კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მინიმუმ რა ზომის მიწის ფართობი უნდა ჰქონდეთ პროექტ „დანერგე მომავალში“ ჩართვის მსურველებს და რა დახმარებას გაუწევს სახელმწიფო სანერგეებისა და ხეხილის ბაღების გაშენების მსურველებს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, უკვე ხორციელდება პროექტი –  „დანერგე მომავალი“.  პროექტს ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი მოხმარდება და მისი მიზანია, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმისა და ფოთის გარდა) მრავალწლიანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა. პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ შედეგად შესაძლებელი გახდება მაღალი ხარისხის პროდუქტის წარმოება, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებულ პროდუქციას გაუწევს კონკურენციას და ამასთანავე, გაზრდის აგრარული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალს.

პროექტი საკმაოდ მიმზიდველია, იმის გათვალისწინებით, რომ „დანერგე მომავლის“ ფარგლებში, სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შემდეგნაირია: ბაღის გაშენების შემთხვევაში, ნერგების ღირებულების 70 პროცენტი და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50 პროცენტი;  სანერგე მეურნეობის შემთხვევაში კი, მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 პროცენტი. 

ბაღის გაშენების ან სანერგე მეურნეობის  მოწყობის სრულად დაფინანსების მიზნით, სახელმწიფო თანადაფინანსებასთან ერთად, ბენეფიციარს შეუძლია, ისარგებლოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით. რაც მთავარია:  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები სახელმწიფოსგან საჩუქრად მიიღებენ შესაწამლ აპარატებს; ყველა ბენეფიციარს აუნაზღაურდება ნიადაგის ლაბორატორიული შემოწმების ღირებულება;  ისინი გაივლიან ტრენინგებსა და თეორიულ კურსს ბაღისა თუ სანერგე მეურნეობის მოვლაში.

იდეალურ ვარიანტში პროექტი ითვალისწინებს 1 000-1 200 ჰექტარზე თანამედროვე ტიპის ბაღებისა და 30-40 ახალი თანამედროვე სანერგე მეურნეობის მოწყობას. პროექტის „დანერგე მომავლის“ შესახებ დეტალურად სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ლევან დავითაშვილი გვესაუბრება.

 

– რა არის ამ პროექტის არსი და რა გათვლით გადაწყვიტა სახელმწიფომ მისი განხორციელება?

– საქართველოს აქვს მრავალწლიანი კულტურების გასავითარებლად შესაბამისი კლიმატი, მიუხედავად მცირე ტერიტორიისა, წარმოდგენილია ოცდაერთი სხვადასხვა კლიმატური ზონა. ასეთი მრავალფეროვნება, ფაქტობრივად, არც ერთ ქვეყანას არ ახასიათებს. მსგავსი მრავალფეროვნება შეიძლება, ჰქონდეს მხოლოდ რამდენიმე მილიონ კილომეტრზე გადაჭიმულ ქვეყნებს და ამის სწორად გამოყენება არის ჩვენი ძირითადი უპირატესობა სოფლის მეურნეობაში. საქართველო, ერთი მხრივ, ვერ შეძლებს მრავალ ათას ჰექტარზე მარცვლოვანი კულტურების წარმოებას, რომ ეს იყოს ეკონომიკურად საინტერესო, მაგრამ, მეორე მხრივ, იმიტომ რომ, არ გვაქვს დიდფართობიანი ქვეყანა, უნიკალური კლიმატის საშუალებით შეგვიძლია, მაღალი ღირებულების მაღალმარჟიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ვაწარმოოთ. მაგალითად, სხვადასხვა ტიპის ხილი როგორც თესლოვნები, ისე კაკლოვნები და კენკროვნები, რაც ძალიან ძვირი ღირს, მათზე მოთხოვნაა და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში ამ პროექტის დაწყების მოტივი ისიც იყო, რომ, მართალია, ისტორიულად ჩვენ გვაქვს ეს ტრადიცია, მაგრამ მოგვიძველდა ჯიშები და არ გვაქვს ისეთები, რომლებზეც დღეს არის მოთხოვნა. ამასთან, ამორტიზებულია საქართველოში არსებული ბაღები, რაც მოიტანა 90-იანი წლების გარდამავალმა ეპოქამ. იმავდროულად, თუ არ არის მაღალმწარმოებლურობა, თუ ფასი არ არის კონკურენტუნარიანი, რაც უნდა საინტერესო და კარგი პროდუქტი გქონდეს, მისი გაყიდვა რთულია. ამიტომ ჩვენ პირველადი წარმოება უნდა განვავითაროთ და განვითარება დავიწყოთ დღესვე, რადგან ეს არის საქმე, რომელსაც შედეგი მოაქვს რამდენიმე წელიწადში კულტურების მიხედვით. აქედან გამომდინარე დაერქვა პროექტს „დანერგე მომავალი“, რომ ჩვენ დღეს ჩავყაროთ ხვალინდელი დღის საფუძველი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამის გარეშე ვერც გადამამუშავებელ მრეწველობაზე ვისაუბრებთ და ვერც სხვა მიმართულებებზე. ამიტომ აქ სახელმწიფოს რადიკალური ჩარევა მნიშვნელოვანია. სწორედ ეს იყო ჩვენი მოტივი, რომ დაგვეწყო ამ პროექტის განხორციელება, ეს დამატებითი სტიმული იქნება, რომ მრავალწლიანი ბაღები განვითარდეს საქართველოში.

