დეპუტატური არითმეტიკა
„ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა“
ჩვენ არ ვიცით, გადაურჩება თუ არა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ქ-ნი მედეა ვასაძე ისტორიის ქარტეხილებს და შემორჩება თუ არა მისი გვარ-სახელი ისტორიის მრავლისმნახველ ფურცლებს, მაგრამ ფაქტია, რომ ხსენებული ქალბატონი საკმაოდ ხშირად ახერხებს საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოქცევას, სულ პირველად, საერთოდაც, ჟურნალისტის მისამართით დამუქრების გამო ჩაგვივარდა მეხსიერებაში.
ჩვეულებისთვის არც შემდეგ უღალატია და არც, მაგალითად, გასულ კვირას: აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე ქ-ნმა ვასაძემ განაცხადა, რომ ხელფასი არ ჰყოფნის. კერძოდ (მეტი დამაჯერებლობისთვის მოვიხმობ ციტატას): „მე ჩემი ხელფასი არაფერში მყოფნის. ჩემი ქმრის ხელფასზე ვარ ძირითადად დამოკიდებული. ამით ვარჩენ ჩემს და ჩემი ძმის ოჯახს, რადგან იგი არ მუშაობს.“
ხოლო, რაკი ტყუილს მოკლე ფეხი აქვს, საჯარო პირის ტყუილს კი – მით უმეტეს, 2015 წელს ქ-ნი ვასაძის მიერ შევსებულ დეკლარაციის შემოსავლების გრაფაში ვკითხულობთ, რომ მედეა ვასაძემ, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, 2014 წლის განმავლობაში, ხელფასის სახით მიიღო – 56 400 ლარი, ხოლო მისმა მეუღლემ, შალვა ჯინჭარაძემ, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტის უფროსმა, იმავე პერიოდში – 37 170 ლარი.
ჩვენ არ ვიცით, რატომ არ ჰყოფნის ქ-ნ ვასაძეს წელიწადში 56 000 ლარი ან რომელი არითმეტიკითაა 56 000 37 000-ზე ნაკლები, მაგრამ ის კი უკვე შევიტყვეთ, რომ დეპუტატ ქალბატონს წარმოდგენაც არ ჰქონია იმ მარტივ ჭეშმარიტებაზე, რომ მის მიერ საკუთარი ორთავ ხელით შევსებული ქონებრივი და საფინანსო დეკლარაცია საჯაროა! –