რატომ სურს პროკურორობა ანა ბასილაიას და რას ნიშნავს მისთვის საქმიანი ქალი?!
ბასილაიებს ქართული ბიზნესის დიდ ოჯახში თვალსაჩინო და პრესტიჟული ადგილი უკავიათ. თამაზ ბასილაია, ინფრასტრუქტურული პროექტის „რანდევუ ბეთანიის” დამფუძნებელია – ბიზნესმენი, რომლის ბიზნესპროექტები რისკსა და რისკიან საქმეებს უკავშირდება. გახსოვთ ალბათ, პოპულარული ტელეპროექტი „საოჯახო ლოტო”, რომელიც მაშინ ქართულ სინამდვილეში ახალი სიტყვა იყო. თუმცა, ემზარ ბასილაიას რისკები ამით არ შემოფარგლულა. ვაკეში, დღეს უკვე ფეშენ-დასახლებად ცნობილი, ნინო რამიშვილის ქუჩის განაშენიანება და იქ პირველი საცხოვრებელი კორპუსების აშენება, მის იდეას და სახელს უკავშირდება. ისევე, როგორც დღეს, „აწარმოე საქართველოში”, ამ პროგრამით, ხობში, კიდევ ერთი ახალი საწარმოს ფარგლებში ადგილობრივი, ქართული წარმოების სამშენებლო მასალის გამოშვებაა.
მისი ქალიშვილი ანა ბასილაია მალე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდება. ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და სერიოზული ბიზნესგეგმები აქვს. ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ იურისტობა სურს, თუმცა პარალელურად, დიდ ბიზნესშიც აუცილებლად ჩაერთვება.
– ანა, წელს საჯარო სკოლას ამთავრებ და როგორც ვიცი, დიდი გეგმები გაქვს...
– კი, სკოლას ვამთავრებ და ვაპირებ იურისპრუდენციაში მოვსინჯო ძალები. სამართალმცოდნეობაზე არჩევანი შეგნებულ ასაკში გავაკეთე და განსაზღვრული მაქვს, იურისტი გავხდე. თანაც, სისხლის სამართლის სპეციალობით.
– ადვოკატურაში ცდი ბედს?
– არა, პროკურორობა უფროა ჩემი სტილი (იცინის). მამა დიდხანს ცდილობდა, გადამეფიქრებინა, მაგრამ მყარი გადაწყვეტილება მივიღე. ამჟამად ინტენსიურად ვმეცადინეობ. უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ ვაპირებ, უცხოეთში გავაგრძელო სწავლა, კვალიფიკაცია ავიმაღლო და შემდეგ, პროფესიონალი ჩემს ქვეყანას დავუბრუნდე. ზოგადად, ჩემი პრინციპია, რომ ადამიანის განათლება მისსავე სამშობლოს უნდა მოხმარდეს. ასე ვაპირებ მეც.
– როგორც ვიცი, ბიზნესგარემოში პატარაობიდანვე ტრიალებ...
– ეს გარემო, სიმართლე გითხრათ, ძალიან მიყვარს. თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში. საქმიანი შეხვედრები, საოფისე სამუშაო, გადაწყვეტილებები, განსჯა, კომუნიკაცია, მათემატიკური მიდგომები და ასე შემდეგ. მამაჩემის წყალობით, ასეთ გარემოში ბავშვობიდანვე მიწევდა ყოფნა. ძალიან ორგანულია ჩემთვის ეს ყველაფერი. ამიტომაც, არ ვიცი, როგორ და რა წილად, მაგრამ იურისტობასა და ბიზნესს აუცილებლად შევუთავსებ ერთმანეთს.
– მამის ბიზნესში აპირებ ჩართვას?
– არა. ბუნებრივია, მამას დახმარების გარეშე, თავიდან ალბათ არ გამოვა. მაგრამ, გარდა იმისა, რომ ეს სფერო ზოგადად, უფრო კაცის საკეთებელი საქმე მგონია, მინდა, დამოუკიდებელი ნაბიჯები გადავდგა. მე თვითონ ვიყო რეალიზებული. თუმცა, მადლობა მინდა, ვუთხრა მამას, რომელმაც შემაყვარა, ზოგადად, საქმის კეთება და პასუხისმგებლობის გრძნობა განმივითარა.
– ქალი ბიზნესსა და პოლიტიკაში ძალიან აქტუალური გახდა… საქმიანი ქალი, ზოგადად, როგორ მოგწონს?
– მე ვფიქრობ, რომ ქალი ყოველთვის ასეთი ნატურა იყო. მაგრამ, ახლა მოვიდა ისეთი ეპოქა, რომ ქალბატონებმა ამის აფიშირება მოახდინეს. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ქალი ვერასდროს იგრძნობს თავს სრულყოფილად ბედნიერად, თუ არ ექნება თავისი საქმე ნებისმიერ დარგში: მედიცინაში, პოლიტიკაში, ბიზნესში... მთავარია, იყოს რეალიზებული. საკუთარი, ინდივიდუალური საქმე რომ ექნება, ოჯახშიც უფრო მოწესრიგებული და ურთიერთობებშიც უფრო დალაგებული იქნება. ჩემთვის ქალი მხოლოდ სამზარეულოს პერსონა არაა. ძალიან მომწონს წარმატებული ქალები. ასეთია ჩემი მოსაზრება.
– ანა, თანამედროვე ქართველ ახალგაზრდებზე რა აზრის ხარ?
– ქართველი ახალგაზრდები ნიჭიერები არიან. თუმცა, ხშირად მათ არ ჰყოფნით შრომისმოყვარეობა, ნებისყოფა. ვფიქრობ, მხოლოდ მიზანდასახულობა არაა საკმარისი იდეების განსახორციელებლად. აუცილებელია საჭირო ცოდნის მიღება, შემდეგ პროფესიული უნარ-ჩვევების გაღრმავება და ძალიან ბევრი შრომა, რაც მთავარია. ასევე, უნდა მოვუფრთხილდეთ ოჯახის ინსტიტუტს. მიმაჩნია, რომ ადამიანის ცნობიერების ჩამოყალიბება სწორედ ოჯახიდან იწყება. ჩვენმა თაობამ უნდა მოახერხოს დადებითი თვისებების გადმოღება უფროსების გამოცდილებიდან და ასევე, დამოუკიდებელი მუშაობით, საუკეთესო შედეგების ჩვენება.