გარდა ზემოჩამოთვლილი მიზნებისა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, მიწამ უნდა შეიძინოს ღირებულება, ანუ მოხდეს მისი კაპიტალიზაცია. მიწა, რომელიც სახნავადაა გამოსაყენებელი, ღირს ძალიან იაფი და ის არ არის საინტერესო ბანკისთვის, როგორც გარანტია. ამიტომ სოფლის მეურნეობით დაკვებულ გლეხსა თუ ფერმერს უწევს სხვა ქონების ჩადება ბანკში, რადგან მის მიწას რეალური ღირებულება არ გააჩნია.

– იმიტომ რომ, არ არის დატვირთული ის მიწა.

– დიახ, ერთი მიმართულებაა, რომ იქ აქტივები შეიქმნას ინფრასტრუქტურის სახით და მეორე მიმართულებაა მრავალწლიანი ბაღების გაშენება. ამ პროექტის მიზანია, რომ ეს იყოს თანამედროვე, ინტენსიური ბაღები: ტექნოლოგიურადაც და იმ ჯიშების მხრივ, რომლებზეც არის მოთხოვნა. რადგან, თუ ინტენსიური წარმოება არ გვექნა, ვერ ვიქნებით კონკურენტუნარიანები. დღეს თითზე ჩამოსათვლელია მაღალმწარმოებლური ბაღები.

– სახელმწიფოს აქვს გათვლილი გასაღების ბაზრები, სად შეიძლება, გასაღდეს ეს პროდუქცია თუ ახალი ტიპის ბაღების გაშენების მიზანი მხოლოდ ხარისხის ამაღლებაა ამ ეტაპზე?

