზეა გათვლილი: თავიანთ მომხრეებზე, ოპონენტების დეზორგანიზაციისთვის? თუმცა ოპონენტებიც ხომ ითვლიან?

– რა თქმა უნდა, გათვლილია გარკვეულ აუდიტორიაზე. არც ერთი პარტია არ იტყვის, რომ ძალისმიერი მეთოდებით აპირებს ხელისუფლების შეცვლას, რადგან ეს ნიშნავს, რომ პარტია მოუწოდებს გადატრიალებისკენ და მის წინააღმდეგ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. ამდენად, ამ განცხადებას ისინი, რა თქმა უნდა, არ გააკეთებენ, ამიტომ ამბობენ, რომ ყველაფერი იქნება კონსტიტუციის ფარგლებში, მაგრამ სხვა საკითხია, რა მოჰყვება ამ პროცესს. რადგან ასეთ განცხადებას აკეთებენ, ეს არ ნიშნავს, რომ პროცესი იქნება მშვიდობიანი და სხვა რამ არ აქვთ ჩაფიქრებული. ასე რომ, განცხადებას სწორად აკეთებენ, თუმცა, გულწრფელად რომ გითხრათ, მეეჭვება, მათ ჰქონდეთ ძალა, არასტაბილური ვითარება შექმნან ქვეყანაში. ეს იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ამაში, რბილად რომ ვთქვათ, ხელისუფლება მიიღებს მონაწილეობას. თუ ხელისუფლებას არ სურს, ქვეყანაში არ არის ის განწყობა, რომ „ნაციონალებმა“ არასტაბილური ვითარება შექმნან. მაგრამ შესაძლოა, გაკეთდეს ისეთი პროვოცირებები, რაც ზუგდიდიში მოხდა. მაგრამ ხელისუფლება უნდა იყოს მზად, რომ აღკვეთოს მსგავსი რამ, იმიტომ რომ, დღეს მაინც ამის იქით არ წავა. თუმცა ეს ხელისუფლებისთვის შექმნის ძალიან ცუდ ფონს როგორც საშინაო, ისე საერთაშორისო ასპარეზზე და „ნაციონალები“ კიდევ ერთხელ გამოვლენ დაჩაგრულის როლში, რაც, ვფიქრობ, ხელისუფლებისთვის მაინცდამაინც სასურველი არ უნდა იყოს.

–  რას გულისხმობთ აღკვეთაში? სამართალდამცავმა ორგანოებმა უფრო ეფექტიანად იმოქმედონ თუ...

– უფრო ეფექტიანად იმოქმედონ, კატეგორიულად განაცხადონ, ვინც კი შეეცდება პროცესის პროვიცირებას და რა ლოზუნგითაც უნდა შეეცადოს, იქნება ეს ჩვენი თუ სხვისი მხარდამჭერი, დაისჯება. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა დაიცვას ნებისმიერი მიტინგი თუ მსვლელობა და უნდა მისცეს საშუალება ყველას, რომ ჩაატარონ მშვიდობიანად. ეს არ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ არა უშავს, ცოტას თუ წაუთაქებენ „ნაციონალებს“,  თორემ მას აქვს ყველანაირი რესურსი, რომ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიაროს. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა მოსახლეობაში ნულის ტოლია. მაგრამ, სამაგიეროდ, იზრდება გაღიზიანება მათ მიმართ. „ნაციონალების“ მიმართ დღეს მოსახლეობა უფრო აგრესიულია, ვიდრე, თუნდაც, 2012-ში.

– ვერ გრძნობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომ ის განცხადებები, რომლებსაც აკეთებენ, ზრდის აგრესიას მათ არამხარდამჭერებში, რომლებიც რაოდენობრივად აღემატებიან მათ მხარდამჭერებს? გაზრახ აღიზიანებენ თუ რა მიზანი აქვთ?

– ვფიქრობ, მათ თავიდანვე დაუშვეს შეცდომა, როდესაც განსაზღვრეს თავიანთი მოქმედების სტრატეგია. ისინი, თუ დააკვირდებით, დღეს მოქმედებენ ისევე, როგორც მოქმედებდნენ 2002-2003 წლებში. მაგრამ მაშინ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოსახლეობის უმრავლესობა უჭერდა მხარს. ამიტომ მათი ასეთი ქმედებები მოსახლეობის თანადგომას იწვევდა, დღეს პირიქითაა, მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებმაც 2012-ში უარი თქვეს „ნაციონალებზე“, მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ სამართლიანობა ვერ აღადგინა და არის ასეთი განწყობა, რადგან ხელისუფლება ვერ ან არ ცდილობს სამართლიანობის აღდგენას, ჩვენ უნდა აღვადგინოთ სამართლიანობა. ასეთ ფონზე კი არის ხიფათი, რომ რაღაც არასტაბილურობა გამოიწვიოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“. რადგან მათი განცხადებები კიდევ უფრო აღიზიანებს და აგრესიულს ხდის მოსახლეობას „ნაციონალების“ მიმართ. აი, ეს არის პრობლემა, რაც უნდა აღკვეთოს ხელისუფლებამ და ყველაფერი იქნება ნორმალურად.

