ცივილიზებულსიოწაღებულები
ანუ, ჩემი შენ გითხარიო
ის, რომ ენას ძვალი არ აქვს, შუბლს კი – აი, ის მნიშვნელოვანი ძარღვი, უკვე ძვალსა და რბილში გაგვიჯინეს აწ ოპოზიციურმა, ერთ დროს კი იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომლის უკითხავადაც სიზმრებიც ვერ ენახათ საქართველოს მოქალაქეებს, არათუ მიწაში ჭიაყელა ვერ გახოხებულიყო, ჰაერში კი ფრინველს ვერ შეეთამაშებინა ფრთები.
თუმცა, ალბათ იმიტომ, რომ მადა ჭამაში მოდის, იდეები კი მათი ფრქვევისას იფურჩქნება, გასულ კვირას, აქეთ – ანი ნადარეიშვილმა განაცხადა, არ მეგულება ქვეყანა, სადაც ხელისუფლება ოპოზიციის მიერ გამართულ მიტინგებსა და აქციებს სისხლიან დარბევებს უწყობსო; იქით – აკაკი მინაშვილმა დაარისხა, ეს მთავრობა იმიტომ უნდა წავიდეს, რომ გაყიდა ქვეყანა, ჩააბარა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონიო.
და თუმცა ჯერ კიდევ მაკიაველი შეაგონებდა პოლიტიკოსებს, ტყუილი ისეთი უნდა დააბრეხვო, მსმენელმა იფიქროს, ასე როგორ მოიტყუებსო, მაგრამ, ვფიქრობ, ბ-ნი მინაშვილის განცხადებამ თვით მაკიაველის ვყელაზე თამამ პოლიტიკურ ფანტაზიასაც კი აჯობა.
მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ ქ-ნი ნადარეიშვილი ბ-ნი ახალაიას მეუღლეა, სიყვარული კი ბრმაა, ამ მიმართულებით ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, რაკი ბ-ნი მინაშვილი, წესითა და რიგით, მეტი რაციონალობით უნდა გამოირჩეოდეს და მის მოტივებში ბრმა სიყვარული გამორიცხული უნდა იყოს, ჩნდება ეჭვი, რომ მან, უბრალოდ, „ოცნების“ პიარი შეითავსა?!