– რა თქმა უნდა, როდესაც წარმოებაზეა საუბარი, ძალიან ლოგიკურია, რომ ვიცოდეთ, რა მოთხოვნაა ბაზარზე, რა გაიყიდება და ამის შემდეგ დავიწყოთ საუბარი წარმოებაზე. ჩვენ გვაქვს ამ პროდუქციის გაყიდვის საშუალება, თუ მივიღებთ სათანადო რაოდენობებსა და ხარისხს. სახელმწიფოსა და დონორების მიერ ეწყობა მრავალი საერთაშორისო გამოფენა, სადაც ქართველი მეწარმეები იღებენ მონაწილეობას. მაგრამ ყოველთვის ვაწყდებით ერთსა და იმავე პრობლემას, არ არის საკმარისი რაოდენობის ერთი და იგივე პროდუქტი. ისეთი ახალი კულტურები, როგორიცაა ლურჯი მოცვი, კივი, გვაქვს ცოტა რაოდენობით. თუ ერთი და იმავე პროდუქციის კრიტიკული მასა არ არის, ის არც იმპორტიორისთვისაა საინტერესო, არც ლოგისტიკურადაა მიმზიდველი, არ ეწყობა არც შემნახველი ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. ანუ პირველი ამოცანაა წარმოების კრიტიკული მასის შექმნა, ოღონდ იმ კულტურებზე, რაზეც არის მოთხოვნა. ჩვენ ტრადიციულ კულტურებშიც გვაქვს გადასახალისებელი ჯიშები. რაც შეეხება კაკლოვნებს, რაღაც ტიპის პროდუქციაზე გვაქვს დეფიციტი შიდა მოხმარებაში, რაღაც ტიპის პროდუქციას კი აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ექსპორტში. მაგალითად, თხილს. ასევე, საქართველოს კლიმატი შესაბამისია კივისა და სხვა პროდუქტებისთვის, მაგრამ არ გვაქვს წარმოების კრიტიკული მასა იმისთვის, რომ ევროპის ბაზრებზე გავიდეთ, თუმცა ამ ბაზრებზე გასვლის წინაპირობები არის. წინასწარი საუბრების, მოლაპარაკებების, გამოფენების შედეგად დაგროვებული სტატისტიკა გვაფიქრებინებს, რომ ჩვენ ამას ეფექტიანად გავყიდით. მთავარია, მივიღოთ შესაბამისი რაოდენობის ხარისხიანი პროდუქცია.

– რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ამ პროექტში მონაწილეობის მიღების მსურველი?

– აქ ორი კომპონენტია: რადგან სანერგე მეურნეობების შექმნა და მისი წახალისება მოითხოვს გარკვეულ კვალიფიკაციას, ამიტომ აპლიკანტს ამ მიმართულებით გამოცდილება უნდა ჰქონდეს.

– ანუ მხოლოდ სურვილი არ იქნება საკმარისი, რომ სანერგეს გაშენებისთვის დახმარება მიიღო სახელმწიფოსგან?

– დიახ, არ იქნება მხოლოდ სურვილი საკმარისი, იმიტომ რომ, ეს ძალიან სპეციფიკური საქმიანობაა. რაც შეეხება მრავალწლიანი ბაღის გაშენებას, აქ ავტომატურ რეჟიმში მიიღებს აპლიკანი დახმარებას სახელმწიფოსგან. მას უნდა ჰქონდეს სათანადო მიწის ნაკვეთი, რომელსაც აქვს წყლის წვდომა. დანარჩენს თავის თავზე იღებს სახელმწიფო. ვუკეთებთ ნიადაგის ანალიზს, ვუწევთ ყველანაირ ტექნიკურ დახმარებას და პირველი წლის ვეგეტაციამდე ჩვენ, ფაქტობრივად, ჩართულნი ვართ კონსულტანტის რეჟიმში, რომ მივეხმაროთ გლეხსა თუ ფერმერს. მართლაც მიმზიდველი პირობებია, რომ ამ პროექტში ბევრი მსურველი ჩაერთოს. ვიმეორებ –  მთავარია, ჰქონდეს მიწის საკუთრება ან იჯარა, რომელიც რეგისტრირებულია და სურვილი.

– როგორც მივხვდი, არც ის არის, მაინცდამაინც, აუცილებელი, რომ ჰქონდეს ფული ხეხილის ბაღის გაშენების მსურველს.

– არა, საჭირო არ არის. იყოს ახალი წამოწყებაც. ნებისმიერი ახალი წამოწყება მისასალმებელია.

– აქვს მნიშვნელობა მიწის ფართობს, რომელზეც უნდა გაშენდეს ხეხილის ბაღები? როგორია მინიმალური და მაქსიმალური ფართობი?

