ჟიროვიცკის ღვთისმშობლის ხატი
ლიტვის სამთავროში, იმ ადგილის მახლობლად, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებნი ჟიროვიცკს უწოდებენ, მწყემსები ნახირს აძოვებდნენ. ერთხელ, 1191 წელს, მწყემსებმა ტყეში არამიწიერი ბრწყინვალე ნათელი შეამჩნიეს, რომელიც ცეცხლის ალს წააგავდა. ცნობისწადილით ანთებულები სინათლეს მიუახლოვდნენ და ხეზე ბრწყინვალე შარავანდედით შემოსილი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი იხილეს. მწყემსებმა ხატთან მიახლოება გაბედეს, ხატს თაყვანი სცეს და ხიდან ჩამოაბრძანეს. ამის შემდეგ მათ სასწაულებრივად ნაპოვნი ხატი თავიანთ ბატონს, ალექსანდრე სოლთანს მიართვეს, რომელიც ლიტვის ხაზინის მცველად იყო დადგენილი. მან ხატი მწყემსებს ჩამოართვა და დიდის კრძალვით შეინახა საუნჯეში. მთავარმა ამ უჩვეულო მოვლენის შესახებ თავის ახლობელ მეგობრებს აუწყა, დაპატიჟა ისინი თავისთან, უამბო ხატის პოვნის შესახებ და მოინდომა მათთვის ხატის ჩვენება, მაგრამ, გააღო-რა თავისი საუნჯის კარი, მისდა გასაოცრად, ხატი იქ აღარ დახვდა. დაბნეული მთავარი ხმის ამოღებას ვეღარ ახერხებდა... რამდენიმე ხნის შემდეგ, იმავე მწყემსებმა, ისევ იმავე ადგილას, ხატი კვლავ იპოვეს და კვლავ ბატონს მიართვეს. მთავარმა ალექსანდრემ ამჯერად ვეღარ გაბედა ხატის თავის სახლში დასვენება და იქვე აღთქმა დადო, რომ ხატის პოვნის ადგილზე ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს ააშენებდა. მალე მართლაც აშენდა ხის ტაძარი და ხატიც მასში გადააბრძანეს. ათი წლის შემდეგ შენობას ცეცხლი მოედო. ბევრს ეცადნენ, გამძვინვარებული ხანძრისთვის გამოეტაცათ ხატი, მაგრამ ცეცხლში შესვლა შეუძლებელი იყო. ტაძარი დაიფერფლა და ყველას ეგონა, რომ შენობასთან ერთად ხატიც დაიწვა.
ერთხელ, პატარა ბავშვები იმ მთაზე იმყოფებოდნენ, რომლის ძირშიც ნახანძრალი ტაძრის ნაშთები იყო შემორჩენილი. უეცრად მათ ქალწული დაინახეს, რომელიც ქვაზე იჯდა და გასაოცარ ბრწყინვალებას აფრქვევდა. შეშინებულმა ბავშვებმა ქალწულთან მისვლა ვერ გაბედეს, მაგრამ თავიანთ მშობლებს კი ყველაფერი უამბეს. ეს შემთხვევა ღვთისმსახურმაც შეიტყო. მან ბავშვების მონათხრობი ღვთაებრივ ხილვად შეიცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად სასწრაფოდ გაეშურა მთისკენ. როდესაც იმ ქვასთან მივიდნენ, რომელზეც ყრმებმა მჯდომარე ქალწული იხილეს, მათ იქ აღარავინ დახვდათ, მაგრამ ქვაზე კი სანთელი ენთო. მივიდნენ რა ახლოს, მათ ქვასთან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი იხილეს – ყველამ იცნო ჟიროვიცკის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, რომელიც მათ ხანძარში დამწვარი ეგონათ. გახარებულმა ხალხმა ძვირფასი ხატი ღვთისმსახურის სახლში გალობით გადააბრძანა. მცირე ხნის შემდეგ მათ კვლავ ააგეს ტაძარი, რომელიც ისევ ღვთისმშობლის სახელზე აკურთხეს და ჟიროვიცკის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ახლადაგებულ ტაძარში დააბრძანეს.