ექიმის რჩევები
კითხვა: მაინტერესებს, ხალის გაღიზიანებიდან მაქსიმუმ რა დროის გასვლაა საჭირო, რომ მოხდეს მისი გადაგვარება და, აუცილებელია თუ არა, რომ ხალის გადაგვარებას ახლდეს ფიზიკური სიმპტომები და შეიძლება თუ არა, რომ თავიდან უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს (შეწითლება, გამაგრება, ტკივილი და ასე შემდეგ)?
პასუხი: გადაგვარებას ზუსტი დრო არ აქვს. ზოგადად, შეიძლება, დასჭირდეს თვეები ან წლებიც კი. შეეცადეთ, ხალი დაიცვათ მექანიკური ზემოქმედებისგან. თუ ის განლაგებულია ისეთ ადგილას, სადაც მუდმივად ხვდება მექანიკური გაღიზიანების ქვეშ (მაგ: ლიფის ზონარი, ტრუსების გადასაჭერი, ქამრის მოსაჭერის ადგილი), ჯობია, ონკოლოგთან ერთად დასვათ მისი მოშორების საკითხი. თუ ხალზე შენიშნავთ გამონადენს, ის იხლიჩება ან კიდეები შეუწითლდა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ონკოდერმატოლოგს.
კითხვა: რა საფრთხეს უქმნის ნაყოფის მომავალ ჯანმრთელობას ის, რომ ნაყოფის ჩასახვის დროს მამაკაცი მთვრალ მდგომარეობაში იყო?
პასუხი: სიმთვრალის ფონზე ჩასახვამ, შესაძლებელია, ნაყოფის განვითარების მანკები გამოიწვიოს.
კითხვა: ვარ 7 თვის ორსული. ძუძუს-თავები მაქვს დამსკდარი და ძალიან მტკივა. მაინტერესებს, თუ შეიძლება რაიმე მალამოს გამოყენება მოსაშუშებლად?
პასუხი: შეგიძლიათ, გამოიყენოთ ფიტომალი, კოლხური, თურმანიძის ან ბეპანთენის მალამოები.
კითხვა: 32 წლის მამაკაცს ერთი წლის წინ თვალში ჰქონდა სისხლჩაქცევა. ექიმთან არ გამომყვა და ერთ კვირაში გაუარა. ახლა კიდევ ჩაექცა. შეიძლება, ცხელმა აბაზანამ გამოიწვიოს ჩაქცევა ან თვალის წნევამ?
პასუხი: პაციენტმა რეგულარულად უნდა გაიზომოს არტერიული წნევა. დაუყოვნებლივ მიმართოს პირველ ყოვლისა, ოფთალმოლოგსა და ოჯახის ექიმს.
კითხვა: მაინტერესებს, რომელი მცენარეული საშუალებების გამოყენება შეიძლება თირკმელების გასაწმენდად და კორექციისთვის? ექოსკოპია არ გადამიღია.
პასუხი: ამგვარი ნახარშები არსებობს, მაგრამ, დარწმუნებული უნდა იყოთ თირკმელების სიჯანსაღეში. ასეთი თვისებები ახასიათებს ნიახურისა და ოხრახუშის ნახარშსა და თირკმლის ჩაის.
კითხვა: მაქვს მარცხენამხრივი ჰაიმორიტი, დამინიშნეს წამლები. სახლის პირობებში რა შეილება კიდევ დავახმარო?
პასუხი: შეგიძლიათ, ჩაიტაროთ ინჰალაციები ევკალიპტითა და გვირილით.
კითხვა: მუდამ მაქვს ფეხის კუნთებში დაღლილობის შეგრძნება, თითქმის ტკივილში გადამდის. სულ მინდა ფეხის სხვადასხვა პოზიციის დადებით ვიგრძნო ხოლმე შვება. რით დამეხმარებით?
პასუხი: მიზეზი შესაძლოა ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ბრტყელტერფიანობა ან კალციუმის დეფიციტი იყოს. ჩივილის მიზეზის დასაზუსტებლად კვლევის საწყის ეტაპზე გირჩევთ ანგიოლოგს მიმართოთ.