– ერთია, რომ ხელისუფლებამ უნდა აღკვეთოს, მაგრამ თვითონ „ნაციონალები“ რატომ უშვებენ ამ შეცდომას? ეს ჩამოყალიბებული პარტიული სტრუქტურაა, მათ რეალური კვლევებით იციან საზოგადოებაში არსებული გაწყობები. რატომ აძლიერებენ თავიანთ საწინააღმდეგო მუხტს? 

–  მათ ჩათვალეს, რომ თავის დროზე სწორედ აგრესიულობით მიაღწიეს მიზანს და, მეორე, ასეთი აგრესიულობით მოიპოვებდნენ მხარდაჭერას დასავლეთისგან და გადაარჩენდნენ თავიანთი ლიდერებს რეპრესიებისგან, რითაც წერტილის დაუსვამდნენ სამართლიანობის აღდგენის პროცესს. ალბათ, გათვალეს ასეთი რამ: მათ იცოდნენ, რომ საწყის ეტაპზე მხარდაჭერა არ ჰქონდათ, მაგრამ ახლა ფიქრობენ, რომ ხელისუფლების რეიტინგის ვარდნის შემთხვევაში, თუ იქნებიან აგრესიულები და წამყვანი ოპოზიციური ძალა, მოსახლეობა ისევ მათ დაუჭერს მხარს. შესაძლოა, ასე დაინახეს პროცესები. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მგონია, მათ რომ ცოტა სხვანაირი ტაქტიკა აერჩიათ, მონანიების სტილი და არა მხოლოდ განცხადება, ჩვენ დავუშვით შეცდომები და მთელი ეს პროცესი მდუმარედ წარემართათ, დღეს თუ არა ხვალ, შესაძლოა, მართლაც ჰქონოდათ ხელისუფლებაში არჩევნების გზით დაბრუნების შესაძლებლობა. ჩვენი საზოგადოება საკმაოდ გულმოწყალეა ამ მხრივ. მაგრამ ასეთი ტაქტიკა, მეორე მხრივ, ნიშნავს, რომ მათ უარი უნდა ეთქვათ ლიდერებზე, ანუ ახალი ძალა უნდა წამოსულიყო, რომელიც გაემიჯნებოდა ლიდერებს, მაგრამ, არსებული ინფორმაციით, კვლავ ეს ლიდერები, ძველი პარტიული ელიტა განაგებს ფინანსებსაც, კავშირებსაც და ამათზე უარის თქმა ან ვერ გაბედეს, ან ვერ შეძლეს. ასეა თუ ისე, გვერდიდან ჩანს, რომ ჯობდა, აერჩიათ მონანიების სტილი, თუმცა დღეს უკვე რთულია პროცესის შემობრუნება.

– რადგან ჩვენ თეორიულად ვმსჯელობთ, თავს უფლებას მივცემ, ვთქვა ასეთი რამ, არეულობის გამოწვევის შემთხვევაშიც კი, რა ხეირს ნახავს „ნაციონალური მოძრაობა“? მოვლენების განვითარების რა სცენარი შეიძლება, ჰქონდეთ?

– შეიძლება, ისინი ფიქრობდნენ, რომ, რადგან გაცილებით სტრუქტურირებული ძალაა, აქვთ გამოცდილება, ჰყავთ ზონდერები შერჩეული, რომლებიც ახლა არ ჩანან ასპარეზზე, ალბათ, მათთან თანამშრომლობს სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა ნაწილიც, არეულობის შემთხვევაში იქნებიან წამყვანი ძალა. მე არ ვიცი, რამდენად აკონტროლებენ ისინი თავიანთ ძველ ძალოვან და ზონდერულ შემადგენდობას, მაგრამ ის ხალხი, ვისზეც ფსონს ჩამოდიოდნენ, მაგრები იყვნენ მაშინ, როცა მათ ზურგს უკან იდგა ხელისუფლება და ჰქონდათ გარანტიები, რომ მათ არავინ დასჯიდა. დღეს რომ გამოვიდნენ და ისევ ჩაერთონ ამ ორომტრიალში, არც გარანტიებია და მეორე –  მოსახლეობაში არის განწყობა, ჩვენ აღვადგინოთ სამართლიანობა. ამ შემთხვევაში კი, კაცმა არ იცის, რით დამთავრდება იმავე „ნაციონალებისთვის“ ეს არეული სიტუაცია.

скачать dle 11.3