– მცირემიწიანი რეგიონებისთვის მინიმალური ფართობი არის ერთი ჰექტარი, შედარებით უხვმიწიანი რაიონებისთვის –  5 ჰექტარი. მიწის მინიმალური ფართობის მოთხოვნით, ჩვენი ამოცანაა ინტენსიური, კარგად აწყობილი მეურნეობის მიღება და ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცეები ამ პროექტში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. პირიქით, ამ მინიმალური ფართობის დაწესებით, გვინდა, წავახალისოთ კოოპერაცია. 

– თუ მცირე მიწის ნაკვეთების გაერთიანება?

– დიახ, თუ გაერთიანდებიან და ერთობლივად გააკეთებენ ხუთჰექტრიან ნაკვეთს, ჩვენ, პირიქით, ამას მივესალმებით. ჩვენი სტრატეგიული ხედვაა მიწების კონსოლიდაცია და უფრო ეფექტიანი სოფლის მეურნეობის წარმოება. სოფლის მეურნეობა, საბოლოოდ, უნდა იყოს მოგების მომტანი საქმიანობა.

– და არა თვითგადარჩენის საშუალება, რომლის ფუნქციაც ახლა არის მისი მფლობელი გადაარჩინოს შიმშილს.

– ჩვენ გვინდა, რომ ეს ეკონომიკისთვისაც მნიშვნელოვანი დარგი გახდეს, თვითონ მეწარმისთვისაც იყოს საინტერესო და სახელმწიფოსთვისაც –  ეკონომიკურად მომგებიანი. ამიტომ, მართალია, ჩავდეთ მინიმალური ფართის მოთხოვნა, მაგრამ ამავე დროს, ეს პროექტი ღიაა კოოპერაციისთვის და წავახალისებთ გაერთიანებასა და მიწების გამსხვილებას.

– ამ პროექტის განხორციელებისთვის გათვალისწინებულია 15 მილიონი ლარი…

– ჯერჯერობით მოვიაზრებთ 15 მილიონს, თუმცა დავაკვირდებით პროექტის განვითარებას და, თუ ვნახავთ, რომ წარმატებით ხორციელდება, გავაფართოებთ.

– უფრო ბევრი მსურველი რომ აღმოჩნდეს, ვიდრე თანხაა გამოყოფილი? შერჩევის კრიტერიუმები როგორია?

– ჩვენი გათვლებით, არ უნდა იყოს პრობლემა ყველა მსურველის დაკმაყოფილება, იმიტომ რომ, პირველ ეტაპზე პროექტისთვის მომზადებული მიწის ნაკვეთის მქონე ადამიანების რიცხვი არ იქნება იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენი რესურსია. პრინციპი ის არის, ვინც პირველი გააკეთებს განაცხადს.

– ანუ დასწრებაზეა?

– რიგითობის მიხედვით მოხდება გადაწყვეტილების მიღება, თუმცა მინდა აღვნიშნო, არ ველოდებით, რომ ჩვენს რესურსზე მეტი მსურველი იქნება. თუმცა ერთია გათვლა და მეორე, როგორ განხორციელდება რეალურად. ამიტომ გითხარით, რომ პროექტის მიმდინარეობას დავაკვირდებით და თუ პროექტი იქნება წარმატებული, მასზე იქნება მოთხოვნა, ის გაგრძელდება.

– რამდენ ხანს გაგრძელდება განაცხადების მიღება?

–  განცხადების მიღება უკვე დაიწყო. აგროვადებს რომ გადავხედოთ, გაზაფხულზე დარგვისთვის ცოტა დრო რჩება. ამიტომ, ძიირთადად, ალბათ, საშემოდგომო პერიოდში იქნება აქტიურობა და შემდეგი გაზაფხულიც მოიაზრება ამ პროექტში.

– ანუ პროექტში განაცხადების მიღების ვადა მომავალ გაზაფხულამდეა?

– დიახ, მიმდინარე და მომავალი წლები მოიაზრება ამ პროექტში. გაგრძელდება თუ არა პროექტი მომავალი წლის გაზაფხულის შემდეგაც, დამოკიდებულია მის შედეგზე.

скачать dle 11.3